ტურისტები ორბელიანის მოედანზე

საზღვრები არ გაიხსნება: რას ნიშნავს ტურისტული სეზონის გახსნა საქართველოში

317
(განახლებულია 13:20 28.05.2020)
უცხოელებს, რომლებიც ამ ზაფხულს შვებულების გატარებას საქართველოში გადაწყვეტენ, კორონავირუსზე ტესტი ჩამოსვლამდე 72 საათის მანძილზე უნდა ჰქონდეთ გაკეთებული.

თბილისი, 28 მაისი – Sputnik. საერთაშორისო ტურისტების მიღების დაწყება არ ნიშნავს საზღვრების გახსნას, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

გახარია: საქართველო მზად არის მიიღოს დამკვირვებლების უპრეცედენტო რაოდენობა არჩევნებზე >>

საქართველო შიდა ტურიზმის გახსნას 15 ივნისს გეგმავს, ხოლო საერთაშორისო მოგზაურების მიღება ქვეყანაში 1 ივლისიდან დაიწყება.

„როდესაც ვსაუბრობთ, რომ საქართველო უნდა იყოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც ტურიზმს გახსნის, აქ ვსაუბრობთ არა იმაზე, რომ საზღვრები გავხსენით და ეს ხალხი ასე უკონტროლოდ შემოვიდა, არამედ ჩვენ ვსაუბრობთ კონკრეტულ სუფთა დერეფნებზე“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

ამასთან, მისი თქმით, საუბარია მხოლოდ ორგანიზებულ ტურისტულ ჯგუფებზე, რომლებიც დაისვენებენ კონკრეტულ სასტუმროებში, ისარგებლებენ გარკვეული ტრანსპორტით და მომსახურებით. ასევე დამსვენებლებს კორონავირუსზე ტესტი ქვეყანაში ჩამოსვლამდე 72 საათის მანძილზე უნდა ჰქონდეთ გაკეთებული.

„სხვა შემთხვევაში ჩვენ უბრალოდ რეპუტაციულად ჩვენი ტურიზმის ბრენდს და სექტორს ვაყენებთ რისკის ქვეშ“, – განაცხადა გახარიამ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნის პოზიციონირების პრეტენზია გააჩნია და ამიტომ ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ საქართველოში ვიზიტის დროს უცხოელები COVID-19-ით არ დაინფიცირდებიან.

317
თემები:
ტურიზმი საქართველოში (263)
დაშბაშის კანიონში ხიდის პროექტი

დაშბაშის კანიონზე უნიკალური შუშის ხიდის მოწყობის სამუშაოები გიორგი გახარიამ დაათვალიერა

162
(განახლებულია 15:13 11.07.2020)
პროექტს ებრაული კომპანია KASS LAND (იგივე Kass Group) ახორციელებს. კანიონზე ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა

თბილისი, 11 ივლისი - Sputnik. ჩვენ წელს ერთად უნდა გავაძლიეროთ ტურიზმი, უნდა „ვიმოგზაუროთ საქართველოსთვის“, ვიყოთ ჩვენი ქვეყნის მოგზაურები, ერთად აღმოვაჩინოთ ახალი ადგილები, მათ შორის დაშბაშის კანიონიც უნდა გახდეს ერთ-ერთი დანიშნულების ადგილი, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ალგეთის დაცულ ტერიტორიებზე სტუმრობისას.

პირველად საქართველოში დაცულ ტერიტორიაზე კერძო საერთაშორისო ინვესტიცია ხორციელდება, რომელიც Covid-19-ის პანდემიის მიუხედავად არ შეწყვეტილა. კერძოდ, ალგეთის ეროვნულ პარკში „დაშბაშის კანიონზე“ 83 ჰა მიწის ნაკვეთზე უნიკალური ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს.

პრემიერის განცხადებით, ამ მოცულობის ინვესტიცია რეგიონისთვის რეკორდულია, ხოლო პროექტით გათვალისწინებული ობიექტები საქართველოსთვის ახალი და უნიკალურია.

მთავრობის მეთაურის შეფასებით,  ეს ხელს შეუწყობს კანიონის პოპულარიზაციას, მიმზიდველი გახდება ვიზიტორებისთვის, მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა, დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა, განვითარდება ტურისტული სერვისები და წალკის მუნიციპალიტეტში ხელი შეეწყობა ეროვნულ უმცირესობათა ინტეგრაციის პროცესს.

პროექტის მიხედვით, საქართველოში პირველად უნიკალური 240 მეტრის სიგრძის, შუშის ხიდი მოეწყობა, ეკოტურისტული - ბილიკებით, ვიზიტორთა ცენტრით. ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება სასტუმროები და სხვა ტურისტული ინფრასტრუქტურა.

პროექტის საინვესტიციო ღირებულება 50 მილიონ ლარზე მეტია და მას ებრაული კომპანია KASS LAND ახორციელებს.

დაშბაშის კანიონი ზღვის დონიდან 1100-1500 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, სიგრძე კი 8 კილომეტრს უდრის. კანიონი 669 ჰექტარის ფართობის უზარმაზარ ტერიტორიას იკავებს. ეს ადგილი უამრავი სანახაობრივი ჩანჩქერით და გამოქვაბულით არის სავსე.

2016 წელს დაშბაშის კანიონს საქართველოს ბუნების ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ამ დროიდან ის საქართველოს ღირსშესანიშნაობების რუკებსა და გზამკვლევებზე გაჩნდა.

გასული წლის დეკემბერში გარემოს და სოფლის მეურნეობის სამინისტროში იუწყებოდნენ, რომ უნიკალური მინის ხიდი 2020 წლის აგვისტოში გაიხსნება. შუშის ხიდის შუაში იქნება განთავსებული ცაში დაკიდებული ბარი. არსებული ინფორმაციით, აღნიშნული ღირსშესანიშნაობის გახსნის შემდეგ წალკას მინიმუმ 2 მილიონი ვიზიტორი ეწვევა.

162
თემები:
ტურიზმი საქართველოში (263)
გიორგი გახარია

„აღმოაჩინე საქართველო“ პრემიერ-მინისტრი ასურეთს ეწვია

61
(განახლებულია 18:14 10.07.2020)
სოფელ ასურეთში შვაბების ქუჩის რეაბილიტაცია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განახორციელა.

თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. ხელახლა უნდა აღმოვაჩინოთ ჩვენი სამშობლო, ყველა ის ადგილი, რომელიც შეიძლება დავიწყებულია, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სოფელ ასურეთში, სადაც მან ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილთან და გერმანიის ელჩთან ჰუბერტ კნირშთან ერთად გერმანული დასახლება დაათვალიერა.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთში შვაბების ქუჩის რეაბილიტაცია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განახორციელა.

პრემიერ-მინისტრმა ასურეთში მცხოვრებ გერმანელებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პირველი გერმანული დასახლება საქართველოში მე-19 საუკუნის დასაწყისში გაჩნდა. მას მერე უკვე 200-ზე მეტი წელი გავიდა. პრემიერის თქმით, სწორედ ამ 200-წლიან იუბილეს ეძღვნებოდა შვაბების ქუჩის რეაბილიტაციის იდეა.

„აქ, რა თქმა უნდა, კიდევ ბევრი რამეა გასაკეთებელი და ჩვენ ამას ერთად გავაგრძელებთ ჩვენს მეგობარ სახელმწიფოსთან ერთად“, – განაცხადა გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა შიდა ტურიზმზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ მთავრობა შიდა ტურიზმის მხარდაჭერას იწყებს.

„ჩვენ ვიწყებთ ახალ პროგრამას, რომელმაც უნდა განავითაროს შიდა ტურიზმი. ჩვენ ხელახლა ყველამ ერთად უნდა აღმოვაჩნოთ ჩვენი სამშობლო, საქართველო... ჩვენი ოჯახის წევრებთან, შვილებთან ერთად, ხელახლა უნდა ვნახოთ ეს ყველაფერი, რათა, როდესაც ტურიზმი სრულად აღდგება და ჩვენი უცხოელი სტუმრები ჩამოვლენ, საუკეთესო გიდი იყოს თითოეული ჩვენგანი“, – აღნიშნა გახარიამ.

რაც შეეხება ასურეთში განხორციელებულ რეაბილიტაციას, სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაოები სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.

შვაბების ქუჩაზე რესტავრაცია-რეაბილიტაცია XIX საუკუნის გერმანული მხატვრულ-არქიტექტურული ღირებულების მქონე ეკლესიას (კირხეს), სამ საცხოვრებელ სახლსა და ძველ გერმანულ სასაფლაოს ჩაუტარდა. მოეწყო გარე განათება, პირვანდელი იერსახით აღდგა ღობეები და ჭიშკრები. ჩატარდა საკანალიზაციო სისტემის მოწყობის სამუშაოები, აშენდა გამწმენდი ნაგებობა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის მიზანია ასურეთის ისტორიულ დასახლებაში შემორჩეს გერმანული კოლონიებისთვის დამახასიათებელი განაშენიანება და ისტორიული დასახლება კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს ტურისტებისთვის.

გერმანული სოფლის რეაბილიტაციას ჯამში 6 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდა.

61
თემები:
ტურიზმი საქართველოში (263)
ნიკა გვარამია

შაქარაშვილის გარდაცვალების საქმე: ნიკა გვარამიამ სასამართლოს კითხვებს უპასუხა

0
ტელეკომპანიის განკარგულებაში აღმოჩნდა ვიდეოკადრები, რომლებიც გამოძიების ოფიციალურ ვერსიებში არ ყოფილა

თბილისი, 11 ივლისი – Sputnik. „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ 19 წლის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს ჩვენება მისცა.

ცნობილი გახდა ექსპერტიზის პასუხი – რა გახდა გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი >>

გარდაცვლილ ახალგაზრდა სპორტსმენს არაგვში 22 ივნისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ მიაგნეს. ის უკვალოდ დაიკარგა წვეულებაზე მომხდარი ჩხუბის შემდეგ, რომელიც მცხეთის აგარაკზე სტუმრებს შორის მოხდა. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ 19 წლის ფეხბურთელის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ასევე მას აღმოაჩნდა უამრავი დაზიანება, რაც საქმის გადაკვალიფიცირების საფუძველი გახდა - ჯგუფური ძალადობის მუხლი მკვლელობით შეიცვალა.

„მთავარი არხი“ და მისი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შაქარაშვილის გაუჩინარების მომენტიდან აქტიურად აშუქებდნენ ამ თემას და აჩვენებდნენ ახალ-ახალ კადრებს, რომლებიც გამოძიების ოფიციალურ ვერსიებში არ ყოფილა. სწორედ ეს გახდა გვარამიას სასამართლოში გამოკითხვის მიზეზი.

„წყაროები არ გავამხილე, არ მივიჩნევ საჭიროდ. მეორე შეკითხვა იყო ბევრ საკითხთან დაკავშირებით, რომელსაც ეთერში გამოვთქვამ, როგორც ლოგიკურ ვარაუდს, ვინაიდან საქმეში იმალება მთელი რიგი დეტალები და ამიტომ გვიწევს მიხვედრა, შევსება ამ სურათის“, - განაცხადა გვარამიამ.

ამასთან მან აღნიშნა, რომ მას უსვამდნენ კითხვებს იმ კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით, რომლებიც მან ეთერში დაასახელა.

შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულია 17 ადამიანი, რომლებსაც ჯგუფური ძალადობის, მისი ორგანიზებისა და ძალადობის ბრალდებით წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. პირთა ჯგუფის მიერ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდება ჯერჯერობით არავისთვის არ წაუყენებიათ.

ამჟამად გამოძიებამ დანიშნა დამატებითი ექსპერტიზები, რათა გაირკვეს ექსპერტიზის მიერ უკვე დადგენილი დაზიანებების წარმომავლობა და საქმის სხვა გარემოებები. ექსპერტებმა უნდა უპასუხონ მთავარ კითხვაზე - როგორ აღმოჩნდა შაქარაშვილი წყალში და რა მოხდა მანამდე.

0
თემები:
19 წლის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმე