საქართველო არასდროს ირჩევდა მშვიდობას მონობაში - თავისუფლება ჩვენშია

გამოწერა

1918 წლის 24 მაისს ტფილისში, ფრეილინის ქუჩაზე, ეროვნული საბჭოს რეზიდენციაში გაიმართა ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით. კრებაზე განიხილეს აკაკი ჩხენკელის მიერ 23 მაისს გამოგზავნილი წერილი, რომლითაც ის საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დაჩქარებას ითხოვდა.
საქართველოს დამოუკიდებლობის დაუყოვნებლივ გამოცხადებას 25 მაისს, ხმა მისცა ექვსმა წევრმა, 26 მაისს გამოცხადებას — ოთხმა წევრმა. 25 მაისს დამოუკიდებლობის გამოცხადება მაინც ვერ მოხერხდა, რადგან აღმოჩნდა, რომ დამოუკიდებლობის აქტის ტექსტი სრულყოფილი არ იყო და გადამუშავებას საჭიროებდა. აქტის ტექსტის გადამუშავება და მისი საბოლოო ვარიანტის მომზადება ნოე ჟორდანიას დაევალა.
საბოლოოდ აქტი იურისტმა გვაზავამ შეადგინა და წინასწარ გააცნო ჟორდანიას. მასში გარდა ნაციონალური დებულებებისა, იყო შეტანილი სოციალური საკითხებიც: რვა საათიანი სამუშაო დღე, მამულების კონფისკაცია და სხვ. ჟორდანიამ ამოიღო სოციალური დებულებები, როგორც შესაძლო გამთიშველი ელემენტები და დატოვა მხოლოდ ნაციონალურ-პოლიტიკური საკითხები.
1918 წლის 26 მაისს გოლოვინის პროსპექტზე, კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, ნაშუადღევის 4 საათსა და 50 წუთზე საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომა გაიხსნა  ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით. მას 42 წევრი და 36 კანდიდატი ესწრებოდა. ნოე ჟორდანიამ ჯერ სიტყვით მიმართა შეკრებილებს, შემდეგ კი „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი" წაიკითხა.
ეროვნულმა საბჭომ დამოუკიდებლობის აქტი ერთხმად დაამტკიცა და საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკა შექმნილად გამოცხადდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0