ტურისტები

„აღმოაჩინე ის, რაც შენია“ რას ითვალისწინებს შიდა ტურიზმის პოპულარიზაცია

71
(განახლებულია 14:26 01.07.2020)
ადგილობრივი ტურიზმის ინდუსტრიის პოპულარიზაცია – სწორედ ამ მიზანს ემსახურება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი პროექტი.

თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პოსტპანდემიურ პერიოდში შიდა ტურიზმის მხარდაჭერის მიზნით დაიწყო ახალი კამპანია „აღმოაჩინე ის, რაც შენია – იმოგზაურე საქართველოში“.

ტრადიციულ ტურისტულ მიმართულებებთან ერთად ტურიზმის ადმინისტრაცია პოპულარიზაციას გაუწევს ახალ საინტერესო ტურისტულ პროდუქტებსა და აქტივობებს რეგიონებში. უწყების ხელმძღვანელის მარიამ ქვრივიშვილის აზრით, ეს ხელს შეუწყობს სასტუმროების, კვების ობიექტების, სატრანსპორტო კომპანიების, გიდების ინსტიტუტის განვითარებას. 

„ამ პროექტის ფარგლებში ჩვენ მაქსიმალურად მოვახდენთ საქართველოს ყველა კუთხის პოპულარიზაციას. შიდა ტურიზმი ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო და დღევანდელ სიტუაციაში იგი ჩვენი ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებისთვის კიდევ უფრო ღირებული ხდება. თითოეულ ჩვენგანს, საქართველოს მოქალაქეს უნიკალური შესაძლებლობა ეძლევა, მხარი დაუჭიროს ტურიზმის ინდუსტრიას და ჩვენი მოგზაურობით ხელი შევუწყოთ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ტურიზმის სექტორის განვითარებას“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.

მისი სიტყვებით, ტურიზმის ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს ჰქონდეს სურვილი ქვეყნის შიგნით მოგზაურობის. მით უმეტეს, როდესაც კერძო სექტორი მზად არის და მოტივირებულია დამსვენებლებს მაქსიმალური კომფორტი შეუქმნას იმისთვის, რომ სრულად მოხდეს იმ ნორმებისა და სიახლეების დაცვა, რომლებიც კორონავირუსის პრევენციის მიზნით დღეს არსებობს.

ახალი პროექტის ფარგლებში პირველი მედიატური შიდა ქართლში განხორციელდა. შიდა ტურიზმის პოპულარიზაციისთვის მედიატურები ასევე დაგეგმილია გურიაში, იმერეთში, სამეგრელოში, თუშეთსა და საქართველოს სხვა კუთხეებში.

ხელისუფლებამ საკარანტინო შეზღუდვების შერბილება 27 აპრილიდან დაიწყო. 15 ივნისიდან საქართველოში შიდა ტურიზმი ოფიციალურად გაიხსნა.

71
თემები:
ტურიზმი საქართველოში (261)
ავიაკომპანია Airzena - Georgian Airways–ის თვითმფრინავი

რამდენად სარისკოა საქართველოში უცხოელი ტურისტების შემოშვება ცერცვაძე განმარტავს

100
(განახლებულია 20:28 09.07.2020)
საქართველომ საზღვრები მხოლოდ იმ ქვეყნებისთვის გახსნა, რომლებშიც კორონავირუსული ინფექციის გავრცელება კონტროლდება.

თბილისი, 9 ივლისი – Sputnik. საქართველოში საერთაშორისო ტურიზმის აღდგენა გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული, თუმცა ქვეყანა მათთან გამკლავებას შეძლებს, განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.

როგორი ეპიდვითარებაა იმ ხუთ ქვეყანაში, ვისთვისაც საქართველო საზღვრებს ხსნის>>

გუშინ ცნობილი გახდა, რომ საქართველო უახლოეს პერიოდში საზღვრებს გახსნის გერმანიის, საფრანგეთის, ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვასთვის. ამ ქვეყნების მოქალაქეები ქვეყანაში უნდა ჩამოვიდნენ პირდაპირი ავიარეისით და შეავსონ სპეციალური ელექტრონული ანკეტა, სადაც უნდა მიუთითონ მოგზაურობის ისტორია ბოლო 14 დღის განმავლობაში, დატოვონ საკონტაქტო ტელეფონი და იმ ადგილის მისამართი, სადაც გაჩერდებიან.

„თითოეული შეზღუდვის მოხსნას წინ უნდა უსწრებდეს კარგად გაკეთებული ანალიზი და კარგად შემუშავებული რეგულაციები იმისთვის, რომ შესაძლო რისკები შევამციროთ. აქამდე საქართველო ამას წარმატებით ახერხებდა... დაახლოებით იმავესთან, ოღონდ გაცილებით სერიოზულთან გვაქვს საქმე, როცა ვსაუბრობთ საზღვრების გახსნაზე. რა თქმა უნდა, საზღვრების გახსნა შეიცავს რისკებს, სწორედ ამიტომ საზღვრების გახსნა არ მოხდა ხელაღებით ყველა ქვეყანასთან. მოხდა ჯერ მხოლოდ ხუთ ქვეყანასთან“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მან აღნიშნა, რომ საქართველომ საზღვრები გახსნა იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ინფექციის გავრცელებას აკონტროლებენ.

„ამიტომ ვფიქრობ, რომ სწორად გატარებული პრევენციული ღონისძიებებით ამ ხუთ ქვეყანასთან საზღვრების გახსნით რისკი არის, თუმცა მცირე“, – აღნიშნა ცერცვაძემ.

მისი თქმით, კორონავირუსის ახალ შემთხვევებს ჯანდაცვის სისტემა ისე გაუმკლავდება, რომ ამას მოსახლეობა ვერ იგრძნობს.

„თუ ისე მოხდება, რომ მათ საზღვარზე ტემპერატურა არ დაუფიქსირდებათ და შეიძლება შემდეგ გახდნენ ავად, მეოთხე, მეშვიდე დღეს, ამისთვისაა ჩვენი სამსახურები. ისინი გაათმაგებული ყურადღებით იქნებიან, რომ თითოეული ასეთი შემთხვევა გამოვლინდეს და მოხდეს ამ შემთხვევის ყველა კონტაქტის მოძიება და მკურნალობა“, – განაცხადა ცერცვაძემ.

„პროცესს გავაკონტროლებთ“ - ტიკარაძემ საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა>>

ევროკავშირმა საქართველო ევროკავშირის არაწევრი 15 ქვეყნის სიაში შეიყვანა, რომლებისთვისაც 1 ივლისიდან საზღვრები გახსნა. საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვრები გახსნეს შვეიცარიამ, უნგრეთმა, გერმანიამ, ლატვიამ, საფრანგეთმა, ესპანეთმა, ნიდერლანდებმა, იტალიამ, მონტენეგრომ და სხვ.

100
თემები:
COVID-19 საქართველოში
გუდაური

მაღალმთიან კურორტებზე საზაფხულო სეზონი იხსნება

66
(განახლებულია 13:59 08.07.2020)
კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საქართველოს მთავრობამ მარტში ზამთრის კურორტებზე სეზონის ვადაზე ადრე დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. საქართველოს მაღალმთიანი კურორტები – გუდაური, ბაკურიანი და სვანეთის სოფლები საზაფხულო სეზონს 10 ივლისს ხსნიან, ნათქვამია საქართველოს მთის კურორტების განვითარების კომპანიის განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ზაფხულის სეზონი, კორონავირუსის პანდემიის გათვალისწინებით, უსაფრთხოების ყველა ზომის დაცვით გაიხსნება.

ზაფხულის სეზონის განმავლობაში ბაკურიანში – დიდველზე ყველა საბაგირო ყოველდღიურად 11:00-დან 17:00 საათამდე იმუშავებს.

გუდაურში დამსვენებლებს „გუდაურა“ (გონდოლა) და კობი-გუდაურის საბაგირო 11:00–17:00 საათებში მოემსახურება. სვანეთში მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი და ზურულდის საბაგიროები 10:00–16:30 საათებში იმუშავებს.

„მთის კურორტების განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის აუცილებელია ზამთრის კურორტები ოთხსეზონიანი გახდეს. ამისთვის ბაკურიანში 6 კმ-იანი საერთაშორისო დონის ველობილიკია მოწყობილი. ველობილიკი ფუნქციონირებს გუდაურშიც, რომლის სიგრძე 5 კილომეტრია. ბილიკები როგორც პროფესიონალი, ისე მოყვარული ველომრბოლელებისთვისაა გათვლილი“, – ნათქვამია განცხადებაში.

ტურიზმის გააქტიურება საფრთხეს შეიცავს, მაგრამ საქართველო ვერ გაჩერდება – გოფოძე>>

კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად მთის კურორტების განვითარების კომპანიამ უსაფრთხოების წესები შეიმუშავა.

კერძოდ, დღის ბოლოს საბაგირო გზები სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავდება. გონდოლაში დაიშვება მხოლოდ ოთხი ადამიანი, რომლებიც ჭადრაკისებურად განლაგდებიან. დახურულ სივრცეში პირბადის ტარება აუცილებელია.

ღია საბაგიროების შემთხვევაში ექვსადგილიან საბაგიროზე დაიშვება სამი ადამიანი, ხოლო ოთხიანზე – ორი, ოჯახის შემთხვევაში – პლუს ბავშვი.

კურორტების სტუმრებმა ორმეტრიანი დისტანცია უნდა დაიცვან. სალაროებთან მოთავსებული იქნება სადეზინფექციო საშუალებები. თანხის გადახდის შემდეგ სტუმრებმა აუცილებლად უნდა დაიმუშაონ ხელები სპეციალური ხსნარით. სანამ ისინი საბაგიროთი ისარგებლებენ, გაივლიან თერმოსკრინინგს.

ზემო აჭარა აქტუალობას არ კარგავს: ჩირუხის მთა ტურისტული ცენტრი გახდება>>

საქართველოს მთავრობამ მარტში, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის არიდების მიზნით, ზამთრის სათხილამურო კურორტებზე სეზონის ვადაზე ადრე დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

66
თემები:
ტურიზმი საქართველოში (261)
მარტოობა

„მსხვერპლი მარტო არ არის“ ქალებზე ძალადობა მიუღებელია

0
(განახლებულია 09:10 10.07.2020)
ბოლო დროს ქალებზე ძალადობამ და მათმა მკვლელობამ საქართველოს ხელისუფლება აიძულა, სერიოზულად დაფიქრებულიყო ამ პრობლემაზე

თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე უწყებათაშორისი კომისია შეშფოთებას გამოხატავს ბოლო დროს გახშირებული ქალებზე ძალადობისა და ქალთა მკვლელობების გამო.

მამაკაცს, რომელმაც თავის შეყვარებულს ცეცხლი წაუკიდა, ბრალი წარედგინა>>

კერძოდ, თბილისში ახლგაზრდა მამაკაცმა შეყვარებულ ქალს ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა. ქალი ამჟამად დამწვრობის ცენტრში მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. სურამში კი ქმარმა მძინარე ცოლი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.

კომისიის განცხადებაში ნათქვამია, რომ მოსახლეობის დაცვა სახელმწიფოს ვალდებულებაა და ძალადობის მსხვერპლთ ურჩევენ, დაუკავშირდნენ სამართალდამცავ ორგანოებს ტელეფონის ნომრებზე – 116 006 და 112.

„სახელმწიფოსთვის მიუღებელია გენდერული ძალადობის გამოვლენის ნებისმიერი ფორმა და თითოეულ ასეთ ფაქტზე სახელმწიფოს რეაგირება იქნება მკაცრი!.. პრაქტიკა ცხადყოფს, რომ დროული შეტყობინება გაცილებით მძიმე ძალადობის აცილებას უზრუნველყოფს. ამასთან, ვიღებთ პასუხისმგებლობას, საზოგადოებასთან ერთად გავაგრძელოთ მუშაობა გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების ყველა მიმართულებით“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომისიაში ასევე აღნიშნავენ, რომ ძალადობა ქალთა მიმართ და ოჯახური ძალადობა დაუშვებელია, „მსხვერპლი არ არის მარტო. სახელმწიფო იცავს და აგრძელებს ძალადობაგამოვლილი ადამიანების მხარდაჭერას“, ხოლო ყველა დამნაშავე კანონის სრული დაცვითა და სიმკაცრით დაისჯება.

გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე უწყებათაშორისი კომისია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 2017 წლის ივნისში შეიქმნა. კომისია აერთიანებს 22 სახელმწიფო ორგანოს. კომისიას ხელმძღვანელობს პრემიერ–მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში და იუსტიციის მინისტრის მოადგილე.

კომისია აერთიანებს სამინისტროებს, გენერალურ პროკურატურას, ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდს, სამოქალაქო სამსახურის ბიუროსა და სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს.

0