შსს-ს შენობა

საბერძნეთში დაკავებული საქართველოს ოთხი მოქალაქე იდენტიფიცირებულია

166
(განახლებულია 19:10 17.03.2019)
ერთ-ერთი დაკავებული „კანონიერი ქურდი“ გიორგი ენდელაძეა

თბილისი, 17 მარტი — Sputnik. საბერძნეთში საქართველოს პოლიციის ატაშესა და საბერძნეთის პოლიციის მიერ, საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარებული ერთობლივი მუშაობის შედეგად, საბერძნეთში იდენტიფიცირებული იქნა დანაშაულებრივი ორგანიზებული ჯგუფი, რომლის წევრები საქართველოს მოქალაქეები არიან, აცხადებენ შსს-ში.

საქართველოს 4 მოქალაქე მიმდინარე წლის 14 მარტს, საბერძნეთში, ქალაქ ათენში დააკავეს.

დაკავებულებს შორის ერთ-ერთი, 1981 წელს დაბადებული, ე.წ. კანონიერი ქურდი გიორგი ენდელაძეა - მეტსახელად „თავა“. ასევე დაკავებული არიან: 1979 წელს დაბადებული თ.კ., 1978 წელს დაბადებული თ.ვ. და 1987 წელს დაბადებული ა.ვ. ბერძნული კანონმდებლობით, დაკავებულებს მრავალგზის ქურდობასა და ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნაში ედებათ ბრალი.

ნივთმტკიცებად ამოღებულია მოპარული ნივთები, ასევე იარაღი, ჯავშანჟილეტები, ნიღბები, რომლებსაც ბოროტმოქმედები ქურდობის დროს იყენებდნენ. დაკავებულები ბინებს ორი წლის განმავლობაში ძარცვავდნენ და 200 ათასი ევროს ღირებულების ნივთები მოიპარეს.

საერთაშორისო ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიზნით, ქართველი სამართალდამცველები აქტიურად თანამშრომლობენ უცხოელ კოლეგებთან. საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2018 წლიდან დღემდე, ფრანგ, ბერძენ, ესპანელ და პოლონელ კოლეგებთან ერთად, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში 20 მასშტაბური ერთობლივი ოპერაცია ჩაატარა, რომელთა შედეგად, მძიმე დანაშაულების ბრალდებით დაკავებულ იქნა საქართველოს 141 მოქალაქე, მათ შორის 10 ე.წ. „კანონიერი ქურდი“, აცხადებენ უწყებაში.

 

166
თემები:
მსოფლიო დღეს–2018 (1694)