აბანოთუბანი

Forbes-ის შეფასება: მოხვდა თუ არა საქართველო ტურისტებისთვის უსაფრთხო ქვეყნების სიაში

129
(განახლებულია 16:14 02.06.2020)
საქართველოს გარდა, უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებებად ეთიოპია, ირანი, მიანმარი, ფილიპინები, სლოვენია და ტუნისია დასახელებული.

თბილისი, 2 ივნისი - Sputnik. ჟურნალმა Forbes-მა საქართველო იმ შვიდი ქვეყნის სიაში შეიყვანა, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის შემდგომ პერიოდში, შესაძლოა, ძირითად ტურისტულ მიმართულებებად იქცნენ.

სტატიაში Rising Stars in Travel საქართველო ეთიოპიასთან, ირანთან, მიანმართან, ფილიპინებთან, სლოვენიასთან და ტუნისთან ერთადაა მოხსენიებული.

სტატიის ავტორი წერს, რომ იმ დროს, როცა ტურიზმის გლობალური ინდუსტრია უპრეცედენტო ვარდნას განიცდის, ბევრი ქვეყანა უცხოელი ტურისტების ნაკადის მისაღებად ემზადება, ზოგიერთი ქვეყნისთვის კი კრიზისი შეიძლება გახდეს საუკეთესო შესაძლებლობა საკუთარი თავის შესახებ განაცხადის გასაკეთებლად. 

„საქართველო უკვე იმ გზაზეა, რომ კავკასიის რეგიონში ერთ-ერთი იდილიური ადგილი გახდეს. დაიწყეთ მოგზაურობა ქვეყნის დედაქალაქიდან. თბილისი – ეს საუცხოო ქალაქია, რომელშიც მრავლადაა უძველესი ტაძრები და რესტორნები მდინარე მტკვრის სანაპიროზე“, – ნათქვამია სტატიაში.

ამავე დროს, სტატიის ავტორი უცხოელ ტურისტებს ურჩევს, დედაქალაქში მიღებული შთაბეჭდილებების შემდეგ დატკბნენ საქართველოს ულამაზესი ბუნებით და დასავლეთ საქართველოს პატარა მშვენიერი ქალაქებით. ასევე გასინჯონ ქართული ღვინო, რამდენადაც საქართველო მსოფლიოში უძველესი მეღვინეობის ქვეყანაა.

საქართველო ტურიზმისთვის საზღვრებს 1 ივლისიდან გახსნის, თუმცა იგი ყველასთვის ხელმისაწვდომი არ იქნება, განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ. მისი სიტყვებით, საქართველო ტურისტებს იმ ქვეყნებიდან ელოდება, რომლებშიც ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მეტ-ნაკლებად საქართველოს მსგავსია.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ იმ სასტუმროებისა და აპარტამენტებისთვის, რომლებიც ახალ სეზონზე ტურისტებს უმასპინძლებენ, კორონავირუსის პანდემიის პირობებში მოგზაურთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით უკვე დაამტკიცა რეკომენდაციები. მათთვის ასევე იქმნება დასვენების „მწვანე ზონები“.

თუმცა, იმისთვის, რომ საქართველოში დაისვენონ, ვიზიტორებმა საზღვრის კვეთისას უნდა წარმოადგინონ ე.წ. COVID-პასპორტი – ცნობა იმის შესახებ, რომ ბოლო 72 საათის განმავლობაში მათ კორონავირუსზე ტესტი ჩაიტარეს და პასუხი უარყოფითი იყო.

129
თემები:
COVID-19 საქართველოში (2862)
კრიზისი ტურიზმის სფეროში – დაკეტილი კაფე–რესტორნები

გახარია: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ზაფხულის ტურისტული სეზონის ასამუშავებლად

658
(განახლებულია 20:04 26.01.2021)
ტურისტული სექტორი, რომელშიც დაახლოებით 150 ათასი ადამიანია დასაქმებული, კორონავირუსის პანდემიის გამო ყველაზე მეტად დაზარალდა.

თბილისი, 26 იანვარი – Sputnik. ყველამ ერთად, თანმიმდევრულად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ზაფხულის ტურისტული სეზონი დავიცვათ და ავამუშაოთ, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე.

22 იანვარს უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 1 თებერვლიდან ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა ამ ეტაპზე ტურიზმის, მათ შორის, სამთო-სათხილამურო კურორტების გახსნა არ იგეგმება და არსებული შეზღუდვები კვლავ ძალაში რჩება.

გახარიას განცხადებით, რაც სამთო კურორტებზე ხდება, უკიდურესად სამწუხაროა, რადგან შექმნილი ვითარება საკმაოდ მძიმეა ტურისტული სექტორისთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ბიზნესი აქვთ გუდაურში, ბაკურიანში, მესტიაში თუ გოდერძის კურორტზე.

„ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ქვეყანას, საბოლოო ჯამში, მდგრადი, თანმიმდევრული ეკონომიკური აღდგენის რესურსი დავუტოვოთ, შევუნარჩუნოთ და ასეთი მოკლევადიანი, სწრაფი, იმპულსური გადაწყვეტილებებით რისკის ქვეშ არ დავაყენოთ ის ეკონომიკური შესაძლებლობები, რომლებიც გაგვეხსნება სწრაფი აღდგენის პირობებში ზაფხულისთვის“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

გიორგი გახარიას განცხადებით, დღეს ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად მიიღებს დავალებას, რომ უახლოეს მომავალში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დარგების, მათ შორის ტურიზმის წარმომადგენლებთან გამართოს შეხვედრები და ამ ეტაპზე არსებული გეგმა შეათანხმოს.

მთავრობის გეგმის მიხედვით, ზამთრის კურორტები მუშაობას 1 მარტიდან განაახლებენ. საქართველოში ზამთრის კურორტებზე ტურისტული სეზონი, ჩვეულებრივ, დეკემბრის დასაწყისში იხსნება და მარტის ბოლომდე გრძელდება. შესაბამისად, წლევანდელი სეზონი ოთხჯერ უფრო ხანმოკლე იქნება და მხოლოდ ერთი თვით შემოიფარგლება.

აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ ტურიზმის სფეროს წარმომადგენელთა უკმაყოფილება გამოიწვია. ისინი არ ეთანხმებიან 22 იანვრის გადაწყვეტილებას წერტილოვანი შეზღუდვების შესახებ და მათ მთავრობას 2021 წლის ტურიზმის სწრაფი და უსაფრთხო გზებით აღდგენის საკუთარი ხედვა შესთავაზეს.

658
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები
თბილისი

როგორ უნდა გაიხსნას ტურიზმი სწრაფად და უსაფრთხოდ - სექტორის ხუთპუნქტიანი გეგმა

115
(განახლებულია 11:51 26.01.2021)
ტურისტული სექტორი, რომელშიც დაახლოებით 150 ათასი ადამიანია დასაქმებული, კორონავირუსის პანდემიის გამო ყველაზე მეტად დაზარალდა

თბილისი, 25 იანვარი - Sputnik. ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებმა მთავრობას ღია წერილით მიმართეს და ტურიზმის აღდგენის საკუთარი ხედვა შესთავზეს.

სპეციალისტები: შეზღუდვების ერთდროულად მოხსნა ინფიცირების ზრდას გამოიწვევს>>

22 იანვარს უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 1 თებერვლიდან ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა ამ ეტაპზე ტურიზმის, მათ შორის, სამთო-სათხილამურო კურორტების გახსნა არ იგეგმება და არსებული შეზღუდვები კვლავ ძალაში რჩება. მთავრობის გეგმის მიხედვით, ზამთრის კურორტები მუშაობას 1 მარტიდან განაახლებენ. საქართველოში ზამთრის კურორტებზე ტურისტული სეზონი, ჩვეულებრივ, დეკემბრის დასაწყისში იხსნება და მარტის ბოლომდე გრძელდება. შესაბამისად, წლევანდელი სეზონი ოთხჯერ უფრო ხანმოკლე იქნება და მხოლოდ ერთი თვით შემოიფარგლება.

აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ ტურიზმის სფეროს წარმომადგენელთა უკმაყოფილება გამოიწვია. ისინი არ ეთანხმებიან 22 იანვრის გადაწყვეტილებას წერტილოვანი შეზღუდვების შესახებ და მთავრობას სთავაზობენ 2021 წლის ტურიზმის სწრაფი და უსაფრთხო გზებით აღდგენის საკუთარ ხედვას.

ტურიზმის სექტორის რეკომენდაციები შემდეგი სახისაა:

1. ზამთრის კურორტების გახსნა 1 თებერვლიდან (მობილობა მაღალი უკვე ვეღარ იქნება, ეკიპირებული ადამიანი არ არის ვირუსის გადატანის საფრთხე, სამთო კურორტების სასტუმროებსაც ისევე შეუძლია კოვიდ–უსაფრთხოების რეგულაციების დაცვა, როგორც კახეთის ან სხვა რეგიონის სასტუმროებს, სადაც საკმაოდ მაღალი მობილობა შეიმჩნეოდა, მაგრამ ამით ეპიდ-მდგომარეობა არ გაუარესებულა);

2. საზღვრების გახსნა – როგორც სახმელეთო, ასევე საჰაერო – შემდეგი რეგულაციებით:

ა) ქვეყანაში მივიღოთ ის უცხოელი ვიზიტორები, ვინც საზღვარზე წარმოადგენს: ვაქცინის ჩატარების დამადასტურებელ საბუთს, PCR ტესტს (გამოფრენამდე არა უგვიანეს 72 საათისა), საბუთს, რომ აქვს ანტისხეულები, ანუ არის უკვე კოვიდ–გადატანილი (უახლოესი 6 თვის პერიოდი);

ინფექციონისტი: შეუძლებლად მიმაჩნია ერთიანად ყველა შეზღუდვის მოხსნა, თუმცა...>>

ბ) ყველა უცხოელ ვიზიტორს, რომელსაც არ აქვს ზემოთ აღნიშნული დოკუმენტაცია, საზღვარზე გაუკეთდეს სწრაფი ტესტი (ინდივიდუალური მოგზაურები თავად გადაიხდიან ტესტის თანხას, ტურისტული კომპანიით მოწვეული ტურისტებს კომპანია დაუფარავს ტესტის თანხას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს თვითღირებულებას);

გ) საზღვრების გახსნა უახლოეს პერიოდში ზუსტი თარიღების მითითებით (რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ტურიზმისთვის), შესაბამისად ვაქცინის დამადასტურებელი საბუთით, ან PCR ტესტის დამადასტურებელი საბუთით, ანტისხეულის დამადასტურებელი საბუთით, ან ჩაუტარდეს ადგილზე სწრაფი ტესტი.

იმავე პრინციპით მოხდეს საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება, რაც ხელს შეუწყობს გამყვანი ტურიზმის აღდგენას (ამ დრომდე საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეები ექვემდებარებიან თვითიზოლაციას).

დ) აღდგეს სახმელეთო მიმოსვლა მეზობელ ქვეყნებთან იგივე რეგულაციებით საზღვარზე.

საპროტესტო აქცია თბილისში: მოქალაქეები კოვიდ-შეზღუდვების მოხსნას ითხოვენ>>

3. სასწრაფოდ შემუშავდეს კოვიდ–დაზღვევის პროგრამა უცხოელი ვიზიტორებისთვის. ეს დამატებით შემოსავალს გაუჩენს სადაზღვევო კომპანიებს, ასევე დამატებითი შემოსავალი გაჩნდება ქვეყნისთვისაც, მოაგვარებს პრობლემას ვინ და რა სახსრებით მკურნალობს ვიზიტორს, თუ საქართველოში ყოფნის დროს დაუდგინდა კოვიდ ვირუსი. დაზღვევის პაკეტები შესაძლებელია იყოს განსხვავებული ფასის შესაბამისად განსხვავებული დაფინანსებით.

4. რეგულარული რეისების აღდგენისთანავე გაიხსნას რესტორნები, მუზეუმები, სხვა ღირსშესანიშნაობები რეგულაციების მკაცრი დაცვით და კონტროლით.

5. უახლოეს მომავალში  შედგეს სამუშაო ჯგუფი კერძო სექტორის ჩართულობით, რომ სწრაფად, სწორად, უსაფრთხოდ და ბიზნეს ინტერესების გათვალისწინებით მოხდეს 2021 წლის ტურიზმის სტრატეგიის შემუშავება.

წერილს, რომელიც  სექტორმა მთავრობას დღეს გაუგზავნა, ხელს აწერენ სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაცია, საქართველოს ტუროპერატორთა ასოციაცია, საქართველოს გამყვანი ტურიზმის ასოციაცია, სატრანსპორტო კომპანიები, ტუროპერატორები: „კავკაზუს თრეველი; „ლივინგ რუთს თრეველი; „გეორგიკა თრაველი; „ინსაით ჯორჯია; „კონკორდ თრეველი; „ეგზო ტური", „ომნეს ტური", „ექსპლორ ჯორჯია", „იბერია ტურს პლიუსი", „ჯორჯიან ჰოლიდეისი", „ნოვა ტურსი", „კლარკ ენდ რობინსონი".

გასულ სეზონზე, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის არიდების მიზნით, საქართველოს მთავრობამ მარტში ზამთრის სათხილამურო კურორტებზე სეზონის ვადაზე ადრე დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

საელჩო: ისრაელიდან ტურისტების უსწრაფეს მიღებაზე ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს>>

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან ბაკურიანის, გუდაურის, გოდერძისა და მესტიის სათხილამურო კურორტებზე სპეციალური შეზღუდვები დაწესდა. კერძოდ, სასტუმროების გამოყენება დასაშვებია მხოლოდ საკარანტინო სივრცეების მოსაწყობად. გაჩერებულია სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება.

115
თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები
ყვავილი ზამთარში

დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 27 იანვარი

0
(განახლებულია 12:08 26.01.2021)
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გიმზადებენ ვარსკვლავები და რას გირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 27 იანვარია, ოთხშაბათი. მზარდი მთვარე კირჩხიბის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მერკური მფარველობს.

დღეს მგზნებარე ვნებებისა და განცდების დღეა. ემოციურ ფონზე მოსალოდნელია ცვალებადი განწყობა, სპონტანური მოქმედებები და გრძნობები, ექსცენტრულობა. ადამიანებს მწვავე რეაგირება ექნებათ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე. ყოველივე ამის გათვალისწინებით ექსპერტები გირჩევენ, არ შეეხოთ სხვების გრძნობებსა და ინტერესებს – ეს, შესაძლოა, სავალალოდ დასრულდეს. ამ დღეს პლუსიც აქვს – მომატებული ამბიციურობა და პატივმოყვარეობა სამუშაოზე, კარიერასა და სიყვარულში წარმატებების მიღწევას შეუწყობს ხელს.

2021 წლის მთავარი მიმოხილვა: როგორი იქნება ხარის წელიწადი აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით>>

ვერძი: ექსპერტები გირჩევენ, რაც შეიძლება შორს დაიჭიროთ თავი ჭორებისა და ინტრიგებისგან, რომ ამაში ჩათრეული არ აღმოჩნდეთ. რაც არ უნდა ბობოქარი მოვლენები განვითარდეს ირგვლივ, განზე უნდა დარჩეთ, შეინარჩუნოთ ნეიტრალიტეტი და მხოლოდ საკუთარი საქმე გააკეთოთ. გარშემომყოფები თქვენ გარეშეც მოაგვარებენ სიტუაციას, მაგრამ თუ თავს ვერ შეიკავებთ და ვინმეს მხარეს დაიჭერთ, საბოლოოდ ეს სანანებელი გაგიხდებათ – ამან თქვენს რეპუტაციაზე დამღუპველად შეიძლება იმოქმედოს.

კურო: სასურველი შედეგის მისაღწევად დღეს მხოლოდ „შემოვლითი“ გზებით უნდა ისარგებლოთ. გარშემომყოფებთან პირდაპირი საუბრის მცდელობა არაფერს მოიტანს, ხოლო „პარტიზანული“ მეთოდები კი, როგორიცაა, მაგალითად, მინიშნებები, საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდება. ასე რომ, თუ საკუთარი იდეის წამოწევა გინდათ, ამისთვის საუკეთესო საშუალება იქნება მოხერხებულობა, საჭირო ადამიანის დარწმუნება ამ იდეაში ისე, რომ მან იფიქროს, თითქოს თვითონ მოუვიდა ეს აზრი თავში.

ტყუპი: მოემზადეთ იმისთვის, რომ დღეს მოულოდნელად საკმაოდ მაცდური წინადადება შეიძლება მიიღოთ. ეს, შესაძლოა, თქვენს შემოსავლებს, მუშაობას ან პირად ცხოვრებას ეხებოდეს. თუმცა, სანამ დათანხმდებით, ყველაფერი კარგად უნდა აწონ–დაწონოთ. როდესაც დეტალებს ჩაუღრმავდებით და კარგად გათვლით, მომგებიანია თუ არა ეს წინადადება თქვენთვის, მხოლოდ მაშინ შეძლებთ სწორი გადაწყვეტილების მიღებას.

კირჩხიბი: დღეს ნამდვილ სუპერმენად იგრძნობთ თავს. ვარსკვლავები მოგანიჭებენ უსაზღვრო ენერგიას, აივსებით აზარტით, ვერ იგრძნობთ დაღლილობას და ამ ყველაფრის წყალობით მთების გადადგმა შეგიძლიათ. განსაკუთრებით კარგი იქნება, თუ რაღაც გადაუჭრელი საკითხები გაქვთ „მარაგში“ – დღეს შესანიშნავი შანსია ყველაზე უიმედო ჩანაფიქრის განხორციელებისთვისაც კი. და მაინც, როდესაც „მთების გადადგმას“ დაიწყებთ, ზედმეტიც არ მოგივიდეთ – ზომიერება მაინც კარგი რამაა.

ლომი: გარშემომყოფები რამე საკითხისადმი მოულოდნელი მიდგომით შეიძლება გააკვირვოთ. არაა გამორიცხული, რომ პრობლემის, რომელზეც ბევრი ადამიანი ამაოდ იმტვრევდა თავს, გადაჭრის ძალზე დახვეწილი მეთოდი წარმოადგინოთ. დღეს არასტანდარტული აზროვნება გახასიათებთ და ამის წყალობით ბევრ ამოცანას სხვა კუთხით შეხედავთ. ეს განსაკუთრებით შესამჩნევი იქნება შემოქმედების სფეროებში მოღვაწე ლომებისთვის – შთაგონების მოზღვავებას იგრძნობთ.

ქალწული: დღეს განსაკუთრებულად დამოუკიდებლად იგრძნობთ თავს. ნებისმიერი მცდელობა ირგვლივ მყოფთა მხრიდან, რომ რჩევა მოგცენ ან გმართონ, პირად შეურცხყოფად იქნება თქვენი მხრიდან აღქმული. ასეთი პოზიცია, ერთი მხრივ, შესაძლოა, თქვენთვის გარშემომყოფებთან კონფლიქტებით შემობრუნდეს. მეორე მხრივ კი, დამოუკიდებლები ვერ მიიღებთ ვერანაირ ჩარჩოს, საზღვარს და ეს საქმეებზე შეიძლება პოზიტიურად აისახოს. იქ, სადაც სხვა ჩიხში მოექცევა, თქვენ არაორდინარულ გადაწყვეტილებას შესთავაზებთ.

სასწორი: დღეს რაღაც მოვლენამ შეიძლება გაგანაწყოთ და კალაპოტიდანაც კი ამოგაგდოთ. მაგრამ სასოწარკვეთილებაში ჩავარდნა არ ღირს. ეს ნორმალურია – საქმეებში ხან ყველაფერი კარგად გამოდის და ხან – არა. ირგვლივ მყოფების იმედზე ყოფნაც ყოველთვის არ ღირს. დღეს უნდა გახსოვდეთ, რომ ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ანგარიში უნდა ჩააბაროთ და ვისი იმედიც უნდა გქონდეთ, ეს თვითონ თქვენ ხართ. ასეთ შემთხვევაში იმედგაცრუებაც ნაკლები გექნებათ.

მორიელი: დღეს დილიდან ლიდერის პოზიციაზე იგრძნობთ თავს. და საქმე ის კი არაა, რომ სხვებზე მბრძანებლობა მოგინდებათ, არამედ მთავარია ის, რომ გარშემომყოფები თქვენ სიტყვას დაუგდებენ ყურს. თქვენი ნათქვამი ძალზე დამაჯერებელი იქნება და ამის წყალობით დიდი ძალისხმევის გარეშე მიიპყრობთ ყურადღებას, დააინტერესებთ ადამიანებს და დაარწმუნებთ საკუთარ სიმართლეში. სწორედ ეს უნდა გააკეთოთ დღეს – წარმოადგინოთ თქვენი იდეები, პროექტები ხოლო ყოფით საკითხებზე დროის დახარჯვა მართლაც გაუმართლებელი იქნება.

მშვილდოსანი: დღეს გარშემომყოფები, თითქოს შეთანხმებულად, თქვენი მოთმინების გამოცდას მოაწყობენ, რომელიც ისედაც უკვე სავსეა. გასაკვირი არცაა, რომ რაღაც მომენტში მოთმინების ფიალა გაივსოს და „აფეთქდეს“ ეს რომ არ მოხდეს, ვარსკვლავები გირჩევენ, „ორთქლი ნელ–ნელა გამოუშვათ“ და არ დაელოდოთ მის ავსებას. სჯობს, მაგალითად, მთელი დღე იბუზღუნოთ, ვიდრე მრისხანება მთელი დღე აგროვოთ და მერე ერთიანად ამოხეთქოთ – მოაწყოთ გრანდიოზული სკანდალი.

თხის რქა: დღეს არაერთი სიურპრიზი შეიძლება გელოდებოდეთ. არა გამორიცხული, რომ ამის წყალობით რაღაც–რაღაცებს სრულიად სხვა კუთხით შეხედოთ. საქმეებში, შესაძლოა, ახალი ფაქტები გამოჩნდეს, არ გარშემომყოფებიდან ერთ–ერთმა აბსოლუტურად სხვა მხრიდან აჩვენოს თავი. ეს, რა თქმა უნდა, საქმეებისგან მოგწყვეტთ, მაგრამ ახალ შთაბეჭდილებებს მიიღებთ.

მერწყული: დღეს რისკავთ, რომ რომელიღაც საინტერესო იდეა საფუძველშივე ამოძირკვოთ. ამაში დამნაშავე თქვენი მოუთმენლობა იქნება გადაწყვეტილების მიღებისა და სურვილის არქონა, რომ დეტალებს ჩაუღრმავდეთ. მერე რომ სანანებელი არ გაგიხდეთ, გახსნილი უნდა იყოთ ნებისმიერი ახალი აზრის, პროექტისა და იდეისთვის. ბოლოს და ბოლოს, მათზე უარის თქმას ყოველთვის მოასწრებთ.

თევზები: დღეს საშუალება მოგეცემათ, რომ თქვენი ორგანიზატორული უნარები წარმოაჩინოთ, თუნდაც ეს ნიჭი „ღრმა ძილის მდგომარეობაში“ იყოს. გარშემომყოფებისთვის დავალების მიცემა, მოვალეობების გადანაწილება, ენთუზიაზმით დამუხტვა – ეს ყველაფერი დღეს თქვენთვის ძალზე იოლია. თუნდაც სხვების ხელმძღვანელობის საშუალება არ გქონდეთ, სულ მცირე, საკუთარი თავის შესანიშნავად ორგანიზებას მაინც მოახერხებთ.

0