ვირტუალური ტური: იმოგზაურე დედამიწის ყველაზე ზღაპრულ ადგილზე სახლიდან გაუსვლელად

CC0 / Pixabay / ჰობიტონი, ახალი ზელანდია
ჰობიტონი, ახალი ზელანდია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მართალია, მსოფლიო კორონავირუსის პანდემიას ებრძვის და ამჟამად მოგზაურობაც შეუძლებელია, მაგრამ ყველაზე ლამაზი ქალაქების, სოფლების ვირტუალურად დათვალიერება ურიგო ნამდვილად არ იქნება.

ამჯერად ახალ ზელანდიაში, ჰობიტების სოფელში, ჰობიტონში ვიმოგზაუროთ, რომელიც ქალაქ მათამათას მახლობლად მდებარეობს. ეს არის ზღაპრული ადგილი, სადაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ფილმი „ბეჭდების მბრძანებელი“ და „ჰობიტის“ ნაწილი გადაიღეს.

CC0 / Pixabay / ჰობიტონი, ახალი ზელანდია
ვირტუალური ტური: იმოგზაურე დედამიწის ყველაზე ზღაპრულ ადგილზე სახლიდან გაუსვლელად - Sputnik საქართველო
ჰობიტონი, ახალი ზელანდია

მაშ ასე, შემოგვიერთით და ჩვენთან ერთად ესტუმრეთ ჰობიტებს - ფროდო ბეგინსის, სემუაიზ გემჯის და სხვებს. იპოვეთ ბეჭედი ჰობიტ დეაგოლთან ერთად. ისეირნეთ ვიწრო ბილიკზე გენდალფთან და ნახეთ, როგორ გამოეგებება მას ძველი მეგობარი ბილბო, როგორ გაჰყურებენ მეგობრები ულამაზეს ხეობასა და ტბას, რომლის მახლობლადაც ამაყად დგას ბებერი მუხა Party Tree.

CC0 / Pixabay / ჰობიტონი, ახალი ზელანდია
ვირტუალური ტური: იმოგზაურე დედამიწის ყველაზე ზღაპრულ ადგილზე სახლიდან გაუსვლელად - Sputnik საქართველო
ჰობიტონი, ახალი ზელანდია

თვალისმომჭრელად ლამაზი, მრავალფეროვანი ბუნების გამო 90-იან წლებში სპეციალურად ფილმისთვის ააშენეს ჰობიტონი, თუმცა გადაღებების დასრულების შემდეგ გადაწყვიტეს ჰობიტების სოფელი დაეტოვებინათ - როგორც ტურისტული სანახაობა. იდეამ გაამართლა, ჰობიტონი ტურისტების საყვარელ ადგილად მალევე გადაიქცა.

„ბეჭდების მბრძანებლის“ რეჟისორი პიტერ ჯექსონი დიდხანს ეძებდა ფილმის გადასაღებად ადგილს. როცა მან ახალ ზელანდიას გადაუფრინა, მათამათას სიახლოვეს შენიშნა უმშვენიერესი გორაკები. რეჟისორი მაშინვე მიხვდა, რომ ჰობიტების დასახლების მოსაწყობად იდეალურ ადგილს მიაგნო. გადასაღები ადგილის ძებნისას ის ასევე ეძებდა მაღალ ხეს, რომელიც ტბასთან ახლოს იქნებოდა, ზუსტად ისეთს, როგორიც წიგნშია აღწერილი. მან ის სწორედ გორაკებთან იპოვა. ეს ხე 70–80 მეტრის სიმაღლისაა და Party Tree-ს სახელით არის ცნობილი.

ჰობიტონი ცხვრის ფერმის ტერიტორიაზე აშენდა, რომელიც ალექსანდერების ოჯახს ეკუთვნის. ოჯახი აქ 1978 წელს გადმოვიდა საცხოვრებლად. მათ მფლობელობაში 500 ჰექტარი მიწაა. ოჯახი ტრადიციულად ფერმერობას მისდევს. მოშენებული ჰყავთ ცხვარი და ძროხა. ამჟამად სასოფლო-სამეურნეო ბიზნესს სამი ძმა და მამა უძღვებიან.

მართალია, ოჯახმა არ იცოდა ვინ იყო პიტერ ჯექსონი და მათ წიგნის - „ბეჭდების მბრძანებლის“ შესახებაც არაფერი გაეგოთ, მაგრამ ისინი შეთანხმდნენ.

CC0 / Pixabay / ჰობიტონი, ახალი ზელანდია
ვირტუალური ტური: იმოგზაურე დედამიწის ყველაზე ზღაპრულ ადგილზე სახლიდან გაუსვლელად - Sputnik საქართველო
ჰობიტონი, ახალი ზელანდია

ჰობიტონის მშენებლობა 1999 წლის მარტში დაიწყო, ფილმის გადაღება კი იმავე წლის დეკემბერში. გადაღებებმა სამ თვეს გასტანა.

გადაღებების დროს იმდენად ხმამაღლა ყიყინებდნენ ბაყაყები, რომ მსახიობებს ერთმანეთის ხმა არ ესმოდათ. ამიტომ რეჟისორმა ერთ ადამიანს დაავალა ბაყაყების შეგროვება და ფერმის სხვა აუზზე გადატანა, რა არც ისე მარტივი საქმე იყო.  

ფილმის გამოსვლის შემდეგ ფერმას „ბეჭდების მბრძანებლის“ ასობით მოყვარული და გულშემატკივარი მოგზაური მიაწყდა და ისინი კარგა ხანს ჰობიტების ნასახლარის ჩვენების თხოვნით ალექსანდერებს თავს აბეზრებდნენ. სწორედ ამის შემდეგ გაჩნდა იდეა, სოფელი ტურისტულ ზონად ექციათ.

მშენებლობის პროცესი ცხრა თვე გაგრძელდა, სადაც 400 ადამიანი იყო ჩართული. ჰობიტონამდე 1,5 კილომეტრი გზა აშენდა, გორაკის ფერდობებზე გაკეთდა 37 მრგვალი ხვრელი ჰობიტების სახლებისთვის. ჰობიტების საცხოვრებელი სახლის ინტერიერი, ძირითადად, ხისა და პლასტმასის მასალით მოპირკეთდა, გაშენდა ულამაზესი და თვალის მომჭრელი ბაღები. ჰობიტების სახლების უმეტესობა მხოლოდ ფასადებია, რომლებიც ცარიელ ხვრელებს ფარავს.

CC0 / Pixabay / ჰობიტონი, ახალი ზელანდია
ვირტუალური ტური: იმოგზაურე დედამიწის ყველაზე ზღაპრულ ადგილზე სახლიდან გაუსვლელად - Sputnik საქართველო
ჰობიტონი, ახალი ზელანდია

მთლიანობაში აქ 37 სახლი აშენდა, ზუსტად იმდენი, რამდენიც ჯონ რონალდ რუელ ტოლკინს აქვს წიგნში ნახსენები. ფილმის გადაღების შემდეგ კი მხოლოდ 17 სახლი შემორჩა. დეკორაციების დიდი ნაწილი დაიშალა, განადგურდა, ნაწილი კი დღემდე ინახება სახლებში. მათ სანახავად უამრავი „ბეჭდების მბრძანებლის“ ფანი და არა მარტო ფანი სტუმრობს ჰობიტონს.

აქ შეგიძლიათ დატკბეთ თეთრი სახლებით, უცნაური დეკორაციებით, ულამაზესი ბაღით. პეიზაჟს განსაკუთრებულ მომხიბვლელობას და ბუნებრიობას მატებს ცხვრის ფარა, რომელიც ყოველდღიურად ბალახობს მწვანე მინდორზე.

თითოეული ჰობიტის ხვრელის გარშემო 30-დან 200 მცენარემდეა გაშენებული. მათ მოსავლელად ჰობიტონში რვა მებაღეა დასაქმებული.

CC0 / Pixabay / ჰობიტონი, ახალი ზელანდია
ვირტუალური ტური: იმოგზაურე დედამიწის ყველაზე ზღაპრულ ადგილზე სახლიდან გაუსვლელად - Sputnik საქართველო
ჰობიტონი, ახალი ზელანდია

წარმოუდგენელია არ მოჯადოვდე ზღაპრული სილამაზით, ჰობიტების საცხოვრებელი ბუნაგებით, ფერადი ბაღებით, წისქვილით, სასტუმროთი The Green Dragon, ორთაღიანი ხიდით და ცნობილი Party Tree, მით უმეტეს, თუ „ბეჭდების მბრძანებლისა“ და „ჰობიტის“ ფანი ხართ. ნამდვილად მოწყდებით რეალობას, ათასობით წლით უკან გადაინაცვლებთ და თავს ჰობიტების სტუმრად იგრძნობთ.

აქ წყვილები თავისი ცხოვრების ერთ-ერთ მნიშვნელოვან დღეს, ქორწილსაც კი აღნიშნავენ. ეს არის ადგილი, რომლის მსგავსი არ მოიპოვება. ახალდაქორწინებულები თავისი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს დღეს დაუვიწყარ, ზღაპრულ მოგონებად აქცევენ.

ყოველწლიურად ჰობიტონს მთელი მსოფლიოდან 300000-ზე მეტი ადამიანი სტუმრობს. ჰობიტონში ტური 50 დოლარი ღირს, რაც  „უცნაურ სამყაროში“ სამსაათიან მოგზაურობას მოიცავს. იმისათვის, რომ ამ ზღაპრულ ადგილზე მოგზაურობა გაიმარტივოთ და მეტი ინფორმაცია მიიღოთ სერვისების შესახებ, ეწვიეთ ოფიციალურ საიტს www.hobbitontours.com .

 

ყველა ახალი ამბავი
0