თბილისი ზამთარში

როგორი ზამთარი გვექნება საქართველოში

652
(განახლებულია 15:13 30.11.2017)
ზამთრის პირველი ნახევარი საქართველოში ჩვეულებრივზე თბილი იქნება.

თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. ზამთრის პირველ ნახევარში საქართველოში ჰაერის ტემპერატურა საშუალოზე ერთი გრადუსით მეტი იქნება, ხოლო მეორე ნახევარში — ნორმის ფარგლებში, განუცხადა „Sputnik-საქართველოს" გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზირების სამსახურის უფროსმა ხათუნა ქოქოსაძემ.

დასავლეთ საქართველოს ბარში ზამთარში ჰაერის საშუალო ტემპერატურა საშუალოდ არის 5,7 გრადუსი სითბო, მთაში — 0,2, ხოლო მაღალ მთაში — მინუს 4,4; ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობში — პლუს 1,5 გრადუსი, მთაში — მინუს 1,4 და მაღალ მთაში — მინუს 5,5.

„80%-იანი ალბათობით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა ზამთარში იქნება ნორმის ფარგლებში, ან ერთი გრადუსით მაღალი. ეს ნიშნავს, რომ ანომალიურად ცივი ზამთარი არ გვექნება. ზამთარი ჩვეულებრივი, ნორმალური იქნება. ჰაერის ტემპერატურა თბილისში შეიძლება მინუს 8-9 გრადუსამდე დაეცეს. მაგრამ ზამთარი მთლიანობაში თბილი იქნება", — განაცხადა ქოქოსაძემ.

საქართველოში ზამთრის ყველაზე ცივი პერიოდია იანვრის შუა რიცხვებიდან თებერვლის შუა რიცხვებამდე მონაკვეთი. რაც შეეხება ნალექს, დასავლეთ საქართველოში ის უფრო მეტია მოსალოდნელი.

„დასავლეთ საქართველოს სანაპირო რაიონები ისედაც უხვი ნალექით გამოირჩევა. წელს დასავლეთ საქართველოში ნალექი ნორმის ფარგლებშია მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში — ნორმაზე დაბალი, ანუ უფრო მშრალი ამინდი იქნება. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ნალექი საერთოდ არ იქნება", — აღნიშნა ქოქოსაძემ.

სინოპტიკოსები არ გამორიცხავენ ცალკეულ დღეებში ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვან გადახრას ნორმიდან, მაგრამ ამის პროგნოზირება მხოლოდ რამდენიმე დღით ადრე შეიძლება.

ბოლო დროს თბილისში ყველაზე დაბალი ტემპერატურა 2014 წელს დაფიქსირდა — მინუს 13,9 გრადუსი, ხოლო 1883 წელს — მინუს 24 გრადუსი.

ყველაზე ცივი ზამთარი ბოლო წლებში საქართველოში 2011 წელს იყო. მაშინ ჰაერის საშუალო ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში პლუს 3-4 გრადუსს შეადგენდა, ხოლო აღმოსავლეთში — 0-1 გრადუსს.

652
თემები:
ამინდი საქართველოში (315)