ბათუმი

ძლიერი ყინვა და ნალექი უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

2397
(განახლებულია 21:16 10.02.2020)
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ცივი ამინდი შენარჩუნდება, სინოპტიკოსები ღამით ყველაზე დაბალ ტემპერატურას – მინუს 25 გრადუსს მესტიაში პროგნოზირებენ.

თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყინვიანი და არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება – ქვეყნის უმეტეს რაიონებში ოთხშაბათიდან ნალექია მოსალოდნელი, ნათქვამია გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

„სამშაბათს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უნალექო ამინდი, ღამის საათებში კი ძლიერი ყინვებია მოსალოდნელი. კოლხეთის დაბლობზე ღამის საათებში ჰაერის ტემპერატურის 5-8 გრადუსამდე დაწევამ, შესაძლოა, ციტრუსოვანი კულტურების მოყინვა გამოიწვიოს", – ნათქვამია განცხადებაში.

აღმოსავლეთ საქართველოში ღამით ჰაერის ტემპერატურა –13 გრადუსამდე დაიწევს, დღისით კი +6 გრადუსი იქნება. დასავლეთ საქართველოში ღამით მინუს რვა, დღისით კი პლუს 10 გრადუსია ნავარაუდევი. მთაში და მაღალმთაში ღამით მინუს 27, დღისით კი მინუს ოთხი გრადუსია მოსალოდნელი.

სინოპტიკოსების პროგნოზით, ოთხშაბათს და ხუთშაბათს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყინვა შესუსტდება, თუმცა მოსალოდნელია ნალექი.

„12 თებერვლის დღის მეორე ნახევრიდან 13 თებერვლის დილამდე დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ ნაწილში კვლავ მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალ მთაში თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი, მაღალ მთაში ზოგან ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება", – აღნიშნულია განცხადებაში.

როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში ქარის სიძლიერე წამში 10-15 მეტრი იქნება.

სამშაბათს და ოთხშაბათს ყაზბეგში ღრუბლიანი და უნალექო ამინდია ნავარაუდევი. ღამით ჰაერის ტემპერატურა მინუს 8 გრადუსი, ოთხშაბათს მინუს 3 გრადუსი იქნება. დღისით ჰაერი 5 გრადუსამდე გათბება. ხუთშაბათს მოსალოდნელია თოვლი და მინუს 2 გრადუსი, დღისით კი ძირითადად უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა 8 გრადუსამდე გათბება.

მესტიაში სამშაბათს ძლიერი ყინვა იქნება - მინუს 25 გრადუსი, დღისით კი მინუს 6 გრადუსია ნავარაუდევი. ოთხშაბათს, ღამით მინუს 16 გრადუსი, დღისით კი მოსალოდნელია თოვლი და მინუს ოთხი გრადუსი. სინოპტიკოსების პროგნოზით, თოვლიანი იქნება ხუთშაბათიც - ღამით მინუს 12, დღისით მინუს 3 გრადუსი.

ზღვისპირა ქალაქ ბათუმში სამშაბათს უნალექო ამინდია მოსალოდნელი - ღამით მინუს 5, დღისით პლუს 7 გრადუსი. ოთხშაბათს ღამით პლუს 2, დღისით პლუს 4 გრადუსია ნავარაუდევი.

წვიმიანი, მაგრამ შედარებით თბილი ამინდია მოსალოდნელი ბათუმში ხუთშბათს - დღისით ჰაერის ტემპერატურა 11 გრადუსამდე გათბება. ზღვაზე კი მოსალოდნელია 4-5-ბალიანი შტორმი.

უახლოეს დღეებში უნალექო ამინდია მოსალოდნელი თბილისშიც - სამშაბათს ღამით დედაქალაქში მინუს 8 გრადუსი, ოთხშაბათს კი მინუს სამი გრადუსი იქნება. ხუთშაბათს ღამით დედაქალაქში მოთოვს, ჰაერის ტემპერატურა მინუს 2 გრადუსამდე დაიწევს. დღისით კი პლუს 8 გრადუსი იქნება.

ამ ზამთარს საქართველოში ჰაერის საშუალო ტემპერატურა ნორმაზე ერთი გრადუსით მაღალია, ნალექი კი ნორმის ფარგლებშია.

საქართველოში ყველაზე ცივი ზამთარი ბოლოს 2011 წელს იყო. მაშინ ჰაერის საშუალო ტემპერატურამ დასავლეთ საქართველოში +3, +4 გრადუსს მიაღწია, აღმოსავლეთში კი - 0-1 გრადუსს.

2397
თემები:
უამინდობა საქართველოში (246)