უცხოელი ბლოგერები აჭარაში

მსოფლიოში ცნობილმა ბლოგერებმა ბათუმში იმოგზაურეს

35
(განახლებულია 16:54 08.06.2021)
Facebook-ის, Instagram-ის, YouTube-ისა და სხვა სოციალური ქსელების ინფლუენსერებმა მათ მილიონობით მიმდევარს აჭარის რეგიონში დასვენების შთაბეჭდილებები გაუზიარეს.

თბილისი, 8 ივნისი – Sputnik. ბათუმს პროექტის „ციფრული დღეები საქართველოში“ ფარგლებში მსოფლიოში ცნობილი ინფლუენსერები და ბლოგერები სტუმრობდნენ. ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

პროექტის ფარგლებში შვიდი ქვეყნის 18-მა ბლოგერმა 10 დღის განმავლობაში საქართველოს თითქმის ყველა კუთხე მოინახულა. ინფლუენსერებმა აჭარაში სტუმრობისას ტურისტულად პოპულარული ადგილები დაათვალიერეს, მოინახულეს ბათუმის ბოტანიკური ბაღი, კატარღით ზღვაში გაისეირნეს.

ტურის მიმდინარეობისას ბლოგერებმა სოციალური ქსელების მეშვეობით საკუთარ მომხმარებლებს საქართველოს ტურისტული ადგილების ასობით ვიდეო- და ფოტოისტორია გაუზიარეს.

ბლოგერებმა ასევე ინდივიდუალურად და ჯგუფურად მოინახულეს: თბილისი, გუდაური, სტეფანწმინდა, ჯუთა, თრუსოს ხეობა, კახეთი, ვაშლოვნის ეროვნული ნაკრძალი, ქუთაისი, პრომეთეს მღვიმე, მესტია, უშგული, სამეგრელოს სოფლები და ბათუმი.

ტურის მონაწილეები სოციალურ ქსელებში პოპულარიზაციას უწევენ საქართველოს სათავგადასავლო, ეკო, კულტურულ ტურისტულ მიმართულებებსა და პროდუქტებს. შექმნილი მედია-პროდუქტი, სოციალურ ქსელებთან ერთად, მსოფლიოში გავლენიან საერთაშორისო პლატფორმა Steller-ის ვებ-გვერდზე განთავსდება.

საქართველოში ტურისტების მოზიდვაში მსოფლიოში პოპულარული ბლოგერები ერთვებიან>>

პროექტი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID-ს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ორგანიზებით გაიმართა. აჭარაში მედიატურს მხარდაჭერას აჭარის ტურიზმის დეპარამენტი უწევდა.

ბათუმში ტურისტული სეზონი ოფიციალურად 15 ივნისს გაიხსნება.

35
თემები:
ტურიზმი საქართველოში (328)
ბათუმი

აჭარაში ტურისტული სეზონი ოფიციალურად იხსნება

24
(განახლებულია 14:26 15.06.2021)
აჭარის რეგიონში არსებულმა კვებისა და განთავსების ყველა ობიექტმა დანერგა ის სტანდარტები, რომლებიც სტუმრების უსაფრთხო მასპინძლობისთვისაა საჭირო.

თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. აჭარის რეგიონში ზაფხულის ტურისტული სეზონი 15 ივნისს ოფიციალურად იხსნება, რასთან დაკავშირებითაც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ორგანიზებით სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართება.

სეზონის გახსნასთან დაკავშირებით ბათუმის ბულვარში სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი, მათ შორის, ფრანების შოუ ზღვის სანაპიროზე, მოძრაობის თეატრის პანტომიმა, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ავიაშოუ ანბანის კოშკთან, ბალეტი ღია ცის ქვეშ და DJ საზაფხულო თეატრთან.

„აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნება, რაც ნიშნავს, რომ პანდემიის პარალელურად კვების, განთავსების და სხვა სერვისების მიმწოდებლების მიერ დანერგილია ის სტანდარტი, რაც ვიზიტორების უსაფრთხოდ მიღებისთვის არის საჭირო. წელს ტურისტული სეზონი და ვიზიტორების მიღება განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გვანიჭებს", – განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ.

სპეციალურად სეზონის გახსნისთვის რეგიონში მოქმედ ყველა მუზეუმში, პეტრას ციხესა და გონიო-აფსაროსის ციხე-მუზეუმში შესვლა უფასო იქნება.

ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის ეზოში სტუმრებისთვის გაიმართება სპექტაკლი „ჰელადოსი", რომელზე დასწრებაც ასევე უფასო იქნება.

წელს რეგიონი ზღვაზე დასვენებასთან ერთად სტუმრებს ახალ ტურისტულ ადგილებსა და პროდუქტებს შესთავაზებს. მათ შორის იქნება კანიონინგი უჩხოში, ექსტრემალური ველობილიკი ქედა–შუახევში, ახალი საპიკნიკე ადგილები ჩირუხში, კაპნისთავსა და სოფელ შუამთაში. გარდა ამისა, მოგზაურებს საშუალება ექნებათ ახალ ტურისტულ ბილიკებზე იმოგზაურონ ღორჯომის ხეობაში, ჭვანა-კინტრიშის ხეობასა და კაპნისთავში.

„სტუმრებისთვის ოფიციალურად გახსნილია რეგიონში მოქმედი ოთხივე ეროვნული პარკი და დაცული ტერიტორია. განახლებული პეტრას ციხეც ვიზიტორების მოლოდინშია“, – აღნიშნულია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციაში.

მუშაობა განაახლეს აგრეთვე პანდემიის გამო შეჩერებულმა ტურიზმის საინფორმაციო ცენტრებმა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საინფორმაციო ცენტრები თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებში უკვე გაიხსნა და ისინი ეტაპობრივად მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიხსნება.

გუშინ, აჭარის რეგიონში ტურისტული სეზონის ოფიციალურ გახსნამდე ერთი დღით ადრე კულტურისა და ტურიზმის სექტორში დასაქმებულთა მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო.

პანდემიის დაწყებიდან პირველად აჭარის რეგიონი უცხოელ ვიზიტორებს უმასპინძლებს როგორც მეზობელი, ისე იმ სამიზნე ქვეყნებიდან, საიდანაც ბათუმის მიმართულებით რეგულარული ფრენები ხორციელდება.

24
თემები:
ტურიზმი საქართველოში (328)
ტურისტული საინფორმაციო ცენტრი ბათუმში

საქართველოს მასშტაბით ტურისტული საინფორმაციო ცენტრები იხსნება

38
(განახლებულია 23:03 14.06.2021)
ცენტრების მიზანია საქართველოში ჩამოსული და ადგილობრივი ტურისტის სრულყოფილი ინფორმირება ტურისტული მომსახურებისა და პროდუქტების შესახებ, ასევე საქართველოს ტურისტული პოტენციალისა და ახალი პროდუქტების პოპულარიზაცია.

თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. პანდემიის გამო შეჩერებულმა ტურიზმის საინფორმაციო ცენტრებმა მუშაობა განაახლეს, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ნათია თურნავა „კომენდანტის საათის“ გაუქმებას არ გამორიცხავს >>

უწყების ინფორმაციით, საინფორმაციო ცენტრები თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებში უკვე სრული დატვირთვის ფუნქციონირებს და ეტაპობრივად ისინი მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიხსნება.

„ქვეყნის საზღვრების ეტაპობრივ გახსნასთან ერთად ჩვენ დავიწყეთ საინფორმაციო ცენტრების აღდგენა, სადაც შემოსულ ვიზიტორებს საშუალება ექნებათ, დეტალური ინფორმაცია მიიღონ როგორც საქართველოში არსებული ტურისტული პროდუქტებისა და სერვისების, ასევე კოვიდ-პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ტურიზმის საინფორმაციო ცენტრების პრიორიტეტია – ქვეყანაში შემოსულ ტურისტებს ჰქონდეთ სრული ინფორმაცია და უსაფრთხოდ გაატარონ დრო საქართველოში, ნათქვამია განცხადებაში.

საინფორმაციო ცენტრების თანამშრომლებისთვის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და USAID Zrda თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა სხვადასხვა ტრენინგი უსაფრთხოების სტანდარტებისა და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით.

კორონავირუსის პანდემიის შედეგად ყველაზე მეტად ტურიზმის სფერო დაზარალდა. 2019 წელს საქართველოს რეკორდულმა წარმატებამ ტურიზმის სფეროში, როდესაც საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვმა 9,3 მილიონს გადააჭარბა, ხოლო მიღებულმა შემოსავლებმა 3,3 მილიარდი დოლარი შეადგინა, აიძულა ამ დარგში დასაქმებული ადამიანები უფრო საფუძვლიანად მომზადებულიყვნენ 2020 წლისთვის. მაგრამ პანდემიამ ტურიზმის ინდუსტრიის ყველა გეგმა და იმედი ჩაშალა.

საქართველოში მაისში ჩამოსული უცხოელების რაოდენობა 2,5-ჯერ გაიზარდა >>

ტურიზმისგან მიღებული შემოსავლები 2020 წელს 427,7 ათას დოლარამდე შემცირდა, ხოლო საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა - 1,7 მილიონამდე.

 

38
გიორგი გურგენაშვილი

ქართველის შექმნილი ბენდი ათენში და მისი გიტარისტი, რომელიც Deep purple-ში უკრავდა

0
(განახლებულია 11:48 17.06.2021)
რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ დღეს საბერძნეთში მცხოვრები მომღერლის, ჯორჯ გურენის შემოქმედებით სიახლეებს გაგაცნობთ.

ჯორჯ გურენი გიორგი გურგენაშვილის შემოქმედებითი ფსევდონიმია. ბოლო წლებში ის ხელოვნების სამსახურში დგას: ქმნის საავტორო სიმღერებს, აქტიურად თანამშრომლობს ბერძენ კომპოზიტორებთან და წარმატებით გამოდის ადგილობრივ სცენაზე. პანდემიის დროს ჩატარებულ ელექტრონული მუსიკის ფესტივალ Gem fest-ზე, რომელიც მსოფლიო მედიამ და მათ შორის ΒΒC-მაც გააშუქა,  ცნობილ დიჯეებთან ერთად ქართველი ჯორჯ გურენიც მონაწილეობდა. ის ფესტივალზე ერთადერთი მომღერალი იყო.

 

გიორგი გურგენაშვილი
გიორგი გურგენაშვილი

— ჯორჯ, ბოლო წლების შემოქმედებითი სიახლეებით დავიწყოთ...

— ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ბევრი პროექტი განვახორციელე. მათ შორის რამდენიმე მასშტაბური იყო და ვფიქრობ, მეტ-ნაკლებად წარმატებულიც. ყველა ჩემს მეგობარსა და კოლეგას მადლობას ვუხდი, რომ არა ისინი, ბევრ რამეს ვერ შევძლებდი. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვნი იყო სიმღერა I’m defensless, რადგან მასზე ბერძნული მუსიკალური შოუს, Fame Story-ის მთავარმა ქოუჩიმ, ჯული მასინომ იმუშავა. თქვენს მკითხველს შევახსენებ, რომ ჯული ამერიკელია და ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა მასთან თანამშრომლობა. ამ სიმღერის ბექვოკალსაც სწორედ მისი ხმა ამშვენებს.

— ვინ შექმნა ეს სიმღერა და სად გაჟღერდა?

— ამ სიმღერის შექმნის ინსპირაცია ალბათ მისტიური გრძნობები გახდა. მისი ავტორი ცნობილი ბერძენი კომპოზიტორი ნიკოს ანტონიადისია, რომელსაც ბერძენი მომღერლებისთვის ბევრი სიმღერა აქვს დაწერილი. სიმღერის მენეჯმენტზე დაიანა ვასილიადუმ იზრუნა, ვიდეოკლიპის გადაღება და მსოფლიოს 227 ქვეყნის digital-პლატფორმებზე გაშვება-გაყიდვა კი ბერძნულმა კომპანია Inside out production-მა აიღო საკუთარ თავზე.

— როგორც ვხედავ, მიუხედავად შექმნილი სიტუაციისა, შემოქმედებითად მაინც არ გაჩერებულხართ. რომელი იყო ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა პანდემიის დროს?

— 2020 წელს ზაკინთოში ჩატარდა ფესტივალი Gem fest-ი, რომელიც მსოფლიო მედიამ პანდემიის დროს მომხდარ უპრეცედენტო მოვლენად შეაფასა. ამ ფაქტს ΒΒC-ც კი გამოეხმაურა. ელექტრონული მუსიკის ამ ფესტივალზე, ბევრ ვარსკვლავ დიჯეისთან ერთად, მომღერალი მხოლოდ მე გახლდით. ასევე გეტყვით, რომ 2020 წელს ჩემი ალბომი უნდა გამოსულიყო, მაგრამ მუშაობის პროცესი პანდემიამ შეაფერხა. თუმცა ახლო მომავალში ვიმედოვნებ, რომ ეს ალბომი აუცილებლად გამოვა.

— ახალი ვიდეოკლიპის გადაღებას სად აპირებთ?

— ჩემი ახალი ვიდეოკლიპის გადაღებას სექტემბერში გერმანიაში ვფიქრობ. ეს ელექტრონული სიმღერაა, რასაც გერმანული გარემო უფრო უხდება. ორი კვირის წინ ვიყავი იქ ჩასული და ადგილები შევათვალიერე გადასაღებად.

ამჟამად ვმუშაობ სიმღერაზე სახელწოდებით Milestone, რაც ქართულად ითარგმნება როგორც ცხოვრებასა თუ კარიერაში ახალი ეტაპის დასაწყისი. ეს სიმღერა დაწერა ქართველმა კომპოზიტორმა, რომელსაც იცნობენ სახელით უტა (Uta). ჩემი სიმღერების უმეტესობა მისი დაწერილია.

გიორგი გურგენაშვილი და მისი ბენდის წევრები სცენაზე ჯული მასინოსთან, ნიკოლეტა კონსტანტინოდუსთან და მამუკა ლიპარტელიანთან ერთად
გიორგი გურგენაშვილი და მისი ბენდის წევრები სცენაზე ჯული მასინოსთან, ნიკოლეტა კონსტანტინოდუსთან და მამუკა ლიპარტელიანთან ერთად

— ვიცი, რომ არც ისე დიდი ხნის წინ დაგაჯილდოვეს. რა ჯილდო გადმოგეცათ?

— „ოქროს ნოტი“, რომელიც ჩემს ხუთკაციან George Guren's band-ს მივუძღვენი. ამ ბენდში ყველა ბერძენია. ერთ-ერთი მომღერალი, 65 წლის ნიკოს იდრეოსი, მრავალი წელი იან გილანის ცნობილი ჯგუფის, Deep purple-ს წევრი იყო. ის დღესაც უკრავს იმ გიტარაზე, რომელიც იან გილანმა პერსონალურად მისთვის დაამზადებინა. ამ გიტარის ფასი 100 000 დოლარია.

— მკითხველს შევახსენებ, რომ ბოლო დროს ხატვაც დაიწყეთ, ამ კუთხით ხომ არ არის რაიმე სიახლე?

— ხატვას რაც შეეხება, სამწუხაროდ, ბოლო ორი წელია, ვერ ვხატავ, რადგან მხედველობის პრობლემა შემექმნა და მკურნალობის შემდეგ ოპერაციული ჩარევა გახდა აუცილებელი. როგორც კი ოპერაციას გავიკეთებ, ჩემს საყვარელ გატაცებას მაშინვე დავუბრუნდები.

ჯორჯ გურენის შემოქმედება
ჯორჯ გურენის შემოქმედება

— ადრე ინტერვიუში მითხარით, რომ ცოტა ხანში თქვენი სიმღერების ალბომი უნდა გამოსულიყო, რომელშიც ქართულ, ინგლისურ და ბერძნულ ენებზე სიმღერები შევიდოდა. გამოვიდა ეს ალბომი?

— ეს სიმღერები Electro Pop R&B სტილში შექმნილი ბალადებია და მათი უმეტესი ნაწილი ქართულენოვანია, რადგან ძალიან მიყვარს ჩემი ენა და ქვეყანა. ქართულ სიმღერებს განსაკუთრებული ადგილი აქვს ჩემს რეპერტუარში. ვფიქრობ, ქართველი მსმენელი ამ ალბომში განსხვავებულ, თბილ და ენერგიულ სიმღერებს მოისმენს.

საქართველოში ოთხი წელია არ ვყოფილვარ და როცა ვნახე, ქვეყანა ძალიან შეცვლილი იყო. ბედნიერი ვიქნები, თუ ყოველი ნახვისას საქართველო იქ მომხდარი სასიამოვნო სიახლეებით გამაოცებს ხოლმე. სხვანაირად შეუძლებელია, ეს ხომ ჩემი მშობლიური ქვეყანაა?!

0