ევროპის საბჭოს საპარლამენტო სესია

ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა საქართველოში გატარებული რეფორმები დადებითად შეაფასა

9
(განახლებულია 21:48 05.02.2016)
ევროსაბჭოს გენერალური მდივანი მოხარულია საარჩევნო სისტემის ფორმირებაში ოპოზიციის ლიდერთა ერთიანობით, ამ მიმართულებით იაგლანდი ხელისუფლებას ოპოზიციასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.

თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. ევრობჭოს გენერალურმა მდივანმა ტორბიორნ იაგლანდმა (Thorbjorn Jagland) დადებითი შეფასება მისცა საქართველოში საკონსტიტუციო და სასამართლო რეფორმებს. 

ევროპის საბჭოში მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1246-ე სხდომაზე, რომელიც საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში გაიმართა, იაგლანდმა აღნიშნა, რომ მან შეხვედრები გამართა საქართველოს ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან ნინო გვენეტაძესთან  და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან გიორგი პაპუაშვითან. 

„მოხარული ვიყავი გამეგო, რომ საქართველოში როგორც საკონსტიტუციო, ისე სასამართლო რეფორმა წარმატებით ხორციელდება… ორივე სასამართლოს თავმჯდომარემ დამარწმუნა, რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა  სასამართლო სისტემის ობიექტურობისა და დამოუკიდებლობის გზაზე“, — ციტირებს იაგლანდის სიტყვებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური. 

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელმა ასევე ხაზი გაუსვა საარჩევნო სისტემაში რეფორმირების პროცესში მიღწეულ პროგრესს. 

 

„ოპოზიციის ლიდერებმა, საარჩევნო რეფორმაზე სამუშაოდ შექმნეს ინტერპარტიული ჯგუფი, რაც ხელს შეუწყობს პოლიტიკური დიალოგის წარმოებას, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში. დადებითად ვაფასებ ოპოზიციური პარტიების ერთიანობას ამ მიმართულებით, მიუხედავად იმისა, რომ მათ სხვადასხვა მოსაზრებები გააჩნიათ რიგ საკითხებზე. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციამ მთავრობასთან ერთად იმუშაოს რეგიონული პროპორციული საარჩევნო სისტემის დანერგვაზე“, — განაცხადა იაგლანდმა. 

საქართველოში ე.წ. შერეული სისტემაა: საქართველოს პარლამენტი 77 დეპუტატისაგან შედგება, რომელიც პროპორციული საარჩევნო სისტემით აირჩევა და 73 დეპუტატი, რომელიც მაჟორიტარული სისტემით აირჩევა. ოპოზიციამ არა ერთხელ მოუწოდა ხელისუფლებას გაუქმდეს მაჟორიტარული სისტემა. თუმცა ხელისუფლება ცვლილებებს მხოლოდ 2020 წლის არჩევნებისათვის აპირებს. 

 

9