თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში 15 თებერვლიდან სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა. ამასთან, მშობლებს დისტანციური სწავლების არჩევანის უფლებაც აქვთ.
ბათუმის, ფოთის, ზუგდიდის, გორისა და თელავის სკოლის მოსწავლეები საკლასო ოთახებს 1 თებერვლიდან დაუბრუნდნენ.
განათლების სამინისტროს ცნობით, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქების მოსწავლეების 12% – 35,732 ბავშვი დისტანციურ სწავლებაზე რჩება. V-XII კლასების მოსწავლეებისთვის სკოლაში პირბადის ტარება სავალდებულოა, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეები კი აღნიშნული ვალდებულებისგან თავისუფლდებიან.
ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფილია სადეზინფექციო საშუალებებით, დეზობარიერებით, პირბადეებითა და უკონტაქტო თერმომეტრებით.