ევროს ახალი ბანკნოტი

მიმოქცევაში გამოვიდა 50 ევროს ნომინალის ახალი ბანკნოტი

115
(განახლებულია 11:59 05.04.2017)
ევროპის ცენტრალურმა ბანკმა, ფალსიფიკაციისგან დიდი დაცვის უზრუნველსაყოფად, მიმოქცევაში გაუშვა 50 ევროს ახალი ბანკნოტი.

თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. ევროპის ცენტრალურმა ბანკმა მიმოქცევაში გაუშვა 50 ევროს ნომინალის ახალი ბანკნოტები, რომლებიც ყველაზე მეტად გამოიყენება, აღნიშნულია ბანკის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

50 ევროს ახალი კუპიურის დიზაინის შექმნას, დამუშავებას, დაბეჭდვასა და შენახვას წლები დასჭირდა.

სულ დაიბეჭდა 6,5 მილიონი ახალი კუპიურა. ძველი 50 ევროს კუპიურები დარჩება და მიმოქცევიდან ბუნებრივად, გაცვეთის შემდეგ გამოვა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ევროპის ცენტრალური ბანკის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

ამჟამად მიმოქცევაშია 50 ევროს 18 მილიარდი ბანკნოტი, რაც ევროს ყველა ბანკნოტის 45%-ს შეადგენს.

ახალი 50-ევროიანი კუპიურა სერიიდან "ევროპა" ევროპის ცენტრალურმა ბანკმა 2016 წლის ივლისში წარმოადგინა. ბანკნოტს ძველი ბერძნული მითოლოგიის პერსონაჟი ქალი ევროპა ამშვენებს. მისი გამოსახულება წარმოდგენილია წყლის ნიშნის სახით და ჰოლოგრაფიული ვერტიკალური ხაზით. ახალი კუპიურის კიდევ ერთი განსხვავება ისაა, რომ დახრისას ციფრი 50 მარცხენა ქვედა კუთხეში ლურჯიდან მუქ მწვანემდე იცვლის ფერს. ბანკნოტებზე წარწერა "ევრო" ლათინურ და ბერძნულ შრიფტთან ერთად კირილიცითაც არის შესრულებული, რაც 2007 წელს ევროკავშირში ბულგარეთის შესვლას უკავშირდება. კუპიურებზე ასევე არის ევროპის ცენტრალური ბანკის ამჟამინდელი თავმჯდომარის, მარიო დრაგის ხელმოწერა, ხოლო აბრევიატურა "ეცბ" მითითებულია არა ხუთ, როგორც ეს ადრე იყო, არამედ ათ ენაზე.

ახალი კუპიურის შემოღების მიზანი იყო ქაღალდის ფულის გაყალბებისგან დაცვა იყო. ფულის გამყალბებლები სწორედ 20 და 50 ევროიან ბანკნოტებს აყალბებენ. 2015 წელს გამოვლინდა და განადგურდა 13 მილიონი ევროს ღირებულების 600 ათასი ყალბი კუპიურა.

50 ევროს ახალი ბანკნოტის სპეციფიკაციების დემონსტრირება ევროპის ცენტრალური ბანკის მთავარ ოფისში  გამართულ კონფერენციაზე ფრანკფურტში
© REUTERS/ Kai Pfaffenbach
50 ევროს ახალი ბანკნოტის სპეციფიკაციების დემონსტრირება ევროპის ცენტრალური ბანკის მთავარ ოფისში გამართულ კონფერენციაზე ფრანკფურტში

მანამდე ევროპის ცენტრალურმა ბანკმა განაახლა 5,10 და 20 ევროიანი ნომინალის ბანკნოტები. მიმდინარეობს 100 ევროიანი ბანკნოტის მიმოქცევაში გაშვებისთვის მხადება.

"ევროპა" ევროს ბანკნოტების მეორე სერიაა, რომელმაც მიმოქცევაში შესვლა 2013 წელს დაიწყო. თავისი დასახელება მან ძველბერძნული მითოლოგიის პერსონაჟის, ევროპის საპატივცემულოდ მიიღო.

115