გული, სიყვარულის ნიშანი

სიყვარული: გრძნობა, როგორც ნარკოტიკი

12339
(განახლებულია 17:18 02.03.2017)
თავისი არსით სიყვარულზე დამოკიდებულება იგივეა, რაც დამოკიდებულება ალკოჰოლზე, ნარკოტიკზე, ან აზარტულ თამაშებზე, ოღონდ ნარკოტიკის ნაცვლად ცოცხალი ადამიანია. და თუ ის გვერდით არ არის, ადამიანი, ჩათვალეთ, რომ დაკარგულია.

სიყვარულზე დამოკიდებულების ტიპური შემთხვევა: ერთი მუდამ იტანჯება, მეორე — თითქმის მუდამ გულგრილია.

სიყვარული მშვენიერია, მაგრამ ხშირად მას სხვა გრძნობაში — სიყვარულზე დამოკიდებულებაში ურევენ. სამწუხაროდ, ისიც ისევე გავრცელებულია, როგორც, მაგალითად, ალკოჰოლზე დამოკიდებულება. მაგრამ სიყვარულზე დამოკიდებულების დროს არავის ეუბნებიან, იმკურნალეო, არამედ მას სიმღერებსა და ლექსებს უძღვნიან და სატელევიზიო შოუებით „ტვინს ურეცხავენ“.

შეყვარებულები
შეყვარებულები

თავდაპირველად განვსაზღვროთ მთავარი განსხვავება სიყვარულსა და სიყვარულზე დამოკიდებულებას შორის, რაც ადვილი საქმე არ არის.

•    სიყვარულის გამო ადამიანის ცხოვრება პარალიზებული არ ხდება, პირიქით, მას სიხარული მოაქვს. ეს ძირითადი სიმპტომია;

•    არის საყვარელი ადამიანი გვერდით თუ სხვაგან, მაგალითად, ორი წლით ანტარქტიდაში გაემგზავრა, სიყვარული მაინც არსებობს და ეს უკვე კარგია. სიყვარული ხელს არ უშლის ადამიანს, მიხედოს თავის კარიერას და ცხოვრებით დატკბეს. როდესაც ადამიანს უყვარს, ის ლამაზდება, ახალგაზრდავდება, თვალები უბრწყინავს…

მას, რა თქმა უნდა, თავისი საყვარელი ადამიანის გვერდით ყოფნა სურს, მაგრამ, ამასთან ერთად, ცხოვრებაში სხვა რამეც უნდა. სწორედ ეს განასხვავებს მას სიყვარულზე დამოკიდებულებისგან, ამ დროს ადამიანი ამბობს — „მის გარეშე არაფრის კეთება არ შემიძლია“.

თავისი არსით ეს იგივეა, რაც დამოკიდებულება ალკოჰოლზე, ნარკოტიკზე, ან აზარტულ თამაშებზე, ოღონდ ნარკოტიკის ნაცვლად ცოცხალი ადამიანია. და თუ ის გვერდით არ არის, ადამიანი, ჩათვალეთ, რომ დაკარგულია — ე.წ. შეყვარებული იკლებს წონაში, იტანჯება, იწყებს ავადმყოფობას.

მას ყველაზე ბუნებრივი „ლომკა“ აქვს და ყველაფერს აკეთებს, როგორც ნარკომანი ან ალკოჰოლიკი, რომ თავისი „საყვარელი ადამიანი“ ნახოს: ურეკავს დღეში 50-ჯერ, წერს წერილებს, სადარბაზოსთან ყარაულობს… მაგრამ მთავარი სიმპტომი: სიყვარულზე დამოკიდებულება — ეს ყოველთვის ტკივილი და ტანჯვაა მაშინაც კი, თუ „საყვარელი ადამიანი“ გვერდითაა.

სიყვარულზე დამოკიდებულება იგივეა, რაც ნარკოტიკზე ან სასმელზე დამოკიდებულება
© Flickr / Jordiet.
სიყვარულზე დამოკიდებულება იგივეა, რაც ნარკოტიკზე ან სასმელზე დამოკიდებულება

ესაა ფიზიკური ლტოლვა ვნების ობიექტისადმი, სურვილი, მიეკრას მას და არასდროს არსად გაუშვას. ასეა სასიყვარულო სიმღერებშიც — გვგონია, სიმღერები სიყვარულზეა, მაგრამ, სინამდვილეში, დამოკიდებულებაზეა, რადგან მშვიდი, სიხარულით აღსავსე სიყვარული სიმღერაში და, ზოგადად, ხელოვნებაში, არავის იტაცებს, ეს მოსაწყენია, ხოლო რაც უფრო მეტი ვნება და ლტოლვაა, მით უკეთესი — სიმღერისთვის.

მშვიდ სიყვარულში, როგორც იტყვიან, „სასიმღერო თემა“ არ არის. სიყვარულზე დამოკიდებულების სიყვარულისგან განსხვავება შემოქმედების თვალსაზრისითაც შეიძლება. დამოკიდებული ადამიანები წერენ იმაზე, თუ როგორ ცუდად არიან, როგორ უჭირთ საყვარელი ადამიანის გარეშე, როგორ უნდათ სიყვარულის გამო სიკვდილი და ა.შ. ნორმალური შეყვარებულები კი წერენ, რომ ისინი თავს კარგად გრძნობენ, რომ მათ ცხოვრებაში ასეთი დიდებული გრძნობა ეწვიათ.

კიდევ ერთი მთავარი მომენტი — სიყვარული ყოველთვის ორმხრივია. ის უპასუხო არ არის. თუ უპასუხო სიყვარულია, ეს უკვე დამოკიდებულებაა. სიყვარული ავითარებს შეყვარებულთა პიროვნებებს, რაც ასევე დადებითად აისახება კარიერაზე, სწავლაზე, სხვა ადამიანებთან ურთიერთობებზე. დამოკიდებულება უცბად აღმოცენდება, სიყვარული კი ეტაპობრივად ვითარდება. დამოკიდებული არ ენდობა საყვარელ ადამიანს. მას ეშინია, რომ მიატოვებენ, სულ ნერვულია, იტანჯება. მზადაა, მას ყველაფერი მისცეს, თავი მსხვერპლად შესწიროს, ოღონდ მან დააფასოს და მისი ერთი მზერა დაიმსახუროს.

ხანდახან დამოკიდებულება სიყვარულზე ორმხრივიცაა — როდესაც ორივე ურთიერთდამოკიდებულია. და ერთხელაც ისინი ერთმანეთის სიძულვილს იწყებენ ამ არათავისუფლების გამო.

ამ ადამიანებს არ შეუძლიათ ან არ უნდათ გადაწყვეტილებების მიღება დამოუკიდებლად, სანამ ირგვლივ მყოფ ადამიანებს რჩევას არ ჰკითხავენ; მათთვის ძალზე ძნელია მარტო ყოფნა. ურთიერთობებისას ხშირად ეშინიათ, რომ მიატოვებენ. ზედმეტად მგრძნობიარე არიან კრიტიკის მიმართ, მზად არიან, მათ დაექვემდებარონ, დაეთანხმონ, ოღონდ მათგან მოწონება დაიმსახურონ. რადგან ძალიან ეშინიათ უარყოფის. მათ თავდაჯერებულობა აკლიათ, საკუთარ ღირსებებს აკნინებენ და „ჩაციკლული“ არიან თავიანთ ნაკლოვანებებზე.

უმეტეს შემთხვევებში, კიდევ რამეზე არიან დამოკიდებული – ალკოჰოლზე, ნარკოტიკზე, საკვებზე, აზარტულ თამაშებზე, თამბაქოზე. თვითკმარი ადამიანი არაფერზე დამოკიდებული არ არის.

ხანდახან ხდება, რომ ადამიანი ჯანმრთელი და წარმატებულია. თვითონ იღებს გადაწყვეტილებებს, მაგრამ უეცრად რაღაც ემართება. რატომ? პიროვნება ფსიქოლოგიურად ბირთვისა და ფასადისგან შედგება. ხდება ხოლმე, რომ პიროვნების ფასადი წარმატებული, მხიარული, პასუხისმგებლობით აღსავსეა, ხოლო ბირთვი — უმწიფარი, ასეთმა ადამიანმა ძლიერი ემოციები საკმაოდ დიდხანს შეიძლება არ მიიკაროს, რადგან მთელი ძალები ლამაზი ფასადის შენარჩუნებაზე აქვს „გადასროლილი“.

სამაგიეროდ, დამოკიდებულება მისთვის გარკვეულ „სულში ქირურგიულ ჩარევად“ იქცევა; ტკივილისა და მისი გადალახვის გავლის შემდეგ კი ის „მწიფდება“.

 

მასალა მომზადებულია ფსიქოლოგ მიხაილ კამელიოვის მოსაზრებებზე დაყრდნობით.

12339
ახალგაზრდა ქალები

იდეალური აღნაგობა და ჯანმრთელი წონა: ახალი სტანდარტი ექიმებისგან თვალსაჩინო ცხრილი

7245
(განახლებულია 09:26 04.06.2021)
„იდეალური წონა" ერთმანეთისგან განსხვავებულ ასოციაციებს იწვევს. ზოგს ამ დროს 90-60-90 ზომების მქონე მოდელი უდგება თვალწინ და ზოგსაც პირიქით, გემრიელად ხორცსავსე ქალი. ზოგიც საერთოდაც ვერ გარკვეულა, რომელია იდეალური წონა და ვერ ხვდება, სად, რომელ ნიშნულზე გაჩერდეს.

საქმე ისაა, რომ თითოეულ ადამიანს ბუნებისგან დაჰყვება ცხიმოვანი უჯრედების გარკვეული რაოდენობა. ის ადამიანები, ვისაც ეს უჯრედები უფრო მეტი აქვს, მიდრეკილია სიმსუქნისკენ. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ რეგულარული მაძღრისად ჭამის შემთხვევაში თითოეული ცხიმოვანი უჯრედი ორად იყოფა, რითიც კიდევ უფრო იზრდება ორგანიზმში დაგროვილი ცხიმის რაოდენობა.

ჯანმრთელი წონა – ეს ის ნიშნულია, როდესაც ორგანიზმი თავს კარგად გრძნობს. თუ ამ ნიშნულს გადააბიჯებთ, პრობლემებიც დაგეწყებათ: გულის „ფრიალი", სახსრების ტკივილი, ჰორმონების თამაში თუ მეორე ტიპის დიაბეტის წარმოშობის რისკი.

ამასწინანდელმა კვლევებმა აჩვენა, რომ თანამედროვე ქალები საშუალოდ იმაზე 6 კილოგრამით მეტს იწონიან, ვიდრე 22 წლის წინ. შესაბამისად, შეიცვალა იდეალური წონის მაჩვენებელიც: ახლა ეს რიცხვი 5 კგ-ით მეტია.

ქვემოთ გთავაზობთ თვალსაჩინო ცხრილს, რომელიც ექიმებმა შეადგინეს და, გამომდინარე აქედან, შეიცავს რეალურ მაჩვენებლებს და არა იმას, რაც საზოგადოებამ დაადგინა ნორმად.

ნახეთ ეს ცხრილი და ობიექტურად შეაფასეთ საკუთარი წონა და მისი გავლენა ჯანმრთელობაზე.

სიმაღლისა და ჯანმრთელი წონის შესაბამისობის ახალი სტანდარტი
სიმაღლისა და ჯანმრთელი წონის შესაბამისობის ახალი სტანდარტი
7245
თამარ ჯაბადარი

„ჩემი ქუჩის მტვერიც კი მიყვარს“ სახლი, რომელიც „სულის სავანეა“

432
(განახლებულია 18:54 05.05.2021)
„ეს სახლი მოსასვენებელი ადგილია, სადაც საინტერესო ადამიანებს ხვდები, სადაც თაობათა გზები იკვეთება და ქვეყნის მომავალი ,,იჩორკნება“ – ასე ფიქრობს კულტურის მუშაკი, საგარეჯოს რაიონის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის დირექტორი თამარ ჯაბადარი.

ის წლების მანძილზე მუშაობს ამ თანამდებობაზე და მის ხელში არაერთი, მომავალში წარმატებული ადამიანი დაფრთიანებულა. ამ სახლის მნიშვნელობა დღეს რაიონში მცხოვრებ ყველა პროფესიის ადამიანს აქვს გაცნობიერებული.

თამარ ჯაბადარი
თამარ ჯაბადარი

- ქალბატონო თამარ, რადგან აღდგომის დღეებია, თავდაპირველად მინდა ბავშვობა გაიხსენოთ. ბავშვობის დროინდელი აღდგომა როგორ გახსენდებათ?

- ბავშვობასთანაა ასოცირებული მთელი ჩვენი ცხოვრება. მახსოვს, ბავშვებს აღდგომის ღამეს არ გვათევინებდნენ - ძილი დააკლდებათო, გაიზრდებიან, გაიგებენ და თავად ისწავლიანო. მაგრამ დღისით ყველას გამოგვპრანჭავდნენ - ახალ კაბას და ფეხსაცმელს გვაცმევდნენ, გოგონებს ახალ ბაფთებს გვიკეთებდნენ. მერე კი წინაპრების საფლავებზე მივყავდით და იქ ყვავილებს, წითელ კვერცხებს და პასკებს ვაწყობდით...  

თამარ ჯაბადარი
თამარ ჯაბადარი

- საგარეჯოში, თქვენს უბანში რა ხდებოდა?

- ჩვენი უბანი საგარეჯოში დიდი და ახალი ნაშენი იყო, ყველა ოჯახი კი თვითმყოფადი, რადგან თავისი ტრადიციები გააჩნდა და მათ ერთმანეთს ვუზიარებდით. უბნის მშობლები ბავშვებისთვის ცალკე ღებავდნენ კვერცხს და სუფრას ცალკე გვიშლიდნენ. გვასწავლიდნენ როგორ მოვქცეოდით ერთმანეთს, იმას, რომ პატივი გვეცა ერთმანეთის აზრისთვის. ეს იყო ძალიან ლამაზი, მხიარული და ლაღი დღეები. ასე დავფრთიანდით და გავედით ცხოვრების გზაზე.

თამარ ჯაბადარი
თამარ ჯაბადარი

- პროფესიის არჩევას თქვენ შემთხვევაში რა ფაქტორებმა შეუწყო ხელი?

- პროფესია ავირჩიე საკუთარი სურვილით. სახლში სულ მასწავლებლობანას ვთამაშობდით, რადგან მასწავლებლების ოჯახში ვიზრდებოდი და სხვანაირი ვერ ვიქნებოდი. ჩემი კუთხის ისტორიით და კულტურით დაინტერესება მისმა ძველმა ისტორიამ და ამ ადგილებმა განაპირობა. მიყვარდა ჩვენი ისტორია და გეოგრაფია. ვერ წარმომედგინა, როგორ შეიძლება ქვეყანაში ცხოვრობდე და იმ ქვეყნის ისტორია, გეოგრაფია, ლიტერატურა, კულტურა არ იცოდე. საკუთარი თავის მიმართ ყოველთვის მომთხოვნი ვიყავი და დღესაც ვარ. ადამიანს თუ თავისი წილი პასუხისმგებლობა არ აკისრია საკუთარი პიროვნების, ქვეყნის და ქალაქის წინაშე, მაშინ ვინ არის ის?! 

უცხოელ სტუმართან ერთად
უცხოელ სტუმართან ერთად

- როგორია საგარეჯოს მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის ისტორია, ორი სიტყვით რას გაიხსენებთ?

- თავიდან მას საგარეჯოს პიონერთა და მოსწავლეთა სახლი ერქვა და ის დაარსდა 1953 წელს, როცა დაბადებულიც არ ვიყავი. იმდროინდელ პიონერთა და მოსწავლეთა სახლს დიდი ტრადიციები ჰქონია. აქ იმართებოდა სპორტული და კულტურული ღონისძიებები, შეხვედრები გიორგი ლეონიძესთან, თეიმურაზ ჯანგულაშვილთან, ლევან თედიაშვილთან, გარი კასპაროვთანაც კი... ეს სასახლე ყველა დროში სისხლსავსე, სრულფასოვანი ცხოვრებით გამოირჩეოდა. აქ მუშაობდნენ ისეთი ადამიანები, ვინც თავისი „კვალი ნათელი“ დატოვა. ვთვლი, რომ ისინი თავიანთი ცხოვრების წესით სამაგალითონი არიან ახალგაზრდებისთვის.

თამარ ჯაბადარი რაიონის ახალგაზრდებთან ერთად
თამარ ჯაბადარი რაიონის ახალგაზრდებთან ერთად

- დღეს რამდენად ინარჩუნებს ეს სახლი იმ ძველ, კეთილ ტრადიციებს?

- შეიძლება ითქვას, რომ მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი სულის სავანეა, მოსასვენებელი ადგილი, სადაც საინტერესო ადამიანებს, ახალგაზრდებს ხვდები, სადაც თაობათა გზები იკვეთება და ქვეყნის მომავალი „იჩორკნება“. წლების გასვლის მერეც, ცხოვრების გზაზე ბევრჯერ შემხვედრია ახალგაზრდები, რომლებსაც უთქვამთ, თქვენ ჩემი მომავლის განსაზღვრაში დიდი როლი შეასრულეთო. დიახ, ამ ერთი შეხედვით უხილავი სფეროს მუშაკებს დიდი როლი გვენიჭება.

თამარ ჯაბადარი ერთ-ერთ ღონისძიებაზე
თამარ ჯაბადარი ერთ-ერთ ღონისძიებაზე

- ვიცი, რომ თქვენი სახლის არსებობის მანძილზე უცხოელებთანაც გქონდათ საქმიანი კონტაქტები...

- მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი 2004 წლიდან თანამშრომლობს ამერიკის მშვიდობის კორპუსთან. 2013 წელს სტუმრად გვყავდა მშვიდობის კორპუსის მოკლევადიანი მხარდაჭერის პროგრამის მოხალისე ემილი ნიუ, რომელიც ძალიან კრეატიული, საქმიანი და ნიჭიერი გოგო იყო. ქართულს არაჩვეულებრივად ფლობს. ემილიმ აქ დააარსა ლიდერთა კლუბი. მაშინ შევქმენით დღის თემატური ბანაკი, სადაც ემილიმ ადგილობრივი გოგონების წახალისების მიზნით მოაწყო სამდღიანი ბანაკი თავისი ტრენინგ-კურსით.

თამარ ჯაბადარი თანამშრომლებთან ერთად და საპატიო სტუმრები, ამერიკის ელჩი რიჩარდ ნორლანდი მეუღლესთან ერთად
თამარ ჯაბადარი თანამშრომლებთან ერთად და საპატიო სტუმრები, ამერიკის ელჩი რიჩარდ ნორლანდი მეუღლესთან ერთად

- საგარეჯოში ამერიკის ყოფილი ელჩის მოწვევაც მისი ინიციატივა იყო?

- დიახ, მანვე მოიწვია ამერიკის მაშინდელი ელჩის რიჩარდ ნორლანდის მეუღლე მერი ჰარტნეტი. მაშინ მხარდაჭერის მიზნით თავად ელჩიც გვეწვია ვიზიტით, რომელიც, ნაცვლად წინასწარ დაგეგმილი ერთი საათისა, ორსაათ-ნახევარი გაგრძელდა. ძალიან ლამაზი დღე იყო. ელჩის მეუღლემ მერი ჰარტნეტმა წიგნები უსახსოვრა ჩვენს გოგონებს. სხვათა შორის, ის გოგონები დღეს უკვე ბაკალავრები და მაგისტრები არიან. ჩვენ ლიდერთა კლუბის არსებობით ვამაყობთ. მასში 14-18 წლის ახალგაზრდები არიან, იქ ჩვენ ვატარებთ ევროპარლამენტის და გაეროს მოდელირებებს, ვასწავლით საჯარო გამოსვლისა და დებატების ხელოვნებას. 1 ივნისის შემდეგ ევროპარლამენტის ორდღიანი მოდელირების ღონისძიება გვექნება.

თამარ ჯაბადარი
თამარ ჯაბადარი

- საგარეჯოს მოსწავლე ახალგაზრდობის სცენიდან ალბათ არაერთ ახალგაზრდას დაულოცეთ გზა, რომელია რჩევა, რომელსაც მათ დიდ გზაზე აყოლებთ?

- პირადად ჩემი და მთელი კოლექტივის მიერ ახალგაზრდების მიმართ გამოთქმული რჩევა-მოწოდება შეიძლება ამ ფრაზით გამოვხატოთ: ჩვენ გაძლევთ წარმატების ფორმულას, გინდათ? ისარგებლეთ ამით და გააგრძელეთ გზა მომავალი წარმატებებისკენ, ჩვენ ყოველთვის ვიამაყებთ თქვენი არჩევანით და ქართული საქმეებით! საგარეჯოში ბევრი პროფესიის ადამიანი დაფრთიანებულა. ისინი მისაბაძი ხდებიან თავიანთი ცხოვრებით და საქმიანობით. ბედნიერი ვიქნები, თუ მათთვის ცხოვრების ამოსავალი გახდება პრინციპი – „აბა, მე დღეს ვის რა ვარგე?“

თამარ ჯაბადარი ერთ-ერთ ღონისძიებაზე
თამარ ჯაბადარი ერთ-ერთ ღონისძიებაზე

- სამშობლოს ცნება საკუთარი კუთხის სიყვარულით იწყება ხოლმე...

- საგარეჯო ჩემთვის დიდი კულტურისა და ისტორიის ადგილია. არასოდეს შემრცხვენია და შემრცხვება იმისი, რომ საგარეჯოელი ვარ! ყოველთვის ვამაყობდი და ვიამაყებ ბებერი დავით-გარეჯით, ჩემი ქუჩის მტვერიც კი მიყვარს. როგორ შეიძლება არ გიყვარდეს უჯარმის ციხე, მანავის ციხე - კახეთის მეფეთა საზაფხულო რეზიდენცია, ან „ნინოწმინდა - პალატები მეფეთა“? შეიძლება, ღამით ნინოწმინდის საეპარქიო ტაძრის ეზოში იყო და სამრეკლოდან არ ჩაგესმას გიორგი ლეონიძის ხმა?!. სამშობლოც ყველაფერ ამით შეიმეცნება და მისი სიყვარულიც აქედან მოდის... 

 

432
მსხალი ყუთებში

შიდა ქართლში თანამედროვე  ტექნოლოგიებით აღჭურვილი სამაცივრე მეურნეობა გაიხსნა

0
(განახლებულია 14:40 13.06.2021)
ახალ მეურნეობაში 1000 ტონა ხილის და ბოსტნეულის შენახვაა  შესაძლებელი. ეს ფერმერებს მოსავლის შეუფერხებლად დაბინავების შესაძლებლობას მისცემს.

თბილისი, 13 ივნისი - Sputnik. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შექმნილი  ახალი სამაცივრე მეურნეობა პროდუქციის მისაღებად უკვე მზადაა, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

სამაცივრე მეურნეობაში 1000 ტონა ხილის და ბოსტნეულის შენახვაა შესაძლებელი. საწარმოში სეზონურად 20-მდე ადგილობრივი დასაქმდება.

შპს „ქულსერვისის“ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ საწარმოში ჯამურად 1,2 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის, 600 ათასი ლარი გრანტია, ხოლო 300 ათასი ლარი - შეღავათიანი აგროკრედიტი.

„შეღავათიანი აგროკრედიტის“ სახელმწიფო პროექტი 2013 წლიდან ხორციელდება, პროგრამა ითვალისწინებს მიზნობრივ კრედიტებს დაბალი ტარიფით ფერმერების დასახმარებლად.

„მოგეხსენებათ, შიდა ქართლი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის წარმოებით გამორჩეული რეგიონია. ახალი მეურნეობა საშუალებას მისცემს ფერმერებს, შეუფერხებლად დააბინაონ მოსავალი“, - აღნიშნა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, ვალერიან მჭედლიძემ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, განვლილი წლების განმავლობაში, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში შემნახველი და სამაცივრე ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ჯამში გაცემულია 180 მლნ ლარზე მეტი ღირებულების  1,700-ზე მეტი სესხი, სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსებამ კი დაახლოებით 27 მლნ ლარი შეადგინა.

„შექმნილი ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს ქართველი ფერმერების მიერ წარმოებული პროდუქციის მაღალი ხარისხით შენახვას და  გადამუშავებას“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

სამაცივრე მეურნეობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა, შიდა ქართლის რწმუნებულმა ვალერიან მჭედლიძემ და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ილია თამარაშვილმა  დაათვალიერეს.

0