ალიმენტის ქვითარი გარდაცვლილი ბავშვისთვის: მშობლებმა მკვდრად გამოცხადებული შვილი იპოვეს

© Pixabay / Myriams-Fotosმოწყენილი ბიჭუნა
მოწყენილი ბიჭუნა - Sputnik საქართველო
გამოწერა
2011 წელს წყვილს ბიჭი შეეძინა, მაგრამ ექიმებმა მაშინვე უთხრეს დედას, რომ ბავშვი ერთ კვირაზე მეტს ვერ იცოცხლებდა. მშობლებს ბავშვზე უარი დააწერინეს და შინ გაუშვეს.

თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. ვოლგოგრადელ ცოლ-ქმარს ალიმენტის ქვითარმა აპოვნინა შვილი, რომელიც დაბადებისას გარდაცვლილი ეგონათ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

გავრცელებული ინფორმაციით, 2011 წელს წყვილს ბიჭი შეეძინა, მაგრამ ექიმებმა მაშინვე უთხრეს დედას, რომ ბავშვი ერთ კვირაზე მეტს ვერ იცოცხლებდა. მშობლებს ბავშვზე უარი დააწერინეს და შინ გაუშვეს. მაგრამ ხუთი დღის შემდეგ ცოლ-ქმარი უკან დაბრუნდა შვილის წასაყვანად. საავადმყოფოს პერსონალმა კი წყვილს განუცხადა, რომ ბიჭი უკვე გარდაიცვალა.

2017 წლის ბოლოს ვოლგოგრადის აღსრულების ბიუროში შევიდა განცხადება ინტერნატში მყოფი ბავშვის შენახვისთვის მშობლების მიერ ალიმენტის გადახდევინების მოთხოვნით. აღმასრულებელმა მოვალეების ადგილსამყოფელი ვერ დაადგინა, მაგრამ დედის პირადი ანგარიში აღმოაჩინა, რომელიც მაშინვე დააყადაღა.

მეორე დღეს აღსრულების ფედერალურ სამსახურში გამოცხადდა ქალბატონი, რომელსაც ანგარიშის დაყადაღების მიზეზი აინტერესებდა. სანამ სასამართლოს მოხელე ქალს საქმის ვითარებას აცნობდა, მან გონება დაკარგა და გულწასული დაეცა. როდესაც გრძნობაზე მოიყვანეს, ქალმა აღმასრულებელს აცნობა, რომ მთელი შვიდი წლის განმავლობაში შვილი მკვდარი ეგონა.

საბოლოოდ, ბავშვის მშობლებმა სასამართლოს მშობლის უფლების აღდგენის მოთხოვნით მიმართეს, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა და ცოლ-ქმარს მკვდრად გამოცხადებული შვილი დაუბრუნა.

ყველა ახალი ამბავი
0