თბილისობა

აგვისტოს ბოლოს ბელარუსში „თბილისობას“ იზეიმებენ

28
(განახლებულია 14:26 18.08.2016)
ღონისძიების სტუმრებს შეასწავლიან ქართული კერძების მომზადებას, ცეკვას, ცხვრების გაკრეჭას, თიხის ჭურჭლის გამოყვანას, ქართული ფარდაგის ქსოვასა და ღვინის დაწურვას.

თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. ფესტივალი „თბილისობა 2016“ მინსკში 27 აგვისტოს გაიმართება, აცნობა Sputnik-ს ღონისძიების ორგანიზატორმა – ქართულმა კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოება „მამულმა“. 

მინსკის ერთ-ერთი რაიონი ამ დღეს გიგანტურ, ასმეტრიან სანადიმო სუფრად გადაიქცევა.

„თქვენ გელოდებათ ავთენტური ქართული კერძები და ცნობილი ღვინოები, რომლებსაც ოცამდე ქართული და ბელორუსული რესტორანი შემოგთავაზებთ ერთ გრძელ ფუდკორტზე. ამას გარდა, მინსკის საუკეთესო შეფ-მზარეულები მთელი დღის განმავლობაში შეგასწავლიან ხინკლის მოხვევას, ხაჭაპურის გამოცხობას, ფხალეულის მომზადებას, ჩურჩხელის ამოვლებასა და სხვა ცნობილი ქართული კერძების მომზადებას“, — ნათქვამია „მამულის“ განცხადებაში.

ღონისძიების ორგანიზატორები სტუმრებს ასევე ჰპირდებიან, რომ შეასწავლიან ცხვრების გაკრეჭას, თიხის ჭურჭლის გამოყვანას, ფარდაგის მოქსოვას, ღვინის დაწურვასა და სხვა ქართულ ხელობებს.

გამონაკლისი არც ქართული ცეკვა იქნება – „თბილისობა 2016“-ის ნებისმიერ დამსწრეს ექნება საშუალება, შეისწავლოს ცეკვის ელემენტები.

ფესტივალის მუსიკალური პროგრამა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

„თბილისობა“ მინსკში მეორედ იმართება, ბელარუსში გასულ წელს ერთხელ უკვე იზეიმეს ეს დღესასწაული.

28
თემები:
„თბილისობა 2016“ (21)