თვითმფრინავები თბილისის აეროპორტში

საქართველო მუშაობს ბალტიისპირეთის ქვეყნებთან ავიამიმოსვლის აღდგენაზე

146
(განახლებულია 19:54 18.05.2020)
ტურისტული სეზონისთვის მომზადების ფარგლებში საქართველო აწარმოებს მოლაპარაკებებს იმ ქვეყნებთან, საიდანაც დიდი ტურისტული ნაკადებია მოსალოდნელი

თბილისი, 18 მაისი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს ბალტიისპირეთის ქვეყნებთან ჩვენს ქვეყნებს შორის ავიამიმოსვლის უახლოესი აღდგენის თაობაზე, განაცხადა  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ.

კორონავირუსის გავრცელების გამო საქართველომ 21 მარტიდან პრაქტიკულად მთლიანად შეწყვიტა ავიამიმოსვლა სხვა ქვეყნებთან. კორონავირუსის პანდემიასთან წარმატებული ბრძოლის შედეგად ქვეყნის ხელისუფლებამ შიდა ტურიზმის 15 ივნისიდან, უცხოელი ტურისტებისთვის კი საზღვრის 1 ივლისიდან გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. ეს ნიშნავს, რომ ამ დროისთვის საქართველო აღადგენს საჰაერო და სახმელეთო მიმოსვლას, რომელიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შეიზღუდა.

„ვიცით, რომ ბალტიის სამ სახელმწიფოს შორის პრაქტიკულად უკვე აღდგენილია მიმოსვლა თავისუფალ რეჟიმში მოქალაქეების და ჩვენ ვმუშაობთ ბალტიის სამივე სახელმწიფოსთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა პირველი ივლისიდან შევძლოთ, ამ ქვეყნებიდანაც ვუმასპინძლოთ ტურისტებს“, - განუცხადა თურნავამ ჟურნალისტებს.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, საქართველოში ტურისტული სეზონის გახსნისთვის ემზადებიან, ამიტომ განსაკუთრებით ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს იმ ქვეყნების ხელმძღვანელებთან, საიდანაც დიდი ტურისტული ნაკადია მოსალოდნელი.

„დღეს შედგა ჩემი საუბარი ლიეტუვის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრთან. ვისაუბრეთ იმ პერსპექტივებზე, თუ რამდენად სწრაფად შეგვიძლია, აღვადგინოთ მიმოსვლა ჩვენს ქვეყნებს შორის“, - განაცხადა თურნავამ.

მინისტრების შეხვედრამ ონლაინ რეჟიმში გაიმართა.

როგორც ადრე განაცხადა თურნავამ. ავიამიმოსვლის აღდგენა ორკომპონენტიანი ამოცანაა. პირველი კომპონენტია - პირდაპირი ავიარეისები და ის ავიაკომპანიები, რომლებიც მზად არიან იფრინონ უსაფრთხოების წესების დაცვით. მეორე კომპონენტია - შეთანხმება ქვეყნებთან.

„მნიშვნელოვანია, რომ ავიაკომპანია „ვიზეარმა“ უკვე გამოხატა სურვილი, აღდგეს რეგულარული მიმოსვლა ვილნიუსსა და ქუთაისს შორის, ასევე ბალტიის ორ დანარჩენ სახელმწიფოსთანაც“, – განაცხადა თურნავამ.

წინასწარი მონაცემებით, პირველი ქვეყანა, საიდანაც საქართველო ტურისტებს მიიღებს, ისრაელი იქნება. ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, საქართველო მოლაპარაკებას აწარმოებს ასევე ჩეხეთთან, პოლონეთთან, ავსტრიასთან, და მეზობელ სახელმწიფოებთან.

ამ დროისათვის საქართველოში ფრენების აღდგენის სურვილი 20-მა ავიაკომპანიამ გამოთქვა.

ქვეყნის ტურისტული ინდუსტრიის აღორძინების კუთხით, რომელიც პანდემიის პირობებში ყველაზე მეტად დაზარალდა და შემოსავლების 70% დაკარგა, ხელისუფლებამ საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყნის პოზიციონირების გადაწყვეტილება მიიღო.

საქართველოში ჩამოსული ტურისტები ე.წ. „მწვანე ზონებში“ დაისვენებენ, სადაც უზრუნველყოფილი იქნება სრული უსაფრთხოება როგორც დამსვენებლებისთვის, ისე ადგილობრივი მოსახლეობისთვის.

 

 

146
თემები:
ავიამიმოსვლა საქართველოში (153)
მინისტრი ნათია თურნავა

თურნავა: ქუჩებში შევძლებთ მონატრებული უცხოელი ტურისტების დანახვას

111
(განახლებულია 19:33 05.08.2020)
თბილისში მიუნხენიდან და პარიზიდან ჩამოფრენილ პირველ ორ ავიარეისზე მგზავრთა უმეტესობა უცხოელი ტურისტი იყო.

თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. თბილისის ქუჩებში უკვე გამოჩნდნენ პირველი ტურისტები საფრანგეთიდან და გერმანიიდან, განაცხადა ბრიფინგზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

თბილისი–რიგა: დღეიდან ორ ქვეყანას შორის რეგულარული ავიარეისები შესრულდება>>

ოთხთვიანი წყვეტის შემდეგ საქართველომ ხუთი ქვეყნისთვის თავისი საჰაერო საზღვრები გახსნა. ამ ქვეყნების მოქალაქეებს ქვეყანაში შემოსვლა უპირობოდ შეუძლიათ. ეს ქვეყნებია გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი. სახმელეთო საზღვრები, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, დღემდე დაკეტილია.

„ავიარეისების მგზავრების უდიდესი უმრავლესობა – სამი მეოთხედი უცხოელი ტურისტები, საერთაშორისო ვიზიტორები არიან. აქედან გამომდინარე, ქუჩებში უკვე შევძლებთ მონატრებული ტურისტების დანახვას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი სტატისტიკაა, რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეებიც სარგებლობენ ამ რეისებით, მაგრამ ძირითადად ის ვიზიტორები, ვისაც სურს ესტუმროს საქართველოს, რომელიც არის უსაფრთხო ქვეყანა“, – განაცხადა თურნავამ.

სამშაბათს თბილისში ჩარტერული რეისით ჩამოფრინდა თვითმფრინავი პარიზიდან. ბორტზე 188 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან უმრავლესობა ტურისტი იყო. მათ აეროპორტი კარანტინის გარეშე დატოვეს. ამდენივე ადამიანი ჩამოფრინდა მიუნხენიდან – ასევე უმეტესობა გერმანელი ტურისტი იყო.

ტურისტული სფერო ის დარგია, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო ძალიან დაზარალდა, რადგან საქართველოს ხელისუფლებამ საზღვრები მარტში დაკეტა. ამჟამად მთავრობა ძირითადად ადგილობრივი ტურიზმის განვითარებაზეა ორიენტირებული.

საქართველოში შიდა ტურიზმი ოფიციალურად 15 ივნისს გაიხსნა. ხელისუფლება მოქალაქეებს მოუწოდებს, წელს სამშობლოში დაისვენონ და ქვეყანას ამ სფეროში დაეხმარონ. ამასთან დაცული უნდა იყოს უსაფრთხოების ზომები.

აგვისტოში საქართველოში შესრულდება როგორც კომერციული ჩარტერული რეისები, ისე რეგულარული რეისები უსაფრთხო დერეფნებით. ამ საკითხზე ტექნიკური მოლაპარაკებები სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რამდენიმე ავიაკომპანისთან გამართა.

უსაფრთხო მოგზაურობა ზაფხულში: საქართველოს რომელ კურორტებზე შევძლებთ დასვენებას>>

რიგა ერთ-ერთია იმ სამი საერთაშორისო მიმართულებიდან, რომელთანაც რეგულარული ფრენები დღეს განახლდა. 2 აგვისტოდან აღდგა ფრენები მიუნხენი–თბილისი–მიუნხენის მიმართულებით, ხოლო 8 აგვისტოდან დაიწყება პარიზი–თბილისი–პარიზის რეგულარული რეისები.

111
თემები:
საქართველოს ეკონომიკა
ხედი გოდერძის უღელტეხილიდან

აჭარაში ალპური ბოტანიკური ბაღი გაიხსნა

159
(განახლებულია 19:37 30.07.2020)
გოდერძის ალპური ბოტანიკური ბაღი კურორტ გოდერძისთან ახლოს, ზღვის დონიდან 1960 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.

თბილისი, 30 ივლისი – Sputnik. აჭარაში 30 ივლისს მუშაობა დაიწყო ალპურმა ბოტანიკურმა ბაღმა, იუწყება აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის პრეს-სამსახური.

სათავგადასავლო ატრაქციები: ნოქალაქევში „თოკების პარკი“ და 130 მეტრიანი ზიპლაინი მოეწყო>>

ვიზიტორები უნიკალური ქვის ბაღის ალპინარიუმის ნახვას შეძლებენ, რომლის მოწყობაზეც ქართველ სპეციალისტებთან ერთად მიუნხენის ბოტანიკური ბაღის მებაღე ჰელმუტ ვისნეტმაც იმუშავა.

ალპინარიუმში ალპური და სუბალპური ზონებისთვის დამახასიათებელი მცენარეები სპეციალური ქვების კომპოზიციებითაა წარმოდგენილი. სტუმრებისთვის მოწყობილია სივრცეები პიკნიკისა და კემპინგისთვის.

გოდერძის ალპური ბაღი მთლიანობაში 15 ზონას მოიცავს, რომელთა შორის გამოირჩევა ტბისა და ჭაობის, წყაროსა და პიკნიკის ზონები, ასევე მეფუტკრეობის სადემონსტრაციო ზონა, სადაც ვიზიტორებს საშუალება აქვთ, ჯარას ველური თაფლის წარმოების უნიკალურ ტრადიციას გაეცნონ.

ალპური ბოტანიკური ბაღი ერთი-ერთი საინტერესო ტურისტული მიმართულებაა ჩირუხი-ხიხანი-გოდერძისა და მწვანე ტბის ტურისტულ მარშრუტზე მოგზაურებისთვის, ასევე კურორტ გოდერძისა და ბეშუმში დამსვენებლებისთვის.

უსაფრთხო მოგზაურობა ზაფხულში: საქართველოს რომელ კურორტებზე შევძლებთ დასვენებას>>

ბაღი 2016 წელს შეიქმნა და მას ბათუმის ბოტანიკური ბაღი ხელმძღვანელობს. შესვლა ბაღში თავისუფალია.

159
თემები:
ტურიზმი საქართველოში
პრემიერი გიორგი გახარია რაჭაში

გახარია რაჭაში: ერთი კვირაც და აქ სიწყნარე და სიმშვიდე იქნება

0
(განახლებულია 17:16 07.08.2020)
პრემიერ-მინისტრი უშუალოდ გაეცნო ხიდებისა და საავტომობილო გზის აღდგენით სამუშაოებს, შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობას და მათი საჭიროებები პირადად მოისმინა.

თბილისი, 7 აგვისტო - Sputnik. სტიქიის შედეგად მოწყვეტილ სოფლებთან მაღალი გამავლობის ავტომანქანებით მიმოსვლა უკვე აღდგენილია, მსუბუქი ავტომობილებით მოძრაობა კი რამდენიმე დღეში გახდება შესაძლებელი, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, რომელიც დღეს რაჭაში სტიქიის შედეგად დაზარალებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.

28–29 ივლისს უამინდობისა და კოკისპირული წვიმების გამო რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის 12 სოფელი – 2 ათასზე მეტი ადამიანი გარე სამყაროს მოწყვეტილი აღმოჩნდა. სტიქიის შედეგად დაზიანებულია 10 ხიდი, 8 ადგილზე ჩანგრეულია ცენტრალური გზის სავალი ნაწილი, ასევე რამდენიმე მონაკვეთი ონიდან შოვის მიმართულებით და შიდა სასოფლო გზები.

მთავრობის მეთაური ონში ვიცე-პრემიერთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან და მაჟორიტარ დეპუტატ გოჩა ენუქიძესთან ერთად იმყოფებოდა. მან ადგილზე მიიღო ინფორმაცია განხორციელებული სამუშაოებისა და დარჩენილი პრობლემების მოგვარების გზების შესახებ.

პრემიერ-მინისტრი უშუალოდ გაეცნო ღარის, შოვის ხიდისა და საავტომობილო გზის აღდგენით სამუშაოებს, გომი-ჯინჭვისის ხიდის რეაბილიტაციის პროცესს. ასევე სოფელ ნაკიეთსა და ჟამიერეთში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათი საჭიროებები პირადად მოისმინა. აღნიშნულ სოფლებში სტიქიის შედეგად დაზიანებული სახლების გამო 12 ოჯახი გასახლებას საჭიროებს.

მიმდინარე სამუშაოების დათვალიერებისა და მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ  გახარია რაჭაში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო საგანგებო შტაბის წევრებს შეხვდა.

„აღდგენილია ელექტროენერგია და წყალმომარაგება. ფაქტობრივად, მოწყვეტილი სოფლები ეტაპობრივად, ნელ-ნელა უკვე ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდებიან. კიდევ ერთი კვირა და აქ ყველაფერი, სიწყნარე და სიმშვიდე იქნება. შემდეგ უკვე ინფრასტრუქტურის სამინისტრო სისტემურად გააგრძელებს დაზიანებული მაგისტრალური ინფრასტრუქტურის აღდგენას და ამას დასჭირდება თვეები და, როგორც ჩანს, ათობით მილიონი ლარი“, – განაცხადა გახარიამ. 

პრემიერმა წყალდიდობის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულ ყველა სამსახურს მადლობა გადაუხადა.

„მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ პროცესშია ჩართული, ადგილობრივ მუნიციპალიტეტს, კერძო კომპანიას, რომელმაც ასევე ძალიან აქტიურად იმუშავა, შტაბის თითოეულ წარმომადგენელს, საგანგებო სამსახურს და ჩვენს მაშველებს, რომლებიც, ფაქტობრივად, ყოველდღიურ რეჟიმში თითოეულ სოფელში მიდიოდნენ და ხალხთან წამლიდან დაწყებული ყველაფერი მიჰქონდათ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

რაჭის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2 კონტრაქტორი კომპანიის 25 ერთეული მძიმე ტექნიკა და რამდენიმე ათეული სპეციალისტი. სტიქიის ზონაში სულ 48 საცხოვრებელი სახლი დაზიანდა, მათგან 40 უკვე გაიწმინდა, 8 სახლი კი დამატებით სამუშაოებს საჭიროებს. გარესამყაროს მოწყვეტილ 8 სოფელში დარიგდა 770 სასურსათო კალათა, პროდუქტი და მედიკამენტები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა მოქალაქეების დასახმარებლად 63 გაფრენა განახორციელეს. სტიქიის ზონიდან გამოყვანილია 706 მოქალაქე, ხოლო იქ დარჩენილებისთვის შეტანილია 608 სასურსათო კალათა, 12 500 კილოგრამი პურის ფქვილი, 6310 ლიტრი საწვავი, 9485 ლარის ღირებულების მედიკამენტები.

ცხოვრება სტიქიის შემდეგ: რაჭაში წყალდიდობის შედეგების აღმოფხვრაზე მუშაობენ – ვიდეო>>

ამ დროისთვის სტიქიის ზონაში რჩება 50 მეხანძრე-მაშველი. ასევე, ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი

0
თემები:
საქართველოს რეგიონები