საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი: მზად ვარ სენტ-კიტსთან თამაშისთვის

გამოწერა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების თავდამსხმელმა ნიკა კაჭარავამ "Sputnik-საქართველოსთან" ისაუბრა სამომავლო გეგმებსა და ეროვნული ნაკრების მომავალ მატჩზე სენტ-კიტს და ნევისთან.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები სენტ-კიტს და ნევისთან დაგეგმილ ამხანაგურ შეხვედრას 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩის გენერალურ რეპეტიციად განიხილავს, სადაც ქართველები მოლდოველებს დაუპირისპირდებიან. საქართველოს გუნდს მატჩებში ვერ დაეხმარება ორი თავდამსხმელი — ლევან მჭედლიძე და გიორგი ქვილითაია. ამის გამო დიდი შანსია, რომ ძირითად შემადგენლობაში მოედანზე გამოვიდეს 23 წლის ნიკა კაჭარავა, რომელიც კვიპროსის "ეთნიკოსში" თამაშობს.

"მე ყველანაირად მზად ვარ, დანარჩენი მწვრთნელის გადასაწყვეტია. ჩემი მხრიდან მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ გუნდს დავეხმარო, თუნდაც ძირითადიდან, თუნდაც შეცვლაზე", — განაცხადა ნიკა კაჭარავამ.

კვიპროსის ჩემპიონატში ქართველმა ფორვარდმა ძალიან კარგი სეზონი ჩაატარა, 17 მატჩში გაიტანა 16 გოლი და გააკეთა შვიდი საგოლე გადაცემა. 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში სერბეთის წინააღმდეგ კაჭარავამ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში სადებიუტო გოლი გაიტანა.

ყველა ახალი ამბავი
0