ტურისტები

ნათია თურნავა „კომენდანტის საათის“ გაუქმებას არ გამორიცხავს

97
(განახლებულია 22:25 07.06.2021)
შექმნილი ეპიდვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან დაწესებული რეგულაციებიდან ამ დროისთვის მოქმედებს „კომენდანტის საათი", პირბადე, დისტანცია და რამდენიმე სხვა შეზღუდვა.

თბილისი, 7 ივნისი – Sputnik. ალბათ დადგება მომენტი, როდესაც მთავრობა იმსჯელებს ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვის საერთოდ გაუქმების შესახებ, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

ლაშა ხუციშვილი – სახმელეთო საზღვრის გახსნა ხელს შეუწყობს ტურიზმის სწრაფ აღდგენას>>

არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლებიც 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით იყო ძალაში. შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თებერვალში წარმოადგინა და შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნაც დაიწყო. თუმცა ძალაში რჩება წესები, რომლებიც ეხება პირბადის ტარებას, ღამით გარკვეულ საათებში გადაადგილების აკრძალვას და სხვა რამდენიმე რეგულაცია.

თურნავას განცხადებით, გადაადგილებაზე შეზღუდვის დრო ეტაპობრივად მცირდება. ამჟამად ის 23:00-დან 04:00 საათამდე მოქმედებს. მისი თქმით, სახმელეთო საზღვრები ახალი გახსნილია და ეპიდვითარებაზე დაკვირვებისთვის ორი–სამი კვირაა საჭირო, რომ შემდგომ „კომენდანტის საათის“ გაუქმებაზე იმსჯელონ.

მინისტრის თქმით, რადგან საზღვრების გადმოლახვა გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული, უფრო ხანგრძლივი დროით შემოსული ტურისტი ცდილობს ყველა რეგიონი მაქსიმალურად მოიაროს.

„ორი კვირის თავზე ალბათ დაახლოებით გამოჩნდება – სახმელეთო საზღვრების გახსნამ რამე ხომ არ გააუარესა, და მერე გვექნება საშუალება ეს (ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვა) საერთოდ გავაუქმოთ“, – განაცხადა მინისტრმა.

რაც შეეხება საქართველოში შემოსული ტურისტების რაოდენობას, თურნავას თქმით, მეზობელი ქვეყნებიდან ტურისტულმა ნაკადმა იმატა.

„უკვე ერთი კვირა გავიდა, რაც სახმელეთო საზღვრები გავხსენით. ამან გარკვეული შედეგები უკვე მოგვცა“, – თქვა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, 15 ივნისიდან აღდგება თბილისი–ერევნის მატარებლის მოძრაობა, შეუფერხებლად გრძელდება თურქეთიდან საზღვარზე გადმოსვლა, ასევე ტურისტების რაოდენობა მომატებულია უკრაინიდან, რომლებსაც საქართველოში შემოსვლა შეუძლიათ როგორც საჰაერო, ისე შავი ზღვის გავლით. თურნავას განცხადებით, აზერბაიჯანს თავად აქვს აკრძალული საკუთარი მოქალაქეების ქვეყნის გარეთ გასვლა და ახლა სახმელეთო საზღვრის კვეთის დროს თავიანთი მოქალაქეების შემოშვებაზე, წესების გამარტივებაზე მუშაობენ. მისი თქმით, დიდი იმედია, რომ ეს გადაწყვეტილება არ დააყოვნებს.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველომ საზღვრები ყველა ქვეყანასთან 2020 წლის 20 მარტიდან ჩაკეტა. 

საქართველომ 2021 წლის 1 თებერვალს რეგულარული საერთაშორისო ავიამიმოსვლა განაახლა, ხოლო 1 ივნისიდან სახმელეთო საზღვრები გახსნა. ტურისტებმა თან უნდა იქონიონ სამედიცინო დაზღვევა, რომელიც კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში მკურნალობის ხარჯებს დაფარავს. სახმელეთო გზით შემოსვლა შეუძლია ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც საზღვრის კვეთისას წარმოადგენს ნებისმიერი კოვიდ-ვაქცინის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელ დოკუმენტს და/ან ბოლო 72 საათში ჩატარებულ PCR–ტესტს.

დეტალური ინფორმაცია საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის შესახებ იხილეთ აქ.

97
თემები:
ტურიზმი საქართველოში (328)
Google-ის წარმომადგენლები აჭარის ძირითად ტურისტულ ადგილებს აციფრულებენ

Google-ის მომხმარებლები აჭარაში ვირტუალურ მოგზაურობას შეძლებენ

28
(განახლებულია 09:52 19.06.2021)
Google-ის ფოტოგრაფები 10 დღის განმავლობაში ბათუმში, ქობულეთში, ბოტანიკურ ბაღში, რეგიონის ეროვნულ პარკებსა და სხვა მიმზიდველ ტურისტულ ადგილებში გადაღებებს აწარმოებდნენ.

თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. Google-ის წარმომადგენლები აჭარის ძირითად ტურისტულ ადგილებს აციფრულებენ, იუწყება აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით, რეგიონს Google-ის ოფიციალური წარმომადგენლები ფოტოგრაფებთან ერთად სტუმრობენ.10 დღის განმავლობაში ისინი იღებდნენ ძირითად ტურისტულ მიმართულებებს - ბათუმს, ქობულეთს, ბოტანიკურ ბაღს, რეგიონის ეროვნულ პარკებს.

შედეგად Google-ის მომხმარებლები შეძლებენ აჭარის ტურისტულად მიმზიდველ ადგილებში ვირტუალურად იმოგზაურონ.

გადაღებების გარდა, Google-ის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა აჭარაში ფოტოგრაფებისა და ოპერატორებისთვის ტრენინგები ჩაატარეს. ტრენინგი მიეძღვნა Google-ის ონლაინ-ინსტრუმენტების, რუკის გამოყენებას. გარდა ამისა, ფოტოგადაღებებში მასტერ-კლასი ჩატარდა.

კომპანიის წარმომადგენლები მუშაობა 18 ივნისს დაასრულეს, ხოლო Google-ის რუკაზე განახლებული მასალები აჭარის შესახებ ორი კვირის შემდეგ გამოჩნდება.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის, თამარ კაიკაციშვილის თქმით, Google-ის წარმომადგენლებმა აქტიური და მასშტაბური გადაღებები აწარმოეს.

მისი თქმით, ეს გაზრდის აჭარის შესახებ ციფრული მასალების ხელმისაწვდომობას Google-ის პლატფორმაზე და, შესაბამისად, აჭარის ცნობადობას და პოპულარობას გაზრდის.

კანიონინგი, ექსტრემალური ველობილიკები, ახალი ტურისტული მარშრუტები - აჭარაში ახალი საზაფხულო ტურისტული სეზონი გაიხსნა. წელს რეგიონი სტუმრებს ახალ გართობას სთავაზობს. სტუმრებისთვის ოფიციალურად გახსნილია რეგიონში მოქმედი ოთხივე ეროვნული პარკი და დაცული ტერიტორია. კვების ობიექტები სტუმრებს დახურულ სივრცეებში უქმეებზეც მასპინძლობენ.

წელს რეგიონი ზღვაზე დასვენებასთან ერთად სტუმრებს ახალ ტურისტულ ადგილებსა და პროდუქტებს სთავაზობს. მათ შორისაა კანიონინგი უჩხოში, ექსტრემალური ველობილიკი ქედა–შუახევში, ახალი საპიკნიკე ადგილები ჩირუხში, კაპნისთავსა და სოფელ შუამთაში. გარდა ამისა, მოგზაურებს საშუალება აქვთ ახალ ტურისტულ ბილიკებზე იმოგზაურონ ღორჯომის ხეობაში, ჭვანა-კინტრიშის ხეობასა და კაპნისთავში.

მაღალმთიან აჭარაში მოგზაურობის მსურველებს შეუძლიათ ტურისტული მარშრუტების შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცნონ საინფორმაციო ცენტრის „ცხელ ხაზზე“ 577 909093 და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე https://visitajara.com/ka/about-agency.

აჭარაში ტურისტული სეზონი ოფიციალურად 15 ივნისს გაიხსნა. რეგიონი ტურისტებისა და დამსვენებლების დიდი ნაკადის მისაღებად ემზადება.

ეპიდემიოლოგები როგორც საქართველოს მოქალაქეებს, ისე ტურისტებს კოვიდ-რეგულაციების მაქსიმალური დაცვისკენ მოუწოდებენ.

28
ქართული ღვინო

ბათუმში შავი ზღვის ღვინის ფესტივალი გაიმართება

29
ღვინო, ქართული ტრადიციული სამზარეულოს კერძები, მუსიკა და გართობა ბავშვებისთვის - ბათუმი გემრიელ ფესტივალს მასპინძლობს.

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. ბათუმში 6-8 აგვისტოს რიგით მეორე შავი ზღვის ღვინის ფესტივალი გაიმართება, ნათქვამია ორგანიზატორების გვერდზე Facebook-ის სოციალურ ქსელში.

აღნიშნულია, რომ ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 50-მდე ტრადიციული რეწვის მწარმოებელი კომპანია. ასევე სტუმრები შეძლებენ ქართული ღვინის უნიკალური სახეობების შეძენას.

გარდა ამისა, ორგანიზატორები შესთავაზებენ სტუმრებს ქართული ტრადიციული სამზარეულოს და უცხოური კერძების დეგუსტაციას. ბავშვებისთვისაც გათვალისწინებულია გასართობი - ფესტივალზე მოეწყობა გასართობი სივრცე, სხვადასხვა კონკურსები და გათამაშება.

გარდა ამისა, ფესტივალი უმასპინძლებს ცნობილ ქართველ მუსიკოსებს.

როგორც მოსალოდნელია, ფესტივალს დაესწრებიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები და სხვა სტუმრები. შავი ზღვის ღვინის ფესტივალის პარტნიორებია ბათუმის მერია და ბათუმის ბულვარი.

29
ჭიდაობა

ექვსი მედალი ევროპის ჩემპიონატიდან - ქართველი მოჭიდავეების  წარმატება

0
(განახლებულია 13:31 21.06.2021)
ტურნირზე  ოქროს მედალს მხოლოდ არჩილ ბოლქვაძე დაეუფლა. საქართველოს ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში  მეორე ადგილი დაიკავა.

 

თბილისი, 21 ივნისი - Sputnik. ქართველმა ბერძნულ–რომაული სტილით მოჭიდავეებმა ბულგარეთის ქალაქ სამოკოვოში მიმდინარე ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა ექვსი მედლით დაასრულეს. 

ტურნირის ბოლო დღეს  ქართველმა სპორტსმენებმა ერთდროულად ოთხი მედალი მოიპოვეს, აქედან ერთი ვერცხლი და სამი ბრინჯაო.

დასკვნით ეტაპზე ფინალური ორთაბრძოლა წააგო 51 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე თამაზ ღლონმტა, რომელიც მასპინძელ ბორისლავ კირილოვთან ანგარიშით 0:9 დამარცხდა. რაც შეეხება ბრინჯაოს მედლებს, კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ანრი ხოზრევანიძე (–45 კგ), რატი ხოზრევანიძე (–60 კგვ) და გორ აივაზიანი (–92 კგ) ავიდნენ.

საქართველოს სახელით ერთადერთი ოქროს მედალი 80 კგ–მდე წონით კატეგორიაში მოჭიდავე არჩილ ბოლქვაძემ მოიპოვა, რომელმაც ფინალში მოლდოველი მიჰაი გუტუ ანგარიშით 9:0 დაამარცხა. ვერცხლის მედალს დასჯერდა 65 კგ–მდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ანრი ფუტკარაძე.

საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა 132 ქულა მოაგროვა და მხოლოდ აზერბაიჯანს (153 ქულა)  ჩამორჩა. ტურნირზე მესამე ადგილი უკრაინის ნაკრებმა (110 ქულა) დაიკავა.

0
თემები:
სპორტის ამბები