სასტუმრო „ჰილტონი“ ბათუმში

ტურიზმი COVID-19-ის პანდემიის პერიოდში - საქართველოში სასტუმროებს რეკომენდაციებს აძლევენ

225
დამსაქმებლები ვალდებული არიან, შეიმუშაონ სპეციალური გეგმა იმ შემთხვევისთვის, თუ რომელიმე თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდება

თბილისი, 13 მაისი - Sputnik. საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა ტურისტული სექტორის თანამშრომლებისთვის შეიმუშავა რეკომენდაციები იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა წარიმართოს საქმიანობა კორონავირუსის ფონზე სეზონის გახსნის შემდეგ.

საქართველოს ხელისუფლებამ 15 ივნისიდან შიდა ტურიზმის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო, უცხოელი ტურისტებისთვის კი საქართველოს საზღვრები 1 ივლისიდან გაიხსნება.

პირველ რიგში, რეკომენდაციები ეხება მომსახურე პერსონალს. თანამშრომლები არ უნდა გამოცხადდნენ სამუშაოზე, თუ:

- მათ დატოვეს ვირუსის გავრცელების ქვეყნები ბოლო 14 დღის განმავლობაში;

- ბოლო 14 დღის განმავლობაში მჭიდრო კონტაქტში იმყოფებოდნენ კორონავირუსის მატარებელ პირთან/პირებთან (მათ უნდა გაიარონ თვითიზოლაცია/კარანტინი;

- აღენიშნებათ რესპირატორული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები (ხველა, ტემპერატურა, ცემინება, სუნთქვის გაძნელება, საერთო სისუსტე და ა.შ.);

- შეუსრულდათ 70 წელი და აქვთ ქრონიკული დაავადებები (გულ-სისხლძარღვთა, დიაბეტი, ბრონქული ასთმა და სხვ.).

როგორ განვითარდება ტურიზმი საქართველოში: გეგმები და უსაფრთხოების კონცეფცია >>

რაც შეეხება დამსაქმებლებს, ისინი ვალდებული არიან, პირველ რიგში, შეიმუშაონ სპეციალური გეგმა იმ შემთხვევისთვის, თუ რომელიმე თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდება. გარდა ამისა, COVID-19-ის გავრცელების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია:

  • პერსონალს და სტუმრებს მიეწოდოს სრული ინფორმაცია კორონავირუსის შესახებ;
  • უზრუნველყოფილი იყოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული პოსტერების მიწოდება და განთავსება სასტუმროს თვალსაჩინო ადგილებში;
  • თუ სასტუმროს რომელიმე სტუმარს გამოუვლინდა აღნიშნული სიმპტომები, უნდა მოხდეს მისი იზოლირება და დაუყოვნებლივ ეცნობოს კომპეტენტურ ორგანოებს.
  • ხელის ჰიგიენის წესები განთავსდეს თვალსაჩინო ადგილას;
  • პერსონალისა და სტუმრებისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს სადეზინფექციო საშუალებები
  • ჰიგიენური საშუალებები უნდა განთავსდეს დახურულ კონტეინერებში და დროულად შეივსოს
  • გამოყენებული ჰიგიენური საშუალებები უნდა განთავსდეს დახურულ კონტეინერებში და უზრუნველყოფილი იყოს მათი დროული გატანა შესაბამისი პირის/სამსახურის მიერ;
  • რეგისტრატორის მაგიდასთან დამატებით, დროებით დამონტაჟდეს გამჭვირვალე დამცავი ბარიერი, რათა მაქსიმალურად იქნეს აცილებული წვეთოვანი გზით ინფიცირების რისკი;
  • ყველა თანამშრომელს და შიდა და გარე დასუფთავებაზე პასუხისმგებელ პერსონალს მიეწოდოს ინფორმაცია შესაბამისი პრევენციული პროცედურების შესახებ, რათა თავიდან იქნეს აცილებული კორონავირუსის გავრცელება სამუშაო გარემოში.

დასაქმებულებს ასევე მოეთხოვებათ ჰიგიენის წესების დაცვა - ხელების ხშირად დაბანა, რადგან ეს ვირუსისგან დაცვის საუკეთესო საშუალებაა. აუცილებელია სხვა ადამიანებთან კონტაქტის მინიმუმამდე დაყვანა - საუბარია შეხებაზე, გადახვევაზე, უსაფრთხო დისტანციის დაცვაზე.

დაცვის თანამშრომლებსა და რეგისტრატორებს ურჩევენ სამედიცინო პირბადეების და ხელთათმანის გამოყენებას. თუ რომელიმე სტუმარი თვითიზოლაციაში იქნება, მასთან კონტაქტისას პერსონალმა უნდა გამოიყენოს ყველა რეკომენდებული დამცავი საშუალება.

ინფრასტრუქტურის მოსამზადებლად საქართველოს ხელისუფლებას თვეზე ოდნავ მეტი რჩება.

225
თემები:
COVID-19 საქართველოში (852)
გიორგი გახარია

გახარია: ეს იყო ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მას ჯანმო რამდენიმე კვირაში ტაშს უკრავდა

73
(განახლებულია 18:24 27.05.2020)
საქართველოს მთავრობის მეთაური გიორგი გახარია დეპუტატებს საგანგებო მდგომარეობის პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს აბარებს.

თბილისი, 27 მაისი – Sputnik. საკარანტინო ზონების იდეა ტურიზმის ეროვნულ სააგენტოში დაიბადა, ეს იყო ყველაზე სწორი გადაწყვეტილება, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სულ რამდენიმე კვირაში ტაშს უკრავდა, განაცხადა საქართველოს პრემერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

პრემიერ–მინისტრი პარლამენტში დეპუტატების კითხვებს უპასუხებს>>

ამ წუთებში საქართველოს მთავრობის მეთაური დეპუტატებს საგანგებო მდგომარეობის პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს აბარებს. ქვეყანის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა.

მთავრობის მეთაურმა ანგარიშის წარდგენისას საკარანტინო ზონების საკითხზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, საკარანტინო ზონების იდეა საქართველოს ტურიზმის ეროვნულ სააგენტოში დაიბადა და ამან გაამართლა.

„კლასტერები რომ არ გაზრდილიყო და სწრაფი და რაღაც გაურკვეველი ტესტების პირობებში უფრო დაზღვეული გვქონოდა ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობა, მივიღეთ გადაწყვეტილება საკარანტინო ზონების შექმნის – როგორც ბუფერის. ამ ვირუსს აქვს 14-დღიანი საინკუბაციო პერიოდი და ეს იყო ყველაზე სწორი გადაწყვეტილება, ეს იყო ის გადაწყვეტილება, რომელსაც დღეს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაცია იყენებს თავის პროტოკოლებში, როგორ გახსნას საერთოდ ტურიზმი მსოფლიოს მასშტაბით“, – განაცხადა გახარიამ.

ამასთან, გახარიას თქმით, საქართველოში საკარანტინო ზონები 22 ათასზე მეტმა მოქალაქემ გაიარა და ამჟამად ამ სივრცეებში 4 ათასამდე პირი იმყოფება.

„ვერც ერთი ადამიანი ვერ გამოდის საკარანტინო ზონიდან ისე, თუ არ ჩაუტარდა მას PCR ტესტირება“, – აღნიშნა გახარიამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, ტურიზმის ეროვნულ სააგენტოს დაევალა საკარანტინო ზონების ორგანიზება და მოქალაქეების განთავსებასთან დაკავშირებული საკითხების გადაჭრა. კარანტინის ზონებში 24-საათიან რეჟიმში იმყოფებიან ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, პერიმეტრს კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები აკონტროლებენ. საკარანტინო ზონებში მოქალაქეები 14 დღის განმავლობაში იმყოფებიან.

COVID-19: ჯანმომ საქართველოს კვლევაში მონაწილეობა შესთავაზა>>

საქართველოში კორონავირუსის გამოვლენის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 21 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისამდე გაგრძელდა. ამ ეტაპზე საქართველოში შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის პროცესი მიმდინარეობს.

73
თემები:
საქართველოს პარლამენტი

კარანტინის შემდეგ უამრავმა ტურისტმა კუნძულებზე იზოლაცია მოისურვა

87
როგორც ირკვევა, მიმდინარე წლის აპრილში კომპანიებმა მომავალ სეზონებზე უფრო მეტი საგზური გაყიდეს, ვიდრე 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში

თბილისი, 26 მაისი - Sputnik. COVID-19-ის პანდემიის შემდეგ უამრავმა ტურისტმა სხვადასხვა ქვეყნიდან შვებულების კუნძულებზე გატარების სურვილი გამოთქვა, წერს Daily Express.

ამის შესახებ ნათქვამია ბრიტანული ტურისტული სააგენტო Hays Travel-ის მფლობელების მიერ ჩატარებულ კვლევაში. სააგენტომ ოპერატორი Thomas Cook 2019 წელს შეიძინა.

ასე, ჯონ და აირინ ჰეისების (John and Irene Hays) მონაცემებით, შემკვეთებს ყველაზე მეტად სურს იზოლაციის გატარება ბალეარის ან ნორმანდიის კუნძულებზე.

„ადამიანებს რეალურად გაქცევა სურთ... აქტიურად ჯავშნიან მიმართულებებს, რა თქმა უნდა, არა ამ ზაფხულისთვის, მაგრამ შემდეგი ზამთრისთვის და 2021 წლისთვის“, - წერს ჯონ ჰეისი.

ამასთან მან განმარტა, რომ მიმდინარე წლის აპრილში კომპანიებმა მომავალი სეზონებისთვის მეტი საგზური გაყიდეს, ვიდრე 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში.

როგორც ჰეისები აცხადებენ, როდესაც სახელმწიფოებმა პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების თანდათანობით მოხსნა დაიწყეს, „ადამიანებმა გვირაბის ბოლოს შუქი დაინახეს“.

87
დაკეტილი კაფე მცხეთაში

კორონავირუსი საქართველოში: საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების სრული სია/28 მაისი

78491
23 მაისიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობა აღარ მოქმედებს, მაგრამ მთავრობამ შეზღუდვების ნაწილი ძალაში დატოვა.

თბილისი, 28 მაისი – Sputnik. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის მოხსნის შემდეგ, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს მთავრობამ შეზღუდვების და აკრძალვების ნაწილი ძალაში დატოვა. ეს შესაძლებელი გახდა პარლამენტის მიერ დამტკიცებული ცვლილებებით კანონში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“. ახლა მთავრობას მიენიჭა უფლება შემოიღოს შეზღუდვები საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის მოხსნის შემდეგ.

ცვლილებები 15 ივლისამდე იმოქმედებს.

მოქმედი ძირითადი შეზღუდვების ჩამონათვალი:

  • რესტორნები, სასტუმროები, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიები, სავაჭრო მოლები, სპორტდარბაზები ივნისის დასაწყისიდან ეტაპობრივად გაიხსნება;

  • რესტორნებს აქვთ მხოლოდ კერძების მიწოდების სერვისით მუშაობის უფლება, აგრეთვე ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის მაღაზიებს შეუძლიათ ონლაინ ვაჭრობა;
  • ტაქსის მძღოლისთვის სავალდებულოა პირბადის ტარება, ტაქსით ორზე მეტი მგზავრის გადაყვანა არ შეიძლება, ისიც უკანა სავარძელზე
  • აკრძალულია კულტურული და სპორტული ღონისძიებების გამართვა;
  • კაზინოების და ტოტალიზატორების მუშაობა დაშვებულია მხოლოდ ონლაინ;

მთავრობა საქართველოს ყველა მოქალაქეს მოქმედი რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

ტრანსპორტი

  • აკრძალულია საერთაშორისო სამგზავრო სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლა;
  • აკრძალულია პირდაპირი საერთაშორისო რეგულარული ავიარეისები, ჩარტერულის გარდა, რომელიც ინიშნება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეთა დაბრუნების მიზნით;
  • აკრძალულია სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა;
  • აკრძალულია საქალაქთაშორისო და მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანა სამარშრუტო ტაქსებითა და ავტობუსებით;
  • აკრძალულია საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროპოლიტენითა და საბაგიროთი გადაადგილება.

საზოგადოებრივი ცხოვრება

  • აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა ტრადიციულ სოციალურ ღონისძიებებზე (ქორწილი, ნებისმიერი იუბილე, ქელეხი და ა.შ.);
  • ყველა სახის ტრენინგი, კონფერენცია და სემინარი უნდა ჩატარდეს დისტანციურად;
  • სკოლებსა და უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესი კვლავ დისტანციურად განხორციელდება;
  • დასაშვებია უნივერსიტეტში პრაქტიკული/ლაბორატორიული სამუშაოებისა და გამოცდების ჩატარება არადისტანციურად, მაგრამ რეკომენდაციების შესაბამისად;
  • კულტურული ღონისძიებები მხოლოდ დისტანციური ფორმით ჩატარდება;
  • აკრძალულია მასობრივი სპორტული ღონისძიებების, შეკრებების და შეჯიბრებების ჩატარება;

ეკონომიკური საქმიანობა

  • აკრძალულია რესტორნებში, ბარებში, კაფეებსა და სასადილოებში მომხმარებლის ადგილზე კვების მომსახურება;
  • აკრძალულია ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის მაღაზიების მუშაობა;
  • აკრძალულია სავაჭრო ცენტრების და ბაზრობების მუშაობა, აგრარული ბაზრობების გარდა;
  • აკრძალულია სპორტული, კულტურული და გასართობი ღონისძიებების ორგანიზება და გამართვა;
  • აკრძალულია ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობა;
  • აკრძალულია სპორტულ-გამაჯანსაღებელი აქტივობები და პროცედურები.

ამ მომენტისათვის ინფიცირებულთა რაოდენობა 735 ადამიანს შეადგენს, აქედან 557 გამოჯანმრთელდა, 12 კი გარდაიცვალა. კიდევ სამი ინფიცირებული მოქალაქე სამკურნალოდ სხვა ქვეყნებიდან ჩამოიყვანეს. ეპიდემიოლოგები მიიჩნევენ, რომ ჯერჯერობით აუცილებელია სოციალური დისტანციის უზრუნველყოფა და მოქალაქეთა მობილობის შეზღუდვა.

კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების უმრავლესობა შიდა გადაცემას უკავშირდება.

საქართველო სხვა ქვეყნებისთვის კორონავირუსთან ბრძოლაში სამაგალითოა >>

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო ოპერატიულად აფასებს სიტუაციას და შეიმუშავებს ახალ რეკომენდაციებს და შეზღუდვებს.

მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge გამოქვეყნებული ბოლო მონაცემების თანახმად, საკარანტინო სივრცეში იმყოფება 3076, სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ კი 250 ადამიანია.

მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს, ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით მხოლოდ და მხოლოდ გადამოწმებულ და ოფიციალურად დადასტურებულ ინფორმაციას ენდონ. ყველა ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე StopCoV.ge.

„ცხელი ხაზის“ ნომრები: ცხელი ხაზი კარანტინის რეჟიმის საკითხებზე – 144. საქართველოს ჯანდაცვა – 15 05 (დღე-ღამის განმავლობაში); დაავადებათა კონტროლის ცენტრი – 116 001 (21:00-მდე სამუშაო დღეებში და 18:00-მდე დასვენების დღეებში).

ყველა მოხალისეს, რომელსაც აქვს დრო და სურვილი დაეხმაროს ხანდაზმულ ადამიანებს, ასევე მათ, ვისაც სპეციალური დახმარება ესაჭიროება, შეუძლია დარეკოს მერიის ცხელ ხაზზე (032)2722222 და წითელი ჯვრის ცხელ ხაზზე - 0800 000 018.

კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვების მოხსნის ეტაპები
© Sputnik / Konstantin Ivanov.
კორონავირუსი საქართველოში: შეზღუდვების მოხსნის ეტაპები
78491
თემები:
COVID-19 საქართველოში (852)