"ალილო" თბილისში: საშობაო მსვლელობაში ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა

გამოწერა

თბილისში ტრადიციული საშობაო მსვლელობა "ალილო" გაიმართა, რომლის მიზანი ქველმოქმედებაა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეო, თუ როგორ მიმდინარეობდა მსვლელობა.

თბილისის ცენტრში კვირას "ალილო" გაიმართა, რომლის ისტორიაც უკვე 15 საუკუნეს ითვლის. "ალილოს" მთავარი მიზანი ქველმოქმედებაა — თბილისის მოსახლეობა მსვლელობის მონაწილეებს საჩუქრებსა და ფულად შემოწირულობას გადასცემენ, რაც უპოვრებს, მზრუნველობამოკლებულ ბავშვებსა და მოხუცებულთა თავშესაფრებს გადაუნაწილდებათ.

ბოლო წლებში დანერგილი ტრადიციის მიხედვით, მსვლელობა ვარდების მოედნიდან რუსთაველის გამზირის გავლით გაიმართა და სამების საკათედრო ტაძართან დასრულდა.

მასობრივი მსვლელობის მთავარი მონაწილეები არიან მახარობლები — ბავშვები თეთრი სამოსით და ზედ გამოსახული ჯვრით. ისინი გალობით იუწყებიან ქრისტეს შობას.

მსვლელობაში ასევე მონაწილეობდნენ სასულიერო პირები, რომლებიც მიასვენებდნენ შობის ხატს და ჯვრებს. მათ მოჰყვება მრევლი ურმებით, რომლებშიც ხარები არიან შებმული.

თეატრალიზებული მსვლელობის მონაწილეთა შორის არიან ანგელოზები და მწყემსები, რომლებიც ქრისტეს შობას იუწყებიან. ეს ბიბლიური პერსონაჟები "ალილოს" მთავარი მონაწილეები არიან. პროცესია დაასრულა მოგვების ქარავანმა. დღესასწაული ხმაურიანი და სანახაობრივი იყო.

ყველა ახალი ამბავი
0