თბილისის აეროპორტში

საქართველოს აეროპორტები ცის გასახსნელად ემზადებიან

488
(განახლებულია 09:49 07.06.2020)
საქართველოს აეროპორტების დარბაზებს საერთაშირისო ვიზიტორების მისაღებად ამზადებენ. ყველა ჩამოსულს თერმოსკრინინგი ჩაუტარდება

თბილისი, 7 ივნისი – Sputnik. საქართველოს აეროპორტები საზღვრების გახსნისა და საერთაშორისო რეისების აღსადგენად ემზადებიან, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორმა, თამარ არჩუაძემ.

დასვენება პანდემიის დროს: როგორ იმუშავებენ სასტუმროები საქართველოში >>

მან აღნიშნა, რომ 1 ივლისიდან საქართველოს ცა საერთაშორისო რეისებისთვის გაიხსნება, მაგრამ რეისები აღდგება ეტაპობრივად მსოფლიოში ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით.

„ვემზადებით პირველი ივლისისთვის. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი რეგულარული საჰაერო მიმოსვლის დასაწყებად პრაქტიკულად მზად არის. მიმდინარეობს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისა და „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მართვაში მყოფი შიდა აეროპორტების მომზადება ფრენებისთვის. ყველა აეროპორტში ამჟამად მიმდინარეობს სპეციალური სტიკერებით მონიშვნა, რათა მგზავრებმა შეძლონ დაწესებული მეტრ-ნახევრიანი დისტანციის დაცვა“, – განუცხადა ჟურნალისტებს თამარ არჩუაძემ.

გარდა ამისა, აეროპორტის ყველა მგზავრი და თანამშრომელი უნდა იყოს პირბადით და გადიოდეს თერმოსკრინინგს. მომატებული ტემპერატურის შემთხვევაში მგზავრმა დამატებითი შემოწმება უნდა გაიაროს. თუ მას არ აღმოაჩნდა კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, ის გაემგზავრება მისთვის სასურველ ქვეყანაში, რომელსაც ასევე ღია ექნება საზღვრები.

საქართველომ 21 მარტიდან ყველა მიმართულებით მთლიანად შეწყვიტა საჰაერო მიმოსვლა. კორონავირუსის პანდემიასთან წარმატებული ბრძოლის შედეგად, ხელისუფლებამ გადაწყვიტა 15 ივნისიდან შიდა ტურიზმი გახსნას, ხოლო 1 ივლისიდან საზღვრები საერთაშორისო ტურისტებს გაუხსნას. ეს ნიშნავს, რომ ამ დროისათვის ქვეყანაში ნაწილობრივ აღდგება სახმელეთო, სარკინიგზო და ავიამიმოსვლა, რომელიც კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო იყო შეჩერებული.

488
თემები:
ავიამიმოსვლა საქართველოში (142)
ავიაკომპანია Airzena - Georgian Airways–ის თვითმფრინავი

რამდენად სარისკოა საქართველოში უცხოელი ტურისტების შემოშვება ცერცვაძე განმარტავს

95
(განახლებულია 20:28 09.07.2020)
საქართველომ საზღვრები მხოლოდ იმ ქვეყნებისთვის გახსნა, რომლებშიც კორონავირუსული ინფექციის გავრცელება კონტროლდება.

თბილისი, 9 ივლისი – Sputnik. საქართველოში საერთაშორისო ტურიზმის აღდგენა გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული, თუმცა ქვეყანა მათთან გამკლავებას შეძლებს, განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.

როგორი ეპიდვითარებაა იმ ხუთ ქვეყანაში, ვისთვისაც საქართველო საზღვრებს ხსნის>>

გუშინ ცნობილი გახდა, რომ საქართველო უახლოეს პერიოდში საზღვრებს გახსნის გერმანიის, საფრანგეთის, ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვასთვის. ამ ქვეყნების მოქალაქეები ქვეყანაში უნდა ჩამოვიდნენ პირდაპირი ავიარეისით და შეავსონ სპეციალური ელექტრონული ანკეტა, სადაც უნდა მიუთითონ მოგზაურობის ისტორია ბოლო 14 დღის განმავლობაში, დატოვონ საკონტაქტო ტელეფონი და იმ ადგილის მისამართი, სადაც გაჩერდებიან.

„თითოეული შეზღუდვის მოხსნას წინ უნდა უსწრებდეს კარგად გაკეთებული ანალიზი და კარგად შემუშავებული რეგულაციები იმისთვის, რომ შესაძლო რისკები შევამციროთ. აქამდე საქართველო ამას წარმატებით ახერხებდა... დაახლოებით იმავესთან, ოღონდ გაცილებით სერიოზულთან გვაქვს საქმე, როცა ვსაუბრობთ საზღვრების გახსნაზე. რა თქმა უნდა, საზღვრების გახსნა შეიცავს რისკებს, სწორედ ამიტომ საზღვრების გახსნა არ მოხდა ხელაღებით ყველა ქვეყანასთან. მოხდა ჯერ მხოლოდ ხუთ ქვეყანასთან“, – განაცხადა ცერცვაძემ.

მან აღნიშნა, რომ საქართველომ საზღვრები გახსნა იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ინფექციის გავრცელებას აკონტროლებენ.

„ამიტომ ვფიქრობ, რომ სწორად გატარებული პრევენციული ღონისძიებებით ამ ხუთ ქვეყანასთან საზღვრების გახსნით რისკი არის, თუმცა მცირე“, – აღნიშნა ცერცვაძემ.

მისი თქმით, კორონავირუსის ახალ შემთხვევებს ჯანდაცვის სისტემა ისე გაუმკლავდება, რომ ამას მოსახლეობა ვერ იგრძნობს.

„თუ ისე მოხდება, რომ მათ საზღვარზე ტემპერატურა არ დაუფიქსირდებათ და შეიძლება შემდეგ გახდნენ ავად, მეოთხე, მეშვიდე დღეს, ამისთვისაა ჩვენი სამსახურები. ისინი გაათმაგებული ყურადღებით იქნებიან, რომ თითოეული ასეთი შემთხვევა გამოვლინდეს და მოხდეს ამ შემთხვევის ყველა კონტაქტის მოძიება და მკურნალობა“, – განაცხადა ცერცვაძემ.

„პროცესს გავაკონტროლებთ“ - ტიკარაძემ საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა>>

ევროკავშირმა საქართველო ევროკავშირის არაწევრი 15 ქვეყნის სიაში შეიყვანა, რომლებისთვისაც 1 ივლისიდან საზღვრები გახსნა. საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვრები გახსნეს შვეიცარიამ, უნგრეთმა, გერმანიამ, ლატვიამ, საფრანგეთმა, ესპანეთმა, ნიდერლანდებმა, იტალიამ, მონტენეგრომ და სხვ.

95
თემები:
COVID-19 საქართველოში
გუდაური

მაღალმთიან კურორტებზე საზაფხულო სეზონი იხსნება

66
(განახლებულია 13:59 08.07.2020)
კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საქართველოს მთავრობამ მარტში ზამთრის კურორტებზე სეზონის ვადაზე ადრე დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. საქართველოს მაღალმთიანი კურორტები – გუდაური, ბაკურიანი და სვანეთის სოფლები საზაფხულო სეზონს 10 ივლისს ხსნიან, ნათქვამია საქართველოს მთის კურორტების განვითარების კომპანიის განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ზაფხულის სეზონი, კორონავირუსის პანდემიის გათვალისწინებით, უსაფრთხოების ყველა ზომის დაცვით გაიხსნება.

ზაფხულის სეზონის განმავლობაში ბაკურიანში – დიდველზე ყველა საბაგირო ყოველდღიურად 11:00-დან 17:00 საათამდე იმუშავებს.

გუდაურში დამსვენებლებს „გუდაურა“ (გონდოლა) და კობი-გუდაურის საბაგირო 11:00–17:00 საათებში მოემსახურება. სვანეთში მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი და ზურულდის საბაგიროები 10:00–16:30 საათებში იმუშავებს.

„მთის კურორტების განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის აუცილებელია ზამთრის კურორტები ოთხსეზონიანი გახდეს. ამისთვის ბაკურიანში 6 კმ-იანი საერთაშორისო დონის ველობილიკია მოწყობილი. ველობილიკი ფუნქციონირებს გუდაურშიც, რომლის სიგრძე 5 კილომეტრია. ბილიკები როგორც პროფესიონალი, ისე მოყვარული ველომრბოლელებისთვისაა გათვლილი“, – ნათქვამია განცხადებაში.

ტურიზმის გააქტიურება საფრთხეს შეიცავს, მაგრამ საქართველო ვერ გაჩერდება – გოფოძე>>

კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად მთის კურორტების განვითარების კომპანიამ უსაფრთხოების წესები შეიმუშავა.

კერძოდ, დღის ბოლოს საბაგირო გზები სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავდება. გონდოლაში დაიშვება მხოლოდ ოთხი ადამიანი, რომლებიც ჭადრაკისებურად განლაგდებიან. დახურულ სივრცეში პირბადის ტარება აუცილებელია.

ღია საბაგიროების შემთხვევაში ექვსადგილიან საბაგიროზე დაიშვება სამი ადამიანი, ხოლო ოთხიანზე – ორი, ოჯახის შემთხვევაში – პლუს ბავშვი.

კურორტების სტუმრებმა ორმეტრიანი დისტანცია უნდა დაიცვან. სალაროებთან მოთავსებული იქნება სადეზინფექციო საშუალებები. თანხის გადახდის შემდეგ სტუმრებმა აუცილებლად უნდა დაიმუშაონ ხელები სპეციალური ხსნარით. სანამ ისინი საბაგიროთი ისარგებლებენ, გაივლიან თერმოსკრინინგს.

ზემო აჭარა აქტუალობას არ კარგავს: ჩირუხის მთა ტურისტული ცენტრი გახდება>>

საქართველოს მთავრობამ მარტში, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის არიდების მიზნით, ზამთრის სათხილამურო კურორტებზე სეზონის ვადაზე ადრე დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

66
თემები:
ტურიზმი საქართველოში
მყიდველები ბაზარში

კორონავირუსი საქართველოში: საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების სრული სია/10 ივლისი

86400
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ერთი თვის წინ მოიხსნა, მაგრამ მთავრობამ შეზღუდვების ნაწილი ძალაში დატოვა.

თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. საქართველოს მთავრობა აგრძელებს კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნას, მაგრამ ამავე დროს მთავრობა და ეპიდემიოლოგები მოუწოდებენ მოქალაქეებს გამოიჩინონ სიფრთხილე და დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები.

ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედებს შემდეგი შეზღუდვები:

  • დახურულ სივრცეებში, საჯარო დაწესებულებებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ოფისებსა და მაღაზიებში სავალდებულოა პირბადის ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა;
  • საზოგადოებრივ ტრანსპორტში დაუშვებელია პირბადის გარეშე ყოფნა და კონდიციონერების ჩართვა;

  • ტაქსის მძღოლისთვის სავალდებულოა პირბადის ტარება, ტაქსით ორზე მეტი მგზავრის გადაყვანა არ შეიძლება, ისიც უკანა სავარძელზე;
  • დახურულ სივრცეებში აკრძალულია კულტურული და სპორტული ღონისძიებების გამართვა;
  • კაზინოების და ტოტალიზატორების მუშაობა დაშვებულია მხოლოდ ონლაინ;
  • აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა ტრადიციულ სოციალურ ღონისძიებებზე (ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.);
  • უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესი კვლავ დისტანციურად განხორციელდება;
  • ადამიანების თავშეყრის ადგილებში აკრძალულია სპლიტ-სისტემის კონდიციონერების გამოყენება, რომლებიც ჰაერს იღებენ შენობიდან, აგრილებენ და ისევ აბრუნებენ. დაშვებულია სამრეწველო კონდიციონერების გამოყენება, რომლებიც კონდიცირება-ვენტილაციის სისტემებს მოიცავს (ჰაერი შენობაში გარედან შეაქვს).

ამ მომენტისათვის ინფიცირებულთა რაოდენობა 968 ადამიანს შეადგენს, აქედან 844 გამოჯანმრთელდა, 15 კი გარდაიცვალა. კიდევ სამი ინფიცირებული მოქალაქე სამკურნალოდ სხვა ქვეყნებიდან ჩამოიყვანეს.

საქართველო სხვა ქვეყნებისთვის კორონავირუსთან ბრძოლაში სამაგალითოა >>

15 ივნისიდან აღდგა შიდა ტურიზმი, ხოლო 1 ივლისიდან საქართველო საზღვრებს უცხოელი ტურისტებისთვის გახსნის.

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო ოპერატიულად აფასებს სიტუაციას და შეიმუშავებს ახალ რეკომენდაციებს და შეზღუდვებს.

მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge გამოქვეყნებული ბოლო მონაცემების თანახმად, საკარანტინო სივრცეში იმყოფება 4851, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ კი 231 ადამიანია.

მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს, ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით მხოლოდ და მხოლოდ გადამოწმებულ და ოფიციალურად დადასტურებულ ინფორმაციას ენდონ. ყველა ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

„ცხელი ხაზის“ ნომრები: ცხელი ხაზი კარანტინის რეჟიმის საკითხებზე – 144. საქართველოს ჯანდაცვა – 15 05 (დღე-ღამის განმავლობაში); დაავადებათა კონტროლის ცენტრი – 116 001 (21:00-მდე სამუშაო დღეებში და 18:00-მდე დასვენების დღეებში).

ყველა მოხალისეს, რომელსაც აქვს დრო და სურვილი დაეხმაროს ხანდაზმულ ადამიანებს, ასევე მათ, ვისაც სპეციალური დახმარება ესაჭიროება, შეუძლია დარეკოს მერიის ცხელ ხაზზე (032)2722222 და წითელი ჯვრის ცხელ ხაზზე - 0800 000 018.

კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვების მოხსნის ეტაპები
© Sputnik / Konstantin Ivanov.
კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვების მოხსნის ეტაპები
86400
თემები:
COVID-19 საქართველოში