ქალაქი-მოჩვენება: რატომ დაცარიელდა სსრკ-ის ყველაზე პოპულარული კურორტი

გამოწერა
საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კურორტის – წყალტუბოს აღსადგენად ასობით მილიონი დოლარია საჭირო. დაწვრილებით – იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეო.

სსრკ-ის დროს წყალტუბო 22 სანატორიუმითა და ცხრა აბაზანით კონკურენციას უწევდა როგორც რეგიონის კურორტებს, ასევე აღმოსავლეთ ევროპისას.

წყალტუბოს მთელი სამედიცინო და ტურისტული ინფრასტრუქტურა სრულად განადგურდა საქართველოს დამოუკიდებლობის პირველ წლებში. მას შემდეგ მხოლოდ მცირე ნაწილის აღდგენა მოხერხდა.

დანგრეული შენობების ნაწილი დევნილებმა დაიკავეს – აფხაზეთის კონფლიქტის დროს 17-ათასიანმა ქალაქმა რვა ათასი ადამიანი მიიღო, რომელთა დიდი ნაწილი კვლავაც იქ ცხოვრობს. 2014 წლის აღწერით, წყალტუბოში 11 ათასი ადამიანი იყო დარჩენილი.

წყალტუბო ქუთაისიდან 7 კილომეტრში, თბილისიდან კი 250 კილომეტრის მანძილზე მდებარეობს, ზღვის დონიდან 120 მეტრის სიმაღლეზე.

კურორტმა სახელი გაითქვა თერმო-რადონული მინერალური წყლების პროცედურებით. თბილი (35 გრადუსი), რბილი, კამკამა წყალი მოედინება პირდაპირ აბაზანებში, გათბობისა და გაგრილების გარეშე. წყალტუბოში წყალს იყენებენ კიდურების, პერიფერიული ნერვული სისტემის, დარღვეული ნივთიერებათა ცვლის, ენდოკრინული, გინეკოლოგიური და კანის დაავადებების სამკურნალოდ.

ცოტა ხნის წინ ქვეყნის ყველაზე მდიდარმა მოქალაქემ ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ კურორტის აღდგენას აპირებს. მან გადაწყვიტა იყიდოს უკლებლივ ყველა (22) სასტუმრო, 9 აბაზანა და სრულად აღადგინოს. ოპოზიციამ ამ ინიციატივას „ცარიელი წინასაარჩევნო დაპირება“ უწოდა, თუმცა ყველაფერს დრო გვიჩვენებს.

ჯერჯერობით კი წყალტუბო ფოტოჟურნალისტების საყვარელ ადგილად რჩება – შენობა-მოჩვენებები განსაკუთრებით შთამბეჭდავია ფოტოებზე.

 

ყველა ახალი ამბავი
0