ფრანგული ტელეკომპანია ამზადებს სიუჟეტს საქართველოს შესახებ

ფრანგული ტელეკომპანია საქართველოზე გადაცემას ამზადებს

74
(განახლებულია 16:55 28.04.2021)
სიუჟეტი საქართველოს შესახებ პოპულარულ სათავგადასავლო შოუში Echappées Belles ივნისში გავა ტელეარხზე, რომელსაც მილიონობით მაყურებელი ჰყავს

თბილისი, 28 აპრილი – Sputnik. საფრანგეთის ერთ–ერთი ყველაზე რეიტინგული ტელეკომპანია France 5–ის პოპულარული სათავგადასავლო შოუ Echappées Belles საქართველოს შესახებ გადაცემას ამზადებს.

როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აცხადებს, ექვსკაციანი გადამღები ჯგუფი საქართველოს სხვადასხვა ტურისტულ მიმართულებას ეცნობა. ორკვირიანი პრეს–ტურის ფარგლებში ფრანგი ჟურნალისტები ეწვივნენ თბილისს, მცხეთას, ანანურს, ვარძიას, ქუთაისს და საინტერესო ტურისტული ადგილები გადაიღეს.

„სანამ საქართველოში გამოვემგზავრებოდი, თქვენი ქვეყნის შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი, მაგრამ აქ ჩამოსვლის შემდეგ აღმოვაჩინე ქვეყანა, რომელიც მრავალფეროვანი ბუნებით, მდიდარი კულტურით, თბილი და სტუმართმოყვარე ხალხით გამოირჩევა. ძალიან მომეწონა თბილისი, როგორც ძველი ასევე თანამედროვე არქიტექტურით, რეგიონებში ქართველ მეღვინეებს შევხვდი – თქვენ ერთ-ერთი საუკეთესო ღვინო გაქვთ“, – აღნიშნა France-5-ის გადაცემის წამყვანმა ჟერომ პიტორინიმ.

გადამღები ჯგუფი საქართველოს შესახებ 90–წუთიან სიუჟეტსამზადებს, რომელიც ტელეარხ France 5 TV–ზე ივნისში გავა. პროგრამა Echappées Belles–ს მილიონზე მეტი მაყურებელი ჰყავს.

პრეს–ტურის მიზანია საქართველოს, მისი ისტორიის, კულტურის პოპულარიზება და ტურისტების მოზიდვა საფრანგეთიდან.

France 5 TV–ს გადამღები ჯგუფის ჩამოსვლის პარალელურად ტურიზმის ეროვნულმა სააგენტომ უძველესი და პოპულარული ფრანგული გამოცემა „ფიგაროს“ ჟურნალისტსა და ფოტოგრაფს უმასპინძლა. ისინი საქართველოს შესახებ „ფიგაროში“ დიდ სტატიას ამზადებენ.

74
თემები:
ტურიზმი საქართველოში (308)
აეროპორტი

აპრილში საერთაშორისო ვიზიტორთა რაოდენობა 2,5-ჯერ გაიზარდა

38
(განახლებულია 15:29 07.05.2021)
თებერვლიდან ხელისუფლებამ საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვები გააუქმა და იმ ქვეყნების ჩამონათვალი გააფართოვა, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში მოგზაურობა სავალდებულო კარანტინის გავლის გარეშე შეუძლიათ.

თბილისი, 7 მაისი — Sputnik. 2021 წლის აპრილში საქართველოში 82,5 ათასი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, რაც 140,4%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მასალებში.

2021 წლის აპრილში ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა თურქეთიდან, ისრაელიდან და რუსეთიდან.

ადმინისტრაციის მონაცემებით, 2021 წლის პირველ ოთხ თვეში საქართველოს 212,7 ათასი საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 81,6%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 

პანდემიის გამო 2020 წლის მარტიდან საქართველოს საზღვრები ნაწილობრივ ჩაკეტილია. მიმდინარე წლის თებერვლიდან ხელისუფლებამ საჰაერო მიმოსვლაზე დაწესებული შეზღუდვები გააუქმა და იმ ქვეყნების ჩამონათვალი გააფართოვა, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში მოგზაურობა სავალდებულო კარანტინის გავლის გარეშე შეუძლიათ.

ტურისტული სექტორი, რომელშიც დაახლოებით 150 ათასი ადამიანი იყო დასაქმებული, ყველაზე მეტად დააზარალა კორონავირუსის პანდემიამ, ამიტომ ამ სფეროს და ტურიზმთან დაკავშირებული დარგების დახმარება მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს. რთულ ვითარებაში აღმოჩენილი ტურისტული სექტორის დახმარება ხელისუფლებამ პანდემიის პირველივე დღეებში დაიწყო – შემუშავდა ანტიკრიზისული პაკეტი, რომელიც 2020 წელს რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. 

ტურიზმთან დაკავშირებულ 6 ათასზე მეტ კომპანიას 1 ნოემბრამდე საშემოსავლო გადასახადი და ოთხი თვით ქონების გადასახადი გადაუვადდა. გარდა ამისა, 2,2 ათასმა სასტუმრომ ექვსი თვის განმავლობაში საბანკო სესხების 80%-ის სუბსიდირება მიიღო. ამასთან კომპანიებს საკუთარი სესხების რესტრუქტურიზაციის შესაძლებლობა მიეცათ.

თუმცა, ტურიზმის სფეროში დასაქმებულები და ექსპერტები აცხადებენ, რომ დახმარება მაინც მიზერულია და მას იმ რეალური ზარალის ანაზღაურება არ შეუძლია, რაც აღნიშნულ სფეროში დასაქმებულმა ადამიანებმა მიიღეს. მათი თქმით, თუ სასტუმრო ინდუსტიამ ალტერნატიული შემოსავლის მიღება კოვიდ–სასტუმროებად გადაკეთების გზით შეძლო, ტურ-ოპერატორები, გიდები და ტურიზმის სფეროში დასაქმებული სხვა პირები საერთოდ შემოსავლის გარეშე დარჩნენ.

კორონავირუსის პანდემიამ ტურისტული ინდუსტრიის ყველა გეგმა და მოლოდინი ჩაშალა. 2020 წელს ტურიზმიდან შემოსავალი ყველაზე დაბალი – 427,7 ათასი დოლარი იყო.

38
თემები:
ტურიზმი საქართველოში (308)
ქუთაისის აეროპორტი

რომელი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები იფრენენ საქართველოში

120
(განახლებულია 22:24 04.05.2021)
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელის განცხადებით, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ავიარეისების დამატება იგეგმება.

თბილისი, 4 მაისი – Sputnik. პანდემიის მიუხედავად, FlyArystan-ის გარდა, საქართველოს ავიაბაზრით დაინტერესებული არიან სხვა დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიებიც, განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა თამარ არჩუაძემ.

ბათუმსა და დუბაის შორის რეგულარული ავიარეისები შესრულდება>>

მისი თქმით, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე, COVID-რეგულაციების შემსუბუქებასთან ერთად, იგეგმება რეისების დამატება.

„სასიხარულოა, რომ საქართველოს ავიაბაზრით დაინტერესებული არიან სხვა დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიებიც, მაგალითად, 30 აპრილიდან საქართველოს მიმართულებით ოპერირება დაიწყო უკრაინულმა ავიაკომპანია Bees Airline-მა, ხოლო ზაფხულში, ივლისიდან თბილისის მიმართულებით ფრენებს Eurowings-ი დაიწყებს“, – აღნიშნა თამარ არჩუაძემ.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელის თქმით, გარდა ამისა, ავიაკომპანია Wizz Air-ს, რომელიც ოპერირებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, მაისში ემატება რეისები რიგისა და დორტმუნდის მიმართულებით. ასევე დაემატება კატოვიცესა და გდანსკის მიმართულებები.

რეისებისა და მიმართულებების დამატებაზე აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს ასევე FlyArystan-თან.

„ჩვენ ვაგრძელებთ მოლაპარაკებას ავიაკომპანიასთან და COVID-რეგულაციების შემცირების ფონზე შესაძლებლობას განვიხილავთ, რომ რეისებისა და მიმართულებების რაოდენობა გაიზარდოს“, – განაცხადა არჩუაძემ.

დღეს ყაზახურმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია FlyArystan-მა აქტაუდან ქუთაისის მიმართულებით რეგულარული რეისების განხორციელება დაიწყო – აქტაუ-ქუთაისი-აქტაუს საჰაერო ხაზზე FlyArystan-მა პირველი რეისი დღეს შეასრულა.

აქტაუდან ჩამოსულ მგზავრებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი თამარ არჩუაძე და FlyArystan-ის მმართველი დირექტორი ადრიან ჰამილტონ მანსი დახვდნენ.

სამთვიანი პაუზის შემდეგ Wizz Air-მა საქართველოსა და ევროპას შორის რეისები განაახლა>>

მგზავრებს საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და DMO IMERETI-ს ორგანიზებით სიმბოლური საჩუქრები დაურიგდა.

საინაუგურაციო ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან კარანაძემ, სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძემ, ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, მისმა მოადგილემ ირაკლი ქარქაშაძემ, DMO IMERETI-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ტატო ლილუაშვილმა და სხვებმა.

FlyArystan-ი ყაზახეთიდან საქართველოში სამი მიმართულებით იფრენს. ესენია: ატირაუ, აქტაუ და ნურ-სულთანი. ავიაკომპანიამ ატირაუდან ქუთაისის მიმართულებით პირველი ფრენა 2 მაისს განახორციელა. დღესვე, 23:00 საათზე პირველი ფრენა ქუთაისის მიმართულებით ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანიდან განხორციელდება.

FlyArystan პირველი ყაზახური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, რომელიც AIR ASTANA-ს შვილობილ კომპანიას წარმოადგენს. ავიაკომპანია ძირითადად AIRBUS A320 ტიპის საჰაერო ხომალდებით ოპერირებს. 1 მარტიდან საჰაერო გზით ყაზახეთიდან საქართველოში შემოსვლის პროცედურები გამარტივდა. კერძოდ, ყაზახეთის მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის კვეთა PCR–ტესტის ნეგატიური პასუხით შეუძლიათ. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, ყაზახეთში შესასვლელად უნდა ჰქონდეთ ნეგატიური PCR–ტესტი, მათ შორის ვაქცინირებულ მოქალაქეებსაც.

ასევე ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქე, რომელიც საზღვრის კვეთისას წარმოადგენს ნებისმიერი კოვიდ-ვაქცინის სრული კურსის ჩატარების (ორი დოზა) დამადასტურებელ დოკუმენტს, შეძლებს საქართველოში საჰაერო გზით ნებისმიერი ქვეყნიდან შემოსვლას.

კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველომ რეგულარული ფრენები 2020 წლის მარტის შუა რიცხვებიდან ყველა მიმართულებით შეწყვიტა. საქართველოდან და საქართველოს მიმართულებით სრულდებოდა მხოლოდ სპეცრეისები ქვეყნის მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად. ზაფხულში რეგულარული რეისების აღდგენა დაიწყო, მაგრამ ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო საავიაციო მიმოსვლის განახლება რამდენჯერმე გადაიდო.

მიმდინარე წლის თებერვლიდან ხელისუფლებამ გახსნა საჰაერო საზღვრები და გააფართოვა იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებსაც ხანგრძლივი სავალდებულო კარანტინის გარეშე შეუძლიათ ქვეყანაში ჩამოსვლა.

120
თემები:
ტურიზმი საქართველოში (308)
საპატრულო პოლიცია ავტობანზე

უკვე მეხუთე დღე: ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულების გაფიცვა გრძელდება

0
(განახლებულია 18:54 08.05.2021)
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ეკონომიკური კრიზისის, ლარის გაუფასურებისა და პროდუქტების გაძვირების პირობებში ოჯახების ელემენტარული რჩენისთვის ხელფასები არ ჰყოფნით

თბილისი, 8 მაისი – Sputnik. აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალის ხევი–უბისას მონაკვეთზე დასაქმებული მუშები უკვე მეხუთე დღეა, არ მუშაობენ. ისინი ხელფასების მომატებას ითხოვენ, იუწყება პირველი არხი.

400–მდე მუშის გაფიცვა ხარაგაულის რაიონის სოფელ ბორითთან მიმდინარეობს, სადაც გზის მონაკვეთის მესამე სატრანსპორტო კვანძია.

„კომუნიკაციაც არა გვაქვს, ვერ გვაგებინებენ, ვერ ვაგებინებთ, თარჯიმანი არის, მაგრამ ოფისშია, ობიექტებზე არ არის. რამე რომ დაგავალოს უფროსმა, ვერ გაიგებ. ძალიან გვიჭირს ასე. დაბალი ხელფასები გვაქვს და გაზრდას მოვითხოვთ“, – განაცხადა აქციის ერთ–ერთმა მონაწილე ბექა ციკორიშვილმა.

აქციის მეორე მონაწილე სერგო გელაშვილმა კი განაცხადა, რომ მათი მთავარი მოთხოვნა არის უცვლელი – დღიური ხელფასის 30%–ით გაზრდა და შრომითი უსაფრთხოების დაცვა, რაც გამოიხატება იმაში, რომ არც გვირაბებში, არც ხიდებზე არანაირი უსაფრთხოების წესები დაცული არ არის.

რიკოთის საუღელტეხილო გზის ხევი–უბისას მონაკვეთის მშენებლობას ჩინური კომპანია Hunan Road and Bridge Construction Group ახორციელებს. 

რიკოთის უღელტეხილზე გზის მშენებლობა გრძელდება>>

რიკოთის საუღელტეხილო გზაზე, რომელიც აღმოსავლეთი–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ნაწილს წარმოადგენს, ხიდებისა და გვირაბების მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს. პროექტი ხევი–უბისას 12,2 კმ-იან მონაკვეთზე ოთხზოლიანი გზის მშენებლობას ითვალისწინებს. აღნიშნულ მონაკვეთზე 35 ახალი ხიდისა (18 ხიდი თბილისი–არგვეთას მიმართულებით, ხოლო, 17 – არგვეთა–თბილისის მიმართულებით) და 18 გვირაბის მშენებლობა იგეგმება.

0