დიეტა

როგორ იკლებენ წონაში ზოდიაქოს ნიშნები

11270
(განახლებულია 11:10 19.07.2019)
ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენელ ქალებს წონაში კლების საკუთარი მეთოდი აქვს: ზოგი ასკეტურ ცხოვრებას იწყებს, ზოგი ამას „მეცნიერულად" უდგება და დიეტოლოგიის კურსს ითვისებს, ზოგის წარმოსახვის წინაშე კი რეალობა უძლური ხდება და...

როგორ იკლებენ წონაში ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელი ქალები, რა მეთოდებს იყენებენ ისინი - ამის შესახებ შეიტყვეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან.

თხის რქა

თხის რქა ასკეტურ ცხოვრებას იწყებს, ყველა ღორმუცელას განიკითხავს. მან იცის, როგორია ცხოვრების სწორი წესი: ადამიანის ნორმალური ფუნქციონირებისთვის საკმარისია ერთი ლიტრი წყალი და ერთი მუჭა ბრინჯი, დანარჩენი უკვე ზედმეტია. თხის რქა ქალს ამის გვიან ღამემდე სჯერა, ხოლო ღამის ორ საათზე აღმოაჩენს, რომ მაცივრიდან რამე ნუგბარი აქვს გამოღებული და მადიანად ილუკმება. დილით საკუთარ თავს სჯის - არანაირი ბრინჯი, მხოლოდ წყალი. საბოლოოდ, თხის რქა იკლებს წონაში... ნერვებისგან!

მერწყული

მერწყული წონაში ტრადიციული გზებით იკლებს. ჯერ დიდი ხანი ემზადება, ძალებს იკრებს, განწყობას უხმობს. ეს ძალიან დიდხანს გრძელდება. თან, გახდომის პროცესი აუცილებლად ორშაბათს უნდა დაიწყოს, ხოლო შთაგონების პიკი აუცილებლად პარასკევზე მოდის. მაგრამ ერთ მშვენიერ ორშაბათ დილას მერწყული იღვიძებს და ხვდება, რომ ეს ის დღეა. და იკლებს წონაში. თან, წაქეზება არ სჭირდება, მშვენივრად იცის, რომ შოკოლადი - საწამლავია, შაქარი - თეთრი სიკვდილი, პურ-ფუნთუშეული - ნელი მოქმედების ნაღმი, რომელიც მტრებმა „შეამოაგდეს". და საერთოდ, როგორ შეიძლება ამის ჭამა?! და ეს ყველაფერი - პარასკევამდე. ამ დღეს კი ისეთი მშვენიერია სამყარო, რომელშიც მოიფიქრეს ჩიფსები, ლუდი, სხვადასხვა ნუგბარი. და დგება ორშაბათი. მერწყული გაოგნებულია - ნეტავ, რა იყო ეს?

თევზები

თევზებს სწამთ, რომ წონაში დაკლება მხოლოდ დიეტით შეიძლება, რადგან შტანგა - გოგონებისთვის არ არის. თანაც, თევზი-ქალები ერთდროულად სამ დიეტას იწყებენ, რადგან ერთით ვერ ნაყრდებიან. დილით უპირატესობას შოკოლადის დიეტას ანიჭებენ, სადილზე - დუკანის დიეტას, საღამოს კარგად მიდის დიეტა „სუხიშვილების მინუს რვა კილო ერთ კვირაში", ან „უგულავას" დიეტა, რადგან იქ წითელი ღვინო შეიძლება. რაც ყველაზე საინტერესოა, თევზები ერთადერთი ნიშანია, რომელიც ნამდვილად იკლებს წონაში და თან - სწრაფად. როგორც ჩანს, საქმე განვითარებული წარმოსახვაა: ქალბატონ თევზებს თავი გამხდარ, ტანწერწეტა ქალებად წარმოუდგენიათ და ამის წინაშე რეალობა „კაპიტულაციას აცხადებს", უძლურია. სხვა ახსნა ამ ფენომენს არა აქვს.

ვერძი

თუ გინდა, ვერძი განარისხო, რამე უნდა აუკრძალო, ხოლო მრისხანე ვერძი ნამდვილად საშიშია. ამიტომ ვერძები არასდროს იცავენ დიეტას - ეს უსარგებლოა: ახლობლები იოგურტში გამდნარ კარაქს ჩაურევენ, ფაფაში - ბეკონს და ბალიშის ქვეშ კანფეტებს ამოუდებენ. ეს ყველაფერი იმიტომ, რომ მათ სიცოცხლე სწყურიათ. ასე რომ, ვერძი საკვების მხრივ თავს არ იზღუდავს, სამაგიეროდ, სპორტს პატივს სცემს. და იკლებენ წონაში... საავადმყოფოს პალატაში, რადგან ფიზიკური დატვირთვებისგან „წელის გაწყვეტა" - სახუმარო საქმე არაა.

კურო

ქალი-კუროები ყოველთვის იმ დიეტას ირჩევენ, რომელიც ბევრის ჭამის საშუალებას იძლევა. უგემური ჭამონ - ამისთვის მზად არ არიან, არასდროს! ამიტომ ისინი ჯერ უამრავ კილოგრამ ხილ-ბოსტნეულს ყიდულობენ - კომბოსტოს, სტაფილოს, კიტრსა თუ ვაშლს, შემდეგ ამას მთელი დღე მელანქოლიურად ღეჭავენ. დიეტის მესამე დღეს კუროები გადაწყვეტენ, რომ დიდხანს იტანჯნენ და გარდერობიდან სანუკვარ ჯინსის შარვალს იღებენ და მასში „ჩაკვეხებას" ცდილობენ. ვერ ეტევიან, რადგან ხილ-ბოსტნეულისგან მუცელი შეებერათ. აქ უკვე ყველაზე მთავარი მოვლენა ხდება: განრისხებული კურო მიდის მაღაზიაში და მთელ ხელფასს იხდის ახალ იდეალურ შარვალში. მაგრამ არ გეგონოთ, რომ ეს შარვალი უფრო დიდი ზომისაა - არა, რა თქმა უნდა. საქმე ისაა, რომ ძველი შარვალი ცუდი მოტივატორი იყო. ხილ-ბოსტნეულში ხომ არაა მართლა საქმე!

ტყუპი

ტყუპი-ქალბატონები წონაში კლების პროცესს მისიონერულ სამუშაოს უთავსებენ. „დიეტობანა" მარტოსთვის მოსაწყენია, ამიტომ ისინი, პირველ რიგში, მიემგზავრებიან თემატურ ფორუმზე, ან ფეისბუქზე მოტივაციურ პოსტს აქვეყნებენ: „გახდომის მარათონი ნომერი 100500! ვისაც ვუყვარვარ, გამომყევით!" და რადგანაც ტყუპები ყველას უყვარს, საკმაოდ დამაჯერებელი კომპანია გროვდება: გოგონები ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ, მხარს უჭერენ, ამხნევებენ, აქვეყნებენ ფოტოებს და წარმატებებით ტრაბახობენ. და ხდებიან კიდეც, რა თქმა უნდა. მაგრამ ტყუპები არ იკლებენ წონაში - მათ უკვე დაავიწყდათ, საერთოდ რისთვის შეიკრიბა ამდენი ხალხი, რატომ ირჯებიან ასე - მათი საცოდაობით იწვებიან და უკვირთ, მოწყენილობისგან როგორ არიან კიდევ ცოცხლები? როგორ შეიძლება მთელი ორი საათი მხოლოდ დიეტაზე ილაპარაკო.

კირჩხიბი

კირჩხიბებს დიეტების არ სჯერათ. ისინი დარწმუნებული არიან, რომ გახდომა მხოლოდ ერთი მეთოდით შეიძლება - შეიცვალოს კვების პრინციპები ერთხელ და სამუდამოდ. სხვა არაფერი უშველის, ხოლო დიეტები - ეს სულელი გოგონებისთვისაა. ამიტომ კირჩხიბი, რომელსაც გახდომა უნდა, ვეგეტარიანელი ხდება. ან „უმისმჭამელი". ან მხოლოდ „ხილისმჭამელი". მთავარია, რომ კვების იდეა, პირველ რიგში, სულიერ ფასეულობებს ეფუძნებოდეს და არა მოსაწყენ და უსიამოვნო ისტორიებს საჭმლის სწორი მონელების შესახებ. ამის შემდეგ კირჩხიბი ქადაგებას იწყებს, ამიერიდან მისი მისია ხომ ადამიანებში სიკეთისა და სინათლის შეტანაა. ბუნებრივია, ასეთ დროს მას აღარ აქვს იმის დრო, რომ საკუთარ კვებას მიხედოს. ამიტომ ჭამს ნამცხვრებსა და შოკოლადებს. მაგრამ იკლებს წონაში. ქადაგებები ხომ ამდენ ენერგიას ართმევს!

ლომი

ლომები დიდი გაქანებით, „მასშტაბურად" იკლებენ წონაში. რაციონის შეზღუდვა და დილის გარბენი მათთვის არაა. ძუ ლომები უკვეთენ ეგზოტიკური ხილის კალათას (როგორც ამბობენ, ისინი ცხიმებს წვავს), ყიდულობენ გასახდომ გაჯეტებს, აბონემენტს ყველაზე ძვირადღირებულ ფიტნეს-კლუბებში და ბოლო მოდელის სპორტულ ბოტასს. და რა თქმა უნდა, იყვანენ პირად მწვრთნელს. აქ პრობლემაც ხშირად ჩნდება: აიყვანოს ის სიმპათიური ყმაწვილი, თუ მისტერ „ტიტანი". შემდეგ, ქალი ლომი სწრაფად იკლებს წონაში (ეჭვი არ შეგეპაროთ), რადგან მხოლოდ „დოშირაკის" ფული რჩება.

ქალწული

ქალწული „მეცნიერულად" იკლებს წონაში. ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით: ერთი-ორ კვირაში მან უკვე ზეპირად იცის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების დიეტოლოგიის სრული კურსი და მომავალი მწვრთნელების ფიზიკური კულტურის კურსი. შემდეგ ადგენს იდეალურ რაციონს, ვარჯიშის იდეალურ პროგრამას და იწყებს გეგმის შესრულებას: წონის საკვებს, ითვლის კალორიებს, აწარმოებს ვარჯიშების დღიურს. დაახლოებით სამი დღე. ამის შემდეგ ქალწულს აუცილებლად მოხვდება თვალში სტატია ინტუიციური კვების შესახებ, ან სიუჟეტი იოგის გამაჯანსაღებელი თვისებების შესახებ, ან, შეიძლება ნახოს ფილმი დიდი სპორტის სიმძიმის შესახებ. მოკლედ, ქალწული ახალი თემის შესწავლაზე გადადის... და იკლებს წონაში, რადგან ჭამის დრო აღარ რჩება - უნდა ისწავლოს!

სასწორი

თუ სასწორი წონაში იმატებს - სასოწარკვეთილებაში ვარდება. ცხიმი - ეს საშინელი სიმახინჯეა, ხოლო რაც ულამაზოა - აუტანლად მტკივნეულია. რადგან სილამაზის გრძნობა სასწორში ყველაზე განვითარებულია. ამასთან, ის ძალზე ეჭვიანია - ჰგონია, რომ მისი ცხიმის ნაოჭებს ყველა აშტერდება, ამიტომ, სჯობს, სანამ არ გახდება, საბნიდან არც გამოძვრეს. რა თქმა უნდა, საუბარი არ არის არანაირ სპორტულ დარბაზზე. ის სახლში იკლებს წონაში. ყიდულობს სარბენ ბილიკს, ხალიჩას იოგისთვის, ჰანტელებს და ა. შ. ამ შესანიშნავ ნივთებს მთელი კვირა ესიყვარულება, ტკბება მათით. ხანდახან სარბენ ბილიკს რთავს კიდეც... რომ შეხედოს, როგორ მუშაობს.

მორიელი

მორიელის პრინციპია: „დილით კექსი, სადილზე კექსი და სექსი, საღამოს სექსი. თუ არ შველის - ცომეული ამოიღე". და რაც ყველაზე საინტერესოა, ეს ნამდვილად იძლევა შედეგს. ანუ, მორიელები დარწმუნებული არიან, რომ გახდომის საუკეთესო საშუალებაა ახალი საყვარლის გაჩენა. თუ საყვარელი სწორად არის შერჩეული, პეპლების კოლონა მორიელის მუცელში ისეთი სიჩქარით გამრავლდება, რომ ერთ კვირაში მას, უბრალოდ, ლუკმა არ გადაუვა ყელში. თუ უცბად გადაწყვეტს, რომ ახლა სასიყვარულო თავგადასავლები ძალიან უადგილოა, ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე გახდება. რადგან ერთადერთი მიზეზი, რამაც მორიელს სიყვარულზე უარი შეიძლება ათქმევინოს, ეს შემოქმედებითი წვის პროცესში თავით გადაშვებაა. არა, ასევე აპოკალიფსისი.

მშვილდოსანი

მშვილდოსანს ესმის, რომ ცდუნებასთან დაპირისპირება ძალიან ბევრ დროს ართმევს. ამიტომ ქალი მშვილდოსანი ცდუნებებისგან მიდის. ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. იღებს ერთ შეკვრა წიწიბურას, ერთ ტომარა ორცხობილას, ერთ მწარე შოკოლადს და მიდის მთაში. სამი კვირით. თუ წასვლა არ შეუძლია, მაგალითად, სამსახურის გამო, შინაგან „მთა-სამყაროში" მიდის: აუქმებს ყველა წვეულებას, წყვეტს სადილს კოლეგებთან ერთად და „სკაიპითაც" კი აღარ საუბრობს. ეს იმდენად არატიპურია მშვილდოსანი ქალისთვის, რომ მისი მეგობრები პანიკაში ვარდებიან, იწვევენ საგანგებო თათბირს, სადაც იღებენ გადაწყვეტილებას, რომ მშვილდოსანს დეპრესია აქვს და სასწრაფოდ ესაჭიროება ზრუნვა, ყურადღება და... ტორტი. აი, აქ მშვილდოსანი იწყებს კიდეც წონაში კლებას. რადგან მას გახდომისთვის სწორი განწყობა სჭირდება, ხოლო რანაირი განწყობა შეიქმნება მეგობრების კომპანიის გარეშე?

11270
ახალგაზრდა ქალები

იდეალური აღნაგობა და ჯანმრთელი წონა: ახალი სტანდარტი ექიმებისგან თვალსაჩინო ცხრილი

7245
(განახლებულია 09:26 04.06.2021)
„იდეალური წონა" ერთმანეთისგან განსხვავებულ ასოციაციებს იწვევს. ზოგს ამ დროს 90-60-90 ზომების მქონე მოდელი უდგება თვალწინ და ზოგსაც პირიქით, გემრიელად ხორცსავსე ქალი. ზოგიც საერთოდაც ვერ გარკვეულა, რომელია იდეალური წონა და ვერ ხვდება, სად, რომელ ნიშნულზე გაჩერდეს.

საქმე ისაა, რომ თითოეულ ადამიანს ბუნებისგან დაჰყვება ცხიმოვანი უჯრედების გარკვეული რაოდენობა. ის ადამიანები, ვისაც ეს უჯრედები უფრო მეტი აქვს, მიდრეკილია სიმსუქნისკენ. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ რეგულარული მაძღრისად ჭამის შემთხვევაში თითოეული ცხიმოვანი უჯრედი ორად იყოფა, რითიც კიდევ უფრო იზრდება ორგანიზმში დაგროვილი ცხიმის რაოდენობა.

ჯანმრთელი წონა – ეს ის ნიშნულია, როდესაც ორგანიზმი თავს კარგად გრძნობს. თუ ამ ნიშნულს გადააბიჯებთ, პრობლემებიც დაგეწყებათ: გულის „ფრიალი", სახსრების ტკივილი, ჰორმონების თამაში თუ მეორე ტიპის დიაბეტის წარმოშობის რისკი.

ამასწინანდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ თანამედროვე ქალები საშუალოდ იმაზე 6 კილოგრამით მეტს იწონიან, ვიდრე 22 წლის წინ. შესაბამისად, შეიცვალა იდეალური წონის მაჩვენებელიც: ახლა ეს რიცხვი 5 კგ-ით მეტია.

ქვემოთ გთავაზობთ თვალსაჩინო ცხრილს, რომელიც ექიმებმა შეადგინეს და, გამომდინარე აქედან, შეიცავს რეალურ მაჩვენებლებს და არა იმას, რაც საზოგადოებამ დაადგინა ნორმად.

ნახეთ ეს ცხრილი და ობიექტურად შეაფასეთ საკუთარი წონა და მისი გავლენა ჯანმრთელობაზე.

სიმაღლისა და ჯანმრთელი წონის შესაბამისობის ახალი სტანდარტი
სიმაღლისა და ჯანმრთელი წონის შესაბამისობის ახალი სტანდარტი
7245
თამარ ჯაბადარი

„ჩემი ქუჩის მტვერიც კი მიყვარს“ სახლი, რომელიც „სულის სავანეა“

432
(განახლებულია 18:54 05.05.2021)
„ეს სახლი მოსასვენებელი ადგილია, სადაც საინტერესო ადამიანებს ხვდები, სადაც თაობათა გზები იკვეთება და ქვეყნის მომავალი ,,იჩორკნება“ – ასე ფიქრობს კულტურის მუშაკი, საგარეჯოს რაიონის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის დირექტორი თამარ ჯაბადარი.

ის წლების მანძილზე მუშაობს ამ თანამდებობაზე და მის ხელში არაერთი, მომავალში წარმატებული ადამიანი დაფრთიანებულა. ამ სახლის მნიშვნელობა დღეს რაიონში მცხოვრებ ყველა პროფესიის ადამიანს აქვს გაცნობიერებული.

თამარ ჯაბადარი
თამარ ჯაბადარი

- ქალბატონო თამარ, რადგან აღდგომის დღეებია, თავდაპირველად მინდა ბავშვობა გაიხსენოთ. ბავშვობის დროინდელი აღდგომა როგორ გახსენდებათ?

- ბავშვობასთანაა ასოცირებული მთელი ჩვენი ცხოვრება. მახსოვს, ბავშვებს აღდგომის ღამეს არ გვათევინებდნენ - ძილი დააკლდებათო, გაიზრდებიან, გაიგებენ და თავად ისწავლიანო. მაგრამ დღისით ყველას გამოგვპრანჭავდნენ - ახალ კაბას და ფეხსაცმელს გვაცმევდნენ, გოგონებს ახალ ბაფთებს გვიკეთებდნენ. მერე კი წინაპრების საფლავებზე მივყავდით და იქ ყვავილებს, წითელ კვერცხებს და პასკებს ვაწყობდით...  

თამარ ჯაბადარი
თამარ ჯაბადარი

- საგარეჯოში, თქვენს უბანში რა ხდებოდა?

- ჩვენი უბანი საგარეჯოში დიდი და ახალი ნაშენი იყო, ყველა ოჯახი კი თვითმყოფადი, რადგან თავისი ტრადიციები გააჩნდა და მათ ერთმანეთს ვუზიარებდით. უბნის მშობლები ბავშვებისთვის ცალკე ღებავდნენ კვერცხს და სუფრას ცალკე გვიშლიდნენ. გვასწავლიდნენ როგორ მოვქცეოდით ერთმანეთს, იმას, რომ პატივი გვეცა ერთმანეთის აზრისთვის. ეს იყო ძალიან ლამაზი, მხიარული და ლაღი დღეები. ასე დავფრთიანდით და გავედით ცხოვრების გზაზე.

თამარ ჯაბადარი
თამარ ჯაბადარი

- პროფესიის არჩევას თქვენ შემთხვევაში რა ფაქტორებმა შეუწყო ხელი?

- პროფესია ავირჩიე საკუთარი სურვილით. სახლში სულ მასწავლებლობანას ვთამაშობდით, რადგან მასწავლებლების ოჯახში ვიზრდებოდი და სხვანაირი ვერ ვიქნებოდი. ჩემი კუთხის ისტორიით და კულტურით დაინტერესება მისმა ძველმა ისტორიამ და ამ ადგილებმა განაპირობა. მიყვარდა ჩვენი ისტორია და გეოგრაფია. ვერ წარმომედგინა, როგორ შეიძლება ქვეყანაში ცხოვრობდე და იმ ქვეყნის ისტორია, გეოგრაფია, ლიტერატურა, კულტურა არ იცოდე. საკუთარი თავის მიმართ ყოველთვის მომთხოვნი ვიყავი და დღესაც ვარ. ადამიანს თუ თავისი წილი პასუხისმგებლობა არ აკისრია საკუთარი პიროვნების, ქვეყნის და ქალაქის წინაშე, მაშინ ვინ არის ის?! 

უცხოელ სტუმართან ერთად
უცხოელ სტუმართან ერთად

- როგორია საგარეჯოს მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის ისტორია, ორი სიტყვით რას გაიხსენებთ?

- თავიდან მას საგარეჯოს პიონერთა და მოსწავლეთა სახლი ერქვა და ის დაარსდა 1953 წელს, როცა დაბადებულიც არ ვიყავი. იმდროინდელ პიონერთა და მოსწავლეთა სახლს დიდი ტრადიციები ჰქონია. აქ იმართებოდა სპორტული და კულტურული ღონისძიებები, შეხვედრები გიორგი ლეონიძესთან, თეიმურაზ ჯანგულაშვილთან, ლევან თედიაშვილთან, გარი კასპაროვთანაც კი... ეს სასახლე ყველა დროში სისხლსავსე, სრულფასოვანი ცხოვრებით გამოირჩეოდა. აქ მუშაობდნენ ისეთი ადამიანები, ვინც თავისი „კვალი ნათელი“ დატოვა. ვთვლი, რომ ისინი თავიანთი ცხოვრების წესით სამაგალითონი არიან ახალგაზრდებისთვის.

თამარ ჯაბადარი რაიონის ახალგაზრდებთან ერთად
თამარ ჯაბადარი რაიონის ახალგაზრდებთან ერთად

- დღეს რამდენად ინარჩუნებს ეს სახლი იმ ძველ, კეთილ ტრადიციებს?

- შეიძლება ითქვას, რომ მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი სულის სავანეა, მოსასვენებელი ადგილი, სადაც საინტერესო ადამიანებს, ახალგაზრდებს ხვდები, სადაც თაობათა გზები იკვეთება და ქვეყნის მომავალი „იჩორკნება“. წლების გასვლის მერეც, ცხოვრების გზაზე ბევრჯერ შემხვედრია ახალგაზრდები, რომლებსაც უთქვამთ, თქვენ ჩემი მომავლის განსაზღვრაში დიდი როლი შეასრულეთო. დიახ, ამ ერთი შეხედვით უხილავი სფეროს მუშაკებს დიდი როლი გვენიჭება.

თამარ ჯაბადარი ერთ-ერთ ღონისძიებაზე
თამარ ჯაბადარი ერთ-ერთ ღონისძიებაზე

- ვიცი, რომ თქვენი სახლის არსებობის მანძილზე უცხოელებთანაც გქონდათ საქმიანი კონტაქტები...

- მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი 2004 წლიდან თანამშრომლობს ამერიკის მშვიდობის კორპუსთან. 2013 წელს სტუმრად გვყავდა მშვიდობის კორპუსის მოკლევადიანი მხარდაჭერის პროგრამის მოხალისე ემილი ნიუ, რომელიც ძალიან კრეატიული, საქმიანი და ნიჭიერი გოგო იყო. ქართულს არაჩვეულებრივად ფლობს. ემილიმ აქ დააარსა ლიდერთა კლუბი. მაშინ შევქმენით დღის თემატური ბანაკი, სადაც ემილიმ ადგილობრივი გოგონების წახალისების მიზნით მოაწყო სამდღიანი ბანაკი თავისი ტრენინგ-კურსით.

თამარ ჯაბადარი თანამშრომლებთან ერთად და საპატიო სტუმრები, ამერიკის ელჩი რიჩარდ ნორლანდი მეუღლესთან ერთად
თამარ ჯაბადარი თანამშრომლებთან ერთად და საპატიო სტუმრები, ამერიკის ელჩი რიჩარდ ნორლანდი მეუღლესთან ერთად

- საგარეჯოში ამერიკის ყოფილი ელჩის მოწვევაც მისი ინიციატივა იყო?

- დიახ, მანვე მოიწვია ამერიკის მაშინდელი ელჩის რიჩარდ ნორლანდის მეუღლე მერი ჰარტნეტი. მაშინ მხარდაჭერის მიზნით თავად ელჩიც გვეწვია ვიზიტით, რომელიც, ნაცვლად წინასწარ დაგეგმილი ერთი საათისა, ორსაათ-ნახევარი გაგრძელდა. ძალიან ლამაზი დღე იყო. ელჩის მეუღლემ მერი ჰარტნეტმა წიგნები უსახსოვრა ჩვენს გოგონებს. სხვათა შორის, ის გოგონები დღეს უკვე ბაკალავრები და მაგისტრები არიან. ჩვენ ლიდერთა კლუბის არსებობით ვამაყობთ. მასში 14-18 წლის ახალგაზრდები არიან, იქ ჩვენ ვატარებთ ევროპარლამენტის და გაეროს მოდელირებებს, ვასწავლით საჯარო გამოსვლისა და დებატების ხელოვნებას. 1 ივნისის შემდეგ ევროპარლამენტის ორდღიანი მოდელირების ღონისძიება გვექნება.

თამარ ჯაბადარი
თამარ ჯაბადარი

- საგარეჯოს მოსწავლე ახალგაზრდობის სცენიდან ალბათ არაერთ ახალგაზრდას დაულოცეთ გზა, რომელია რჩევა, რომელსაც მათ დიდ გზაზე აყოლებთ?

- პირადად ჩემი და მთელი კოლექტივის მიერ ახალგაზრდების მიმართ გამოთქმული რჩევა-მოწოდება შეიძლება ამ ფრაზით გამოვხატოთ: ჩვენ გაძლევთ წარმატების ფორმულას, გინდათ? ისარგებლეთ ამით და გააგრძელეთ გზა მომავალი წარმატებებისკენ, ჩვენ ყოველთვის ვიამაყებთ თქვენი არჩევანით და ქართული საქმეებით! საგარეჯოში ბევრი პროფესიის ადამიანი დაფრთიანებულა. ისინი მისაბაძი ხდებიან თავიანთი ცხოვრებით და საქმიანობით. ბედნიერი ვიქნები, თუ მათთვის ცხოვრების ამოსავალი გახდება პრინციპი – „აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?“

თამარ ჯაბადარი ერთ-ერთ ღონისძიებაზე
თამარ ჯაბადარი ერთ-ერთ ღონისძიებაზე

- სამშობლოს ცნება საკუთარი კუთხის სიყვარულით იწყება ხოლმე...

- საგარეჯო ჩემთვის დიდი კულტურისა და ისტორიის ადგილია. არასოდეს შემრცხვენია და შემრცხვება იმისი, რომ საგარეჯოელი ვარ! ყოველთვის ვამაყობდი და ვიამაყებ ბებერი დავით-გარეჯით, ჩემი ქუჩის მტვერიც კი მიყვარს. როგორ შეიძლება არ გიყვარდეს უჯარმის ციხე, მანავის ციხე - კახეთის მეფეთა საზაფხულო რეზიდენცია, ან „ნინოწმინდა - პალატები მეფეთა“? შეიძლება, ღამით ნინოწმინდის საეპარქიო ტაძრის ეზოში იყო და სამრეკლოდან არ ჩაგესმას გიორგი ლეონიძის ხმა?!. სამშობლოც ყველაფერ ამით შეიმეცნება და მისი სიყვარულიც აქედან მოდის... 

 

432

მოულოდნელი ხიფათი: ბაიკერი ცოცხლად დაწვას გადაურჩა - ვიდეო

0
(განახლებულია 23:31 12.06.2021)
ქუჩის სათვალთვალო კამერამ ავტოსაგზაო შემთხვევა დააფიქსირა, რა დროსაც ბაიკერი ცოცხლად დაწვას გადაურჩა. იხილეთ კადრები შემთხვევის ადგილიდან  

ვოლგოგრადის ტრასაზე  საკმაოდ დაბალი სისწრაფით მოძრავმა ბაიკერმა მოულოდნელად კონტროლი დაკარგა, გზაზე მოსრიალდა და გადაყირავდა. ვარდნა აშკარად არ იყო მძიმე და ახალგაზრდა არც დაშავდებოდა, რომ არა მოტოციკლისთვის მოულოდნელად გაჩენილი ცეცხლი, რომელიც მყისიერად გადაედო ბაიკერსაც.

მან ჯერ თავად სცადა ტანსაცმელზე წაკიდებული ცეცხლის ჩაქრობა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ბაიკერის საბედნიეროდ, გამვლელებმა მანქანები გააჩერეს და ახალგაზრდა კაცს დახმარება აღმოუჩინეს.   

 

0