სუვენირების მაღაზია

საქართველო ტურისტებისთვის უსაფრთხო ქვეყანა: ელჩებმა ახალი დავალება მიიღეს

89
(განახლებულია 14:23 19.05.2020)
უახლოეს დროში დიპლომატები კონკრეტულ ინსტრუქციებსა და პროტოკოლებს მიიღებენ, რომლებიც საქართველოში უცხოელი ტურისტების შემოსვლასთან დაკავშირებით იმოქმედებს.

თბილისი, 19 მაისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოს ელჩებს მსოფლიოში საქართველოს, როგორც ტურისტულად უსაფრთხო და მიმზიდველი ქვეყნის წარდგენა დაავალა, იუწყება მთავრობის პრეს-სამსახური.

კორონავირუსის პანდემიასთან წარმატებული ბრძოლის შედეგად ქვეყნის ხელისუფლებამ შიდა ტურიზმის 15 ივნისიდან, უცხოელი ტურისტებისთვის კი საზღვრის 1 ივლისიდან გახსნის გადაწყვეტილება მიიღო.  


„აუცილებელია, რომ საქართველო წარმოდგენილი იყოს როგორც ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა. ვფიქრობ, რომ ეს ამოცანა ყველასთვის ნათელია. ამაზე მუშაობა უკვე დაწყებულია და დღევანდელი შეხვედრაც ამ მიზანს ემსახურება. პრემიერ-მინისტრისგან, ეკონომიკის მინისტრისგან, საგარეო საქმეთა მინისტრისგან და ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელისგან ელჩებმა ამ მიმართულებით ძირითად პრიორიტეტებთან დაკავშირებით სრული ინფორმაცია მიიღეს“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.

საქართველოს პრემიერმა გიორგი გახარიამ ორშაბათს, 18 მაისს საქართველოს ელჩებთან ვიდეოკონფერენცია გამართა.

უახლოეს დროში დიპლომატები კონკრეტულ ინსტრუქციებსა და პროტოკოლებს მიიღებენ, რომლებიც საქართველოში უცხოელი ტურისტების შემოსვლასთან დაკავშირებით იმოქმედებს.

უსაფრთხო  ადგილი

საქართველოში ტურისტული ინდუსტრიის აღორძინების ამბიციური გეგმის რეალიზაციისთვის, რომელიც პანდემიისგან ყველაზე მეტად დაზარალდა და შემოსავლის 70% დაკარგა, ხელისუფლებამ საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყნის პოზიციონირების გადაწყვეტილება მიიღო. 

საქართველოში ჩამოსული ტურისტები ე.წ. „მწვანე ზონებში“ დაისვენებენ, სადაც უზრუნველყოფილი იქნება სრული უსაფრთხოება როგორც დამსვენებლებისთვის, ისე ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

საქართველოს მთავრობა სხვადასხვა ქვეყნებთან ავიამიმოსვლის აღდგენის მიზნით აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს.

კორონავირუსის გავრცელების გამო საქართველომ უცხოელი ტურისტებისთვის საზღვრები დაკეტა და 21 მარტიდან პრაქტიკულად მთლიანად შეწყვიტა ავიამიმოსვლა სხვა ქვეყნებთან. 21 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

საქართველოს ახალი როლი

ვიდეოკონფერენციის დროს საუბარი შეეხო საქართველოს ახალ როლსა და ადგილს გლობალურ საინვესტიციო პროცესებში. 

აღინიშნა, რომ COVID-19-ის პანდემიამ მსოფლიოს მულტინაციონალური კომპანიების დღის წესრიგში დააყენა წარმოების დივერსიფიკაციის საკითხი.

შესაბამისად, ქართველ ელჩებს დაევალათ აქტიურად იმუშაონ საქართველოს, როგორც ბიზნესის კეთებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი ქვეყნის იმიჯის განმტკიცებაზე, რომელსაც, მეზობელი სახელმწიფოების გარდა, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები აკავშირებს მსოფლიოს ისეთ უმსხვილეს ბაზრებთან, როგორიცაა, მათ შორის, ევროკავშირი და ჩინეთი.

89
თემები:
ტურიზმი საქართველოში (276)
მინისტრი ნათია თურნავა

თურნავა: ქუჩებში შევძლებთ მონატრებული უცხოელი ტურისტების დანახვას

127
(განახლებულია 19:33 05.08.2020)
თბილისში მიუნხენიდან და პარიზიდან ჩამოფრენილ პირველ ორ ავიარეისზე მგზავრთა უმეტესობა უცხოელი ტურისტი იყო.

თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. თბილისის ქუჩებში უკვე გამოჩნდნენ პირველი ტურისტები საფრანგეთიდან და გერმანიიდან, განაცხადა ბრიფინგზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

თბილისი–რიგა: დღეიდან ორ ქვეყანას შორის რეგულარული ავიარეისები შესრულდება>>

ოთხთვიანი წყვეტის შემდეგ საქართველომ ხუთი ქვეყნისთვის თავისი საჰაერო საზღვრები გახსნა. ამ ქვეყნების მოქალაქეებს ქვეყანაში შემოსვლა უპირობოდ შეუძლიათ. ეს ქვეყნებია გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი. სახმელეთო საზღვრები, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, დღემდე დაკეტილია.

„ავიარეისების მგზავრების უდიდესი უმრავლესობა – სამი მეოთხედი უცხოელი ტურისტები, საერთაშორისო ვიზიტორები არიან. აქედან გამომდინარე, ქუჩებში უკვე შევძლებთ მონატრებული ტურისტების დანახვას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სტატისტიკაა, რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეებიც სარგებლობენ ამ რეისებით, მაგრამ ძირითადად ის ვიზიტორები, ვისაც სურს ესტუმროს საქართველოს, რომელიც არის უსაფრთხო ქვეყანა“, – განაცხადა თურნავამ.

სამშაბათს თბილისში ჩარტერული რეისით ჩამოფრინდა თვითმფრინავი პარიზიდან. ბორტზე 188 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან უმრავლესობა ტურისტი იყო. მათ აეროპორტი კარანტინის გარეშე დატოვეს. ამდენივე ადამიანი ჩამოფრინდა მიუნხენიდან – ასევე უმეტესობა გერმანელი ტურისტი იყო.

ტურისტული სფერო ის დარგია, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო ძალიან დაზარალდა, რადგან საქართველოს ხელისუფლებამ საზღვრები მარტში დაკეტა. ამჟამად მთავრობა ძირითადად ადგილობრივი ტურიზმის განვითარებაზეა ორიენტირებული.

საქართველოში შიდა ტურიზმი ოფიციალურად 15 ივნისს გაიხსნა. ხელისუფლება მოქალაქეებს მოუწოდებს, წელს სამშობლოში დაისვენონ და ქვეყანას ამ სფეროში დაეხმარონ. ამასთან დაცული უნდა იყოს უსაფრთხოების ზომები.

აგვისტოში საქართველოში შესრულდება როგორც კომერციული ჩარტერული რეისები, ისე რეგულარული რეისები უსაფრთხო დერეფნებით. ამ საკითხზე ტექნიკური მოლაპარაკებები სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რამდენიმე ავიაკომპანისთან გამართა.

უსაფრთხო მოგზაურობა ზაფხულში: საქართველოს რომელ კურორტებზე შევძლებთ დასვენებას>>

რიგა ერთ-ერთია იმ სამი საერთაშორისო მიმართულებიდან, რომელთანაც რეგულარული ფრენები დღეს განახლდა. 2 აგვისტოდან აღდგა ფრენები მიუნხენი–თბილისი–მიუნხენის მიმართულებით, ხოლო 8 აგვისტოდან დაიწყება პარიზი–თბილისი–პარიზის რეგულარული რეისები.

127
თემები:
საქართველოს ეკონომიკა
ხედი გოდერძის უღელტეხილიდან

აჭარაში ალპური ბოტანიკური ბაღი გაიხსნა

160
(განახლებულია 19:37 30.07.2020)
გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღი კურორტ გოდერძისთან ახლოს, ზღვის დონიდან 1960 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.

თბილისი, 30 ივლისი – Sputnik. აჭარაში 30 ივლისს მუშაობა დაიწყო ალპურმა ბოტანიკურმა ბაღმა, იუწყება აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის პრეს-სამსახური.

სათავგადასავლო ატრაქციები: ნოქალაქევში „თოკების პარკი“ და 130 მეტრიანი ზიპლაინი მოეწყო>>

ვიზიტორები უნიკალური ქვის ბაღის ალპინარიუმის ნახვას შეძლებენ, რომლის მოწყობაზეც ქართველ სპეციალისტებთან ერთად მიუნხენის ბოტანიკური ბაღის მებაღე ჰელმუტ ვისნეტმაც იმუშავა.

ალპინარიუმში ალპური და სუბალპური ზონებისთვის დამახასიათებელი მცენარეები სპეციალური ქვების კომპოზიციებითაა წარმოდგენილი. სტუმრებისთვის მოწყობილია სივრცეები პიკნიკისა და კემპინგისთვის.

გოდერძის ალპური ბაღი მთლიანობაში 15 ზონას მოიცავს, რომელთა შორის გამოირჩევა ტბისა და ჭაობის, წყაროსა და პიკნიკის ზონები, ასევე მეფუტკრეობის სადემონსტრაციო ზონა, სადაც ვიზიტორებს საშუალება აქვთ, ჯარას ველური თაფლის წარმოების უნიკალურ ტრადიციას გაეცნონ.

ალპური ბოტანიკური ბაღი ერთი-ერთი საინტერესო ტურისტული მიმართულებაა ჩირუხი-ხიხანი-გოდერძისა და მწვანე ტბის ტურისტულ მარშრუტზე მოგზაურებისთვის, ასევე კურორტ გოდერძისა და ბეშუმში დამსვენებლებისთვის.

უსაფრთხო მოგზაურობა ზაფხულში: საქართველოს რომელ კურორტებზე შევძლებთ დასვენებას>>

ბაღი 2016 წელს შეიქმნა და მას ბათუმის ბოტანიკური ბაღი ხელმძღვანელობს. შესვლა ბაღში თავისუფალია.

160
თემები:
ტურიზმი საქართველოში (276)
დაკავებები ბელარუსში

ბელარუსის ქალაქებში კვლავ დაძაბულობაა: სპეცრაზმი ხალხის დაკავებას განაგრძობს

0
მილიციის ხელმძღვანელობამ ბელარუსის დედაქალაქის ქუჩებში კვლავ სპეცტექნიკის გამოყვანის გადაწყვეტილება მიიღო

თბილისი, 10 აგვისტო - Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არასანქცირებული აქციების დროს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას აღკვეთავენ, განაცხადეს ორშაბათს შსს-ში, იუწყება Sputnik-ბელარუსი.

საგანგებო დანიშნულების რაზმის („ომონის“) თანამშრომლები განაგრძობენ დაკავებებს, ყველა გამვლელს დოკუმენტებს და ზურგჩანთებს უმოწმებენ. რაიონში მობილიზებულია მილიციის ძალები, მორიგეობს ორი სახანძრო მანქანა. მიუხედავად ამისა, რაიონში ადამიანების მცირე ჯგუფები იყრიან თავს.

„მილიციის თანამშრომლები დღესაც მუშაობენ გაძლიერებული რეჟიმით. გარდა ამისა, მინსკის ქუჩებში მართლსაწინააღმდეგო ქმედებების თავიდან აცილების მიზნით სპეცტექნიკაა მობილიზებული“, - განუცხადა Sputnik-ს ბელარუსის შსს-ს წარმომადგენელმა ოლგა ჩემოდანოვამ.

მინსკში პროტესტის დროს სამართალდამცველებს გუშინ სპეცტექნიკის, მათ შორის, წყლის ჭავლის გამოყენებაც მოუხდათ.

ეს წუთია ცნობილი გახდა, რომ საგამოძიებო კომიტეტმა მასობრივი არეულობის ფაქტებზე 21 სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ზოგიერთი მუხლით გამოყენებულმა სანქციებმა შესაძლოა 15 წლით თავისუფლების აღკვეთას მიაღწიოს. გამომძიებლებმა დააზუსტეს, რომ გუშინ დაკავებულია 80-ზე მეტი პირი. მათი უმრავლესობა ახალგაზრდები არიან, რომლებიც ალკოჰოლური ან ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ.

0
თემები:
მსოფლიო დღეს