პარლამენტის სხდომა

საქართველოს პარლამენტი თბილისში „ბრუნდება"

103
(განახლებულია 17:10 06.12.2018)
საქართველოს საკანონმდებლო ორგანო ქუთაისიდან თბილისში ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ გადმოვა.

თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა განახლებული რეგლამენტი დაამტკიცა, რომლის თანახმად, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო ქუთაისიდან თბილისში გადმოვა.

რეგლამენტში ცვლილებებს 150 დეპუტატიდან 77-მა დაუჭირა მხარი, ორი დეპუტატი წინააღმდეგი იყო.

განახლებულ რეგლამენტში პარლამენტის შენობის ადგილმდებარეობად ჩაწერილია ქალაქი თბილისი და ძველი შენობის მისამართია მითითებული, სადაც 2012 წლიდან პლენარული სხდომების გამართვა არ შეიძლებოდა და მხოლოდ საკომიტეტო მოსმენები ტარდებოდა.

რა ბედი ეწევა ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობას>>>

დეპუტატების სამუშაო ადგილის შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით საომარი ან საგანგებო მდგომარეობის შემთხევაში, ან თუ შენობის პრობლემიდან გამომდინარე ნორმალური მუშაობის პირობები არ არსებობს. გადაწყვეტილება პარლამენტის თავმჯდომარემ უნდა მიიღოს.

ცვლილებები ძალაში შევა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის შემდეგ, რომელიც 16 დეკემბერს გაიმართება.

პარლამენტი ქუთაისში 2012 წელს ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების საფუძველზე ამოქმედდა.

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წარმომადგენლებმა არაერთხელ დასვეს საკითხი საკანონმდებლო ორგანოს თბილისში გადატანის შესახებ.

2017 წლის ბოლოს საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმად ქვეყნის მთავარ კანონში აღარ არის ჩანაწერი იმის შესახებ, რომ პარლამენტმა სხდომები ქუთაისში უნდა ჩაატაროს.

 

103
თემები:
საქართველოს პარლამენტი (61)