საქართველოს ისტორია ძველი წელთაღრიცხვიდან დღემდე - შემეცნებითი ვიდეო

136
(განახლებულია 16:24 29.05.2021)
ქართველმა ხალხმა შექმნა საქართველოს ისტორია - ეს მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ერია

საქართველო ერთ-ერთი უძველესი სამეფოა, რომელიც განთქმულია საკუთარი კულტურით, ადგილმდებარეობით, ისტორიითა და ტრადიციებით.

ქვეყნის სახელწოდება „საქართველო“ მომდინარეობს ძირისაგან „ქართ“, რაც უძველეს სატომო სახელს „ქართუ, კარდუ, ხალდუ“-ს უკავშირდება.

ვიდეოში იხილავთ, თუ როგორ იცვლებოდა ქვეყნის ტერიტორია მსოფლიო რუკაზე 20 საუკუნის განმავლობაში.

136

ჩინეთში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლებს ერთ დღე-ღამეში აშენებენ - ვიდეო

39
ჩინეთში ერთ-ერთმა სამშენებლო კომპანიამ 10 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი 28 საათსა და 45 წუთში ააშენა

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სახლი ასაწყობი კონსტრუქციების სისტემის Living Building გამოყენებით აშენდა.

ეს სისტემა გამოირჩევა იმით, რომ თითოეული სამშენებლო მოდული საკეცილ მდგომარეობაში სატრანსპორტო კონტეინერის ზომისაა, რაც აადვილებს მის ტრანსპორტირებას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.

მოდული შედგება უჟანგავი მეტალისგან, იზოლაციისგან, შუშის, ელექტრონული და სავენტილაციო სისტემებისგან. შენობის ასაგებად კომპანია იყენებდა მშენებლების პატარა მცირერიცხოვან ბრიგადას და სამ ამწეს.

39

მამაკაცი მეოთხე სართულიდან გადმოხტა და... გაიქცა: თვითმხილველის ვიდეო

159
(განახლებულია 10:44 19.06.2021)
კორპუსის მეოთხე სართულზე, დახურული ფანჯრის კარნიზზე მდგომი შავსამოსიანი მამაკაცი მეზობელმა დაინახა და კამერა მოიმარჯვა. იხილეთ თავგანწირული გაქცევის ამსახველი ვიდეო

მამაკაცი მრავალსართულიანი კორპუსის მეოთხე სართულის ფანჯრიდან გადმოხტა და გაიქცა. შემთხვევა, რომელიც თვითმხილველმა აღბეჭდა ვიდეოკამერაზე, უკრაინის ქალაქ კოველში მოხდა.

კადრებზე ჩანს, როგორ ცდილობს ფანჯარაზე გარედან ჩამოკიდებული მამაკაცი უსაფრთხოდ დააღწიოს თავი სხვა მამაკაცს, რომელიც ხელებში სწვდება მას. როგორც ჩანს, ბინაში მყოფს სურდა, უკან შეეთრია ასე უჩვეულო გზით გაქცევის მსურველი.

თუმცა თავგანწირულმა უცნობმა, რომელიც, თვითმხილველების აზრით, უიღბლო მძარცველი იყო, მოახერხა ხელიდან დასხლტომოდა ბინის სავარაუდო პატრონს - ის მეოთხე სართულიდან გადმოხტა და კოჭლობით სცადა მიმალვა.

159
ლარის კუპიურა

მოლოდინების ფასი... ანუ  რამ დაამუხრუჭა ლარი?

0
(განახლებულია 16:22 19.06.2021)
მეორე თვეა ეროვნული ვალუტა მყარდება... რამდენ ხანს გასტანს ლარის აღმასვლის პროცესი და წონასწორობის რა ახალ ნიშნულს დაიკავებს ეროვნული ვალუტა?

 

სამსონ ხონელი

− ევრიკა!.. ეს დასკვნა ხანგრძლივი დაკვირვების შედეგია? −  ჩამეძიება მკითხველი ირონიული ტონით, თუმცა რეპლიკას არ შევიმჩნევ და განვაგრძობ თხრობას. წინამდებარე სტატიის პირველი სტრიქონების ჭეშმარიტებას კაცობრიობა დიდი ხანია აღიარებს, დავსძენ, რომ აღმართ-დაღმართის მონაცვლეობას ეროვნული ვალუტის  ბოლო პერიოდის თავგადასავალიც ადასტურებს... 

უკვე ერთ თვეზე მეტია, რაც ჩვენ ქვეყნის ეკონომიკისთვის ფრიად იშვიათი მოვლენის, ლარის გამყარების მომსწრენი ვართ. არადა, 2015 წლიდან მოყოლებული ეროვნული ვალუტა პოზიციებს თანდათან თმობდა. ლარმა ე.წ. ფსიქოლოგიური ბარიერი ორჯერ გადალახა. პირველად − როდესაც 1 ამერიკული დოლარის ღირებულება ჯერ 2.00 ლარს, ხოლო უკვე მეორედ, როდესაც − 3.00 ლარს გაუტოლდა. მხოლოდ გასულ წელს ეროვნული ვალუტა ამერიკულ დოლართან მიმართებაში საშუალოდ 15 პროცენტით გაუფასურდა. სავალუტო ბაზარზე პოზიტიურ ცვლილებებს არავინ ელოდა, მეტიც, COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ღრმა ეკონომიკური რეცესიის პირობებში, ანალიტიკოსები ლარის შემდგომ გაუფასურებას პროგნოზირებდნენ... მოვლენები კი ყველასთვის მოულოდნელი სცენარით განვითარდა. ერთი თვის განმავლობაში ეროვნული ვალუტა თითქმის 30 პუნქტით გამყარდა. რატომ მყარდება ეროვნული ვალუტა? ეს კითხვა ამ ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ისმის.

კაცმა რომ თქვას, საფინანსო-ეკონომიკურ სისტემაში დიდად არაფერი შეცვლილა, საბიუჯეტო დეფიციტი, ფინანსური პრობლემებიც არ ამოწურულა, მაგრამ ეროვნული ვალუტა მაინც მყარდება. ვალუტის კურსს ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების ბალანსი განსაზღვრავს. ექსპერტ-ანალიტიკოსთა განმარტებით, საქართველოში უცხოური ვალუტის შემოდინების რამდენიმე გზა არსებობს. ეს არის: ექსპორტი, უცხოური ინვესტიციები, საერთაშორისო გზავნილები, ტურიზმი და საერთაშორისო საფინანსო კომპანიების მიერ გამოყოფილი გრანტები და კრედიტები. ანალიტიკოსთა შეფასებით, COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ღრმა ეკონომიკური კრიზისის შედეგად, გასული წლის მარტიდან მოყოლებული მიმდინარე წლის თებერვლის ჩათვლით, ქვეყნის მაკროეკონომიკური პარამეტრები გაუარესდა, რამაც ლარის კურსზე უარყოფთად იმოქმედა. მიმდინარე წლის მარტში, პანდემიის პირობებში პირველად ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. აპრილის თვე რეკორდული აღმოჩნდა. მთლიანი შიდა პროდუქტი თითქმის 45 პროცენტით გაიზარდა. ქვეყანა ცდილობს, გამოვიდეს პესიმისტური გარემოდან. შეინიშნება დადებითი ტენდენციები, რაც ციფრებშიც აისახა. 

          

მიმდინარე წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ექსპორტი 16%–ით გაიზარდა, იმპორტი კი 3%–ით შემცირდა. ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 194.1 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც მარტის თვის მაჩვენებელზე 3.02%–ით მეტია. ერთი სიტყვით, ეკონომიკური პარამეტრები გაუმჯობესდა. ამასთან ერთად, ფსიქოლოგიური ფაქტორიც უნდა გავითვალისწინოთ.  გაუარესებული მოლოდინების ვითარებაში, ლარი უფასურდება, ხოლო თუ მოლოდინები ოპტიმისტურია − მყარდება  მაისის შუა რიცხვებიდან COVD-19-ის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებამ კი სავალუტო ბაზარზე დადებითად იმოქმედა... ამას მალევე სახმელეთო საზღვრების გახსნაც მოჰყვა. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის „საზოგადოება და ბანკების“ გამგეობის თავმჯდომარე გიორგი კეპულაძე აღნიშნავს, ამ ყველაფრის ეკონომიკურ ეფექტს ეროვნული ვალუტაც და ჩვენც ოდნავ მოგვიანებით ვიგრძნობთ. მისი თქმით, ვაქცინაციის ტემპიც თუ დაჩქარდება, ეკონომიკის აღდგენის პროცესი უფრო სწრაფად წავა.

„სახმელეთო საზღვრების გახსნის შედეგად, ტურიზმის სექტორში მდგომარეობა ნელ-ნელა უმჯობესდება და სხვადასხვა პროგნოზით მიმდინარე წლის განმავლობაში ტურიზმიდან ქვეყანაში 1-1.5 მილიარდი დოლარი შეიძლება შემოვიდეს, რაც დამატებით დადებითად აისახება, როგორც ეკონომიკაზე, ასევე ეროვნული ვალუტის კურსზეც...“, − აცხადებს გიორგი კეპულაძე და დასძენს, რომ ეროვნული ვალუტის გამყარებას, როგორც წესი, ლარში დანაზოგების ზრდაც მოჰყვება. ნდობა იმატებს ეროვნული ვალუტის მიმართ და ეს მომხმარებლის ქცევაზეც აისახება. 

კეპულაძე გვირჩევს, რომ თანხა იმ ვალუტაში დავზოგოთ, რაშიც შემოსავალი გვაქვს. თან ლარში ანაბრებზე საპროცენტო სარგებელი გაცილებით მაღალია, ვიდრე უცხოურ ვალუტაში, რაც ანეიტრალებს იმ რისკებს, რომელიც გაუფასურებას შეიძლება მოჰყვეს. მისი თქმით, ლარისადმი ნდობის ზრდას ხელს რამდენიმე ფაქტორი უწყობს. ეს არის დაბალი და სტაბილური ინფლაცია, ასევე სტაბილური გაცვლითი კურსი და რაც შეიძლება ნაკლები ეკონომიკური რყევა... ეროვნული ვალუტის კურსის პროგნოზირებისგან გიორგი კეპულაძე თავს იკავებს. აღნიშნავს, რომ თუ ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა გამოსწორდება, ეს ლარზეც დადებითად აისახება. მისივე შეფასებით, ლარი ჩვენი ეკონომიკის თერმომეტრია, რომელიც მის რეალურ მდგომარეობას გვიჩვენებს...

სამართლიანობა მოითხოვს და უნდა ითქვას, ეროვნული ვალუტის კურსზე მოლოდინების შესაძლო გავლენას ყველა როდი აღიერებს, მეტიც, ზოგი ამ საკითხს ირონიულად აფასებს...

„იმ თანხის ნაწილი, რომელიც ქვეყანაში ბიუროკრატიასა და ეროვნულ ბანკზე იხარჯება, ილონ მასკს რომ მივცეთ და მოლოდინებზე ვასაუბროთ, ის გაცილებით მეტ მოლოდინს შექმნის და გაამყარებს ლარს, ვიდრე ის, რაზეც ჩვენი ძვირფასი კობა გვენეტაძე საუბრობს...“, −  ამ სიტყვების ავტორი დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი ივა ჭყონიაა. მთავრობის, ეროვნული ბანკისა და აკადემიური წრეების წარმომადგენელთა შეფასებას, ლარის კურსის ბოლოდროინდელ ცვლილებაზე მოლოდინების გავლენს თაობაზე, ივა ჭყონია არ იზიარებს და ჩვენს ყურადღებას ლარის კურსის არასტაბილურობაზე ამახვილებს. მისი თქმით, არცთუ იშვიათად, ერთი სავაჭრო დღის განმავლობაში გაცვლითი კურსი ჯერ მკვეთრად მყარდება და შემდეგ ისევ უფასურდება. შესაბამისად, ძნელია ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილების პროგნოზირება. შედეგად, ლარის მიმართ ბიზნესის და მოსახლეობის ნდობა ძალიან დაბალია. 

„რა მოლოდინებზეა საუბარი?! ლოგიკურად რომ მივყვეთ მოლოდინი არის, რომ ეკონომიკა გაცოცხლდა და მეტი ტურისტი შემოვა. ასეთი მოლოდინის შემთხვევაში, ძალიან მარტივია, რომ მარაგებს შექმნიან კომპანიები. როდესაც ელოდები, რომ მეტი ტურისტი შემოვა, მეტი სტუმარი გეყოლება, შესაბამის მარაგს ქმნი, ანუ როდესაც მარაგს ქმნი, მეტი პროდუქტის იმპორტი გიწევს, მოთხოვნა არის მაღალი უცხოურ ვალუტაზე, რომელიც ჯერ კიდევ არ შემოსულა ქვეყანაში, ეს უნდა იწვევდეს ლარის გაუფასურებას. ჩვენთან მოხდა პირიქით...“, − აცხადებს ივა ჭყონია.

დროა, ეროვნული ბანკის მოსაზრებასაც გავეცნოთ. კობა გვენეტაძის უწყებაში აცხადებენ, რომ ბოლო ერთ თვეში ლარის კურსის გამყარება, ეკონომიკის გახსნასთან ერთად, მოლოდინის გაუმჯობესებამ გამოიწვია.

„მოგეხსენებათ, გასული წლის მეორე ნახევრიდან მოყოლებული, COVID-19-ის პანდემიამ ეკონომიკურ აქტორებს ნეგატიური მოლოდინები გაუჩინა, რამაც ეროვნული ვალუტის კურსის მკვეთრი გაუფასურება გამოიწვია, ხოლო ბოლო თვის განმავლობაში ეკონომიკა გაიხსნა, ქვეყანაში პოზიტიური მოლოდინები გაჩნდა და ლარის გამყარება ამან გამოიწვია...“, − განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ. ლარის კურსის ფორმირების პროცესში ეროვნული ბანკის როლზე საუბრისას აღნიშნა, რომ ეროვნულ ბანკს საკმარისი რეზერვები აქვს საიმისოდ, რომ გასული წლის მსგავსად, ინტერვენციები მიმდინარე წელსაც აქტიურად განახორციელოს.

„გასული წლის განმავლობაში, ეროვნულმა ბანკმა 916 მლნ დოლარის ინტერვენცია განახორციელა. სავალუტო ინტერვენციები წელსაც გრძელდება, რადგან ეკონომიკის სრულად აღდგენის პროცესი არ არის დასრულებული. ამ წლის დასაწყისში უკვე 254 მილიონი დოლარის ინტერვენცია გვაქვს განხორციელებული. ამ  პროცესს წლის განმავლობაში გავაგრძელებთ. თუმცა მოსალოდნელია, რომ მიმდინარე წელი უკეთესი იქნება, ვიდრე შარშანდელი. თუმცა, თუ სიტუაცია შეიცვალა და მეტი ინტერვენციის აუცილებლობა დადგა, შარშანდელის, ან თუნდაც მეტი მოცულობის ინტერვენციის რესურსი ეროვნულ ბანკს გააჩნა, მაგრამ იმედია, ამის საჭიროება არ დაგვიდგება...“, – განაცხადა პაპუნა ლეჟავამ.

 სტატიის დასასრულს, გაკადნიერდები და გირჩევთ, შეიქმენით პოზიტური მოლოდნები და თქვენს გარშემო ყველაფერი კარგად იქნება... თუმცა, თქვენიც მესმის, პოზიტიური მოლოდინების შექმნას ხომ საფუძველი სჭირდება?!      

0