მცხეთა

როგორი ამინდი იქნება სვეტიცხოვლობაზე

160
(განახლებულია 14:55 12.10.2018)
დილის მოღრუბლული ამინდის შემდეგ შუადღისას ქალაქის სტუმრებს მზიანი ამინდი გაახარებთ.

თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში ერთ-ერთ უდიდეს რელიგიურ მცხეთობა-სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე, რომელიც საქართველოში 14 ოქტომბერს აღინიშნება, მცხეთელებსა და ქალაქის სტუმრებს დილით ღრუბლიანი ამინდი ელოდებათ, მცირე ნალექით.

თუმცა, სინოპტიკოსების პროგნოზით, მცხეთაში ამინდი დღისით გაუმჯობესდება და მზიანი ამინდი იქნება.

მცხეთობა-სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 16:00 საათისთვის +19 გრადუსს მიაღწევს, ღამით მინიმალური კი +13 გრადუსი იქნება. ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი იქნება.

საქართველოში სვეტიცხოვლობა ერთ-ერთი მთავარი რელიგიური დღესასწაულია, რომელსაც წელიწადში ორჯერ – 13 ივლისსა და 14 ოქტომბერს აღნიშნავენ.

ამ დღეს საქართველოს უძველესი დედაქალაქი და სვეტიცხოვლის ტაძარი, სადაც მორწმუნეები მთელი ქვეყნიდან დილიდანვე იკრიბებიან, დღესასწაულის მთავარი ცენტრი ხდება. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სვეტიცხოველში საზეიმო წირვას აღავლენს.

ამ დღეს მცხეთაში სხვადასხვა კულტურულ-გასართობი ღონისძიებები გაიმართება. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე რეგიონში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა, ასევე გაიმართება სანახაობითი ღონისძიებები, სადაც ცალკე მოწყობილი იქნება საბავშვო, გასართობ-შემეცნებითი კუთხე. დღესასწაულს გალა-კონცერტი დაასრულებს.

ქვეყანაში მცხეთობის დღესასწაული ოფიციალურად უქმე დღედაა გამოცხადებული.

 

160
თემები:
ამინდი საქართველოში (347)