პოლიციამ არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის ბრალდებით მშობელი დააკავა

გამოწერა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ თბილისში არასრულწლოვანთა შრომითი ექსპლუატაციის ფაქტი გამოავლინა.

გენერალურ პროკურატურასთან თანამშრომლობით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში დაკავებულია 1984 წელს დაბადებული ი.უ.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ქალი არასრულწლოვან შვილებს – 2006 წელს დაბადებულ მ.უ.-ს და 2007 წელს დაბადებულ ნ.უ.-ს უკანონო შრომით ექსპლუატაციას უწევდა.

კერძოდ, ი.უ. მათ ფსიქოლოგიური ზეწოლის გზით პეკინის გამზირზე მოწყალების შეგროვებას აიძულებდა. იმ შემთხვევაში, თუ მოზარდები საკმარის თანხას არ შეაგროვებდნენ, დედა შვილებს ფიზიკური ანგარიშსწორებით და სექსუალური ძალადობით ემუქრებოდა.

სამართალდამცველებმა გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ფარული ვიდეო- და აუდიოჩაწერა, ასევე ფოტოგადაღება და ფარული სატელეფონო მიყურადება, რითიც ბრალდებულის მიერ არასრულწლოვანი შვილების სისტემატური შრომითი ექსპლუატაცია დადასტურდა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 143-ე პრიმა-2 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნით ვაჭრობას (ტრეფიკინგს) გულისხმობს. დანაშაული 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0