ახალი ტურისტული ბილიკის გახსნა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში

რა სიახლეები დახვდებათ სტუმრებს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში

37
(განახლებულია 22:43 09.06.2021)
ახალი ტურისტული ბილიკი აღჭურვილია ეკოტურიზმისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურით, მათ შორის, საერთაშორისო მარკერებით, თანამედროვე კემპინგითა და ტურისტებისთვის განკუთვნილი კოტეჯით.

თბილისი, 9 ივნისი – Sputnik. ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიის ნეძვის აღკვეთილში ახალი საფეხმავლო ბილიკი მოეწყო. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბილიკი ზღვის დონიდან 2 ათას მეტრზეა, რომლის სიგრძეც 32 კილომეტრია. პანორამული ბილიკიდან, რომელიც სოფელ ახალდაბას, მთა დიდ ქართას, მთა შუანოსა და სოფელ ნეძვს აკავშირებს, ნეძვის აღკვეთილისა და მდინარე მტკვრის პანორამული ხედები იშლება.

ნეძვის ტურისტული ბილიკი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, UNDP-ს მოქმედმა ხელმძღვანელმა ანა ჩერნიშოვამ და CNF-ის ხელმძღვანელმა თობიას მიუნხმაიერმა დაათვალიერეს.

„პანდემიის მიუხედავად, დაცულ ტერიტორიებზე რეაბილიტაცია 200 კილომეტრის სიგრძის ეკოტურისტულ ბილიკებს ჩაუტარდა. სამინისტრო მიმდინარე წელსაც მუშაობს ბილიკების რეაბილიტაციასა და ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მიმართულებით, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

მისი თქმით, მომავალი სამი წლის განმავლობაში დაცულ ტერიტორიებზე 1.200 კილომეტრი საერთო სიგრძის ეკოტურისტული ბილიკების რეაბილიტაცია იგეგმება.

უწყების ცნობით, პროექტის ბიუჯეტმა 230.000 ლარი შეადგინა. ნეძვის ტურისტული ბილიკის მოიწყობა წარმოადგენს უფრო ფართო პროგრამის ნაწილს, რომელიც საქართველოს თორმეტი მსხვილი დაცული ტერიტორიის სტაბილური მართვის გაუმჯობესებას ემსახურება. ბილიკის მოწყობა დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), გლობალური გარემოსდაცვითი ფონდისა (GEF) და კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) ხელშეწყობით განხორციელდა.

37
ბათუმი

აჭარაში ტურისტული სეზონი ოფიციალურად იხსნება

24
(განახლებულია 14:26 15.06.2021)
აჭარის რეგიონში არსებულმა კვებისა და განთავსების ყველა ობიექტმა დანერგა ის სტანდარტები, რომლებიც სტუმრების უსაფრთხო მასპინძლობისთვისაა საჭირო.

თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. აჭარის რეგიონში ზაფხულის ტურისტული სეზონი 15 ივნისს ოფიციალურად იხსნება, რასთან დაკავშირებითაც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ორგანიზებით სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართება.

სეზონის გახსნასთან დაკავშირებით ბათუმის ბულვარში სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი, მათ შორის, ფრანების შოუ ზღვის სანაპიროზე, მოძრაობის თეატრის პანტომიმა, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ავიაშოუ ანბანის კოშკთან, ბალეტი ღია ცის ქვეშ და DJ საზაფხულო თეატრთან.

„აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნება, რაც ნიშნავს, რომ პანდემიის პარალელურად კვების, განთავსების და სხვა სერვისების მიმწოდებლების მიერ დანერგილია ის სტანდარტი, რაც ვიზიტორების უსაფრთხოდ მიღებისთვის არის საჭირო. წელს ტურისტული სეზონი და ვიზიტორების მიღება განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გვანიჭებს", – განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ.

სპეციალურად სეზონის გახსნისთვის რეგიონში მოქმედ ყველა მუზეუმში, პეტრას ციხესა და გონიო-აფსაროსის ციხე-მუზეუმში შესვლა უფასო იქნება.

ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის ეზოში სტუმრებისთვის გაიმართება სპექტაკლი „ჰელადოსი", რომელზე დასწრებაც ასევე უფასო იქნება.

წელს რეგიონი ზღვაზე დასვენებასთან ერთად სტუმრებს ახალ ტურისტულ ადგილებსა და პროდუქტებს შესთავაზებს. მათ შორის იქნება კანიონინგი უჩხოში, ექსტრემალური ველობილიკი ქედა–შუახევში, ახალი საპიკნიკე ადგილები ჩირუხში, კაპნისთავსა და სოფელ შუამთაში. გარდა ამისა, მოგზაურებს საშუალება ექნებათ ახალ ტურისტულ ბილიკებზე იმოგზაურონ ღორჯომის ხეობაში, ჭვანა-კინტრიშის ხეობასა და კაპნისთავში.

„სტუმრებისთვის ოფიციალურად გახსნილია რეგიონში მოქმედი ოთხივე ეროვნული პარკი და დაცული ტერიტორია. განახლებული პეტრას ციხეც ვიზიტორების მოლოდინშია“, – აღნიშნულია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციაში.

მუშაობა განაახლეს აგრეთვე პანდემიის გამო შეჩერებულმა ტურიზმის საინფორმაციო ცენტრებმა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საინფორმაციო ცენტრები თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებში უკვე გაიხსნა და ისინი ეტაპობრივად მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიხსნება.

გუშინ, აჭარის რეგიონში ტურისტული სეზონის ოფიციალურ გახსნამდე ერთი დღით ადრე კულტურისა და ტურიზმის სექტორში დასაქმებულთა მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო.

პანდემიის დაწყებიდან პირველად აჭარის რეგიონი უცხოელ ვიზიტორებს უმასპინძლებს როგორც მეზობელი, ისე იმ სამიზნე ქვეყნებიდან, საიდანაც ბათუმის მიმართულებით რეგულარული ფრენები ხორციელდება.

24
თემები:
ტურიზმი საქართველოში
ტურისტული საინფორმაციო ცენტრი ბათუმში

საქართველოს მასშტაბით ტურისტული საინფორმაციო ცენტრები იხსნება

38
(განახლებულია 23:03 14.06.2021)
ცენტრების მიზანია საქართველოში ჩამოსული და ადგილობრივი ტურისტის სრულყოფილი ინფორმირება ტურისტული მომსახურებისა და პროდუქტების შესახებ, ასევე საქართველოს ტურისტული პოტენციალისა და ახალი პროდუქტების პოპულარიზაცია.

თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. პანდემიის გამო შეჩერებულმა ტურიზმის საინფორმაციო ცენტრებმა მუშაობა განაახლეს, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ნათია თურნავა „კომენდანტის საათის“ გაუქმებას არ გამორიცხავს >>

უწყების ინფორმაციით, საინფორმაციო ცენტრები თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებში უკვე სრული დატვირთვის ფუნქციონირებს და ეტაპობრივად ისინი მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიხსნება.

„ქვეყნის საზღვრების ეტაპობრივ გახსნასთან ერთად ჩვენ დავიწყეთ საინფორმაციო ცენტრების აღდგენა, სადაც შემოსულ ვიზიტორებს საშუალება ექნებათ, დეტალური ინფორმაცია მიიღონ როგორც საქართველოში არსებული ტურისტული პროდუქტებისა და სერვისების, ასევე კოვიდ-პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ტურიზმის საინფორმაციო ცენტრების პრიორიტეტია – ქვეყანაში შემოსულ ტურისტებს ჰქონდეთ სრული ინფორმაცია და უსაფრთხოდ გაატარონ დრო საქართველოში, ნათქვამია განცხადებაში.

საინფორმაციო ცენტრების თანამშრომლებისთვის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და USAID Zrda თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა სხვადასხვა ტრენინგი უსაფრთხოების სტანდარტებისა და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით.

კორონავირუსის პანდემიის შედეგად ყველაზე მეტად ტურიზმის სფერო დაზარალდა. 2019 წელს საქართველოს რეკორდულმა წარმატებამ ტურიზმის სფეროში, როდესაც საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვმა 9,3 მილიონს გადააჭარბა, ხოლო მიღებულმა შემოსავლებმა 3,3 მილიარდი დოლარი შეადგინა, აიძულა ამ დარგში დასაქმებული ადამიანები უფრო საფუძვლიანად მომზადებულიყვნენ 2020 წლისთვის. მაგრამ პანდემიამ ტურიზმის ინდუსტრიის ყველა გეგმა და იმედი ჩაშალა.

საქართველოში მაისში ჩამოსული უცხოელების რაოდენობა 2,5-ჯერ გაიზარდა >>

ტურიზმისგან მიღებული შემოსავლები 2020 წელს 427,7 ათას დოლარამდე შემცირდა, ხოლო საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა - 1,7 მილიონამდე.

 

38
სასწრაფო დახმარება

პოლიციის შენობიდან მამაკაცი გადმოხტა - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება დაიწყო

0
(განახლებულია 11:50 17.06.2021)
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა შენობის აივნიდან გადმოხტომის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პოლიციაში დაბარების მიზეზი შეიტყო.

თბილისი, 17 ივნისი - Sputnik. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელების მხრიდან სამსახურებრივი გულგრილობის სავარაუდო ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

უწყების ცნობით, 16 ივნისს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში შევიდა შეტყობინება იმის თაობაზე, რომ დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის ერთ-ერთი შენობის აივნიდან მამაკაცი გადმოხტა. დეპარტამენტმა დაუყოვნებლივ დაიწყო საქმის მოკვლევა.

ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 342-ე მუხლის მეორე ნაწილით ("სამსახურებრივი გულგრილობა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი") მიმდინარეობს, რაც ჯარიმას ან შინაპატიმრობას ექვსი თვიდან ორ წლამდე, ან სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"ამ ეტაპზე ინტენსიურ რეჟიმში ტარდება საგამოძიებო მოქმედებები. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას", - ნათქვამია განცხადებაში.

რაც შეეხება მამაკაცის მდგომარეობას, რომელიც თბილისის ერთ-ერთ კლინიკაშია მოთავსებული, მძიმეა. ექიმების თქმით, 46 წლის პაციენტს სხეულის მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. მას ტრავმული შოკი აქვს და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

მამაკაცი წერეთლის გამზირზე მდებარე პოლიციის განყოფილების შენობიდან გუშინ გადმოხტა. იგი განყოფილებაში ყოფილი მეუღლის საჩივრის საფუძველზე შემაკავებელი ორდერის გამოწერის მიზნით დაიბარეს. მამაკაცმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პოლიციაში დაბარების მიზეზი შეიტყო.

0
თემები:
შემთხვევები საქართველოში