კვირიკაშვილი: ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა 2018 წელს ამუშავდება

გამოწერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და მისმა თურქმა კოლეგამ ბინალი ილდიმირმა თბილისში გამართულ საერთო პრეს-კონფერენციაზე რეგიონული პროექტების მნიშნველობაზე ისაუბრეს. იხილეთ "Sputnik-საქართველოს" ვიდეო, თუ რის შესახებ საუბრობენ ქვეყნების მეთაურები.

პრემიერ-მინისტრებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის დერეფნის პროექტს, რომლის ექსპლუატაციაში შესვლაც 2018 წლის ივნისში იგეგმება, მანამდე კი სატესტო რეჟიმში იმუშავებს.

"ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი ეკონომიკური და რეგიონული უსაფრთხოების თვალსაზრისით სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანია. მისი აუცილებლობა რეგიონული მნიშვნელობის ფარგლებს სცდება. ვიმედოვნებთ, რომ ამ წლის ბოლომდე ყველა პროცესი დასრულდება და ცალმხრივ რეჟიმში შევძლებთ გავუშვათ სატესტო მატარებლები ყველა მიმართულებით. მომავალი წლის დასაწყისში კი გადავალთ პროექტის სრულყოფილ ექსპლუატაციაზე", — განაცხადა კვირიკაშვილმა.

თურქეთის პრემიერმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ დასაწყისიდანვე პირადად მონაწილეობდა ამ პროექტის რეალიზებაში.

"კავკასიის რეგიონში ჩვენ ვასრულებთ სამმხრივ პროექტს, რომელიც დაგვაკავშირებს ცენტრალურ აზიასთან და შორეულ აღმოსავლეთთან. ეს კავშირი, ფაქტიურად, ლონდონამდე მიგვიყვანს, და მოხდება ისტორიული აბრეშუმის გზის ინტენსიფიკაცია, რომელსაც რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნია", — დაამატა ბინალი ილდიმირმა.

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა შენდება აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს შორის დადებული სახელმწიფო შეთანხმების საფუძველზე. პროექტის რეალიზაცია 2008 წელს დაიწყო. რკინიგზის სიგრძე 826 კილომეტრს შეადგენს, აქ ყოველწლიურად 17 მილიონი ტონა ტვირთი გაივლის. ექსპლუატაციის საწყის ეტაპზე  ეს მაჩვენებელი შეჩერდება წელიწადში ერთ მილიონ მგზავრსა და 6,5 მილიონ ტონა ტვირთზე.

ყველა ახალი ამბავი
0