გიორგი გახარია

„აღმოაჩინე საქართველო“ პრემიერ-მინისტრი ასურეთს ეწვია

70
(განახლებულია 18:14 10.07.2020)
სოფელ ასურეთში შვაბების ქუჩის რეაბილიტაცია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განახორციელა.

თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. ხელახლა უნდა აღმოვაჩინოთ ჩვენი სამშობლო, ყველა ის ადგილი, რომელიც შეიძლება დავიწყებულია, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სოფელ ასურეთში, სადაც მან ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილთან და გერმანიის ელჩთან ჰუბერტ კნირშთან ერთად გერმანული დასახლება დაათვალიერა.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთში შვაბების ქუჩის რეაბილიტაცია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განახორციელა.

პრემიერ-მინისტრმა ასურეთში მცხოვრებ გერმანელებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პირველი გერმანული დასახლება საქართველოში მე-19 საუკუნის დასაწყისში გაჩნდა. მას მერე უკვე 200-ზე მეტი წელი გავიდა. პრემიერის თქმით, სწორედ ამ 200-წლიან იუბილეს ეძღვნებოდა შვაბების ქუჩის რეაბილიტაციის იდეა.

„აქ, რა თქმა უნდა, კიდევ ბევრი რამეა გასაკეთებელი და ჩვენ ამას ერთად გავაგრძელებთ ჩვენს მეგობარ სახელმწიფოსთან ერთად“, – განაცხადა გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა შიდა ტურიზმზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ მთავრობა შიდა ტურიზმის მხარდაჭერას იწყებს.

„ჩვენ ვიწყებთ ახალ პროგრამას, რომელმაც უნდა განავითაროს შიდა ტურიზმი. ჩვენ ხელახლა ყველამ ერთად უნდა აღმოვაჩნოთ ჩვენი სამშობლო, საქართველო... ჩვენი ოჯახის წევრებთან, შვილებთან ერთად, ხელახლა უნდა ვნახოთ ეს ყველაფერი, რათა, როდესაც ტურიზმი სრულად აღდგება და ჩვენი უცხოელი სტუმრები ჩამოვლენ, საუკეთესო გიდი იყოს თითოეული ჩვენგანი“, – აღნიშნა გახარიამ.

რაც შეეხება ასურეთში განხორციელებულ რეაბილიტაციას, სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაოები სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.

შვაბების ქუჩაზე რესტავრაცია-რეაბილიტაცია XIX საუკუნის გერმანული მხატვრულ-არქიტექტურული ღირებულების მქონე ეკლესიას (კირხეს), სამ საცხოვრებელ სახლსა და ძველ გერმანულ სასაფლაოს ჩაუტარდა. მოეწყო გარე განათება, პირვანდელი იერსახით აღდგა ღობეები და ჭიშკრები. ჩატარდა საკანალიზაციო სისტემის მოწყობის სამუშაოები, აშენდა გამწმენდი ნაგებობა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის მიზანია ასურეთის ისტორიულ დასახლებაში შემორჩეს გერმანული კოლონიებისთვის დამახასიათებელი განაშენიანება და ისტორიული დასახლება კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს ტურისტებისთვის.

გერმანული სოფლის რეაბილიტაციას ჯამში 6 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდა.

70
თემები:
ტურიზმი საქართველოში (276)
სოფელი მერისი

კლდეზე დაკიდებული კოტეჯი აჭარაში, რომელმაც ინტერნეტ-სივრცე აღაფრთოვანა

327
(განახლებულია 15:01 12.08.2020)
საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხე – აჭარა არაჩვეულებრივი, თვალწარმტაცი, მდიდარი ბუნებით გამოირჩევა. აქ მთისა და ზღვის პეიზაჟები, ბუნებრივი ნაკრძალების და ულამაზესი პარკების სიმდიდრე, საუცხოო სამზარეულო და თვითმყოფადი ტრადიციები ერთმანეთს ავსებს.

დაუსრულებელად შეგვიძლია ვისაუბროთ აჭარის რეგონზე, სოფლებსა თუ ქალაქებზე, ღირსშესანიშნაობებზე, თუმცა ამჯერად სოფელ მერისზე მოგიყვებით, რომელიც ბათუმიდან 50 კილომეტრის დაშორებითაა და მასზე ბევრს არ სმენია.

მერისის ხეობა ქედის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის და ზღვის დონიდან დაახლოებით 700 მეტრზე მდებარეობს. ცოტას თუ სმენია ამ საოცარი ადგილის შესახებ. მწვანეში ჩაფლულ ამ პატარა ხეობაში ნახავთ მერისის წყალუხვ ჩანჩქერს, რომელიც ღრმად შეჭრილ მთებშია ჩამალული, ზენდიდის უძველესი ციხე-სიმაგრის ნანგრევებს, რომლის კედლებშიც ახლა სოფლის მკვიდრნი ცხოვრობენ. აქვეა გუნდაურის სამკურნალო-მინერალური წყლებიც.

მერისის ჩანჩქერი
მერისის ჩანჩქერი

სოფელი მერისი განსაკუთრებული სტუმართმოყვარეობით და უგემრიელესი, ტრადიციული კერძების სიმრავლით გამოირჩევა. აჭარაში გემრიელი ბორანო და სინორი არავის უკვირს, მაგრამ მერისში ბევრ სხვა ტრადიციულ, აჭარულ კერძსაც ამზადებენ. მაგალითად, ყათმერს, ფხალ-ლობიოს, ქალაჯოს და ქათამს ნიგვზით. ყათმერი არის ტკბილეული და ცომში ნიგვზითა და შაქრის გულით ცხვება. ქალაჯოს მოსამზადებლად კი ადუღებულ იაღს, ნადუღს და ნიორს დაფშვნილ მჭადს უმატებენ.

ზენდიდის უძველესი ციხე-სიმაგრის ნანგრევები.
ზენდიდის უძველესი ციხე-სიმაგრის ნანგრევები.

მერისის ხეობა უცხოელი ეთნოლოგების, ფოლკლორისტების საყვარელი ადგილია. სოფელი მერისი აჭარის სხვა სოფლებისგან გამოირჩევა იმით, რომ ქართული სიმღერები აქ, შეიძლება ითქვას, ყოფაში დღემდე ცოცხლობს და განაგრძობს არსებობას. აქ გვხვდება ჟანრობრივი მრავალფეროვნება. სწორედ ამიტომ მერისის ხეობა გამორჩეული ცეკვისა და სიმღერის ტრადიციითაა ცნობილი აჭარაში. აქ  მოისმენთ სიმღერებს: „მერისული მაყრული“, „თირინი“, „ცაგუნა“, „ჩაღმა ჩაყრილო ვენახო“, „ხინწკალა“, „ჩათხრობილი“ და სხვ.

აქაურობის მოსანახულებლად ერთი დღე ძალიან მცირე დროდ მოგეჩვენებათ. მერისის ხეობაში რამდენიმე საოჯახო სასტუმროა, სადაც შვებულების სასიამოვნო დღეების გატარებას შეძლებთ.

სოფელი მერისი
სოფელი მერისი

თუმცა ბოლო დღეებია განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო „ეკო სასტუმრო მერისმა“, საიდანაც ბუნების ულამაზესი, ეგზოტიკური ხედი იშლება. სასტუმრო სულ ახლახან გაიხსნა და უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს სოციალურ ქსელში.

კოტეჯი მერისი
კოტეჯი მერისი

ბათუმელებმა ვიქტორ ლიმანეცმა და ლარისა გავრილიუკმა და მერისელმა ლაშა ჯიჯავაძემ კლდის პირზე ულამაზესი კოტეჯი „დაკიდეს”. ბათუმიდან ამ კოტეჯამდე მისასვლელად საათ-ნახევარია საჭირო.

„აქ ბევრი ტურისტი არ დადის, არადა ულამაზესი ბუნებაა, ჩანჩქერებით, კანიონით, ტბებით, მინერალური წყლით. საოცარი ადგილია. ჩვენ შეგვიყვარდა ეს ადგილი და სწორედ ამიტომ ავირჩიეთ სასტუმროსთვის“, – ამბობს ლარისა გავრილიუკი.

კოტეჯი მერისი
კოტეჯი მერისი

ადგილობრივები სკეპტიკურად უყურებდნენ კოტეჯის აშენების იდეას, თუმცა შედეგმა მოლოდინს ბევრად გადააჭარბა.  სასტუმროში განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს კლდეზე გადაკიდებული მინის საძინებელი, ჯაკუზი და ჰამაკი.

კოტეჯში ჯერჯერობით ოთხი ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. მომავალში პარტნიორები გეგმავენ რამდენიმე კოტეჯის აშენებას.

კოტეჯი მერისი
კოტეჯი მერისი

სასტუმროში ერთი ღამის ღირებულება 1-2 ადამიანისთვის – 250 ლარი, ხოლო 3-4 ადამიანისთვის – 300 ლარი ღირს. ადგილზე ფუნქციონირებს საოჯახო სამზარეულო და მარანი, სადაც სტუმრებს შეუძლიათ აჭარული სამზარეულოს დაგემოვნება და მასპინძელი ოჯახის მიერ დაყენებული ჩხავერის, ცოლიკაურის და ჭაჭის გასინჯვა.

თუ მერისის მონახულებას გადაწყვეტთ, გაითვალისწინეთ, სოფელში არის ულამაზესი საპიკნიკე ადგილი, სადაც იბანავებთ, ითევზავებთ, ადგილობრივ აგროპროდუქტებს დააგემოვნებთ და სუფთა ჰაერზე ისეირნებთ ტყეში.

 

327
მინისტრი ნათია თურნავა

თურნავა: ქუჩებში შევძლებთ მონატრებული უცხოელი ტურისტების დანახვას

134
(განახლებულია 19:33 05.08.2020)
თბილისში მიუნხენიდან და პარიზიდან ჩამოფრენილ პირველ ორ ავიარეისზე მგზავრთა უმეტესობა უცხოელი ტურისტი იყო.

თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. თბილისის ქუჩებში უკვე გამოჩნდნენ პირველი ტურისტები საფრანგეთიდან და გერმანიიდან, განაცხადა ბრიფინგზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

თბილისი–რიგა: დღეიდან ორ ქვეყანას შორის რეგულარული ავიარეისები შესრულდება>>

ოთხთვიანი წყვეტის შემდეგ საქართველომ ხუთი ქვეყნისთვის თავისი საჰაერო საზღვრები გახსნა. ამ ქვეყნების მოქალაქეებს ქვეყანაში შემოსვლა უპირობოდ შეუძლიათ. ეს ქვეყნებია გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი. სახმელეთო საზღვრები, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, დღემდე დაკეტილია.

„ავიარეისების მგზავრების უდიდესი უმრავლესობა – სამი მეოთხედი უცხოელი ტურისტები, საერთაშორისო ვიზიტორები არიან. აქედან გამომდინარე, ქუჩებში უკვე შევძლებთ მონატრებული ტურისტების დანახვას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სტატისტიკაა, რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეებიც სარგებლობენ ამ რეისებით, მაგრამ ძირითადად ის ვიზიტორები, ვისაც სურს ესტუმროს საქართველოს, რომელიც არის უსაფრთხო ქვეყანა“, – განაცხადა თურნავამ.

სამშაბათს თბილისში ჩარტერული რეისით ჩამოფრინდა თვითმფრინავი პარიზიდან. ბორტზე 188 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან უმრავლესობა ტურისტი იყო. მათ აეროპორტი კარანტინის გარეშე დატოვეს. ამდენივე ადამიანი ჩამოფრინდა მიუნხენიდან – ასევე უმეტესობა გერმანელი ტურისტი იყო.

ტურისტული სფერო ის დარგია, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო ძალიან დაზარალდა, რადგან საქართველოს ხელისუფლებამ საზღვრები მარტში დაკეტა. ამჟამად მთავრობა ძირითადად ადგილობრივი ტურიზმის განვითარებაზეა ორიენტირებული.

საქართველოში შიდა ტურიზმი ოფიციალურად 15 ივნისს გაიხსნა. ხელისუფლება მოქალაქეებს მოუწოდებს, წელს სამშობლოში დაისვენონ და ქვეყანას ამ სფეროში დაეხმარონ. ამასთან დაცული უნდა იყოს უსაფრთხოების ზომები.

აგვისტოში საქართველოში შესრულდება როგორც კომერციული ჩარტერული რეისები, ისე რეგულარული რეისები უსაფრთხო დერეფნებით. ამ საკითხზე ტექნიკური მოლაპარაკებები სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რამდენიმე ავიაკომპანისთან გამართა.

უსაფრთხო მოგზაურობა ზაფხულში: საქართველოს რომელ კურორტებზე შევძლებთ დასვენებას>>

რიგა ერთ-ერთია იმ სამი საერთაშორისო მიმართულებიდან, რომელთანაც რეგულარული ფრენები დღეს განახლდა. 2 აგვისტოდან აღდგა ფრენები მიუნხენი–თბილისი–მიუნხენის მიმართულებით, ხოლო 8 აგვისტოდან დაიწყება პარიზი–თბილისი–პარიზის რეგულარული რეისები.

134
თემები:
საქართველოს ეკონომიკა
მთვარის ფაზები

მთვარის კალენდარი: 13 აგვისტო რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

0
(განახლებულია 16:05 11.08.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

13 აგვისტო, ხუთშაბათი. ამ დღეს იუპიტერი მართავს. კლებადი მთვარე ტყუპის ნიშანშია.

ტყუპის დღეები კარგია კონტაქტებისა და ურთიერთობებისთვის, გაცნობისა და იდეების ურთიერთგაცვლისთვის. ხელსაყრელი დროა ინფორმაციების მოპოვებისა და დამუშავებისთვის, სრწფად გასაკეთებელი საქმეებისთვის.

მთვარე ტყუპში – ესაა მსუბუქი ურთიერთობების დრო, რომელიც არაფერს ავალდებულებს ადამიანებს. კარგად ეწყობა ახალი ნაცნობობა. ადამიანები უფრო გულგახსნილი, მიმნდობი და კომუნიკაბელური ხდებიან.

რეკომენდებულია ფულთან დაკავშირებული საქმიანობა, მიმდინარე საქმეების განხილვა და რთული საკითხების განხილვის გადადება, დაგეგმილის რეალიზება, საბუღალტრო ოპერაციები, ბიზნეს–საქმიანობა, მნიშვნელოვანი პროექტების დასრულება, აქტიურობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებით: მშენებლობის საძირკვლის ჩაყრა, რემონტის დაწყება, უძრავი ქონების ყიდვა, გამოფენების, კონცერტების მოწყობა, სწავლა, კვალიფიკაციის ამაღლება.

არარეკომენდებული აჩქარება, საფუძვლიანი მიზეზის გარეშე ხელმძღვანელობისთვის მიმართვა, კონტრაქტების გაფორმება.

კარგი დღეა მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: თმის შეჭრისთვის ნეიტრალური დღეა. დაჩქარდება თმის ზრდის პროცესი, მაგრამ თმა დაუმორჩილებელი გახდება. შეღებვისთვის ძალიან კარგი დღეა.

მანიკურისთვის არასასურველი დღეა.

მებაღეობა: მთვარის კლების ფაზის დროს, ტყუპის ნიშანში, მცენარეები ისვენებენ, მათი წვენი ფესვებისკენ ისწრაფვის, მცირდება მცენარეების სიცოცხლისუნარიანობა. კარგი დღეა გადარგვის, გასხვლის, შეწამვლის, მოსავლის აღებისთვის.

ეფექტური იქნება ზედმეტი ყლორტების მოშორება–გაკრეჭა, გამარგვლა, კულტივირება, მულჩირება, სამკურნალო მცენარეების მოგროვება, ხილისა და კენკროვანების დაკრეფა.

0