ირაკლი ღარიბაშვილი

დუბაისა და აბუ-დაბიში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები გაიხსნება

254
(განახლებულია 11:58 20.05.2015)
დუბაისა და აბუ-დაბიში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები გაიხსნება. ამჟამად საქართველოს საელჩო ქუვეითში აკრედიტებულია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ბაჰრეინის სამეფოსა და ომანის სულთანატში.

თბილისი, 19 მაისი — Sputnik. აბუ-დაბიში საქართველოს საელჩო გაიხსნება, ხოლო დუბაიში — გენერალური საკონსულო, იუწყება სამშაბათს, 19 მაისს საქართველოს მთავრობის მეთაურის პრეს-სამსახური.

ამის შესახებ ცნობილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის არაბთა გაერთიანებული საამიროების ეკონომიკის მინისტრთან სულთან ბენ საედ ალ მანსურისთან (Sultan bin Saeed Al Mansouri) შეხვედრის შემდეგ გახდა. შეხვედრა სამშაბათს თბილისში ქართულ-არაბული ბიზნეს-ფორუმის ფარგლებში გაიმართა.

ამჟამად საქართველოს საელჩო ქუვეითში აკრედიტებულია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ბაჰრეინის სამეფოსა და ომანის სასულთნოში. 

”საქართველოში არაბეთის გაერთიანებული საამიროების დელეგაციის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია. ეს იმის დადასტურებაა, რომ არაბეთის გაერთიანებული საამიროების მხრიდან ჩვენი ქვეყნის მიმართ ინტერესი იზრდება. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ აბუ-დაბიში საელჩოს, ხოლო დუბაიში გენერალური საკონსულოს გახსნა”, — განაცხადა ღარიბაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მისი თქმით, არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან ინვესტიციების მოცულობამ უკვე 700 მილიონი დოლარი შეადგინა. გასულ წელს საქართველოსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს შორის სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა, რომელმაც მთლიანობაში თითქმის 220 მილიონ დოლარს მიაღწია.

”დუბაი ჩვენთვის სამაგალითოა და ჩვენ ერთობლივად მართლაც ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია. საქართველოში ინვესტირების კუთხით ინტერესი დიდია, მათ შორის ტურიზმის მიმართულებით და ჩვენ გვაქვს უნიკალური ადგილები, სადაც შეიძლება ტურიზმის განვითარება, ასევე ისინი წყლის რესურსით არიან დაინტერესებული”, — აღნიშნა ღარიბაშვილმა.

არაბეთის გაერთიანებული საამიროების ეკონომიკის მინისტრმა, თავის მხრივ განაცხადა, რომ საქართველოს უზარმაზარი საინვესტიციო პოტენციალი გააჩნია.

”როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ჩვენ გვაქვს ინვესტიციები საქართველოში და ვეძებთ ახალი ინვესტირების სფეროებს ინფრასტრუქტურული, ენერგეტიკული, კულტურის და ინდუსტრიული მიმართულებებით. მეორე — ეს არის ტურიზმი. საქართველოს ტურიზმის დიდი პოტენციალი აქვს… ჩვენს აეროპორტებს 100 მილიონი მგზავრი იყენებს. კარგი იქნებოდა, მათი ნაწილი საქართველოში ჩამოსულიყო და ამ მშვენიერი ქვეყნით დამტკბარიყო", – განაცხადა სულთან ბის საედ ალ მანსურიმ.


254