თბილისში ტაქსისტები ახალი რეგულაციების გასაპროტესტებლად კიდევ ერთხელ გამოვიდნენ

გამოწერა
თბილისელმა ტაქსისტებმა ხუთშაბათს კიდევ ერთი დიდი საპროტესტო აქცია გამართეს ახალი რეგულაციების წინააღმდეგ. იხილეთ ვიდეო, თუ რა ხდებოდა საპროტესტო აქციაზე

თბილისელმა ტაქსისტებმა ხუთშაბათს კიდევ ერთი დიდი საპროტესტო აქცია გამართეს ახალი რეგულაციების წინააღმდეგ. იხილეთ ვიდეო, თუ რა ხდებოდა საპროტესტო აქციაზე.

ტაქსებთან დაკავშირებული რეფორმის თანახმად, მალე თბილისში ყველა ტაქსი ორ კატეგორიად დაიყოფა - A და B. A კატეგორიის ლიცენზია არის მათთვის, ვისთვისაც ტაქსის მძღოლად მუშაობა შემოსავლის ძირითადი წყაროა. მათი ავტომობილები აუცილებლად უნდა იყოს თეთრი ფერის. მგზავრების აყვანას ისინი როგორც ქუჩიდან, ასევე გამოძახებით შეძლებენ სხვადასხვა კომპანიებთან თანამშრომლობით.

A კატეგორიის ლიცენზიის მქონე მძღოლები განსაკუთრებული პრივილეგიებით ისარგებლებენ. ისინი შეძლებენ ავტომობილზე რეკლამის განთავსებას, უფასოდ მიიღებენ ტაქსის ნიშანს, ასევე უფასოდ შეძლებენ ისარგებლონ სპეციალურად გამოყოფილი პარკინგის ადგილებით. დღეს თბილისში 300 ასეთი პარკინგია, ჯერჯერობით იქ ყველა ტაქსის შეუძლია გაჩერება.

1 მარტიდან ტაქსისტებისთვის დაიწყო მანქანის უფასო ქიმწმენდისა და თეთრ ფერად გადაღებვის ვაუჩერების დარიგება. ვაუჩერებს აძლევენ ტაქსისტებს, რომლებმაც ლიცენზია 2018 წლის 10 ოქტომბრამდე აიღეს და ვისმა მანქანებმაც ტექინსპექტირება წარმატებით გაიარეს.

B კატეგორიის ლიცენზიის მფლობელები შეძლებენ ნებისმიერი ფერის ტაქსით მუშაობას, თუმცა მათ არ ექნებათ უფლება განათავსონ რაიმე სახის საცნობი ნიშნები და ქუჩიდან აიყვანონ მგზავრები. ეს ტაქსისტები იძულებული იქნებიან იმუშაონ ტაქსის კომპანიებთან.

ერთი წლის განმავლობაში მგზავრთა გადაყვანის უფლების მოპოვება შიგაწვისძრავიანი ავტომობილით 100 ლარს შეადგენს, ჰიბრიდული ავტომობილის შემთხვევაში – 50 ლარს, ხოლო ელექტრომობილების მფლობელებს ნებართვა უფასოდ გადაეცემათ.

დღეისათვის ლიცენზია თბილისში დაახლოებით 27 ათას ადამიანს აქვს.

 

ყველა ახალი ამბავი
0