ტურისტები თბილისის აეროპორტში

ტოპ–6 ტურისტული ქვეყანა ქართველებისთვის: საზღვრის გადაკვეთის წესები პანდემიის პირობებში

479
(განახლებულია 15:54 27.08.2020)
დღევანდელი სტატიით შევეცდებით მოგაწოდოთ ინფორმაცია იმ რამდენიმე ქვეყნის შესახებ, რომლებიც კორონავირუსის პანდემიამდე საქართველოში ყველაზე პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებად განიხილებოდა.

მსოფლიოში 2020 წელი გაურკვევლობით დაიწყო – გასული წლის დეკემბერში ჩინეთში გავრცელებული COVID-19-ის გამო მთელი მსოფლიო ჩაიკეტა. შეჩერდა საერთაშორისო მიმოსვლა. კორონავირუსმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ყველა ქვეყნის სოციალურ, პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ ცხოვრებაზე.

COVID-19-მა ტურიზმის სექტორს ყველაზე სერიოზული დარტმა მიაყენა და ის ერთ-ერთი სფერო აღმოჩნდა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ყველაზე მეტად დაზარალდა. ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის (UNWTO) ბოლო მონაცემებით, ტურიზმთან დაკავშირებული ასობით მილიონი სამუშაო ადგილი რისკის ქვეშაა, ტურიზმიდან შემოსავლის მასობრივი ვარდნა კი გლობალურ მშპ-ს დაახლოებით 2.8%-ით შეამცირებს.

მსოფლიოში უკვე აქტიურად ცდილობენ ტურიზმის სექტორი აღადგინონ ისე, რომ პანდემიის პერიოდში უსაფრთხო იყოს. ამიტომ ქვეყნები გარკვეულ შეზღუდვებს აწესებენ ტურისტებისთვის, იქნება ეს სავალებულო ტესტირება კორონავირუსზე, კარანტინი თუ თვითიზოლაცია.

აღსანიშნავია, რომ საქართველო, ევროკავშირის საბჭოს 2020 წლის 30 ივნისის დადგენილებით, იმ ქვეყნების სიაშია, რომლებსაც ევროკავშირი მგზავრობაზე დროებით დაწესებულ შეზღუდვებს თანდათანობით მოუხსნის.

დღევანდელი სტატიით შევეცდებით მოგაწოდოთ ინფორმაცია იმ რამდენიმე ქვეყნის შესახებ, რომლებიც კორონავირუსის პანდემიამდე საქართველოში ყველაზე პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებად განიხილებოდა. კერძოდ, რა პროცედურების გავლა დაგჭირდებათ ახლა იმისთვის, რომ ამ ქვეყნებს კვლავ ესტუმროთ როგორც ტურისტი.

რომის კოლისეუმი
© CC0 / Pixabay
რომის კოლისეუმი

1. იტალია

როგორც იტალიის საკონსულოში განგვიცხადეს, საქართველო შესულია იმ ქვეყნების სიაში, რომლის მოქალაქეებსაც იტალიაში შესასვლელად რაიმე სპეციალური ნებართვა და მოტივაცია არ სჭირდებათ. საქართველოსთან ერთად ამ სიაში არიან: ავსტრალია, კანადა, იაპონია, რუანდა, კორეის რესპუბლიკა, ახალი ზელანდია, ტაილანდი, ტუნისი და  ურუგვაი. აღნიშნულ სიაში ჩამოთვლილი ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეები ვალდებული არ არიან დაასაბუთონ მგზავრობის მიზეზი.

გაითვალისწინეთ, თუ იტალიაში გამგზავრებას დააპირებთ, უნდა შეავსოთ სპეციალური დეკლარაცია. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ სავალდებულოდ რჩება იტალიაში 14-დღიანი თვითიზოლაცია. ამისათვის თქვენ თავად უნდა მოიძიოთ სასტუმრო, ან სახლი. დანიშნულების ადგილამდე კი მხოლოდ პირადი სატრანსპორტო საშუალებით უნდა მიხვიდეთ (ნებადართულია აეროპორტის ტრანზიტიც, აეროპორტის ტერიტორიების დატოვების გარეშე).

რაც შეეხება კორონავირუსზე ტესტირებას, დღევანდელი მდგომარეობით, მისი ჩატარება საჭირო არ არის.

ეიფელის კოშკი, პარიზი
© photo: Sputnik / Teona Gogniashvili
ეიფელის კოშკი, პარიზი

2. საფრანგეთი

საქართველოს მოქალაქეებისთვის საფრანგეთში შესვლა 2 ივლისიდანაა ნებადართული. მათ უნდა ჰქონდეთ ბიომეტრული პასპორტი, უკან დაბრუნების ბილეთი, დადასტურებული სასტუმროს ჯავშანი, მერიის მიერ გაცემული მოწვევა - attestation d’accueil ან ოფიციალური მოწვევა საქმიანი ვიზიტის შემთხვევაში, საფრანგეთში ყოფნის მთელი პერიოდისთვის საკმარისი ფინანსური რესურსის დამადასტურებელი საბუთი ნაღდი ფულით ან საბანკო ანგარიშზე, სამედიცინო დაზღვევა მთელი ყოფნის პერიოდზე.

საქართველოს მოქალაქეებისთვის საფრანგეთში შესვლისთვის დამატებითი შეზღუდვები არ არის დაწესებული.

Берлин
ბერლინი

3. გერმანია

როგორც საფრანგეთის შემთხვევაში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაშიც საქართველოს მოქალაქეების შესვლა უპირობოა და არ მოქმედებს დამატებითი შეზღუდვები.

ბარსელონა
photo: courtesy of Keti Kekelia
ბარსელონა

4. ესპანეთი

ესპანეთის სამეფომ საქართველო შეიყვანა იმ 15 ქვეყნისგან შემდგარ სიაში, საიდანაც მომავალ მგზავრებზე ქვეყანაში შესვლის შეზღუდვები არ ვრცელდება. კანონი ვრცელდება საქართველოს მხოლოდ იმ მოქალაქეებზე, რომლებიც ესპანეთში პირდაპირ საქართველოდან მიემგზავრებიან.

გასათვალისწინებელია, რომ ყველა მგზავრმა, რომელიც ესპანეთში გამგზავრებას აპირებს, მოგზაურობის დაწყებამდე უნდა შეავსოს ელექტრონული განცხადების ფორმა ვებ-გვერდზე: www.spth.gob.es, ან უფასო აპლიკაციის გამოყენებით. SPAIN TRAVEL HEALTH-SpTH ფორმის შევსების შემდეგ მგზავრი მიიღებს QR კოდს, რომელსაც წარადგენს ესპანეთში ჩასვლისას.

ვარშავა, პოლონეთი
ვარშავა, პოლონეთი

5. პოლონეთი

საქართველოს მოქალაქეებისთვის პოლონეთში შესვლაც უპირობოა და იქ არ მოითხოვენ დამატებით შეზღუდვებს, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოქალაქე პოლონეთში მხოლოდ პირდაპირი საჰაერო გზით მიემგზავრება.

საბერძნეთის დროშა
© photo: Sputnik / ალექსეი დანიჩევი
საბერძნეთის დროშა

6. საბერძნეთი

საბერძნეთში გამგზავრებამდე საქართველოს მოქალაქემ 48 საათით ადრე უნდა შეავსოს მგზავრის განთავსების ფორმა. ეს წესი 31 აგვისტოს ჩათვლით მოქმედებს. მგზავრი მიიღებს QR კოდს, რომელსაც წარადგენს საბერძნეთში ჩასვლისას. აღნიშნული ფორმის შეუვსებლობის ან QR კოდის არარსებობის შემთხვევაში მას საბერძნეთში არ შეუშვებენ.

საბერძნეთში საერთაშორისო ფრენებიდან ჩასული ყველა მგზავრი ექვემდებარება COVID-19-ის შემთხვევით ტესტირებას. ის მგზავრები, რომლებსაც შემთხვევითი ტესტირება შეეხება, გაემგზავრებიან საბოლოო დანიშნულების ადგილამდე და დარჩებიან თვითიზოლაციაში, ვიდრე პასუხები არ გახდება ცნობილი (პასუხები ცნობილი მაქსიმუმ 24 საათში იქნება). თუ COVID-19-ის ტესტი დადებითი იქნება, საბერძნეთის მთავრობის ჯანდაცვის სამსახურები აცნობებენ მგზავრებს და ავალებენ მათ, რომ გაიარონ 14-დღიანი კარანტინი.

გაითვალისწინეთ, რომ საქართველოში დაბრუნებისას, მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ქვეყნიდან ჩამოდიხართ, თქვენ 12-დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა მოგიწევთ. საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში კარანტინის ხარჯებს ფარავს სახელმწიფო, ასევე აეროპორტიდან სასტუმროში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს სახელმწიფო. სასტუმროს დატოვება ხდება 12-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, PCR–ტესტით დადასტურებული უარყოფითი პასუხის შემთხვევაში.

ასევე აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ ქვეყნების მიერ დაწესებული რეგულაციები მუდმივად გადაიხედება, ამიტომაც ავიაბილეთის შეძენამდე და გამგზავრებამდე კიდევ ერთხელ გადაამოწმეთ მიმღები ქვეყნის რეგულაციები.

 

479
მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ლოგოტიპი

UNWTO-ს გენერალური მდივანი: ტურიზმის აღდგენა იწყება

56
(განახლებულია 16:24 17.09.2020)
მსოფლიო ტურიზმის აღმასრულებელმა საბჭომ თბილისის დეკლარაცია მიიღო, რომელიც მხარს უჭერს ტურიზმის განახლების თვალსაზრისით საქართველოს მთავრობის ძალისხმევას.

თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭო მიესალმება და მხარს უჭერს ქვეყანაში ტურისტული სექტორის ამოქმედების კუთხით საქართველოს მთავრობის ძალისხმევასა და ეფექტურ ზომებს. შესაბამისი დეკლარაცია ორგანიზაციის აღმასრულებელმა საბჭომ თბილისში მიიღო, იუწყება საქართველოს მთავრობის პრეს-სამსახური. 

აღმასრულებელი საბჭოს თბილისის დეკლარაცია UNWTO-ს გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პირადად გადასცა.

დეკლარაციაში ნათქვამია, რომ საბჭო მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის ძალისხმევას ტურიზმის სფეროს გახსნის მიმართულებით.

„ეს ტურიზმის გლობალურ რუკაზე ქვეყანას გამძლე, სტაბილურ და ძალიან ფასეულ დანიშნულების ცენტრად წარმოაჩენს", – ნათქვამია დეკლარაციაში, რომელიც აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომის ფარგლებში იქნა მიღებული.

დეკლარაციის მთავარი მიზანია მსოფლიოში ტურიზმის სტაბილური განვითარების ხელშეწყობა, მასში განსაზღვრულია ტურისტული ინდუსტრიის პოლიტიკის ძირითადი ვექტორი, არსებული გამოწვევების დაძლევის სამომავლო გეგმები.

„დიდად ვაფასებთ და გულწრფელად ვუხდით მადლობას საქართველოს მთავრობას გაერთიანებული ერების მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს საზეიმო სხდომის მოწვევისა და გულთბილი მასპინძლობისთვის, რომელიც პანდემიის შემდეგ იმართება და საქართველოს მდიდარი კულტურული მემკვიდრეობისა და უნიკალური სტუმარმასპინძლობის ტრადიციის შეგრძნების შესაძლებლობას გვაძლევს“, – აღნიშნულია დეკლარაციაში.

16-17 სექტემბერს თბილისში გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომა ტარდება. ეს COVID-19-ის პანდემიის პერიოდში მსოფლიოში უპრეცედენტოდ მაღალი რანგის წარმომადგენლობითი ღონისძიებაა. 

სხდომა გახსნეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და UNWTO-ს გენმდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა. დელეგატებს შორის არიან მაღალი რანგის სტუმრები ესპანეთიდან, საბერძნეთან, პორტუგალიიდან, რუმინეთიდან, მაროკოდან, საუდის არაბეთიდან.

„ეს იყო პანდემიის შემდეგ გაეროს ორგანიზაციის პირველი შეხვედრა და ის, რომ საქართველოს 20 სხვადასხვა ქვეყნის დელეგაცია და მაღლი რანგის სტუმრები ეწვივნენ, უფლებას გვაძლევს ვთქვათ, რომ ტურიზმი აღდგენას იწყებს. თუმცა, ამას გარკვეული დრო დასჭირდება“, – განაცხადა პოლოლიკაშვილმა.

მისი თქმით, ეს იყო ტურიზმისთვის ისტორიული დღე და ყოველივე ეს საქართველოში მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა. როგორც პოლოლიკაშვილმა აღნიშნა, ღონისძიებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დასწრება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ საქართველო ტურიზმს, როგორც ეკონომიკის ძირითად ლოკომოტივს, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

„სწორედ ეს დეკლარაცია წარმოადგენს მსოფლიო მასშტაბით აღიარებას, რომ საქართველო დაცული და „მწვანე ზონაა“, როგორც მასზე დღეს ევროპის ყველა ქვეყანაში საუბრობენ. ეს კიდევ ერთი მესიჯია იმისა, რომ საქართველოში ჩამოსვლა შეიძლება. ღონისძიებაზე 30-ზე მეტი ქვეყნის დაახლოებით 150 სტუმარი შეიკრიბა. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვსურს, რომ ქვეყნებს შორის ეს ურთიერთობები გაგრძელდეს და უფრო გაღრმავდეს“, – აღნიშნა პოლოლიკაშვილმა. 

პოლოლიკაშვილის განცხადებით, აღმასრულებელი საბჭოს წევრებმა თბილისის დეკლარაცია მიიღეს და ყველა დათანხმდა, რომ შეიძლება საზღვრების გახსნა და ქვეყნებს შორის ურთიერთობების დალაგება. დეკლარაცია ეძღვნება სხვადასხვა ინოვაციური პროდუქტების დახმარებითა და სანიტარული ნორმების დაცვით საზღვრების გახსნის შესაძლებლობებს, რათა ადამიანებმა მოგზაურობა დაიწყონ, აღნიშნა მან.

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭო 35 წევრი სახელმწიფოსგან შედგება და ორგანიზაციის მმართველ ორგანოს წარმოადგენს. ის უზრუნველყოფს UNWTO-ს ეფექტიან მუშაობას და გლობალური დღის წესრიგით გათვალისწინებული მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრიის პოლიტიკის ძირითად საკითხებს განიხილავს. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოსტი საქართველოს ეკონომიკის ყოფილ მინისტრს ზურაბ პოლოლიკაშვილს 2017 წლიდან უკავია. მისი უფლებამოსულების ვადა 2018–2021 წლებს მოიცავს.

56
თემები:
ტურიზმი საქართველოში
გიორგი გახარია

გახარია: საქართველო საერთაშორისო არენაზე ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ტურისტული ქვეყანაა

82
(განახლებულია 19:35 16.09.2020)
საქართველო COVID-19-ის პანდემიის პერიოდში მსოფლიოში უპრეცედენტოდ მაღალი რანგის წარმომადგენლობით ღონისძიებას მასპინძლობს.

თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. საქართველომ შეძლო მწვანე ქვეყნის სტატუსის მოპოვება და საერთაშორისო არენაზე დღეს ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ტურისტული ქვეყანაა, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, პოსტკრიზისულ პერიოდში დავიწყოთ ეკონომიკური განვითარების ახალი ეტაპი, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სასტუმრო „ბილტმორში“ გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

რა ელის მსოფლიო ტურიზმს კორონავირუსის პირობებში>>

15-17 სექტემბერს საქართველო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომას მასპინძლობს. ეს COVID-19-ის პანდემიის პერიოდში მსოფლიოში უპრეცედენტოდ მაღალი რანგის წარმომადგენლობითი ღონისძიებაა.

„პოსტკრიზისულ პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა მსოფლიოსთვის სწორედ ტურიზმის აღდგენის ტენდენცია იქნება და ჩვენი სურვილია, ამ პროცესში ვიყოთ პიონერები, რის საფუძველსაც გვაძლევს ტურისტულ სექტორში უსაფრთხოების კუთხით დაგროვილი გამოცდილება. ჩვენ ვფიქრობთ, ტურიზმის სექტორში საქართველოსთვის პოსტკრიზისული ეპოქა უნდა იყოს შესაძლებლობა და გვინდა, რომ ეკონომიკური კრიზისი, პანდემია ქვეყნის ტურიზმის განვითარებისთვის ვაქციოთ შესაძლებლობად“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, დღეს ტურიზმი წარმოადგენს ერთ-ერთ იმ სექტორს, რომელსაც პანდემიის გავრცელების გამო მსოფლიო მასშტაბით უდიდესი ზიანი მიადგა. 

„მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ კრიზისულმა პერიოდმა საქართველოში ტურიზმის სექტორი ასევე დააზიანა, თუმცა წინა წლების მაჩვენებლებით საქართველო, ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით, ერთ-ერთი ლიდერი იყო მსოფლიოში და, რაც მთავარია, ტურიზმის სექტორი ქვეყნის ეკონომიკის 8.1% გახდა“, – აღნიშნა გახარიამ.

დღეს ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმაც.

„მსოფლიო პანდემიის გამო ტურიზმის მიმართულებები რისკის ქვეშ არის, მაგრამ დღეს ნამდვილად ისტორიული ღონისძიებაა, რადგან პანდემიის შემდეგ პირველად იმართება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის საბჭოს სხდომა. ჩვენ ერთად ვართ ძლიერები, რაც გვაძლევს ტურიზმის აღდგენისა და ამ პროცესის მართვის უნიკალურ პოტენციალს“, – განაცხადა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.

მისი თქმით, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა შეარბილოს პანდემიით გამოწვეული ნეგატიური შედეგები.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ღონისძიების თბილისში გამართვას „მთავრობის ქმედებების ეფექტურობის ძალიან მაღალი შეფასება“ უწოდა.

„ჩვენ ამაყები ვართ, რომ სწორედ თბილისია დღეს ქალაქი, სადაც მსოფლიო ტურიზმის ლიდერები მსჯელობენ, ამ რთული გამოწვევის პირობებში როგორი მომავალი ექნება ტურიზმს, როგორ დაეხმარონ გლობალურად მსოფლიოში ამ დარგს და საქართველო, რა თქმა უნდა, თავის ღირსეულ სიტყვას იტყვის ამ მიმართულებით“, – განუცხადა ჟურნალისტებს ნათია თურნავამ.

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭო 35 წევრი სახელმწიფოსგან შედგება და ორგანიზაციის მმართველ ორგანოს წარმოადგენს. ის უზრუნველყოფს UNWTO-ს ეფექტიან მუშაობას და გლობალური დღის წესრიგით გათვალისწინებული მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრიის პოლიტიკის ძირითად საკითხებს განიხილავს.

თბილისში ორგანიზაციის სხდომა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გაიდლაინებისა და უსაფრთხოების სრული დაცვით ტარდება.

82
თემები:
ტურიზმი საქართველოში
წინასაარჩევნო შეხვედრა პანდემიის დროს

NDI საქართველოში არჩევნების დისტანციურ დაკვირვებას იწყებს

0
საქართველოში საარჩევნო პროცესების გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით NDI შეგროვებულ მონაცემებს შუალედურ და არჩევნების შემდგომ ანგარიშებში გამოიყენებს

თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) საქართველოში საარჩევნო პროცესის გრძელვადიან დისტანციურ დაკვირვებას იწყებს, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება - 120 დეპუტატს პარტიული სიებით აირჩევენ, 30-ს - ერთმანდატიან ოლქებში.

NDI-ის საქართველოს წარმომადგენლობის ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამა აგვისტოში გამოქვეყნებული წინასაარჩევნო ანგარიშის (Georgia Election Watch) დასკვნებსა და რეკომენდაციებს დაეყრდნობა და საჭიროების შემთხვევაში მეორე ტურების ჩათვლით გაგრძელდება.

ანალიტიკოსების გუნდი შვიდ გრძელვადიან დამკვირვებელსა და პროგრამის დირექტორს მოიცავს. ისინი არჩევნებთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხს შეისწავლიან, მათ შორისაა: საარჩევნო კამპანია, საარჩევნო ადმინისტრაცია, მედია და საინფორმაციო სივრცე, გენდერი და ჩართულობის საკითხები და კორონავირუსის გავლენა არჩევნებზე.

„თითოეულ ამ საკითხზე პროგრესისა და გამოწვევების შესაფასებლად, გრძელვადიანი დამკვირვებლები თბილისში მყოფ ასისტენტებთან და NDI-ს თანამშრომლებთან ერთად დისტანციურად იმუშავებენ და სხვადასხვა საინფორმაციო და ანალიზის ონლაინ პლატფორმებს გამოიყენებენ. NDI შეგროვებულ მონაცემებს შუალედურ და არჩევნების შემდგომ ანგარიშებში გამოიყენებს, რათა ხელი შეუწყოს საქართველოში საარჩევნო პროცესების გაძლიერებას“, - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

არჩევნები და კორონავირუსი: საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის ჩარტერული რეისები დაინიშნება >>

ადრე ორგანიზაციაში აღნიშნეს, რომ გლობალური პანდემია კვლავ უკონტროლოა მრავალ ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში. სწორედ არსებული საერთაშორისო ვითარებისა და რისკების გათვალისწინებით ორგანიზაციამ გადაწყვიტა, არ გამოგზავნოს თავისი დამკვირვებლები საქართველოში.

0
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020