სასტუმრო Sheraton Metechi Palace

რამდენი სასტუმრო აკმაყოფილებს კორონავირუსის პრევენციის მიზნით შემუშავებულ მოთხოვნებს

91
(განახლებულია 23:44 25.06.2020)
სასტუმროებისთვის შემუშავებული ახალი რეგულაციები სოციალური დისტანციის დაცვას, ხშირ დეზინფექციას და ოთახების დალაგების ახალ წესებს ითვალისწინებს.

თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებულ მოთხოვნებს სრულად 459 სასტუმრო აკმაყოფილებს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

სასტუმროებისთვის შემუშავებული ახალი რეგულაციები სოციალური დისტანციის დაცვას, ხშირ დეზინფექციას და ოთახების დალაგების ახალ წესებს ითვალისწინებს.

„ყველა სასტუმრო, რომელსაც ოპერირების გაგრძელება სურს, ვალდებულია გაითვალისწინოს დამტკიცებული რეკომენდაციები და ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე სპეციალურად შექმნილ ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირდეს, რის შედეგადაც შრომის ინსპექცია განახორციელებს შემოწმებას, რომლის დადებითი დასკვნის საფუძველზე განთავსების საშუალებები შეძლებენ საქმიანობის აღდგენას“, - განაცხადეს ტურიზმის ადმინისტრაციაში.

24 ივნისის მონაცემებით, ეკონომიკური საქმიანობის აღდგენის მოთხოვნით, ჯანდაცვის სამინისტროში დარეგისტრირებულია 1 675 სასტუმრო.

შემოწმება დაიგეგმა 1 331 სასტუმროში, საიდანაც სავალდებულო მოთხოვნები 459-მა სასტუმრომ დააკმაყოფილა, 291-მა სასტუმრომ ვერ დააკმაყოფილა, 581 სასტუმროს ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ მზად არ არის შემოწმებისთვის და დრო სჭირდება.

ინსპექტირების გავლის შემდეგ სასტუმროების შესახებ ინფორმაციის განახლება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემთა ბაზაში ხდება.

საქართველომ კორონავირუსის პანდემიის გამო საჰაერო მიმოსვლა ყველა მიმართულებით 21 მარტს შეაჩერა. პანდემიასთან საქართველოს წარმატებული ბრძოლის წყალობით ქვეყნის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 15 ივნისიდან აღადგინოს შიდა ტურიზმი, ხოლო 1 ივლისიდან გახსნას საზღვრები უცხოელი ტურისტებისთვის.

91
თემები:
COVID-19 საქართველოში (1180)
ავიაკომპანია Airzena - Georgian Airways–ის თვითმფრინავი

რამდენად სარისკოა საქართველოში უცხოელი ტურისტების შემოშვება ცერცვაძე განმარტავს

101
(განახლებულია 20:28 09.07.2020)
საქართველომ საზღვრები მხოლოდ იმ ქვეყნებისთვის გახსნა, რომლებშიც კორონავირუსული ინფექციის გავრცელება კონტროლდება.

თბილისი, 9 ივლისი – Sputnik. საქართველოში საერთაშორისო ტურიზმის აღდგენა გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული, თუმცა ქვეყანა მათთან გამკლავებას შეძლებს, განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.

როგორი ეპიდვითარებაა იმ ხუთ ქვეყანაში, ვისთვისაც საქართველო საზღვრებს ხსნის>>

გუშინ ცნობილი გახდა, რომ საქართველო უახლოეს პერიოდში საზღვრებს გახსნის გერმანიის, საფრანგეთის, ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვასთვის. ამ ქვეყნების მოქალაქეები ქვეყანაში უნდა ჩამოვიდნენ პირდაპირი ავიარეისით და შეავსონ სპეციალური ელექტრონული ანკეტა, სადაც უნდა მიუთითონ მოგზაურობის ისტორია ბოლო 14 დღის განმავლობაში, დატოვონ საკონტაქტო ტელეფონი და იმ ადგილის მისამართი, სადაც გაჩერდებიან.

„თითოეული შეზღუდვის მოხსნას წინ უნდა უსწრებდეს კარგად გაკეთებული ანალიზი და კარგად შემუშავებული რეგულაციები იმისთვის, რომ შესაძლო რისკები შევამციროთ. აქამდე საქართველო ამას წარმატებით ახერხებდა... დაახლოებით იმავესთან, ოღონდ გაცილებით სერიოზულთან გვაქვს საქმე, როცა ვსაუბრობთ საზღვრების გახსნაზე. რა თქმა უნდა, საზღვრების გახსნა შეიცავს რისკებს, სწორედ ამიტომ საზღვრების გახსნა არ მოხდა ხელაღებით ყველა ქვეყანასთან. მოხდა ჯერ მხოლოდ ხუთ ქვეყანასთან“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მან აღნიშნა, რომ საქართველომ საზღვრები გახსნა იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ინფექციის გავრცელებას აკონტროლებენ.

„ამიტომ ვფიქრობ, რომ სწორად გატარებული პრევენციული ღონისძიებებით ამ ხუთ ქვეყანასთან საზღვრების გახსნით რისკი არის, თუმცა მცირე“, – აღნიშნა ცერცვაძემ.

მისი თქმით, კორონავირუსის ახალ შემთხვევებს ჯანდაცვის სისტემა ისე გაუმკლავდება, რომ ამას მოსახლეობა ვერ იგრძნობს.

„თუ ისე მოხდება, რომ მათ საზღვარზე ტემპერატურა არ დაუფიქსირდებათ და შეიძლება შემდეგ გახდნენ ავად, მეოთხე, მეშვიდე დღეს, ამისთვისაა ჩვენი სამსახურები. ისინი გაათმაგებული ყურადღებით იქნებიან, რომ თითოეული ასეთი შემთხვევა გამოვლინდეს და მოხდეს ამ შემთხვევის ყველა კონტაქტის მოძიება და მკურნალობა“, – განაცხადა ცერცვაძემ.

„პროცესს გავაკონტროლებთ“ - ტიკარაძემ საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა>>

ევროკავშირმა საქართველო ევროკავშირის არაწევრი 15 ქვეყნის სიაში შეიყვანა, რომლებისთვისაც 1 ივლისიდან საზღვრები გახსნა. საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვრები გახსნეს შვეიცარიამ, უნგრეთმა, გერმანიამ, ლატვიამ, საფრანგეთმა, ესპანეთმა, ნიდერლანდებმა, იტალიამ, მონტენეგრომ და სხვ.

101
თემები:
COVID-19 საქართველოში (1180)
გუდაური

მაღალმთიან კურორტებზე საზაფხულო სეზონი იხსნება

66
(განახლებულია 13:59 08.07.2020)
კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საქართველოს მთავრობამ მარტში ზამთრის კურორტებზე სეზონის ვადაზე ადრე დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. საქართველოს მაღალმთიანი კურორტები – გუდაური, ბაკურიანი და სვანეთის სოფლები საზაფხულო სეზონს 10 ივლისს ხსნიან, ნათქვამია საქართველოს მთის კურორტების განვითარების კომპანიის განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ზაფხულის სეზონი, კორონავირუსის პანდემიის გათვალისწინებით, უსაფრთხოების ყველა ზომის დაცვით გაიხსნება.

ზაფხულის სეზონის განმავლობაში ბაკურიანში – დიდველზე ყველა საბაგირო ყოველდღიურად 11:00-დან 17:00 საათამდე იმუშავებს.

გუდაურში დამსვენებლებს „გუდაურა“ (გონდოლა) და კობი-გუდაურის საბაგირო 11:00–17:00 საათებში მოემსახურება. სვანეთში მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი და ზურულდის საბაგიროები 10:00–16:30 საათებში იმუშავებს.

„მთის კურორტების განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის აუცილებელია ზამთრის კურორტები ოთხსეზონიანი გახდეს. ამისთვის ბაკურიანში 6 კმ-იანი საერთაშორისო დონის ველობილიკია მოწყობილი. ველობილიკი ფუნქციონირებს გუდაურშიც, რომლის სიგრძე 5 კილომეტრია. ბილიკები როგორც პროფესიონალი, ისე მოყვარული ველომრბოლელებისთვისაა გათვლილი“, – ნათქვამია განცხადებაში.

ტურიზმის გააქტიურება საფრთხეს შეიცავს, მაგრამ საქართველო ვერ გაჩერდება – გოფოძე>>

კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად მთის კურორტების განვითარების კომპანიამ უსაფრთხოების წესები შეიმუშავა.

კერძოდ, დღის ბოლოს საბაგირო გზები სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავდება. გონდოლაში დაიშვება მხოლოდ ოთხი ადამიანი, რომლებიც ჭადრაკისებურად განლაგდებიან. დახურულ სივრცეში პირბადის ტარება აუცილებელია.

ღია საბაგიროების შემთხვევაში ექვსადგილიან საბაგიროზე დაიშვება სამი ადამიანი, ხოლო ოთხიანზე – ორი, ოჯახის შემთხვევაში – პლუს ბავშვი.

კურორტების სტუმრებმა ორმეტრიანი დისტანცია უნდა დაიცვან. სალაროებთან მოთავსებული იქნება სადეზინფექციო საშუალებები. თანხის გადახდის შემდეგ სტუმრებმა აუცილებლად უნდა დაიმუშაონ ხელები სპეციალური ხსნარით. სანამ ისინი საბაგიროთი ისარგებლებენ, გაივლიან თერმოსკრინინგს.

ზემო აჭარა აქტუალობას არ კარგავს: ჩირუხის მთა ტურისტული ცენტრი გახდება>>

საქართველოს მთავრობამ მარტში, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის არიდების მიზნით, ზამთრის სათხილამურო კურორტებზე სეზონის ვადაზე ადრე დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

66
თემები:
ტურიზმი საქართველოში
ტედროს ადანომ გებრეისუსი

არასტანდარტული ანგარიში: ჯანმოს საქმიანობას სპეცკომისია შეისწავლის

0
(განახლებულია 10:08 10.07.2020)
სპეციალური კომისია არასტანდარტულ მოხსენებას ნოემბერში წარმოადგენს ჯანმოს წევრი ქვეყნების ჯანდაცვის მინისტრების შეხვედრაზე

თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქმნის ექსპერტთა დამოუკიდებელ ჯგუფს, რომელიც შეისწავლის მის საქმიანობასა და ასევე სხვა ქვეყნების მიერ გატარებულ ზომებს COVID-19–თან ბრძოლის კუთხით, განაცხადა ჯანმოს გენერალურმა მდივანმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა მსოფლიოს 194 ქვეყნის წარმომადგენელთან ვირტუალურ შეხვედრაზე.

მისი თქმით, ჯგუფის ხელმძღვანელობას უკვე დაეთანხმნენ ახალი ზელანდიის ყოფილი პრემიერ–მინისტრი ჰელენ კლარკი და ასევე ლიბერიის ექს–პრეზიდენტი ელენ ჯონსონ სერლიფი.  კომისიის მანდატი ჯანმოს წევრ ქვეყნებთან შეთანხმებით შემუშავდება.

როგორც მოსალოდნელია, შუალედურ მოხსენებას კომისია ნოემბერში წარმოადგენს ჯანმოს წევრი ქვეყნების ჯანდაცვის მინისტრების შეხვედრაზე.

„ეს არ იქნება სტანდარტული ანგარიში, რომელიც შემდეგ თაროზე შემოიდება და დაიმტვერება. ეს არის ის, რასაც ჩვენ მტელი სერიოზულობით ვუდგებით“, — განაცხადა გებრეიესუსმა.

როგორც ცნობილია, ჯანმოს საქმიანობა პანდემიის დასაწყისიდან არის სერიოზული საერთაშორისო კრიტიკის საგანი. აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი  განაცხადა, რომ შეეღტებული შტატები ოფიციალურად დატოვებს ორგანიზაციას მომავალი წლის 7 ივლისს. მანამდე მან არაერთხელ დაადანაშაულა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჩინეთისადმი ლოიალობაში, სადაც იფეთქა კიდეც კორონავირუსულმა ინფექციამ.

 

0
თემები:
მსოფლიო დღეს