დედა და შვილი

დედებისთვის თუ გინდათ, რომ თქვენი შვილი ბედნიერი იყოს

232
(განახლებულია 19:56 03.03.2020)
დარბის „ფოშტის ცხენივით“, ოჯახი და მასზე მზრუნველობა მხრებზე აქვს აკიდებული და თავისი ოცნებების განხორციელებას შვილებში ხედავს. შვილები კი უყურებენ მუდამ გატანჯულ, უბედურ დედას და უსაქმურ მამას და მაგალითს მათგან იღებენ…

ადამიანის ხასიათი, მისი დამოკიდებულება საკუთარი თავისადმი, ადამიანებისა და შრომისადმი, პირველ რიგში ახლობლების გავლენით ყალიბდება. რა თქმა უნდა, გენებიც თავის როლს თამაშობს, მაგრამ აქაც — ჩვენი შვილების მშობლებს ჩვენ თავად ვირჩევთ.

უბედურებების მიზეზი საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ, მაგრამ მისი პოვნა ადვილი არ არის.

მაგალითად, დედები ხშირად ამბობენ: „ჩემს შვილს ისე ვზრდი, რომ იყოს ბედნიერი, წარმატებული, შრომისმოყვარე, თავდაჯერებული, მოკლედ, რომ იყოს ნამდვილი მამაკაცი“. აბა, ჰკითხეთ ამ ქალს, თვითონ არის ბედნიერი? გიპასუხებთ, რომ არა. არის თავდაჯერებული? — არა; წარმატებულია? — არა… შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ცხოვრობს უმუშევარი ნარკომანის ან ალკოჰოლიკის, ან უსაქმურის გვერდით, თვითონ დარბის „ფოშტის ცხენივით“, ოჯახი და მასზე მზრუნველობა მხრებზე აქვს აკიდებული და თავისი ოცნებების განხორციელებას შვილებში ხედავს. შვილები კი უყურებენ მუდამ გატანჯულ, უბედურ დედას და უსაქმურ მამას და მაგალითს მათგან იღებენ…

მსხვერპლს არც სილამაზე მოითხოვს და არც სიყვარული...>>

ქალს არ ესმის, რომ ვერანაირ ბედნიერებასა და წარმატებას ის ვერ მიაღწევს. ცუდად რომ გახდეს, ოჯახის წევრები, თანაგრძნობის ნაცვლად, მათრახს გადაუჭერენ, რადგან მისი გაჩერება არ შეიძლება. ყველაზე საშინელი კი ამ ვითარებაში ის არის, რომ ამ უბედურ ქალს არც უნდა სხვა ცხოვრება, რადგან ამ შემთხვევაში თავისი მნიშვნელობის შეგრძნებას დაკარგავს. სადღაც სულის კუთხე-კუნჭულში ის ამაყობს თავისი გმირული ტანჯვით, მას თანაუგრძნობს თავისნაირი, ცხოვრებისგან გათელილი მეგობარი ქალი. ასეთი ქალი, რომელსაც აქვს ცოტა დეპრესია, ცხოვრებაში არ აკლია სკანდალები და ხანდახან კაცის მუშტიც, დარწმუნებულია, რომ შვილებს ასწავლის, როგორ იყვნენ ბედნიერი და წარმატებული.

მაგრამ სიტყვა მაშინ წვრთნის, როცა თვალწინ ღირსეული მაგალითია. მუდამ გაღიზიანებული დედა მზარეულისა და ჭურჭლის მრეცხავის როლში და მამა — დივანზე ლუდით ხელში წამოკოტრიალებული ან ცოლის მიმართ საყვედურების კორიანტელის დამყენებელი — ბავშვების მაგალითი ვერ იქნება. სად პოულობენ ასეთი ბავშვები ავტორიტეტს? – ქუჩაში. და ეს „ავტორიტეტის“ მქონე ადამიანები ყოველთვის ღირსეული არ არიან.

რატომ არ თხოვდებიან ქალები?>>

ბავშვის ხასიათი 5-7 წლის ასაკში ყალიბდება, შემდეგ უბრალოდ მისი „გაშალაშინება“ ხდება — თვისებების ერთი ნაწილის გამახვილება და მეორის — მიჩქმალვა. 5-7 წლის შემდეგ მხოლოდ ერთადერთი ადამიანის შეცვლა შეიძლება და ეს — საკუთარი თავია. მაგრამ ბავშვები საკუთარი თავის შეცვლას არ ჩქარობენ, მასწავლებლებისა და მშობლების ნოტაციები ერთ ყურში შედის და მეორედან გამოდის. ცუდი სწავლის დროს ხომ მათ თეფშზე საჭმელი არ მცირდება, მშობლების შეძენილი ტანსაცმელი, კომპიუტერი, ტელეფონი, სამკაულები და სხვა — არ ქრება.

ადამიანი საკუთარ საქციელზე დაფიქრებას, ჩვეულებრივ, მას შემდეგ იწყებს, რაც დასჯის ცხოვრება და არა — დედ-მამა. მშობლებს კი საკუთარი შვილების დაცვა ყველანაირად უნდათ, მათ ნაცვლად აკეთებენ თავიდან სკოლის დავალებებს, შემდეგ, მაგალითად, „მომგებიანად“ ათხოვებენ, ეძებენ მათ ნაცვლად სამსახურს… მაგრამ ეს ყველაფერი შვილებს ბედნიერს არ ხდის.

ბავშვს ასწავლის არა სიტყვა, არამედ მაგალითი. სასაცილოა, ბავშვს სიგარეტის მოწევა პირში სიგარეტგაჩრილმა აუკრძალო, ან აუხსნა, რომ საჭიროა ვარჯიში, სპორტი და თვითონ შენი „სპორტი“ — დივანი და ტელევიზორი იყოს.

დაიწყეთ საკუთარი თავიდან. ნუ იქნებით ბავშვებისთვის ტირანი ან მოსამსახურე. ტირანები სძულთ, ხოლო მოსამსახურეებს — არად აგდებენ. მოეშვით წუწუნს, ბედისა და ირგვლივ მყოფთა ლანძღვას. და თქვენი ბავშვი სიცოცხლის მოყვარული, მხიარული გაიზრდება. თუ ბავშვებთან ურთიერთობას დაქალებთან ტელეფონზე საათობით ლაქლაქი გირჩევნიათ, არ გაგიკვირდეთ, რომ თქვენს შვილებს ინტერნეტის ვირტუალური სამყარო ურჩევნიათ, ვიდრე თქვენთან ურთიერთობა. ბავშვებმა უნდა დაინახონ, როგორ ეფერებიან მშობლები ერთმანეთს და არა — როგორ ესვრიან ერთმანეთს ბოლო გადარჩენილ თეფშს და თან ერთმანეთთან შეხვედრის დღეს წყევლიან.

თაფლობის თვის დასასრული, ანუ ცხოვრება „ჰეფი ენდის“ შემდეგ>>

თუ გინდათ თქვენი შვილი ბედნიერი გაიზარდოს, თვითონ უნდა იყოთ ბედნიერი და ის მოგბაძავთ.

მასალაში გამოყენებულია ფსიქოლოგ სერგეი ლევიტის მოსაზრებები

232
თემები:
სასარგებლო რჩევები (220)
ქალი ფანჯარასთან

ჩვეულებრივი ქართველი დედის ჩვეულებრივი დღე: ვიცინოთ თუ...

1561
(განახლებულია 17:27 03.03.2020)
ყოველგვარი შესავლისა და წინასიტყვაობის გარეშე გთავაზობთ ერთი ჩვეულებრივი დედის ერთი დღის ამბავს, რომელიც, ჩვენი აზრით, ძალიან ბევრი თქვენგანისთვის იქნება ნაცნობი.
1561
დედა და შვილი

ვალდებული არ ვარ, ჩემი კომფორტი შენი კომფორტისთვის დავთმო: დედის წერილი თინეიჯერ ქალიშვილს

109
(განახლებულია 16:32 03.03.2020)
ყველა მშობელი სხვადასხვაგვარად ეკიდება შვილს — ვინ შეძლებისდაგვარად დიდხანს არიდებს მათ სიძნელეებს და ვინ, პირიქით, ბავშვობიდან აჩვევს აზრს, რომ სამყარო სასტიკია, ხოლო ცხოვრება რთული.

პუბლიკაცია, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ, წარსულში უკვე იყო გამოქვეყნებული „Sputnik–საქართველოს“ გვერდზე და ფართო რეზონანსიც მოჰყვა. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ დღეს საქართველოში დედის დღე აღინიშნება, ხოლო დარია კოროლკოვას მიერ თავისი თინეიჯერი ქალიშვილისადმი მიწერილი წერილი დღემდე აქტიურად განიხილება ინტერნეტში, გადავწყვიტეთ კიდევ ერთხელ შეგახსენოთ ის. 

მით უმეტეს, რომ ბევრმა თქვენგანმა შესაძლოა მასში საჭირო რჩევები მოძებნოს. 

დარია კოროლკოვას წერილი ასე გამოიყურება: 

დარია კოროლკოვა ქალიშვილთან ერთად
დარია კოროლკოვა ქალიშვილთან ერთად

1. 3 წლის მერე შეიძლება სახლიდან გაგაგდო. საშინლად ჟღერს, არა? მაგრამ იცოდე, რომ 18 წლისას მოქმედების ორი გზა გექნება:

ა) აბარებ უმაღლესში და მეც ყველანაირად გეხმარები მის დამთავრებამდე ან სამსახურის შოვნამდე; ბ) ან სწავლას „იკიდებ“ (ამის გამო არასდროს გისაყვედურებ), მუშაობას იწყებ და თავად იკმაყოფილებ საკუთარ მოთხოვნებს. მე არ ვაპირებ შევინახო 18 წელს გადაცილებული გოგო, რომელიც არ სწავლობს, იმიტომ რომ ეს არასწორად მიმაჩნია.

3 წელი გაქვს დარჩენილი არჩევანის გასაკეთებლად…

ჰო, მართლა, ჩვენ უკვე მოვიფიქრეთ, როგორ გადავაკეთოთ ბინა: შენ ოთახში ჩვენი საძინებელი იქნება.

2. შენ ჩემზე ბევრად უკეთესი ხარ. შენ შესანიშნავი გოგო ხარ. 15 წელია გიცნობ და ვიცი, რომ შენ იმაზე ბევრად უკეთესი ხარ, ვიდრე ყველაზე თამამ ოცნებაში წარმოვიდგენდი. თუ ეს ვინმეს არ ესმის, ეს მისი პრობლემაა. და კიდევ ცოტა მამიკოსიც… თუმცა მას კიბეებიდან ვიღაცების დაშვება კარგად გამოსდის და ამიტომ არ ვნერვიულობ. 

3. შენ აბსოლუტურად სხვა, ცალკე პიროვნება ხარ. შენ არ უნდა გიყვარდეს ის, რაც მე მიყვარს — სრული უფლება გაქვს, არ გაითვალისწინო ჩემი შეხედულებები და არ მიჰყვე ჩემს ღირებულებებს. ოღონდ არის ერთი ნიუანსი: მერე პასუხისგებაც თავად მოგიწევს ყველაფერზე.

4. შეგიძლია გახდე მეეზოვე, „მანიკურშა“, დურგალი, ხარატი, დიასახლისი, ბიზნეს-ანალიტიკოსი, ოფის-მენეჯერი თუ „აშანის“ მოლარე. შენი ცხოვრების გზის არჩევაში არ ჩავერევი, მაგრამ აუცილებლად გადაიკითხე პირველი პუნქტი.

5. იმისთვის არ გამიზრდიხარ, რომ ვალის გადახდა მოგთხოვო. ეშმაკსაც წაუღია, მე შენგან არც ჭიქა წყლის მოწოდებას ველოდები და არც მაძღარ სიბერეს, არც შენ „ნობელებზე“ ვოცნებობ. სრული უფლება გაქვს აირჩიო ის, რაც შენთვის მნიშვნელოვანია და ფასეული, ან კიდევ ყველაფერი თავის დინებაზე მიუშვა. ეს შენი ცხოვრებაა და არჩევანიც შენზეა.

6. მე მუდამ გვერდში გეყოლები, თუ დაგჭირდები — რაც უნდა მოხდეს შენ ცხოვრებაში. თუ მთხოვ, შეგიცოდებ და მხარში ამოგიდგები, თანაგიგრძნობ და შევეცდები დაგეხმარო. მაგრამ არასდროს ჩავერევი შენ საქმეში ჩემი ნებით.

გაბრაზებული დედის პასუხი: ჩემი შვილი ვალდებული არ არის, თქვენსას სათამაშო ათხოვოს>>

7. ვალდებული არ ვარ, დამისტვინო და მეც შენ გამო ყველა საქმე მივატოვო, ჩემი კომფორტი შენი კომფორტის გამო დავთმო. შემიძლია, მაგრამ ვალდებული არ ვარ.  

8. ვის გაჰყვები ცოლად, გააჩენ თუ არა შვილებს, გახდები თუ არა ლესბოსელი, შეხვალ თუ არა „ედინაია როსიაში“ — ამ ყველაფერს ყოველთვის თავად გადაწყვეტ. ჩემმა შეხედულებებმა, პოლიტიკურმა სიმპათიებმა და ცხოვრებისეულმა რწმენამ შენზე არანაირი ზეგავლენა არ უნდა მოახდინოს. შენ შეგიძლია მოიქცე ისე, როგორც გული, სინდისი და ანგარება, გამორჩენის ინტერესი გკარნახობს. ამის გამო არ დამკარგავ, არ ამოიშლები ჩემი შვილობიდან, არ იქცევი პერსონა ნონ-გრატად. 

9. ამის გაგება იოლი არაა, მაგრამ სიმართლე კია: ყველა საკუთარ თავზე ფიქრობს. ჰო, მეც. ნებისმიერი ადამიანი ნებისმიერ ვითარებაში იქცევა ისე, როგორც თავად მიაჩნია სწორად. არავინ იფუჭებს ცხოვრებას შეგნებულად (თუ ფსიქიკურად ჯანმრთელია), ადამიანები ისე იქცევიან, როგორც მათთვისაა უკეთესი. არაუმეტეს. უბრალოდ, ჩვენი წარმოსახვები სამყაროზე ერთმანეთს არ ემთხვევა.

10. არ არსებობს არც წარმატების მიღწევის გარანტირებული ხერხები და არც წარუმატებლობის თავიდან აცილებისა. შენ ვერ აკონტროლებ სამყაროს. შეიძლება ყველაფერი სწორად გააკეთო, მაგრამ მაინც ტრ…ში აღმოჩნდე. შეიძლება ქვეყნად ყველა წესი დაარღვიო, მაგრამ მაინც დაიპყრო მწვერვალები.

11. ერთადერთი, რაზეც უნდა ფიქრობდე — ეს პატიოსნებაა. თავი არ მოიტყუო. ისწავლე საკუთარი თავის გაგება. გააცნობიერე ჭეშმარიტი მოთხოვნილებები და გრძნობები. იფიქრე ისე, როგორც შენთვის აჯობებს.

12. სად დაიკავებ სხვის ადგილს — ინსტიტუტში თუ მაღაზიის სალაროსთან, ვიღაცის ცხოვრების სიყვარულთან დაიწყებ შეხვედრას, თუ ვიღაცის საყვარელ ადგილზე დაჯდები კინოში — ამაზე ბევრი არ იფიქრო. შენი „ცუდი“ ყოველთვის იქნება ვიღაცისთვის „კარგი“. ასე რომ, გაქვითულები იქნებით. 

დედის მინაწერი აუტისტი ბიჭის ფოტოზე, რომელმაც მსოფლიოს ადამიანები შეძრა>>

13. 18 წლიდან საკუთარ ცხოვრებაზე თავად აგებ პასუხს… ბავშვიც გააჩინე, თუ მის მარტო გაზრდას შეძლებ. შეეჭიდე პროექტს, თუ კოლეგების გარეშე, მარტო მის დაძლევას მოახერხებ. ემიგრაციაში წადი, თუ უცხო ქვეყანაში მარტო დარჩენა არ გაშინებს. მარტო! თუ გაგიმართლებს და დამხმარეები გამოგიჩნდებიან — ახლობლები და მეგობრები, ცხოვრება გაგიიოლდება. მაგრამ ისინი შენთან ვალში არ არიან. ამის იმედი არ გქონდეს.

14. ყველა ნაბიჯს მოსდევს შედეგი. შესაძლოა, ყველაფერს წინასწარ ვერ ხვდებოდე, მაგრამ ეცადე მაქსიმუმი გათვალო. რაც უკეთ გათვლი ვარიანტებს, მით გონივრული იქნება შენი ნაბიჯები.

15. 14 პუნქტი ჩამოგიწიკწიკე, რომლებიც, ჩემი აზრით, შენს ცხოვრებას ჩემსაზე უკეთესს გახდის. მაგრამ შენ მე არ ხარ. არ შემედარო. ჩემზე არ სწორდე. წადი და იცხოვრე. იმისთვის არ გამიჩენიხარ, რომ ჩემი შვილი იყო. მე მინდოდა სამყაროში ისეთი ადამიანი მომევლინა, რომელიც საკუთარი ცხოვრებით იცხოვრებდა. ჰოდა, წადი და იცხოვრე.

15 ა) ოღონდ მერე არ იწუწუნო.

15 ბ) და არ გამორთო ტელეფონი. ვნერვიულობ.

 

109

არეულობა აშშ-ში: როგორ ანგრევენ მომიტინგეები მაღაზიებს ნიუ-იორკში - ვიდეო

0
საპროტესტო აქციები აშშ-ში 25 მაისს მინეაპოლისში (მინესოტას შტატი) აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის შემდეგ დაიწყო. არეულობამ უკვე ქვეყნის მნიშვნელოვანი ნაწილი მოიცვა

ამერიკის შტატების რაოდენობა, სადაც არეულობის დარეგულირებას ეროვნული გვარდია ცდილობს, 21-მდე გაიზარდა, წერს New York Times.

მანამდე გავრცელდა ვრცელდებოდა ხუთი ათასი მებრძოლის შესახებ 15 შტატში. გამოცემის მონაცემებით, ანტიპოლიციურმა პროტესტმა მინიმუმ 140 ქალაქი მოიცვა.

არეულობის ტალღამ ვაშინგტონამდეც მიაღწია, მომიტინგეები თეთრ სახლთან მივიდნენ და მიმდებარედ დაწესებულებების ნგრევა დაიწყეს. შედეგად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და პარალიტიკური ყუმბარები გამოიყენა ხალხის ნაკადის მოსაგერიებლად.

0