მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ლოგოტიპი

UNWTO-ს გენერალური მდივანი: ტურიზმის აღდგენა იწყება

105
(განახლებულია 16:24 17.09.2020)
მსოფლიო ტურიზმის აღმასრულებელმა საბჭომ თბილისის დეკლარაცია მიიღო, რომელიც მხარს უჭერს ტურიზმის განახლების თვალსაზრისით საქართველოს მთავრობის ძალისხმევას.

თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭო მიესალმება და მხარს უჭერს ქვეყანაში ტურისტული სექტორის ამოქმედების კუთხით საქართველოს მთავრობის ძალისხმევასა და ეფექტურ ზომებს. შესაბამისი დეკლარაცია ორგანიზაციის აღმასრულებელმა საბჭომ თბილისში მიიღო, იუწყება საქართველოს მთავრობის პრეს-სამსახური. 

აღმასრულებელი საბჭოს თბილისის დეკლარაცია UNWTO-ს გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პირადად გადასცა.

დეკლარაციაში ნათქვამია, რომ საბჭო მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის ძალისხმევას ტურიზმის სფეროს გახსნის მიმართულებით.

„ეს ტურიზმის გლობალურ რუკაზე ქვეყანას გამძლე, სტაბილურ და ძალიან ფასეულ დანიშნულების ცენტრად წარმოაჩენს", – ნათქვამია დეკლარაციაში, რომელიც აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომის ფარგლებში იქნა მიღებული.

დეკლარაციის მთავარი მიზანია მსოფლიოში ტურიზმის სტაბილური განვითარების ხელშეწყობა, მასში განსაზღვრულია ტურისტული ინდუსტრიის პოლიტიკის ძირითადი ვექტორი, არსებული გამოწვევების დაძლევის სამომავლო გეგმები.

„დიდად ვაფასებთ და გულწრფელად ვუხდით მადლობას საქართველოს მთავრობას გაერთიანებული ერების მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს საზეიმო სხდომის მოწვევისა და გულთბილი მასპინძლობისთვის, რომელიც პანდემიის შემდეგ იმართება და საქართველოს მდიდარი კულტურული მემკვიდრეობისა და უნიკალური სტუმარმასპინძლობის ტრადიციის შეგრძნების შესაძლებლობას გვაძლევს“, – აღნიშნულია დეკლარაციაში.

16-17 სექტემბერს თბილისში გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომა ტარდება. ეს COVID-19-ის პანდემიის პერიოდში მსოფლიოში უპრეცედენტოდ მაღალი რანგის წარმომადგენლობითი ღონისძიებაა. 

სხდომა გახსნეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და UNWTO-ს გენმდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა. დელეგატებს შორის არიან მაღალი რანგის სტუმრები ესპანეთიდან, საბერძნეთან, პორტუგალიიდან, რუმინეთიდან, მაროკოდან, საუდის არაბეთიდან.

„ეს იყო პანდემიის შემდეგ გაეროს ორგანიზაციის პირველი შეხვედრა და ის, რომ საქართველოს 20 სხვადასხვა ქვეყნის დელეგაცია და მაღლი რანგის სტუმრები ეწვივნენ, უფლებას გვაძლევს ვთქვათ, რომ ტურიზმი აღდგენას იწყებს. თუმცა, ამას გარკვეული დრო დასჭირდება“, – განაცხადა პოლოლიკაშვილმა.

მისი თქმით, ეს იყო ტურიზმისთვის ისტორიული დღე და ყოველივე ეს საქართველოში მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა. როგორც პოლოლიკაშვილმა აღნიშნა, ღონისძიებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დასწრება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ საქართველო ტურიზმს, როგორც ეკონომიკის ძირითად ლოკომოტივს, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

„სწორედ ეს დეკლარაცია წარმოადგენს მსოფლიო მასშტაბით აღიარებას, რომ საქართველო დაცული და „მწვანე ზონაა“, როგორც მასზე დღეს ევროპის ყველა ქვეყანაში საუბრობენ. ეს კიდევ ერთი მესიჯია იმისა, რომ საქართველოში ჩამოსვლა შეიძლება. ღონისძიებაზე 30-ზე მეტი ქვეყნის დაახლოებით 150 სტუმარი შეიკრიბა. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვსურს, რომ ქვეყნებს შორის ეს ურთიერთობები გაგრძელდეს და უფრო გაღრმავდეს“, – აღნიშნა პოლოლიკაშვილმა. 

პოლოლიკაშვილის განცხადებით, აღმასრულებელი საბჭოს წევრებმა თბილისის დეკლარაცია მიიღეს და ყველა დათანხმდა, რომ შეიძლება საზღვრების გახსნა და ქვეყნებს შორის ურთიერთობების დალაგება. დეკლარაცია ეძღვნება სხვადასხვა ინოვაციური პროდუქტების დახმარებითა და სანიტარული ნორმების დაცვით საზღვრების გახსნის შესაძლებლობებს, რათა ადამიანებმა მოგზაურობა დაიწყონ, აღნიშნა მან.

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭო 35 წევრი სახელმწიფოსგან შედგება და ორგანიზაციის მმართველ ორგანოს წარმოადგენს. ის უზრუნველყოფს UNWTO-ს ეფექტიან მუშაობას და გლობალური დღის წესრიგით გათვალისწინებული მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრიის პოლიტიკის ძირითად საკითხებს განიხილავს. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოსტი საქართველოს ეკონომიკის ყოფილ მინისტრს ზურაბ პოლოლიკაშვილს 2017 წლიდან უკავია. მისი უფლებამოსულების ვადა 2018–2021 წლებს მოიცავს.

105
თემები:
ტურიზმი საქართველოში (297)
აბანოთუბანი

როგორ აპირებს ტურიზმის აღდგენას საქართველოს ხელისუფლება

68
საქართველოში 2020 წელს ტურიზმით მიღებულმა შემოსავალმა წარმოუდგენლად დაბალ დონეს მიაღწია - 427,7 ათასი დოლარი

თბილისი, 20 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება აპირებს რაც შეიძლება სწრაფად აღადგინოს ტურიზმი, მათ შორის ტურისტებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნის გზით, განაცხადა პარლამენტში ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ.

როგორ უნდა გაიხსნას ტურიზმი სწრაფად და უსაფრთხოდ - სექტორის ხუთპუნქტიანი გეგმა >>

საქართველოში კორონავირუსის პანდემიის შედეგად ყველაზე მეტად ტურიზმის ინდუსტრია დაზარალდა. ტურიზმის რეკორდულმა მიღწევებმა 2019 წელს, როდესაც საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ 9.3 მილიონს გადააჭარბა, ხოლო ამ დარგის მიერ მიღებულმა შემოსავალმა - 3.3 მილიარდს, ამ დარგში დასაქმებულ ადამიანებს უბიძგა უკეთ მოემზადონ 2020 წლისთვის. მაგრამ პანდემიამ ტურიზმის ინდუსტრიის ყველა გეგმა და იმედი ჩაშალა. 2020 წელს ტურიზმის შემოსავლები წარმოუდგენლად დაბალ ნიშნულზე დაეცა - 427,7 ათასი დოლარი, ხოლო საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა 1,7 მილიონი იყო.

„მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, ტურიზმის სექტორი განსაკუთრებული ზრუნვის საგანი იყო. სამომავლოდ, ვიზიტორებისთვის უფრო მეტად დივერსიფიცირებული და ხარისხზე ორიენტირებული ტურისტული პროდუქტები იქნება შეთავაზებული. ჩვენ დღეს ვპოზიციონირებთ, როგორც უსაფრთხო ტურისტული ქვეყანა. ვფიქრობ, რომ ტურიზმის აღდგენა ამ მიმართულებით სწრაფად მოხდება,“ – განაცხადა პარლამენტში ნათია თურნავამ.

პანდემიის გამო საქართველომ 2020 წლის მარტიდან საზღვრები ჩაკეტა და, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, რეგულარული ავიამიმოსვლა გააუქმა. კერძოდ, საზღვრის გადაკვეთა შეუძლიათ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც სამშობლოში ბრუნდებიან, და ასევე ტვირთების გადამზიდავებს.

გასული წლის ზაფხულიდან დაიწყო რეგულარული რეისების აღდგენა. პირველად განახლდა ფრენა მიუნხენის, რიგის და პარიზის მიმართულებით. ნოემბრიდან დაიწყო რეგულარული ავიამიმოსვლა ამსტერდამთან, ვენასთან, ბერლინსა და დოჰასთან (მანამდე სრულდებოდა ჩარტერული რეისები). თუმცა ეპიდვითარების გაუარესების გამო აკრძალვა 1 თებერვლამდე გაგრძელდა.

1 თებერვლიდან, რეგულარული რეისების განახლებასთან ერთად, საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა გამარტივდა როგორც უცხო ქვეყნების მოქალაქეებისთვის, ისე საქართველოს მოქალაქეებისთვის, მაგრამ, რა თქმა უნდა, გარკვეული პირობების დაცვით.

საქართველოში შეუფერხებლად შემოსვლა შეუძლია უცხო ქვეყნის მოქალაქეს, თუ მან COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაიტარა და ამის დამადასტურებელი დოკუმენტი გააჩნია.

გარდა ამისა, ევროკავშირის მოქალაქეებსა და რეზიდენტებს, ასევე ისრაელის, შვეიცარიის, აშშ-ის, საუდის არაბეთის, გაერთიანებული საამიროების და ბაჰრეინის მოქალაქეებს შეუძლიათ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა (ტრანზიტის ჩათვლით), თუ მათ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR-ტესტის უარყოფითი შედეგის დამადასტურებელი დოკუმენტი აქვთ. სამი დღის შემდეგ მათ განმეორებითი ტესტის ჩაბარება მოუწევთ.

68
შეხვედრა საუდის არაბეთის ელჩთან ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში

საქართველო მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტების დაბრუნების შესაძლებლობებს ეძებს

75
(განახლებულია 17:14 11.02.2021)
საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციაში ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის აღდგენის საკითხზე საუდის არაბეთის ელჩთან იმსჯელეს

თბილისი, 11 თებერვალი – Sputnik. საქართველო და საუდის არაბეთი ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის აღდგენას გეგმავენ, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებაში.

ქართველ ტუროპერატორებს ტურიზმის უსაფრთხო გახსნის გეგმა გააცნეს>>

ეს თემა გახდა მსჯელობის მთავარი საგანი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელ მედეა ჯანიაშვილსა და საქართველოში საუდის არაბეთის სამეფოს ელჩ აბდულა ალ-მუტაირის შეხვედრაზე.

„საუბარი შეეხო პოსტპანდემიურ პერიოდში ორმხრივი ტურისტული ნაკადების აღდგენას, ავიარეისების განახლებასა და უსაფრთხო მიმოსვლას“, – ნათქვამია განცხადებაში.

პანდემიამდე საუდის არაბეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზარს წარმოადგენდა. სპარსეთის ყურის ქვეყნების მსგავსად საუდის არაბეთიდან ჩამოსული ტურისტები მაღალმხარჯველიანობით გამოირჩევიან.

შემოსავლიანი ვიზიტორები საზღვარს უპრობლემოდ გადმოკვეთენ: მთავრობის ახალი ინიციატივა>>

საუდის არაბეთი 2019 წელს საქართველოში ჩამოსულ მოგზაურთა რაოდენობის მხრივ ტოპ–15 ქვეყანას შორის მე–12 ადგილზე იყო.

75
თემები:
ტურიზმი საქართველოში (297)
საწარმო

საქართველოში სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის საბჭო შეიქმნება

0
(განახლებულია 13:41 25.02.2021)
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო საწარმოების რეფორმაზე ფინანსთა სამინისტრომ მუშაობა 2020 წლის მეორე კვარტალიდან დაიწყო.

თბილისი, 25 თებერვალი - Sputnik. საქართველოში სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის საბჭო შეიქმნება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხუთშაბათს გამართულ მთავრობის  სხდომაზე.

მისი თქმით, ასეთი აუცილებლობა კორონავირუსით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის გამო წარმოიშვა. პრემიერი იმედს გამოთქვამს, რომ ახალი საბჭო ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას. 

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, საბჭო სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის სტრატეგიასა და კონკრეტულ სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს და ასევე  უზრუნველყოფს და მეთვალყურეობას გაუწევს რეფორმების დანერგვას ყველა ეტაპზე.

„ჩვენი მთავრობა აქტიურად მუშაობს სახელმწიფო საწარმოების კოპლექსურ რეფორმაზე, რომლის მიზანია, კორპორაციული მართვის უმაღლეს სტანდარტებთან დაახლოება. ეს არის ევროპული ტიპის რეფორმა, რომელიც ეფუძნება საუკეთესო ევროპულ სტანდარტებს და გამოცდილებას. ინიციატივას აქტიურად უჭერს მხარს საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი და „აზიის განვითარების ბანკი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

„რეფორმა მოგვცემს საშუალებას, მივაღწიოთ სახელმწიფო საწარმოთა სექტორში ეფექტიანობის ზრდას, რამაც ხელი უნდა შეუწყოს მათი წვლილის გაზრდას ეკონომიკურ საქმიანობაში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

კორონავირუსის პანდემიამ ქვეყნის ეკონომიკას დიდი ზიანი მიაყენა. მოსახლეობის გარკვეული ნაწილი შემოსავლის გარეშე დარჩა, ბიზნესი სტაგნაციას განიცდის, ვითარებას მოქმედი შეზღუდვებიც ართულებს. პანდემიის შედეგების შესარბილებლად მთავრობამ 2020 წლის აპრილში დაამტკიცა ანტიკრიზისული გეგმა მოსახლეობისა და ბიზნესის დასახმარებლად, რომელიც ამ დღემდე რამდენიმე ეტაპად ხორციელდება.

0