თეთრი სახლი

ისტორია მეორდება? აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში კიდევ ერთი ფერადკანიანი ჩაერთო

82
(განახლებულია 20:11 14.11.2019)
დემოკრატიული პარტიის პრაიმერის გამარჯვებული 2020 წლის ზაფხულში დამტკიცდება და მოკლე წინასაარჩევნო კამპანიის შემდეგ მოქმედი პრეზიდენტი ტრამპი მათ გამოწვევას მიიღებს.

თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. მასაჩუსეტსის შტატის შავკანიანმა ექს-გუბერნატორმა დევალ პატრიკმა ოფიციალურად წარადგინა საკუთარი თავი აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატად.

მანამდე არაერთი ამერიკული მედიასაშუალება წერდა, რომ პატრიკს საარჩევნო ციებ-ცხელებაში ჩართვა სურდა.

პოლიტიკოსის ვიდეომიმართვა განთავსებულია მის საიტსა და ასევე Youtube-არხზე.

„ვაცხადებ, რომ დღეს საკუთარი კანდიდატურა წარვადგინე აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატად“, — განაცხადა დევალ პატრიკმა.

63 წლის ექს-გუბერნატორმა პატრიკმა აღნიშნა, რომ ის ამ ნაბიჯს იმ ხალხის გამო დგამს, რომლებიც „თავს მიტოვებულად გრძნობენ“, და სურს ისეთი ქვეყანა, რომელიც „ამერიკის მცხოვრებლებთან ერთად“ იქნება აშენებული.

დემოკრატიული პარტიიდან წელს პრეზიდენტობის პრეტენზია ათობით კანდიდატმა გამოთქვა. მათ შორის არიან სენატორები, კონგრესმენები, ამჟამინდელი და ყოფილი გუბერნატორები, ასევე მერები. ფავორიტად მიიჩნევა ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომელმაც 2016 წელს გადაწყვიტა არ ეყარა კენჭი პრეზიდენტობაზე. გასულ კვირაში დემოკრატების ამ რბოლაში მოულოდნელად ჩაერთო ნიუ-იორკის ყოფილი მერი, მილიარდერი მაიკლ ბლუმბერგი, რომელიც ეჭვობს, რომ  ამჟამინდელი კანდიდატებიდან ვერავინ შეძლებს ტრამპისთვის წინააღმდეგობის გაწევას.

დემოკრატიული პარტიის პრაიმერის გამარჯვებული 2020 წლის ზაფხულში დამტკიცდება და მოკლე წინასაარჩევნო კამპანიის შემდეგ მოქმედი პრეზიდენტი ტრამპი მათ გამოწვევას მიიღებს.

ცნობილია, რომ დონალდ ტრამპი აპირებს მეორე ვადით იყაროს კენჭი პრეზიდენტის პოსტზე. აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 2020 წლის 3 ნოემბერს ჩატარდება.

82
თემები:
მსოფლიო დღეს (780)