გომელაური და კალაძე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შესაძლებლობებს გაეცნენ

85
(განახლებულია 16:21 24.10.2019)

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე, თბილისის მერი კახა კალაძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების ბაზაზე გამართულ სახანძრო-სამაშველო საჩვენებელ სწავლებას დაესწრნენ

სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მაღალკვალიფიციური ფრანგი ინსტრუქტორები 22 ქართველ მეხანძრე-მაშველს ერთკვირიან სწავლებას უტარებენ და ხანძრის ქრობის მიმართულებით ამზადებენ. საჩვენებელი სწავლება აღნიშნული ტრენინგის ფარგლებში გაიმართა.
მეხანძრე-მაშველებმა სასწავლო მოედანზე სიმაღლიდან დაშვება განახორციელეს და „დაშავებული“ მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე უვნებლად გამოიყვანეს, ასევე, ძლიერი დაკვამლიანების პირობებში და ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გაჩენილი იმიტირებული ხანძრები ჩააქრეს.
ვახტანგ გომელაური და კახა კალაძე იმ მეხანძრე-მაშველთა ჯგუფს შეხვდნენ, რომლებმაც მაღაროებში სამაშველო ოპერაციების წარმოების ინტენსიური წვრთნა სამხრეთ აფრიკაში გაიარეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ამ დროისთვის უკვე ჰყავს მაღაროში სამაშველო ოპერაციების წარმოების მიმართულებით მაღალ დონეზე მომზადებული პროფესიონალები, რომლებსაც წვრთნა მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ბაზაზე აქვთ გავლილი და სამომავლოდ ქართველ კოლეგებს გადაამზადებენ.
ღონისძიების ფარგლებში, სტუმრები სამსახურში მიმდინარე ტექნოლოგიურ სიახლეებს გაეცნენ და სამაშველო დრონები დაათვალიერეს, რომლებიც წელს, პირველად ჩაერთნენ სამაშველო ოპერაციებში. მათი მეშვეობით შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, საზღვაო სეზონზე, შტორმის დროს 2 ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდა. მულტიფუნქციური სამაშველო დრონები გამოიყენება როგორც წყალზე სამაშველო ოპერაციების დროს, ასევე, ხანძრის გავრცელების არეალის შესასწავლად, სხვადასხვა სახის სამაშველო ოპერაციების დროს ტერიტორიის დაკვირვებისა და მონიტორინგის წარმოების მიზნით.
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა და თბილისის მერმა ბაზაზე არსებული ფსიქოლოგის ახალი კაბინეტი დაათვალიერეს. აღნიშნული კაბინეტი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ოქტომბრიდან ამოქმედდა და მეხანძრე-მაშველებს სტრესთან გამკლავებაში ეხმარება. ფსიქოლოგთან შეხვედრა მიმდინარეობს როგორც ჯგუფურად, ასევე, ინდივიდუალურად.
გარდა ამისა, განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების ბაზაზე სახანძრო-სამაშველო ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოფენა მოეწყო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ზედამხედველობის დეპარტამენტის ავტოპარკს უკვე შეემატა Toyota Hilux-ის მარკის 15 ახალი მანქანა. ავტომანქანების ნაწილი დეპარტამენტის რეგიონულ სამსახურებს გადაეცა. ამასთანავე, გაიზარდა საშტატო ერთეულები და გადამზადდნენ თანამშრომლები, რომლებიც, მთელი ქვეყნის მასშტაბით, შენობების სახანძრო უსაფრთხოების ნორმებს გადაამოწმებენ და შესაბამის რეაგირებას მოახდენენ. ზედამხედველობის დეპარტამენტში განხორციელებული სიახლეები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მის ეფექტიან მუშაობას და ქვეყანაში ხანძრებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების რისკების შემცირებას.
შინაგან საქმეთა მინისტრი და დედაქალაქის მერი, ასევე, გაეცნენ ახალი სახანძრო-სამაშველო მანქანის შესაძლებლობებს, რომელიც წელს, პირველად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა თბილისი-სენაკი-ლესელიძის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე, ავტოსაგზაო შემთხვევებზე სწრაფი რეაგირების მიზნით, სამორიგეოდ დააყენა.
ღონისძიების დასასრულს, სახანძრო-სამაშველო ბაზაზე გამწვანების აქცია გაიმართა. შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძემ, თბილისის მერმა კახა კალაძემ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა და ფრანგმა ინსტრუქტორებმა, მეხანძრე-მაშველებთან ერთად, ფიჭვის 100 ნერგი დარგეს.

85

დონალდ ტრამპმა აშშ-ის ღია ცის ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ გამოაცხადა

272
აშშ ღია ცის შეთანხმებიდან გადის. ამის შესახებ პრეზიდენტმა გამოაცხადა და ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ რუსეთი არ იცავს შეთანხმების პირობებს

მოსკოვში ვაშინგტონის ბრალდებები უარყვეს და განაცხადეს, რომ რუსული მხარე თავის მხრივ არ აპირებს ხელშეკრულებიდან გასვლას. იმის შესახებ, როგორ „მოკლა“ დონალდ ტრამპმა კიდევ ერთი საკვანძო შეთანხმება საერთაშორისო უსაფრთხოების სფეროში, ვიდეოში მოგითხრობთ.

272

საქართველო vs კორონავირუსი: საგანგებო მდგომარეობის ორი თვე ორ წუთში

203
(განახლებულია 15:01 22.05.2020)
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა დასრულდა, რომელიც კორონავირუსი COVID-19-ის გავრცელების საფრთხის გამო დაწესდა

იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეოში, რა აკრძალვები მოქმედებდა საქართველოში ორი თვის განმავლობაში და რა ზიანი მიადგა სახელმწიფოს.

საგანგებო მდგომარეობა საქართველოში 21 მარტს გამოცხადდა. თავდაპირველად საგანგებო მდგომარეობა ერთი თვით დაწესდა, თუმცა მოგვიანებით 22 მაისამდე გაგრძელდა.

ქვეყანაში დაიკეტა სავაჭრო ობიექტები, ფუნქციონირებდა მხოლოდ სასურსათო მაღაზიები და აფთიაქები. ხელისუფლებამ დააწესა საკომენდანტო საათი, რომელიც ღამის 21:00-დან დილის 06:00 საათამდე მოქმედებდა. ასევე აკრძალული იყო სამ ადამიანზე მეტის შეკრება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სავალდებულო იყო სოციალური დისტანციის დაცვა ორი მეტრის დაშორებით.

ნებისმიერი დარღვევა ისჯებოდა დიდი ჯარიმით: 3 000 ლარი ფიზიკური პირებისთვის და 15 000 ლარი იურიდიული პირებისათვის.

27 აპრილიდან შეზღუდვების ეტაპობრივი გაუქმება დაიწყო. ხელისუფლება იმედს იტოვებს, რომ შეზღუდვების შემსუბუქება არ გაართულებს ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას ქვეყანაში.

203
გიორგი გახარია

კოლოსალური ზარალი და მოსახლეობის დახმარება: პრემიერი ბიუჯეტის ახალი პროექტის შესახებ

0
(განახლებულია 10:22 28.05.2020)
საქართველოს ბიუჯეტის პროექტი უკვე შეთანხმებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და მასში მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ყველა სახის დახმარებაა შეტანილი

თბილისი, 28 მაისი — Sputnik. საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფი საქართველოს ეკონომიკის აღორძინების გეგმაზე მუშაობს, განაცხადა პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ.

საქართველოს ხელისუფლება მოქალაქეთა იპოთეკური სესხების სუბსიდირებას განახორციელებს>>

საქართველოს ეკონომიკა პანდემიისა და გლობალური კრიზისის ფონზე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. საერთაშორისო ორგანიზაციები წელს უარყოფით ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებენ, ამავე დროს, აცხადებენ, რომ უკვე 2021 წელს საქართველო ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება. ამასთან, საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ –4%–მდე დაეცემა.

„ჩვენ დაგვაკლდება საბიუჯეტო შემოსავლები, დაახლოებით 1 მილიარდ 800 მილიონი საბიუჯეტო სახსრების ნაწილში, 600 მლნ ლარით ჩვენ შევამცირებთ ხარჯებს, ეს იქნება 300 მლნ მიმდინარე ხარჯები და 300 მლნ კაპიტალური ხარჯები. ეს ის კაპიტალური ხარჯებია, რომლის გადავადებაც შესაძლებელია ქვეყნისთვის მეტ-ნაკლები ზიანისა და ზარალის გარეშე, ან ის ტურისტული პროექტებია, რომლებიც უახლოესი წლის განმავლობაში არ იქნება აქტუალური“, – განაცხადა გახარიამ.

ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ ანტიკრიზისული გეგმის შესასრულებლად, რომელიც ითვალისწინებს როგორც სახელმწიფოს მიერ კრედიტების სუბსიდირებას, ისე მოსახლეობის ფინანსურ დახმარებას, საჭიროა 3 მლრდ ლარი.

გახარიამ აღნიშნა, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან (სსფ) დახმარებას მიიღებს.

„საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან მივიღეთ თანხმობა მზაობაზე, რომ დამატებით 1 მილიარდ 500 მლნ დოლარიც არის მზად იმ შემთხვევაში, როდესაც მათ ლიკვიდობის პრობლემა ექნებათ, რომ ეს რესურსი აითვისონ. მოგეხსენებათ, რომ დაკორექტირებულ ბიუჯეტს ჩვენ უახლოეს პერიოდში, ეს იქნება უახლოესი კვირა, 10 დღე შემოვიტანთ და ეს იქნება ის, სადაც გვექნება შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ ვისაუბროთ“, – განაცხადა გახარიამ.

საქართველოს ბიუჯეტის პროექტი უკვე შეთანხმებულია სსფ–თან და მასში მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ყველა სახის დახმარებაა შეტანილი.

„საქართველო ვერც ერთ დამატებით ხარჯს, დამატებით დახმარებას ვერ გასწევს, თუ ეკონომიკა არ იქნა დაბალანსებული და ეს დაბალანსებული ბიუჯეტი ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან, დონორ ორგანიზაციებთან და სავალუტო ფონდთან არ იქნა შეთანხმებული“, – განმარტა პრემიერმა.

ამავდროულად, მან აღნშნა, რომ საქართველომ უკვე დაიწყო ანტიკრიზისულ გეგმაზე მუშაობა.

„გარდა ადგილობრივი ჯგუფებისა, ექსპერტებისა, ჩვენს პოსტკრიზისულ ეკონომიკურ აღორძინების გეგმაზე მუშაობს კემბრიჯში ძალიან სერიოზული პროფესორების ჯგუფი და ამაში გვეხმარებიან ჩვენი დონორები, საერთაშორისო პარტნიორები, ისევე, როგორც ნიუ იორკის deloitte-ის ოფისიც“, – განაცხადა გახარიამ.

მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა საზოგადოებას აპრილის ბოლოს წარუდგინეს. ის ითვალისწინებს ფულადი კომპენსაციების გაცემას უმუშევრად დარჩენილებისთვის, საგადასახადო შეღავათებს მეწარმეებისთვის, კრედიტების გადავადებას.

0
თემები:
საქართველოს ეკონომიკა