ტურისტები

აუცილებელი ინფორმაცია მათთვის, ვინც საქართველოში ჩამოდის

134
(განახლებულია 19:31 03.06.2021)
საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისას არანაირი პრობლემა არ გაჩნდება, თუ ადამიანს თან აუცილებელი დოკუმენტები და ცნობები აქვს.

თბილისი, 3 ივნისი – Sputnik. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უცხოელი სტუმრების გაზრდილ ნაკადთან დაკავშირებით ტურისტებისთვის ცნობარს აქვეყნებს.

დღეიდან კვების ობიექტები შაბათ-კვირას სტუმრებს დახურულ სივრცეშიც მიიღებენ>>

ცნობარში თავმოყრილია ინფორმაცია მოქმედი და ეტაპობრივად მოხსნილი შეზღუდვების შესახებ, ასევე მოცემულია ქვეყანაში შემოსვლის წესები.

რომელი შეზღუდვები მოიხსნა და რომელი მოქმედებს

– კვების ობიექტებისთვის შაბათ-კვირას მოქმედი შეზღუდვა სრულად მოიხსნა და მათ საშუალება აქვთ ამიერიდან სტუმრები დახურულ სივრცეშიც მიიღონ.

– აღდგენილია სასტუმროების ფუნქციონირება სამთო კურორტებზე არსებული ეპიდემიოლოგიური სტანდარტებისა და რეგულაციების სრული დაცვით;

– სამთო კურორტებზე ფუნქციონირებს არსებული საბაგიროები, ეპიდემიოლოგიური სტანდარტებისა და რეგულაციების სრული დაცვით;

– აღდგენილია საქალაქთაშორისო ტრანსპორტი;

– საქართველოს მასშტაბით განახლდა რესტორნების შიდა და გარე სივრცეების ფუნქციონირება;

თუ თურქეთში მოგზაურობას გადაწყვეტთ – მოთხოვნების სრული სია>>

– განახლდა კონფერენციების და ტრენინგების გამართვა შესაბამისი პროტოკოლის დაცვით (70 პირის დაშვების ნებართვით);

– განსაზღვრული რეგულაციების დაცვით განაახლეს ფუნქციონირება სპორტულმა დარბაზებმა ;

– განახლდა მუზეუმების და ბიბლიოთეკების საქმიანობა;

– განახლდა თეატრალური წარმოდგენები მაყურებლის დასწრებით, სპორტული კლუბების და შეჯიბრებების, პროფესიული ანსამბლების საქმიანობა;

– განახლდა არასასურსათო საცალო ვაჭრობა შაბათ-კვირის ჩათვლით, იგულისხმება როგორც სავაჭრო მოლები, ისე ბაზრობები;

– ამასთან, ძალაში რჩება 23 საათიდან დილის 4 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა და ასევე ძალაში რჩება შეზღუდვა ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვასთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება ქორწილს, ქელეხს და ბანკეტს. ქვეყანაში მოქმედებს პირბადის ტარების რეჟიმი. პირბადის გარეშე მგზავრობა საზოგადოებრივ ტრანსპორტში აკრძალულია.

ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც აქვს ვაქცინაციის სრული კურსის დამადასტურებელი დოკუმენტი, ქვეყანაში საჰაერო გზით შემოსვლის უფლება აქვს.

„კომენდანტის საათის" მოქმედების ვადა კიდევ შემცირდა>>

საქართველოში შემოსვლა კოვიდ-ვაქცინით სახმელეთო და საზღვაო გზით:

  • სახმელეთო გზით შემოსვლა შეუძლია ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც საზღვრის კვეთისას წარმოადგენს ნებისმიერი კოვიდ-ვაქცინის სრული კურსის ჩატარების დამადასტურებელ დოკუმენტს და ბოლო 72 საათში ჩატარებულ PCR–ტესტს.

საქართველოში შემოსვლა კოვიდ-ვაქცინის გარეშე სახმელეთო და საჰაერო გზით:

  • საზღვრის კვეთა შესაძლებელია მხოლოდ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR–ტესტის უარყოფითი პასუხით და ამ შემთხვევაში პირები ვალდებული იქნებიან შემოსვლიდან 72 საათში (მე-3 დღეს) განმეორებით ჩაიტარონ PCR–ტესტი.
  • 72–საათიანი PCR–რეჟიმით შემოსვლის შემთხვევაში სავალდებულოა ელექტრონული აპლიკაციის შევსება, რომელიც განთავსებულია მთავრობის ვებ-გვერდზე stopcov.ge.

აუცილებელი ცნობები ქვეყანაში შემომსვლელი საქართველოს მოქალაქეებისთვის

  • საქართველოს მოქალაქე, საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR–ტესტის ნეგატიური პასუხის წარმოდგენის შემთხვევაში, სურვილისამებრ, დაექვემდებარება რვადღიან თვითიზოლაციას (თვითიზოლაციის შეუძლებლობის შემთხვევაში – საკარანტინო სივრცეში გადასვლას) ან მესამე დღეს სავალდებულო PCR–ტესტირებას საკუთარი ხარჯით;
  • საქართველოს მოქალაქე, საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR–ტესტის არქონის შემთხვევაში – დაექვემდებარება რვადღიან სავალდებულო თვითიზოლაციას (თვითიზოლაციის შეუძლებლობის შემთხვევაში – საკარანტინო სივრცეში გადასვლას);
  • საქართველოს თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელსაც უფიქსირდება უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში ინდოეთის რესპუბლიკაში მოგზაურობის ისტორია, 14 დღით დაექვემდებარება საკარანტინო სივრცეში გადასვლას (საკუთარი ხარჯებით). ასევე აუცილებელია ასეთმა პირმა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე წარადგინოს საზღვრის კვეთამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი დოკუმენტი;

იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებსა და რეზიდენტებს საქართველოს საზღვრის კვეთა ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR–ტესტის უარყოფითი პასუხით შეუძლიათ:

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, ისრაელის სახელმწიფო, თურქეთის რესპუბლიკა, შვეიცარიის კონფედერაცია, ნორვეგიის სამეფო, ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო, საუდის არაბეთის სამეფო, კატარის სახელმწიფო, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ბაჰრეინის სამეფო, სომხეთის რესპუბლიკა, აზერბაიჯანის რესპუბლიკა, უკრაინა, ყაზახეთის რესპუბლიკა, რუსეთის ფედერაცია, ბელარუსის რესპუბლიკა, თურქმენეთი, უზბეკეთის რესპუბლიკა, ტაჯიკეთის რესპუბლიკა, ყირგიზეთის რესპუბლიკა, იაპონია, კანადა, ქუვეითი, ჩინეთი, სამხრეთ კორეა, მოლდოვა, ომანი.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. ამ დროისთვის ქვეყანაში ინფიცირების 346.983 შემთხვევაა რეგისტრირებული, გამოჯანმრთელდა 330.721 ადამიანი, ხოლო კორონავირუსის გართულებების გამო გარდაიცვალა 4.853 პაციენტი.

მოქალაქეთა აქტიური ვაქცინაცია ქვეყანაში მიმდინარე წლის 15 მარტს დაიწყო. უკვე აცრილია 155.538 ადამიანი.

საქართველომ რეგულარული საერთაშორისო ავიამიმოსვლა მიმდინარე წლის 1 თებერვლიდან აღადგინა, ხოლო სახმელეთო საზღვრები 1 ივნისს გახსნა.

134
ბათუმი

აჭარაში ტურისტული სეზონი ოფიციალურად იხსნება

24
(განახლებულია 14:26 15.06.2021)
აჭარის რეგიონში არსებულმა კვებისა და განთავსების ყველა ობიექტმა დანერგა ის სტანდარტები, რომლებიც სტუმრების უსაფრთხო მასპინძლობისთვისაა საჭირო.

თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. აჭარის რეგიონში ზაფხულის ტურისტული სეზონი 15 ივნისს ოფიციალურად იხსნება, რასთან დაკავშირებითაც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ორგანიზებით სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართება.

სეზონის გახსნასთან დაკავშირებით ბათუმის ბულვარში სხვადასხვა ღონისძიებაა დაგეგმილი, მათ შორის, ფრანების შოუ ზღვის სანაპიროზე, მოძრაობის თეატრის პანტომიმა, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ავიაშოუ ანბანის კოშკთან, ბალეტი ღია ცის ქვეშ და DJ საზაფხულო თეატრთან.

„აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნება, რაც ნიშნავს, რომ პანდემიის პარალელურად კვების, განთავსების და სხვა სერვისების მიმწოდებლების მიერ დანერგილია ის სტანდარტი, რაც ვიზიტორების უსაფრთხოდ მიღებისთვის არის საჭირო. წელს ტურისტული სეზონი და ვიზიტორების მიღება განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას გვანიჭებს", – განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ.

სპეციალურად სეზონის გახსნისთვის რეგიონში მოქმედ ყველა მუზეუმში, პეტრას ციხესა და გონიო-აფსაროსის ციხე-მუზეუმში შესვლა უფასო იქნება.

ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის ეზოში სტუმრებისთვის გაიმართება სპექტაკლი „ჰელადოსი", რომელზე დასწრებაც ასევე უფასო იქნება.

წელს რეგიონი ზღვაზე დასვენებასთან ერთად სტუმრებს ახალ ტურისტულ ადგილებსა და პროდუქტებს შესთავაზებს. მათ შორის იქნება კანიონინგი უჩხოში, ექსტრემალური ველობილიკი ქედა–შუახევში, ახალი საპიკნიკე ადგილები ჩირუხში, კაპნისთავსა და სოფელ შუამთაში. გარდა ამისა, მოგზაურებს საშუალება ექნებათ ახალ ტურისტულ ბილიკებზე იმოგზაურონ ღორჯომის ხეობაში, ჭვანა-კინტრიშის ხეობასა და კაპნისთავში.

„სტუმრებისთვის ოფიციალურად გახსნილია რეგიონში მოქმედი ოთხივე ეროვნული პარკი და დაცული ტერიტორია. განახლებული პეტრას ციხეც ვიზიტორების მოლოდინშია“, – აღნიშნულია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციაში.

მუშაობა განაახლეს აგრეთვე პანდემიის გამო შეჩერებულმა ტურიზმის საინფორმაციო ცენტრებმა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, საინფორმაციო ცენტრები თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებში უკვე გაიხსნა და ისინი ეტაპობრივად მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიხსნება.

გუშინ, აჭარის რეგიონში ტურისტული სეზონის ოფიციალურ გახსნამდე ერთი დღით ადრე კულტურისა და ტურიზმის სექტორში დასაქმებულთა მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო.

პანდემიის დაწყებიდან პირველად აჭარის რეგიონი უცხოელ ვიზიტორებს უმასპინძლებს როგორც მეზობელი, ისე იმ სამიზნე ქვეყნებიდან, საიდანაც ბათუმის მიმართულებით რეგულარული ფრენები ხორციელდება.

24
თემები:
ტურიზმი საქართველოში
ტურისტული საინფორმაციო ცენტრი ბათუმში

საქართველოს მასშტაბით ტურისტული საინფორმაციო ცენტრები იხსნება

38
(განახლებულია 23:03 14.06.2021)
ცენტრების მიზანია საქართველოში ჩამოსული და ადგილობრივი ტურისტის სრულყოფილი ინფორმირება ტურისტული მომსახურებისა და პროდუქტების შესახებ, ასევე საქართველოს ტურისტული პოტენციალისა და ახალი პროდუქტების პოპულარიზაცია.

თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. პანდემიის გამო შეჩერებულმა ტურიზმის საინფორმაციო ცენტრებმა მუშაობა განაახლეს, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ნათია თურნავა „კომენდანტის საათის“ გაუქმებას არ გამორიცხავს >>

უწყების ინფორმაციით, საინფორმაციო ცენტრები თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებში უკვე სრული დატვირთვის ფუნქციონირებს და ეტაპობრივად ისინი მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიხსნება.

„ქვეყნის საზღვრების ეტაპობრივ გახსნასთან ერთად ჩვენ დავიწყეთ საინფორმაციო ცენტრების აღდგენა, სადაც შემოსულ ვიზიტორებს საშუალება ექნებათ, დეტალური ინფორმაცია მიიღონ როგორც საქართველოში არსებული ტურისტული პროდუქტებისა და სერვისების, ასევე კოვიდ-პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ტურიზმის საინფორმაციო ცენტრების პრიორიტეტია – ქვეყანაში შემოსულ ტურისტებს ჰქონდეთ სრული ინფორმაცია და უსაფრთხოდ გაატარონ დრო საქართველოში, ნათქვამია განცხადებაში.

საინფორმაციო ცენტრების თანამშრომლებისთვის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და USAID Zrda თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა სხვადასხვა ტრენინგი უსაფრთხოების სტანდარტებისა და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით.

კორონავირუსის პანდემიის შედეგად ყველაზე მეტად ტურიზმის სფერო დაზარალდა. 2019 წელს საქართველოს რეკორდულმა წარმატებამ ტურიზმის სფეროში, როდესაც საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვმა 9,3 მილიონს გადააჭარბა, ხოლო მიღებულმა შემოსავლებმა 3,3 მილიარდი დოლარი შეადგინა, აიძულა ამ დარგში დასაქმებული ადამიანები უფრო საფუძვლიანად მომზადებულიყვნენ 2020 წლისთვის. მაგრამ პანდემიამ ტურიზმის ინდუსტრიის ყველა გეგმა და იმედი ჩაშალა.

საქართველოში მაისში ჩამოსული უცხოელების რაოდენობა 2,5-ჯერ გაიზარდა >>

ტურიზმისგან მიღებული შემოსავლები 2020 წელს 427,7 ათას დოლარამდე შემცირდა, ხოლო საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა - 1,7 მილიონამდე.

 

38
ვაშლიჯვარი

როდის აღდგება ვაშლიჯვრის გზაზე მოძრაობა - თბილისის მერის მოადგილის განმარტება

0
(განახლებულია 13:14 17.06.2021)
თბილისის მერია ელოდება ექსპერტულ პროექტს, რომლის მიხედვით დაიწყება მეორე ეტაპის სამუშაოები. ორმხრივი მოძრაობა მეწყრული პროცესების სრული სტაბილიზაციის შემდეგ აღდგება.

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. ვაშლიჯვარი-ნუცუბიძის დამაკავშირებელ მუხრან მაჭავარიანის ქუჩაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა, სავარაუდოდ 2,5 თვეში აღდგება, განაცხადა თბილისის მერის მოადგილეირაკლი ბენდელიანმა ტელეკომპანია Imedi-ის ეთერში.

15 მარტს თბილისის მერიამ გაავრცელა განცხადება, რომ ვაშლიჯვარი-ნუცუბიძის დამაკავშირებელ მუხრან მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე განხორციელებული გარკვეული მოქმედებების გამო მეწყრული პროცესები გააქტიურდა. ფერდობზე 18 მეტრზე მეტი სიღრმის ნაპრალები გაჩნდა, რომელთა სიგანე ყოველდღე დაახლოებით 5 სანტიმეტრით იზრდებოდა. გეოლოგების პროგნოზით, გაჩნდა ფერდობის ჩამოშლის სერიოზული საფრთხე. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით 16 მარტიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა. მოგვიანებით დაიწყო ფერდობის გამაგრების სამუშაოები.

ბენდელიანის განმარტებით, ქალაქის ხელისუფლებამ უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით წარმატებით შეასრულა მაჭავარიანის ქუჩაზე და მიმდებარე ტერიტორიაზე გამაგრებითი სამუშაოების პირველი ეტაპი და მოსახლეობას არანაირი საფრთხე აღარ ემუქრება. აღნიშნულ ტერიტორიაზე მეწყრული პროცესის შეჩერების მიზნით, სამუშაოების მეორე ეტაპი ექსპერტული პროექტის შესაბამისად განხორციელდება, დაძინა მან.

„რამდენიმე დღეში ველოდებით დეტალურ პროექტს, რომლის მიხედვითაც დაიწყება მეორე ეტაპის სამუშაოები... ბუნებრივია, ჩვენც გვეჩქარება საავტომობილო მოძრაობის აღდგენა, თუმცა, პირველ რიგში, აუცილებელია დავრწმუნდეთ, რომ იგი გადაადგილებისთვის უსაფრთხო იქნება", - განაცხადა ბენდელიანმა.

მეწყრული პროცესების გააქტიურების შემდეგ თბილისის მერიამ მეწყერსაშიშ ტერიტორიაზე დაამონტაჟა მონიტორინგის თანამედროვე სისტემა, რომელიც 24-საათიან რეჟიმში უზრუნველყოფს მეწყრულ პროცესებზე ზუსტი ინფორმაციის მიღებას.

ამჟამად მეწყრის რისკები მერიის მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად შემცირებულია.

0
თემები:
თბილისის მერია