პოლიციამ თბილისში ყაჩაღობის ფაქტი აღკვეთა ვიდეო

106
(განახლებულია 16:23 21.10.2019)

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო და დეტექტივების სამმართველოების, ასევე ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა, პროკურატურასთან ერთად, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის, ყაჩაღობის მომზადების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით თბილისში ერთობლივად დააკავეს დანაშაულებრივი დაჯგუფების ხუთი წევრი.

ჩადენილი დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ოთხი პირი: 1977 წელს დაბადებული, წარსულში ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების, ყაჩაღობისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის ნასამართლევი ნ.მ., 1960 წელს დაბადებული, წარსულში ანალოგიური და ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი დ.გ., 1960 წელს დაბადებული, ადრე ყაჩაღობისთვის ნასამართლევი გ.მ. და 1965 წელს დაბადებული ნ.კ. 18 ოქტომბერს თბილისში, ჯანჯღავას ქუჩაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლზე ჯგუფურად ყაჩაღურ თავდასხმას აპირებდნენ.

ამავე ფაქტზე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის სამართალდამცველებმა ბრალდებულის სახით დააკავეს 1986 წელს დაბადებული ზ.მ.

პოლიციამ ერთ-ერთი დაკავებულის – გ.მ.-ს პირადი ჩხრეკის შედეგად ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო. დანაშაულებრივი ჯგუფის სარგებლობაში არსებული ავტომანქანიდან ასევე ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღები, დანაშაულის ჩადენისთვის საჭირო ნივთები და ნიღბები.

ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა დანაშაულებრივი ჯგუფის მეხუთე წევრი, 1965 წელს დაბადებული კ.დ. ბრალდებულის სახით მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნულმა ჯგუფმა მიმდინარე წლის 28 აგვისტოს დაბა ოქროყანაში ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლზე ყაჩაღური თავდასხმა განახორციელა. მათ ოჯახის წევრებს ძალადობის მუქარით წაართვეს პირადი ნივთები, ფული, ოქროს ძვირადღირებული სამკაულები, რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, ავტომობილი და მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებებით დაადგინეს, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ავჭალაშიც გეგმავდნენ ერთ-ერთ ოჯახზე ყაჩაღურ თავდასხმას, რაც პოლიციის ოპერატიული რეაგირების შედეგად ვერ განახორციელეს.

წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ყაჩაღობის, დანაშაულის მომზადების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, ასევე 18-179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

 

106

დონალდ ტრამპმა აშშ-ის ღია ცის ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ გამოაცხადა

274
აშშ ღია ცის შეთანხმებიდან გადის. ამის შესახებ პრეზიდენტმა გამოაცხადა და ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ რუსეთი არ იცავს შეთანხმების პირობებს

მოსკოვში ვაშინგტონის ბრალდებები უარყვეს და განაცხადეს, რომ რუსული მხარე თავის მხრივ არ აპირებს ხელშეკრულებიდან გასვლას. იმის შესახებ, როგორ „მოკლა“ დონალდ ტრამპმა კიდევ ერთი საკვანძო შეთანხმება საერთაშორისო უსაფრთხოების სფეროში, ვიდეოში მოგითხრობთ.

274

საქართველო vs კორონავირუსი: საგანგებო მდგომარეობის ორი თვე ორ წუთში

203
(განახლებულია 15:01 22.05.2020)
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა დასრულდა, რომელიც კორონავირუსი COVID-19-ის გავრცელების საფრთხის გამო დაწესდა

იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეოში, რა აკრძალვები მოქმედებდა საქართველოში ორი თვის განმავლობაში და რა ზიანი მიადგა სახელმწიფოს.

საგანგებო მდგომარეობა საქართველოში 21 მარტს გამოცხადდა. თავდაპირველად საგანგებო მდგომარეობა ერთი თვით დაწესდა, თუმცა მოგვიანებით 22 მაისამდე გაგრძელდა.

ქვეყანაში დაიკეტა სავაჭრო ობიექტები, ფუნქციონირებდა მხოლოდ სასურსათო მაღაზიები და აფთიაქები. ხელისუფლებამ დააწესა საკომენდანტო საათი, რომელიც ღამის 21:00-დან დილის 06:00 საათამდე მოქმედებდა. ასევე აკრძალული იყო სამ ადამიანზე მეტის შეკრება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სავალდებულო იყო სოციალური დისტანციის დაცვა ორი მეტრის დაშორებით.

ნებისმიერი დარღვევა ისჯებოდა დიდი ჯარიმით: 3 000 ლარი ფიზიკური პირებისთვის და 15 000 ლარი იურიდიული პირებისათვის.

27 აპრილიდან შეზღუდვების ეტაპობრივი გაუქმება დაიწყო. ხელისუფლება იმედს იტოვებს, რომ შეზღუდვების შემსუბუქება არ გაართულებს ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას ქვეყანაში.

203
გადამზიდავთა საპროტესტო აქცია ფოთში

ფოთში სატვირთო ავტომობილების მძღოლების უმეტესობას კორონავირუსი არ დაუდასტურდა

0
(განახლებულია 10:49 28.05.2020)
მძღოლებმა, რომელთაც კორონავირუსი არ დაუდასტურდათ, უკვე დატოვეს ტირ–პარკი. დანარჩენი მძღოლების ტესტის პასუხები დღის განმავლობაში გახდება ცნობილი

თბილისი, 28 მაისი — Sputnik.  ფოთში სატვირთოს 189 მძღოლს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, კიდევ 54 ადამიანის ტესტის პასუხი მოგვიანებით გახდება ცნობილი, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი. 

გუშინ, ყოფილი აეროდრომის ტერიტორიაზე ქართული გადამზიდავი კომპანიებისთვის მოწყობილ ტირ-პარკში მყოფმა სატვირთოს მძღოლებმა თვითიზოლაციის რეჟიმის მოხსნის მოთხოვნით აქცია გამართეს.

ლაბორატორიაში სულ 243 ნიმუში გაიგზავნა.

 „ქართული გადამზიდავი კომპანიების მძღოლები ყოფილი აეროდრომის ტერიტორიაზე ტირ–პარკში იმყოფებიან. მძღოლებმა, რომელთაც კორონავირუსი არ დაუდასტურდათ, უკვე დატოვეს ტირ–პარკი. ველოდებით სხვა მძღოლების ტესტის პასუხებს, ისინი პასუხების მიღების შემდეგ შეძლებენ ტერიტორიის დატოვებას. სახლებში მათ ადგილობრივი საზოგადოებრივი ცენტრები გააკონტროლებენ“, – განაცხადა ფოთის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა მხეიძემ.

ფოთში ტირ–პარკი 17 აპრილიდან ფუნქციონირებს.

საქართველოში კორონავირუსის გამოვლენის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 21 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისამდე გაგრძელდა. ამ ეტაპზე საქართველოში შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის პროცესი მიმდინარეობს.

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსი 738 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 573 ადამიანი, გარდაიცვალა – 12, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3076, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 250 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში