მაღალმთიანი აჭარა

ახალი ტურისტული მარშრუტი აჭარას გურიასთან დააკავშირებს

66
(განახლებულია 00:01 15.11.2020)
ახალ მარშრუტზე ტურისტები დაათვალიერებენ სოფელ ღორჯომს, მის ლამაზ ხის ოდებს, ჩანჩქერებს და ხუთგუმბათოვან მეჩეთს, მთა ლეკნარს, საზაფხულო სადგომებს და კურორტ ბახმაროს

თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. „ღორჯომი-მთა ლეკნარი-კურორტი ბახმარო“ - ასე ეწოდება ახალ ტურისტულ მარშრუტს, რომელიც ხულო გურიის რეგიონს აკავშირებს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ დაასრულა ახალი სალაშქრო-სათავგადასავლო ტურისტული მარშრუტის მარკირება, რომელიც სოფელ ღორჯომში იწყება და ლეკნარის მთის გავლით კურორტ ბახმაროში სრულდება.

სოფელი ღორჯომი გამოირჩევა მაღალმთიანი აჭარისთვის დამახასიათებელი არქიტექტურით, სადაც ავთენტურადაა შემონახული აჭარული ყოფა და ტრადიციები. სოფელში დღემდე მრავლადაა შემორჩენილი ძველი წესით ნაშენები ხის ოდები. გამორჩეულია სოფლის ცენტრში მოქმედი ხის, ხუთგუმბათოვანი მეჩეთი და დავლაძეების უბნის კასკადოვანი ჩანჩქერები. გარდა ამისა, ეს ერთ-ერთი ხეობაა აჭარაში, სადაც დიდი რაოდენობით ჰყავთ ცხენები, რაც დიდ მიმზიდველობას წარმოადგენს სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულთათვის.

მიმდინარე წელს ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ ღორჯომი-ბახმაროს ტურისტულ მარშრუტთან ერთად კიდევ ერთი ახალი გარდამავალი ტურისტული ბილიკის მარკირება განახორციელა.

გარდამავალი მარშრუტი კინტრიშის ეროვნულ პარკს ჯვარიმინდორთან, ჭვანის ხეობასთან და გომის მთასთან აკავშირებს. მარშრუტი შუახევის და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში, ალპური ზონის ტურისტული ბილიკის გავლით 3-4 დღიან სალაშქრო, მრავალფეროვან ტურისტულ მარშრუტს ქმნის.

66
თემები:
ტურიზმი საქართველოში (293)
გუდაური

გუდაურში წყალმომარაგების პრობლემა აღმოიფხვრება

22
(განახლებულია 21:17 02.12.2020)
პროექტების განხორციელების შედეგად საკურორტო ზონა წყლისა და წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურით და 24-საათიანი, უწყვეტი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

თბილისი, 2 დეკემბერი – Sputnik. დაბა გუდაურში წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს, ნათქვამია „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

კომპანიის დირექტორი გიგა მანდარია გუდაურში მიმდინარე პროექტებს ადგილზე გაეცნო და არსებული ვითარება შეაფასა.

უწყების ცნობით, ამ დროისათვის გუდაურში როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებული რამდენიმე პროექტი მიმდინარეობს.

კერძოდ, პროექტებით გათვალისწინებულია წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემისა და წყალარინების გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა, რომელიც ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ ჩამდინარე წყლების წმენდას სრული ბიოლოგიური ციკლის დაცვით განახორციელებს. ასევე აშენდება რეზერვუარი, 34 კილომეტრამდე საკანალიზაციო და 3 კილომეტრამდე წყალმომარაგების ქსელი.

დასრულების ეტაპზეა სათავე ნაგებობებისა და ჭაბურღილების მოწყობა.

კომპანიის ინფორმაციით, სამუშაოების შედეგად გუდაურის მოსახლეობა და იქ ჩასული დამსვენებლები 24-საათიანი, უწყვეტი წყალმომარაგებითა და წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურით იქნებიან უზრუნველყოფილი. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალარინების გამწმენდი ნაგებობები მნიშვნელოვნად შეამცირებს ეკოლოგიური დაბინძურების რისკებს რეგიონში.

დაბა გუდაურის წყალმომარაგების პროექტების ჯამური ღირებულება დაახლოებით 40 მლნ ლარს შეადგენს.

მიმდინარე წლის დასაწყისში ზამთრის ორ კურორტზე – გუდაურსა და ბაკურიანში წყალმომარაგების პრობლემა წარმოიშვა. კურორტებზე აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად რამდენიმე დღის განმავლობაში ინტენსიური სამუშაოები ტარდებოდა. როგორც მაშინ განმარტეს, გუდაურსა და ბაკურიანში წყლის პრობლემა თოვლის არარსებობით იყო გამოწვეული, რადგან დაიცალა რეზერვუარები, რომლებიც თოვლით ივსება.

22
პეტრას ციხე

რეაბილიტირებული პეტრას ციხე პირველ სტუმრებს მომავალი წლის გაზაფხულზე მიიღებს

56
(განახლებულია 19:23 02.12.2020)
ტერიტორიაზე მოეწყობა კაფე-რესტორნები, სუვენირების მაღაზია, მუზეუმი. ტერიტორიაზე შესვლა ფასიანი გახდება. ობიექტი ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის.

თბილისი, 2 დეკემბერი – Sputnik. პეტრას ციხის რეაბილიტაცია მალე დასრულდება და პირველ ვიზიტორს, სავარაუდოდ, გაზაფხულზე მიიღებს, იუწყება აჭარის ტელევიზია.

ამჟამად სარეაბილიტაციო სამუშაოების დასკვნითი ეტაპი მიმდინარეობს.

არქეოლოგიური აღმოჩენები პეტრას ციხეზე გრძელდება>>

პანდემიის მიუხედავად ისტორიული ციხე-ქალაქის რეაბილიტაციის პროცესი არ შეჩერებულა.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის ზაურ ახვლედიანის ინფორმაციით, ტერიტორიაზე მოეწყობა კაფე-რესტორნები და მუზეუმი, შესვლა კი ფასიანი გახდება. ობიექტი ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.

ადგილზე კომერციული საქმიანობისთვის რამდენიმე თვეში აუქციონი გამოცხადდება. ახვლედიანის განცხადებით, გონიოსა და პეტრას ციხის კაფეებს, სუვენირების მაღაზიასა და საორგანიზაციო თემატიკას აუქციონზე ერთ ლოტად გაუშვებენ. 

ტერიტორიაზე კაფე–რესტორნები, რომლებიც გვიან ღამემდე იმუშავებენ, და სხვა ობიექტები მომგებიანი იქნება როგორც ინვესტორების, ისე სახელმწიფოსთვის, აღნიშნა ახვლედიანმა.

მისი თქმით, რეაბილიტაციის შემდეგ უფრო მეტი რაოდენობის ვიზიტორებს ელოდებიან.

პეტრა — ეგრისის სამეფოს ისტორიული ციხე-სიმაგრეა. აღნიშნული ტერიტორია, რომელსაც გააჩნდა უნიკალური სამხედრო-სტრატეგიული და სავაჭრო-ეკონომიკური მდებარეობა, ისტორიულად ლაზების დასახლებას წარმოადგენდა.

ციხე ბიზანტიის იმპერატორმა იუსტინიანემ ააგო. კარგად გამაგრებული ქალაქი ხანგრძლივი ალყის შემდეგ სპარსელებმა ჩაიგდეს ხელში. საბოლოოდ სპარსელებმა ომი წააგეს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ბიზანტიელებმა ციხე მაინც დაანგრიეს.

56
თემები:
ტურიზმი საქართველოში (293)
წინანდლის პრემიის ლოგოტიპი 2017 წელს

ცნობილია „წინანდლის პრემია 2020“–ის ლაურეატების ვინაობა

0
(განახლებულია 17:09 03.12.2020)
კონკურსის ფარგლებში ახალგაზრდა მეცნიერებსა და მხატვრებს შეეძლოთ წარედგინათ 2020 წლის განმავლობაში რეალიზებული საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტები

თბილისი, 3 დეკემბერი - Sputnik. ზურაბ ჟვანის სახელობის „წინანდლის“ პრემიის ჟიურიმ მეცნიერებისა და ხელოვნების სხვადასხვა სფეროში 2020 წლის ლაურეატები გამოავლინა.

ნომინაციაში „თეატრალური ხელოვნება“ გაიმარჯვა შალვა დადიანის სახელობის ზუგდიდის დრამატული თეატრის რეჟისორმა დავით თურქიაშვილმა სპექტაკლისთვის „უხერხემლო“.

კინოხელოვნების კატეგორიაში გაიმარჯვეს კინორეჟისორებმა საბა ქარელმა და მირიან ორაგველიძემ  მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმისთვის „მამის პორტრეტი ინტერიერში“.

კატეგორიაში „მუსიკალური ხელოვნება“ ლაურეატი გახდა ანუშკა ჩხეიძე - ელექტრონული მუსიკის კომპოზიტორი სადებიუტო ალბომისთვის Halfie (CES Records).

ნომინაციაში „მხატვრული ლიტერატურა (პოეზია)“ გაიმარჯვა პოეტმა გიორგი შონიამ

პოეტური კრებულით ,,რობოტების ყვავილები'', ხოლო ამავე ნომინაციის პროზის კატეგორიაში მწერალმა ივა ფეზუაშვილმა რომანით „ბუნკერი“.

„სახვითი ხელოვნების“ კატეგორიაში ლაურეატია მხატვარი შოთიკო აფციაური ინსტალაციით „ტყის ჭრა, ტაძრის შენება“.

კატეგორიაში „ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები“ გაიმარჯვა მოლეკულურმა ბიოლოგმა ცოტნე ჩიტიაშვილმა ნაშრომისთვის  „ცილების ნაკრები განაპირობებს Xist არამაკოდირებელი რნმ-ის ლოკალიზაციას ბირთვში და გენების ინაქტივაციას“.

კატეგორიაში „ჰუმანიტარული მეცნიერებები“ კი გამარჯვება ერგო ისტორიკოს ნიკა ხოფერიას

ნაშრომიისთვის „გვიანანტიკური საქართველოს სამხედრო ისტორია“.

„წინანდლის პრემიის“ გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან დიპლომებით, პრიზებითა და ფულადი ჯილდოებით.

კონკურსი დისტანციურ ფორმატში 21 სექტემბრიდან 21 ოქტომბრამდე მიმდინარეობდა. კონკურსის ფარგლებში ახალგაზრდა მეცნიერებსა და მხატვრებს 2020 წლის განმავლობაში რეალიზებული საინტერესო პროექტების წარდგენის შესაძლებლობა ჰქონდათ.

0
თემები:
საქართველო და კულტურა