მოლდოვას პარლამენტის შენობა კიშინიოვში

მიზეზი უცნობია: მოლდოვაში ახალი მთავრობის პირველი სხდომა არ შედგა

82
(განახლებულია 15:52 15.11.2019)
აღსანიშნავია, რომ 14 ნოემბერს მოლდოვის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად იონ კიკუ დაამტკიცა. მის კანდიდატურას მხარი 101-დან 62-მა დეპუტატმა დაუჭირა.

თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. მოლდოვის ახალი მთავრობის პირველი სხდომა, რომელიც დღეს უნდა გამართულიყო, არ შედგება, იუწყება „Sputnik–მოლდოვა“. 

გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენლებს არ დაუზუსტებიათ, რა მიზეზით გადაიდო მინისტრთა კაბინეტის სხდომა, რომელშიც ქვეყნის პრეზიდენტ იგორ დოდონს უნდა მიეღო მონაწილეობა.

აღსანიშნავია, რომ 14 ნოემბერს მოლდოვის პარლამენტმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად იონ კიკუ დაამტკიცა. მის კანდიდატურას მხარი 101-დან 62-მა დეპუტატმა დაუჭირა. 

ქვეყნის პრეზიდენტმა მოუწოდა კიკუს კაბინეტის წევრებს, დაუყოვნებლივ შესდგომოდნენ მუშაობას და დაემტკიცებინათ საკუთარი ეფექტურობა.

მოლდოვის პარლამენტმა 12 ნოემბერს პრემიერ-მინისტრ მაია სანდუს მთავრობა გადააყენა. ოთხშაბათს პრეზიდენტმა დოდონმა განაცხადა, რომ პრემიერის პოსტზე საკუთარ მრჩეველსა და ფინანსთა ყოფილ მინისტრს იონ კიკუს წარადგენდა, რომელსაც „ტექნოკრატების მინორიტარული მთავრობა“ უნდა ჩამოეყალიბებინა. თავად კიკუმ სამთავრობო პროგრამის წარდგენისას აღნიშნა, რომ მინისტრთა კაბინეტი მხოლოდ საპრეზიდენტო არჩევნებამდე იმუშავებს, რომელიც 2020 წლის შემოდგომაზეა დანიშნული.

82
თემები:
მსოფლიო დღეს (1913)
მაშველები ზღვაზე

ათი წლის ბიჭი, რომელიც ზღვამ გაიტაცა, ფილმში ნანახი რეკომენდაციებით გადარჩა

263
(განახლებულია 20:52 05.08.2020)
ათი წლის ბიჭუნა მაშველებმა ზღვაში რამდენიმე საათის ძებნის შემდეგ იპოვეს და გაოგნებული დარჩნენ მისი სიმშვიდით.

თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. ათი წლის ბიჭუნა, რომელიც ზღვის ტალღებმა სიღრმეში შეითრია, დოკუმენტურ ფილმში ნანახი რჩევის წყალობით გადაურჩა სიკვდილს, იუწყება Daily Mail.

​გავრცელებული ინფორმაციით, რავირაჯ საინი, რომელიც ინგლისის ქალაქ სკარბოროს მახლობლად ცხოვრობს, ზღვამ 31 ივლისს გაიტაცა. მაშველებმა ის მხოლოდ რამდენიმე საათის ძებნის შემდეგ იპოვეს.

მთელი ამ ხნის განმავლობაში ბავშვი მკაცრად მისდევდა BBC-ს დოკუმენტურ ფილმ Saving Lives at Sea-ში ნანახ რეკომენდაციებს: წყლის ზედაპირზე ზურგით დაწვა, ხელ-ფეხი გაშალა და ხმამაღლა ითხოვდა შველას.

„გაოგნებულები დავრჩით, როგორ მოახერხა ასეთ საზარელ და საშიშ ვითარებაში სიმშვიდის შენარჩუნება და უსაფრთხოების რეკომენდაციების დაცვა. სხვაგვარად რომ მოქცეულიყო, ყველაფერი სავალალოდ დასრულდებოდა“, — ამბობს მაშველთა სადგურის თანამშრომელი ლი მარტონი.

მაშველებმა ბიჭუნა ნაპირზე გამოიყვანეს და მშობლებს მიუყვანეს, მერე კი საავადმყოფოში გადაიყვანეს გამოსაკვლევად.

  • „თუ ოდესმე მოხვდით მსგავს სიტუაციაში, არავითარ შემთხვევაში არ დანებდეთ, არ დაკარგოთ იმედი და იყავით მტკიცე“, — ასეთ რჩევას აძლევს ზღვასთან ჭიდილში გამარჯვებული ათი წლის ბიჭი დიდსა თუ პატარას.  
263
თემები:
მსოფლიო დღეს (1913)
სასმელი წყლის ონკანი

ამცირებს აგრესიასა და თვითმკვლელობებს: დადგინდა, რა ელემენტი უნდა შეერიოს სასმელ წყალს

91
(განახლებულია 19:44 05.08.2020)
მეცნიერებმა არაერთი კვლევა ჩაატარეს და დაადგინეს, რომ ამ მიკროელემენტის დამატება სასმელ წყალში საგრძნობლად ამცირებს აგრესიისა და დანაშაულების დონეს.

თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებმა ექსპერიმენტების საფუძველზე დაადგინეს, რომ იმ რეგიონებში, სადაც სასმელ წყალში ლითიუმის დონე მაღალია, იქ დანაშაულის, აგრესიისა თუ სუიციდების შემთხვევები ნაკლებად ხდება.

1980-იანი წლების ბოლოს ამერიკელმა ექსპერტებმა ტეხასის 27 ოლქში სასმელი წყლის შემადგენლობა შეისწავლეს. ანალიზმა აჩვენა, რომ ისეთ ადგილებში, სადაც ონკანის წყალში ლითიუმის შემცველობა მაღალი იყო, ბევრად ნაკლები თვითმკვლელობები, მკვლელობები, ძარცვები და დაპატიმრებები ფიქსირდებოდა. 

იგივეს ადასტურებს სხვა კვლევებიც ლითიუმის დადებითი ეფექტების შესახებ აგრესიის ან სუიციდისკენ მიდრეკილ პაციენტებში. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს პაციენტები მაღალი დოზით იღებდნენ ამ მიკროელემენტს — მინიმუმ 200 მილიგრამს დღეში.

ჯერ კიდევ 1994 წელს კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დღეში 400 მიკროგრამი (0.4 მილიგრამი) ლითიუმიც კი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობას. ოთხკვირიანი კურსის დასრულების შემდეგ ყოფილი ნარკომანები და ძალადობისკენ მიდრეკილი ადამიანები მშვიდდებოდნენ და აგრესიას აღარ ავლენდნენ. 

გამოდის, რომ ამ მიკროელემენტმა ონკანის წყლის მეშვეობით შეიძლება გავლენა მოახდინოს ძალადობის დონეზე გარკვეულ რაიონსა თუ მთელ ქალაქში.

აღნიშნული ჰიპოთეზა გარკვეულწილად დაადასტურეს იაპონელმა მეცნიერებმაც. მათ ოიტას პრეფექტურის 18 მუნიციპალიტეტში (მოსახლეობა – დაახლოებით 1 მილიონი) აიღეს წყლის ანალიზი, შემდეგ კი მონაცემები ამ რეგიონებში თვითმკვლელობების რაოდენობას შეადარეს.

აღმოჩნდა, რომ ლითიუმის შედარებით დაბალი კონცენტრაციაც კი (0.7-დან 59 მიკროგრამამდე ლიტრზე) ამცირებდა სუიციდების რაოდენობას. მკვლევარების აზრით, ესოდენ დაბალი დოზების დადებითი ეფექტი, სავარაუდოდ, უკავშირდებოდა ლითიუმიანი წყლის მრავალი წლის განმავლობაში მუდმივ გამოყენებას.

მსგავს დასკვნებამდე მივიდნენ ავსტრიელი სპეციალისტებიც. მათ ყურადღება მიაქციეს იმ ფაქტს, რომ ქვეყნის იმ რეგიონებში, სადაც ონკანის წყალში ლითიუმის მაღალი კონცენტრაცია იყო, თვითმკვლელობები ბევრად ნაკლებად ხდებოდა.

გარდა ამისა, როგორც დანიელი მეცნიერები ირწმუნებიან, სასმელ წყალში ლითიუმის მიკროდოზას ალცჰეიმერის დაავადებისგან და დემენციის სხვა ფორმებისგან დაცვა შეუძლია. სწავლულებმა 800 ათასი ადამიანის შესახებ მონაცემები გაანალიზეს და ასევე შეისწავლეს დანიის 151 წყალმომარაგების სადგურიდან აღებული წყლის ნიმუშები. ამის შემდეგ ისინი შეეცადნენ გაერკვიათ, თუ როგორ მოქმედებდა ლითიუმი ასაკობრივ ჭკუასუსტობაზე (ხანდაზმულთა დემენცია). კვლევამ 74 ათასი ადამიანი მოიცვა. 

აღმოჩნდა, რომ ამ მიკროელემენტის მაღალი კონცენტრაცია ამცირებს დემენციის რისკს, ხოლო საშუალო – პირიქით, ზრდის. ანუ ერთ ლიტრ წყალზე 5.1-10 მიკროგრამი ლითიუმის ყოველდღიური მოხმარება ხანდაზმულთა დემენციის ალბათობას 22%-ით ზრდიდა, ხოლო ლიტრ წყალზე ლითიუმის 15 მიკროგრამი ან მეტი რისკს 17%-ით ამცირებდა.

თუმცა ნაშრომის ავტორების აზრით, ალცჰეიმერის დაავადების პროფილაქტიკისთვის სასმელ წყალში ლითიუმის დამატება ნაადრევია, ვინაიდან ჯერჯერობით მაინც უცნობია, რომელი კონცენტრაციის გამოყენებაა საჭირო.

2017 წელს მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა 3.7 მილიონი ადამიანის მონაცემები შეისწავლა. ეს მონაცემები ონკანის წყლიდან აღებულ სინჯებში ლითიუმის კონცენტრაციას შეადარეს და... რეგიონში ძალადობის დონესთან კორელაცია ვერ აღმოაჩინეს. მკვლევარებმა გააკეთეს ფრთხილი დასკვნა: თუ ლიტრ წყალში ლითიუმი 31 მიკროგრამზე ნაკლებია, მაშინ მას არანაირი გავლენა არ აქვს აგრესიაზე, დანაშაულსა და თვითმკვლელობაზე.

მაგრამ სამი წლის შემდეგ ბრიტანელმა ექსპერტებმა საპირისპირო შედეგები მიიღეს. მათ გაანალიზეს ცხრა ნაშრომი, რომელთა ავტორებიც ამ საკითხზე რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდნენ დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში, ავსტრიაში, საბერძნეთში, იაპონიასა და ლიეტუვაში — კვლევა 1286 დასახლებულ პუნქტს მოიცავდა. გაირკვა, რომ წყალში ლითიუმის მაღალი ბუნებრივი შემცველობა ნამდვილად ამცირებს თვითმკვლელობების რისკს და ეს ტიპიურია როგორც ქალებისთვის, ისევე მამაკაცებისთვის.

მიუხედავად ამისა, მეცნიერები აღნიშნავენ, რომ მიზეზ-შედეგობრივ კავშირზე ლაპარაკი ჯერ კიდევ ნაადრევია — საჭიროა დამატებითი კვლევები და მხოლოდ ამ პირობებში ექნება აზრი სასმელ წყალში ლითიუმის მიზანმიმართულად დამატების შესახებ საკითხის განხილვას.

91
თემები:
მსოფლიო და მეცნიერება
სასამართლო

დაკავებული ექიმების საქმე: სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია

0
ქართველი ექიმები თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორისა და ექიმების მხარდამჭერ აქციებს ატარებენ

თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik.  თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა, ორი ექიმი კი განაჩენს საპატიმროში დაელოდება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საავადმყოფოს დირექტორი გიორგი ლობჟანიძე და ექიმი ვახტანგ ყიფიანი სამშაბათს დააკავეს. იმავე დღეს გენერალურმა პროკურატურამ ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა ანესთეზიოლოგ მაგდა ხოჭოლავას, რომელიც იტალიაში მუშაობს.

სასამართლოს გადაწყვეტილებით,  კლინიკის  დირექტორი გიორგი ლობჟანიძე საპატიმროს 100 ათასი ლარის ოდენობით გირაოს გადახდის შემდეგ დატოვებს, რაც შეეხება ხოჭოლავას, მას სასამართლომ დაუსწრებლად  პატიმრობა შეუფარდა. 

ექიმების საქმე ეხება ოპერაციას, რომელიც 2018 წელს ახალგაზრდა გოგონას ჩუტარდა. გოგონამ კლინიკას კონსულტაციისთვის მიმართა, ყიფიანი კი გოგონას დაპირდა, რომ გამოკვლევის შედეგებს იტალიაში გადააგზავნიდნენ.  ასევე მან პაციენტი დაარწმუნა, რომ ქირურგიულ ოპერაციას იტალიელი ექიმები ჩაუტარებდნენ. გოგონა დათანხმდა, ოპერაცია კი თავად ყიფიანმა, მაგდა ხოჭოლავას დახმარებით  ჩაატარა. მოგვიანებით მათ განმეორებით ჩაატარეს ოპერაცია, რომლის შემდეგაც გოგონა კომაში ჩავარდა.

გამოძიების ცნობით, ყიფიანს მსგავსი ოპერაციის ჩატარებისთვის კანონით გათვალისწინებული შესაბამისი კვალიფიკაცია არ ჰქონდა, ხოჭოლავას კი საერთოდ არ ჰქონდა ოპერაციებზე დაშვების უფლება, რადგანაც კონსულტანტად მუშაობდა. გარდა ამისა, ოპერაციის დროს მათ შეცდომები დაუშვეს, რამაც პაციენტის მდგომარეობა გაართულა.

რაც შეეხება კლინიკის დირექტორ გიორგი ლობჟანიძეს, გამოძიება  ბრალს სდებს იმაში, რომ მან არ გააკონტროლა ოპერაცია და არ შეამოწმა მედპერსონალის შესაბამისი ლიცენზიის არსებობის საკითხი.

ბრალდებებს კატეგორიულად არ ეთანხმებიან ექიმები, რომლებიც ბრალდებული კოლეგების მხარდამჭერ წერილებს აქვეყნებენ.

0
თემები:
შემთხვევები საქართველოში