როგორ მკურნალობდნენ ბათუმში მომხდარი არეულობის დროს დაშავებულებს

გამოწერა

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა მალხაზ ხალვაშმა "Sputnik-საქართველოსთან" ინტერვიუში ისაუბრა, თუ რამდენი დაშავებული გადაიყვანეს საავადმყოფოში არეულობის შემდეგ და რა სახის სამედიცინო დახმარება დასჭირდათ მათ.

ათობით ადამიანი დაშავდა ბათუმში არეულობის დროს, როდესაც ხალხი ჭავჭავაძის ქუჩაზე ამსხვრევდა ვიტრინებს, წვავდა მანქანებს და პოლიციელების მისამართით ქვებს ისროდა. მათმა ნაწილმა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს მიმართა. კლინიკის დირექტორი გვიამბობს, თუ რა სახის დახმარება სჭირდებოდათ მათ.

"სანამ ეს მოვლენები ხდებოდა, საავადმყოფოს 22-მა კაცმა მომართა. მათი ნაწილი თავად მოვიდა, ნაწილი კი „სასწრაფომ“ მოიყვანა. შვიდ ადამიანს გაზით მოწამვლის შეგრძნება ჰქონდა. ინტოქსიკაციის სიმპტომები მხოლოდ ორს აღმოაჩნდა, დანარჩენებს მხოლოდ შეგრძნება ჰქონდათ. მათ ძალიან სწრაფად გაეწიათ ამბულატორული დახმარება და მალევე გავუშვით შინ. ყველა დანარჩენი დაშავებული იყო, მაგრამ ტრავმები ზედაპირული იყო — ძირითადად, თავის არეში ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებები. იყო ერთადერთი კლინიკური შემთხვევა — ქვის მოხვედრით გატეხილი ძვალი. თუმცა ეს შემთხვევაც არ საჭიროებდა ოპერაციულ ჩარევას. პაციენტს დახმარება აღმოვუჩინეთ და სახლში გავწერეთ. ჰოსპიტალიზაცია მხოლოდ ერთს დასჭირდა — ერთ-ერთ პოლიციელს ტვინის შერყევის სიმპტომები ჰქონდა და სამი დღით დავტოვეთ საავადმყოფოში. დღეს მისი მდგომარეობა უკვე დამაკმაყოფილებელია", — განაცხადა კლინიკის დირექტორმა მალხაზ ხალვაშმა.

ინტერვიუს ჩაწერის დროს პოლიციის თანამშრომლის მდგომარეობა დასტაბილურდა და მისი კლინიკიდან გაწერის მზადება დაიწყო.

ყველა ახალი ამბავი
0