თბილისი

ძალიან თბილი ოქტომბერი საქართველოში ანომალიაა?

752
(განახლებულია 17:56 29.10.2019)
როგორც ქართველი სინოპტიკოსები ამტკიცებენ, ანომალიურად თბილი ოქტომბერი საქართველოში რამდენიმე ათეული წლის წინ იყო

თბილისი, 28 ოქტომბერი - Sputnik. უჩვეულოდ თბილი ოქტომბერი შეშფოთების მიზეზი არ არის. საქართველოში უფრო ცხელი შემოდგომა და დღეები ყოფილა, განუცხადა „Sputnik-საქართველს“ ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს ხელმძღვანელმა სვეტლანა ნიორაძემ.

დღისით საქართველოს მსხვილ ქალაქებში ისე ცხელა, რომ ზაფხულის ტანსაცმლით სიარული შეიძლება. თბილისში ჰაერი 20-22 გრადუსამდე თბება. ოქტომბრის მაქსიმალური ტემპერატურა - 29 გრადუსი - თვის დასაწყისში იყო. თუმცა საღამოობით ტემპერატურა პლუს 9-12 გრადუსამდე ეცემა.

ოქტომბერი არა მარტო თბილი, არამედ მშრალიცაა, განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში. ქვეყნის დასავლეთში, აჭარაში - ბათუმში, ქობულეთსა და მაღალმთიან ხულოში - საკმაოდ ბევრი ნალექი მოვიდა.

ნიორაძის თქმით, გაგრძელებული „ხავერდოვანი სეზონი“ სრულდება. ამინდი 30 ოქტომბრიდან გაუარესდება და ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა. ზოგიერთ მთიან რაიონში თოვლიც მოვა.

თბილისში 31 ოქტომბერს 14-19 გრადუსია მოსალოდნელი, მთაში - 3-8 გრადუსი, ზოგან კი ყინვაცაა შესაძლებელი.

როგორც ნიორაძემ აღნიშნა, ყველაზე მშრალი და ცხელი ოქტომბერი 45 წლის წინ დაფიქსირდა - მაშინ ჰაერის ტემპერატურამ 30-32 გრადუსს მიაღწია.

 „1974 წელს ანომალიური ოქტომბერი იყო. გვალვა იყო. უფრო თბილი ოქტომბერიც ყოფილა, ვიდრე 1974 წელს, მაგრამ იმის გამო, რომ მაშინ ნალექი პრაქტიკლად არ მოსულა, 45 წლის წინ ოქტომბერი ანომალიური იყო“, - აღნიშნა ნიორაძემ.

1998 და 1999 წლებში დასავლეთ საქართველოში 36-37 გრადუსი დაფიქსირდა, თბილისში - 31 გრადუსი. ასეთივე ტემპერატურა იყო 2003-2004 წლების ოქტომბერში.

752
თემები:
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში (228)