ბუნდესტაგი

ბუნდესტაგმა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მარეგულირებელი კანონპროექტი მიიღო

37
(განახლებულია 17:44 14.11.2019)
დოკუმენტში შესული შესწორებები იძლევა შესაძლებლობას, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ნაწილი ევროპული წესების მოქმედებიდან გავიდეს, რითიც გაზსადენის მშენებლობის დასრულებისა და გაშვებისთვის უკანასკნელი დაბრკოლებები აღმოიფხვრება.

თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. გერმანიის ბუნდესტაგმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მონაკვეთის ევროკავშირის გაზის დირექტივიდან გაყვანას ითვალისწინებს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

გავრცელებული ინფორმაციით, დოკუმენტის მიღება ჯერ კიდევ გასულ კვირაში სურდათ, მაგრამ ვერ მოხერხდა: კენჭისყრა ღამის 2 საათზე მიმდინარეობდა და პარლამენტს კვორუმი არ ეყო, ვინაიდან ფრაქციამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ სახელობითი ხმის მიცემა მოითხოვა. 

ოთხშაბათს აღნიშნულმა ფრაქციამ კვლავ მოითხოვა სახელობითი კენჭისყრა, მაგრამ ბოლო მომენტში თხოვნა გაიწვია. საბოლოოდ დეპუტატებმა საკუთარი პოზიცია ადგილებიდან წამოდგომით დააფიქსირეს.  

გავრცელებული ინფორმაციით, დოკუმენტში შესული შესწორებები იძლევა შესაძლებლობას, „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ნაწილი ევროპული წესების მოქმედებიდან გავიდეს, რითიც გაზსადენის მშენებლობის დასრულებისა და გაშვებისთვის უკანასკნელი დაბრკოლებები აღმოიფხვრება.

აღსანიშნავია, რომ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს „მწვანეებმა“ და ასევე ულტრამემარჯვენე პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“. რაც შეეხება მემარცხენეებს, მათ თავი შეიკავეს.

ფედერალური ხელისუფლების მიერ შეთავაზებული ცვლილებები გაზსადენის 12-მილიან მონაკვეთს ეხება, რომელიც გერმანიის ტერიტორიულ წყლებში მდებარეობს.

ევროკავშირის განახლებული კანონმდებლობით, რომელიც მიმდინარე წელს მიიღეს, ახალ საზღვაო გაზსადენებზე ე.წ. მესამე ენერგოპაკეტის ნორმები უნდა გავრცელდეს. ამ პაკეტის ძირითადი თეზისი არის გაზის მოპოვების, ტრანზიტისა და მიწოდების გამიჯვნა.

გაზსადენის „მესამე ენერგოპაკეტის“ მოთხოვნებისგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება ფედერალურმა ქსელურმა სააგენტომ 2020 წლის 24 მაისამდე უნდა მიიღოს.

მანამდე „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ოპერატორმა, კომპანია Nord Stream 2 AG-მ სარჩელი შეიტანა ევროპის სასამართლოში დირექტივის შესწორებების ნაწილობრივი გაუქმების თაობაზე, ვინაიდან დოკუმენტში ევროკავშირის წევრებისთვის ძალიან მოკლე დრო იყო გათვალისწინებული გამონაკლისების წარმოსადგენად.

Nord Stream 2 AG, რომლის ერთადერთი აქციონერიც „გაზპრომია“, მიიჩნევს, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ს აქვს უფლება, გავიდეს განახლებული დირექტივიდან, ვინაიდან პროექტში ინვესტიციები ახალი კანონმდებლობის ძალაში შესვლამდე ჩაიდო.

პროექტი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ გაზსადენის ორი ტოტის მშენებლობას ითვალისწინებს, რომელთა საერთო სიმძლავრე წელიწადში 55 მლრდ კუბური მეტრი გაზი იქნება რუსეთის სანაპიროებიდან გერმანიამდე — ბალტიის ზღვის გავლით. 

 

37
თემები:
მსოფლიო დღეს (773)