თბილისი, 17 თებერვალი – Sputnik. მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე თოვლი, ყინვა, ძლიერი ქარი და მოღრუბლულობა 26 თებერვლამდე შენარჩუნდება, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
ამინდი საქართველოში მკვეთრად ოთხშაბათს, 17 თებერვალს გაუარესდა. თოვლი ქვეყნის უმეტეს რაიონებში მოვიდა და მათ შორის – თბილისშიც.
გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე ქარი 10–15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს. დღის განმავლობაში მოსალოდნელია ქარბუქი და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა ღამით მინუს 5–7 გრადუსამდე შემცირდება, ხოლო დღისით 0–2 გრადუსი იქნება.
ხუთშაბათს, 18 თებერვალს ცვალებადი მოღრუბლულობაა მოსალოდნელი. ღამით და დილით მცირე თოვლი მოვა. ქარი 10–15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს, თუმცა დროგამოშვებით 18–20 მეტრამდე გაძლიერდება. მოსალოდნელია ქარბუქი. ტემპერატურა ღამით მინუს 11–13, ხოლო დღისით მინუს 4–6 გრადუსი იქნება.
პარასკევსა და შაბათს, 19 და 20 თებერვალს სინოპტიკოსები ცვალებად მოღრუბლულობას ვარაუდობენ. შესაძლებელია მცირე თოვლი, ტემპერატურა ღამით იქნება მინუს 13–15, ხოლო დღისით მინუს 5–7 გრადუსი.
კვირას, 21 თებერვალს ასევე ცვალებადი მოღრუბლულობაა ნავარაუდევი, თუმცა ნალექი მოსალოდნელი არაა. ღამით ტემპერატურა მინუს 16–18, ხოლო დღისით მინუს 3–5 გრადუსი იქნება.
შემდეგი კვირიდან, ორშაბათიდან ოთხშაბათის ჩათვლით, იქნება ღრუბლიანი ამინდი, მოსალოდნელია მცირე თოვლი. ქარი 10–15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს. ტემპერატურა ღამით 14–16, ხოლო დღისით 2–4 გრადუსი ყინვა იქნება.
ხუთშაბათსა და პარასკევს, 25–26 თებერვალს ძირითადად მოღრუბლული ამინდებია მოსალოდნელი. ასევე ნავარაუდევია თოვა და დროგამოშვებით – ძლიერი. მთელი დღე იქროლებს ქარი 10–15 მეტრი წამში სიჩქარით, შესაძლებელია ქარბუქი და ნისლი. ტემპერატურა ღამით მინუს 11–13, ხოლო დღისით 0–2 გრადუსი იქნება.
თბილისი, 27 თებერვალი - Sputnik. 28 თებერვალს დღის მეორე ნახევრიდან 1 მარტის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
სააგენტოს ინფორმაციით, პერიოდულად მოსალოდნელია ძლიერი ქარი, მაღალმთაში თოვლი, შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლოა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს.
თბილისი, 27 თებერვალი – Sputnik. თბილისში ორშაბათს, 1 მარტს მზიანი და შედარებით თბილი ამინდი იქნება.
ღამით ტემპერატურა მინუს 1 გრადუსი იქნება, ხოლო დღისით 9 გრადუსამდე დათბება.
მზე 07:33 საათზე ამოვა და 18:52 საათზე ჩავა.
თბილისი, 28 თებერვალი – Sputnik. ველური ბუნების სააგენტოს ორგანიზებით, კრწანისის ტყე-პარკში, მდინარე მტკვარზე მძლავრი სატუმბი სადგურის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც მტკვრის წყალს 8 ტბასა და ჭალის ტყის კორომების სარწყავ არხებს მიაწვდის, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სამუშაოები დაფინანსებულია გლობალური გარემოსდაცვითი ფონდისა (GEF) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის „მტკვარი 2" მიერ.
აღსანიშნავია, რომ კრწანისის ტყე-პარკის განახლებისა და აღდგენის მიზნით მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში, მოეწყო 100 კვტ სიმძლავრის მზის ელექტროსადგური; ხეების უკანონო ჭრის აღკვეთის და ბრაკონიერებისაგან დაცვის მიზნით ტყე-პარკის ტერიტორიის 150 ჰა შემოიღობა. დაგეგმილია მტკვრის სახეობათა თევზსაშენის მშენებლობა, დამშრალი 7 ტბორის აღდგენა და დათევზიანება, 50-მდე საპიკნიკე ლოკაციის მოწყობა.
ველური ბუნების სააგენტოს მიერ მასშტაბური სამუშაოების განხორციელების შემდეგ პარკი თავის უმნიშვნელოვანეს ფუნქციას დაიბრუნებს.
„ტყე-პარკი რეკრეაციული სივრცეა თბილისსა და რუსთავს შორის. პარკში გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ფეხით, ველოსიპედით ან მინი ელექტროავტომობილით“, -აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში.
კრწანისის ტყე-პარკი XX საუკუნის 60-იან წლებში შეიქმნა და მისი შექმნის მთავარი მიზანი ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება იყო. ბოლო ათწლეულებში პარკის მწვანე საფარი მოუვლელობის გამო მნიშვნელოვნად შემცირდა.