იაპონია

იაპონიაში თვითმკვლელობების გამო ეკონომიკური ზარალი წელიწადში $4 მლრდ-ზე მეტს შეადგენს

374
(განახლებულია 17:47 24.03.2017)
ტელეკომპანია NHK-ს ინფორმაციით, თვითმკვლელთა უმეტესობა მამაკაცია. სუიციდის უმთავრეს მიზეზებად ასახელებენ ჯანმრთელობის, ეკონომიკურ, ყოფით და ოჯახურ პრობლემებს.

თბილისი, 24 მარტი — Sputnik. იაპონიაში თვითმკვლელობების გამო ეკონომიკური ზარალი წელიწადში 459 მილიარდ იენზე (დაახლოებით 4,1 მლრდ აშშ დოლარი) მეტს შეადგენს, ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ქვეყნის ჯანდაცვის, შრომისა და კეთილდღეობის სამინისტროს ექსპერტები, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ადგილობრივ ტელეკომპანია NHK-ზე დაყრდნობით.

ეკონომიკური ზარალის ჯამური რაოდენობა იმის გათვალისწინებით დაიანგარიშეს, თუ რა ეკონომიკური წვლილი შეიძლებოდა შეეტანა ქვეყნის განვითარებაში 15-დან 69 წლამდე ასაკის იმ 23 ათას ადამიანს, რომლებმაც 2015 წელს საკუთარი ნებით მოისწრაფეს სიცოცხლე, თუ 70 წლამდე იმუშავებდნენ.

აღსანიშნავია, რომ სუიციდის გახშირებული შემთხვევების გამო 2005 წელს იაპონიაში თვითმკვლელობების აღმოფხვრის შტაბიც კი შეიქმნა.

ტელეკომპანია NHK-ს ინფორმაციით, სუიციდების 2015 წლის მაჩვენებელი ყველაზე დაბალია ბოლო 18 წლის განმავლობაში. თვითმკვლელთა უმეტესობა მამაკაცია. სუიციდის უმთავრეს მიზეზებად ასახელებენ ჯანმრთელობის, ეკონომიკურ, ყოფით და ოჯახურ პრობლემებს.

1998 წელს იაპონიაში თვითმკვლელობების რაოდენობა 30 ათას ადამიანს შეადგენდა. პიკური გამოდგა 2003 წელი, როდესაც სიცოცხლეს ნებაყოფლობით 34 ათასი იაპონელი გამოესალმა. ამის შემდეგ სუიციდების მაჩვენებელმა ისევ დაიწია და 2012 წელს 30 ათასს ჩამოსცდა. ტენდენცია გაგრძელდა და 2015 წელს — პირველად 1997 წლის შემდეგ — თვითმკვლელთა რაოდენობა 25 ათასზე ქვემოთ ჩამოვიდა.

374