ზურაბ პოლოლიკაშვილი

რა ელის მსოფლიო ტურიზმს კორონავირუსის პირობებში

595
(განახლებულია 19:29 17.03.2020)
კორონავირუსმა მსოფლოს ეკონომიკას, ტურიზმს უკვე დიდი ზარალი მიაყენა. თანაც, როდის დასრულდება ეს პროცესი, ამის შესახებ პროგნოზის გაკეთება დღეს ძალიან რთულია.

მსოფლიოსა და ქართული ტურიზმის ახალ გამოწვევებზე, არსებულ პრობლემებზე, კრიზისის და მისი დაძლევის სამოქმედო გეგმაზე მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი საუბრობს, რომელიც ტელეკომპანია „იმედის“ დილის გადაცემაში მადრიდიდან ჩაერთო.

Глава Всемирной туристской организации Зураб Пололикашвили
ზურაბ პოლოლიკაშვილი

- უკვე სამი დღეა სახლში ვართ. შაბათს გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა და ყველას დაგვევალა, რომ ვიყოთ სახლში.

- რა მდგომარეობაა ესპანეთში, პანიკა იგრძნობა ხალხში?

- პანიკა არის ყველგან, განსაკუთრებით ესპანეთში, ვინაიდან ინფიცირებულთა რაოდენობა ძალიან სწრაფი ტემპით იზრდება. თუ შევადარებთ სხვა ქვეყნებს, დღეს უკვე 9 ათასს გასცდა. სიკვდილიანობაც საკმაოდ მაღალია. გარეთ გასვლაზე საკმაოდ მაღალი ჯარიმები დააწესეს. ცუდია, რომ ეს ქმედებები ცოტა გვიან განხორციელდა, ჯობდა ცოტა ადრე გაკეთებულიყო. დღეს უკვე ძალიან მძიმე მდგომარეობაა.

- კორონავირუსმა პირველ რიგში მსოფლიო ტურიზმს დაარტყა. შეგიძლიათ მცირე ანალიზი გააკეთოთ, რა სურათი გვაქვს ახლა, რა გავლენა იქონია მსოფლიო ტურიზმზე კორონავირუსმა?

- მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიაში ისტორიას არ ახსოვს ისეთი კრიზისი, როგორიც დღეს არის. იგივე სიტუაცია გველოდება მომდევნო 3-4 თვის განმავლობაში, კიდევ მეტი თუ არა. ძალიან დიდი ზარალი მიიღეს საერთაშორისო ავიაკომპანიებმა, სასტუმროემა და ა.შ. ეს ყველაფერი დღითი დღე ძალიან ნეგატიურად აისახება ინდუსტრიაზე. ვითარება ძალიან მძიმეა, თუმცა ისევ ტურიზმს შეუძლია ამ ვითარებიდან გამოსვლა. ჩვენ უკვე დავიწყეთ სამოქმედო გეგმაზე მუშაობა, რასაც, სავარაუდოდ, 10 დღის განმავლობაში გავაჟღერებთ. ძალიან აქტიურად ვმუშაობთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან. ზაფხულის არდადეგების პერიოდში ვვარაუდობთ, რომ ციფრები დაიწყებს კლებას და სწორედ ეს იქნება მომენტი, როდესაც აღდგება ავიამომოსვლები და ხალხი ჩვეულებრივ რეჟიმში დაიწყებს მოგზაურობას.

- ახსენეთ სამოქმედო გეგმა, შეგიძლიათ წინასწარ გარკვეულ დეტალებზე საუბარი?

- ზეგ გვაქვს პირველი შეხვედრა რეგიონულ მინისტრებთან. გვინდა, რომ შევაჯეროთ საერთო პოზიცია და ეს ხმა იყოს ერთიანი. ძალიან სჭირდება ტურიზმს ერთიანობა. არა მარტო ტურიზმს, მსოფლიოს და ადამიანებს სჭირდებათ ერთიანობა. დღეს ძალიან ბევრი რამეა ადამიანებზე დამოკიდებული. სავარაუდო გეგმას ჩვენ კვირის ბოლოს ჩამოვაყალიბებთ. ამ ეტაპზე ციფრებზე საუბარი ზედმეტია, ვინაიდან ჩვენ ძალიან ღრმა კრიზისში ვიმყოფებით. ჩვენი აზრი და იდეა მდგომარეობს იმაში, რომ უკვე პოსტკრიზისულ მდგომარეობაში მზად ვიყოთ და მაშინ არ დავიწყოთ სამოქმედო გეგმაზე ფიქრი. ამისთვის გვინდა კარგად მოვამზადოთ რეკომენდაციები და გადავცეთ ჩვენს წევრ სახელმწიფოებს.

- საქართველოს მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მიიღო გადაწყვეტილება, რომ 18 მარტიდან დაიკეტება სახელმწიფოს საზღვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის. თქვენი აზრით, რამდენად დროულია ეს გადაწყვეტილება?

- ვფიქრობ, რომ ის ქმედებები, რაც განხორციელდა, დროული იყო. ყოველდღიურად ვუყურებ, როგორ მუშაობს მთავრობა. მე მაქვს პირდაპირი კონტაქტები ქვეყნის ლიდერებთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ვიცი ვინ როგორ მოქმედებს. საქართველო არის ერთ-ერთი ის ქვეყანა, რომელმაც დროულად შეძლო ამ დიდი უბედურების თავიდან აცილება. ჩემთვის, როგორც მსოფლიო ტურიზმის ხელმძღვანელისთვის, ძალიან ძნელია იმის თქმა, რომ ვურჩიო ადამიანებს – არ იმოგზაურონ, თუმცა გარკვეული პერიოდი კარგი იქნება, შეიზღუდოს ფრენები. სწორედ უცხოეთიდან იყო ეს ვირუსი საქართველოში შემოტანილი. დარწმუნებული ვარ, ეს კონკრეტული ღონისძიებები, რასაც ჩვენი მთავრობა ძალიან აქტიურად ახორციელებს, დროული იყო და აუცილებლად გამოიღებს შედეგს.

- ნაადრევია ამაზე საუბარი, თუმცა, საინტერესოა, როგორია თქვენი პროგნოზი, რა დრო დასჭირდება მსოფლიო ტურიზმს, რომ „გონზე მოვიდეს“?

- ვფიქრობ, რომ ამას მინიმუმ ერთი წელი დასჭირდება. ძალიან დიდი დანახარჯებია და, კიდევ ვიმეორებ, ეს დანახარჯები სამომავლოდ კიდევ უფრო მკვეთრად აისახება. პირველ თვეს ვფიქრობდით, რომ ეს ვირუსი მხოლოდ ჩინეთზე და ჩინეთზე დამოკიდებულ ბაზრებზე მოახდენდა გავლენას, მაგრამ, როგორც ნახეთ, მოვლენები ძალიან დრამატულად განვითარდა და დღეს ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვიმყოფებით. არ მინდა ტრაგიკულად დავსახო სიტუაცია და ადამიანები ჩავარდნენ პანიკაში. არის ძალიან მაღალი პანიკა, რომელიც იწვევს სხვადასხვა გაუგებრობებს, გაურკვევლობებს. დღეს ყველაფერი ადამიანებზეა დამოკიდებული. ჩვენი პასუხისმგებლობა არასოდეს არ ყოფილა ისეთი მაღალი საზოგადოების წინაშე, როგორიც დღეს არის.

- რა რჩევები და რეკომენდაციები გექნებათ, რომ მაქსიმალურად დავიცვათ თავი?

- პირველი ფაქტორი არის, რომ ჰიგიენის ნორმები დავიცვათ. თითოეულ ადამიანზეა დამოკიდებული, რამდენად სწრაფად დამთავრდება ეს ვერაგი ვირუსი. ამის შემდეგ წინ ვეღარაფერი აღუდგება იმას, რომ ადამიანებმა ისევ იმოგზაურონ, ისევ გაეცნონ ერთმანეთის კულტურებს. ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ერთიანი ძალებით მსოფლიო შეძლებს ამ ვირუსის დამარცხებას.

 

595
მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ლოგოტიპი

UNWTO-ს გენერალური მდივანი: ტურიზმის აღდგენა იწყება

54
(განახლებულია 16:24 17.09.2020)
მსოფლიო ტურიზმის აღმასრულებელმა საბჭომ თბილისის დეკლარაცია მიიღო, რომელიც მხარს უჭერს ტურიზმის განახლების თვალსაზრისით საქართველოს მთავრობის ძალისხმევას.

თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭო მიესალმება და მხარს უჭერს ქვეყანაში ტურისტული სექტორის ამოქმედების კუთხით საქართველოს მთავრობის ძალისხმევასა და ეფექტურ ზომებს. შესაბამისი დეკლარაცია ორგანიზაციის აღმასრულებელმა საბჭომ თბილისში მიიღო, იუწყება საქართველოს მთავრობის პრეს-სამსახური. 

აღმასრულებელი საბჭოს თბილისის დეკლარაცია UNWTO-ს გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პირადად გადასცა.

დეკლარაციაში ნათქვამია, რომ საბჭო მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის ძალისხმევას ტურიზმის სფეროს გახსნის მიმართულებით.

„ეს ტურიზმის გლობალურ რუკაზე ქვეყანას გამძლე, სტაბილურ და ძალიან ფასეულ დანიშნულების ცენტრად წარმოაჩენს", – ნათქვამია დეკლარაციაში, რომელიც აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომის ფარგლებში იქნა მიღებული.

დეკლარაციის მთავარი მიზანია მსოფლიოში ტურიზმის სტაბილური განვითარების ხელშეწყობა, მასში განსაზღვრულია ტურისტული ინდუსტრიის პოლიტიკის ძირითადი ვექტორი, არსებული გამოწვევების დაძლევის სამომავლო გეგმები.

„დიდად ვაფასებთ და გულწრფელად ვუხდით მადლობას საქართველოს მთავრობას გაერთიანებული ერების მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს საზეიმო სხდომის მოწვევისა და გულთბილი მასპინძლობისთვის, რომელიც პანდემიის შემდეგ იმართება და საქართველოს მდიდარი კულტურული მემკვიდრეობისა და უნიკალური სტუმარმასპინძლობის ტრადიციის შეგრძნების შესაძლებლობას გვაძლევს“, – აღნიშნულია დეკლარაციაში.

16-17 სექტემბერს თბილისში გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომა ტარდება. ეს COVID-19-ის პანდემიის პერიოდში მსოფლიოში უპრეცედენტოდ მაღალი რანგის წარმომადგენლობითი ღონისძიებაა. 

სხდომა გახსნეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და UNWTO-ს გენმდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა. დელეგატებს შორის არიან მაღალი რანგის სტუმრები ესპანეთიდან, საბერძნეთან, პორტუგალიიდან, რუმინეთიდან, მაროკოდან, საუდის არაბეთიდან.

„ეს იყო პანდემიის შემდეგ გაეროს ორგანიზაციის პირველი შეხვედრა და ის, რომ საქართველოს 20 სხვადასხვა ქვეყნის დელეგაცია და მაღლი რანგის სტუმრები ეწვივნენ, უფლებას გვაძლევს ვთქვათ, რომ ტურიზმი აღდგენას იწყებს. თუმცა, ამას გარკვეული დრო დასჭირდება“, – განაცხადა პოლოლიკაშვილმა.

მისი თქმით, ეს იყო ტურიზმისთვის ისტორიული დღე და ყოველივე ეს საქართველოში მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა. როგორც პოლოლიკაშვილმა აღნიშნა, ღონისძიებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დასწრება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ საქართველო ტურიზმს, როგორც ეკონომიკის ძირითად ლოკომოტივს, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

„სწორედ ეს დეკლარაცია წარმოადგენს მსოფლიო მასშტაბით აღიარებას, რომ საქართველო დაცული და „მწვანე ზონაა“, როგორც მასზე დღეს ევროპის ყველა ქვეყანაში საუბრობენ. ეს კიდევ ერთი მესიჯია იმისა, რომ საქართველოში ჩამოსვლა შეიძლება. ღონისძიებაზე 30-ზე მეტი ქვეყნის დაახლოებით 150 სტუმარი შეიკრიბა. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვსურს, რომ ქვეყნებს შორის ეს ურთიერთობები გაგრძელდეს და უფრო გაღრმავდეს“, – აღნიშნა პოლოლიკაშვილმა. 

პოლოლიკაშვილის განცხადებით, აღმასრულებელი საბჭოს წევრებმა თბილისის დეკლარაცია მიიღეს და ყველა დათანხმდა, რომ შეიძლება საზღვრების გახსნა და ქვეყნებს შორის ურთიერთობების დალაგება. დეკლარაცია ეძღვნება სხვადასხვა ინოვაციური პროდუქტების დახმარებითა და სანიტარული ნორმების დაცვით საზღვრების გახსნის შესაძლებლობებს, რათა ადამიანებმა მოგზაურობა დაიწყონ, აღნიშნა მან.

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭო 35 წევრი სახელმწიფოსგან შედგება და ორგანიზაციის მმართველ ორგანოს წარმოადგენს. ის უზრუნველყოფს UNWTO-ს ეფექტიან მუშაობას და გლობალური დღის წესრიგით გათვალისწინებული მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრიის პოლიტიკის ძირითად საკითხებს განიხილავს. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოსტი საქართველოს ეკონომიკის ყოფილ მინისტრს ზურაბ პოლოლიკაშვილს 2017 წლიდან უკავია. მისი უფლებამოსულების ვადა 2018–2021 წლებს მოიცავს.

54
თემები:
ტურიზმი საქართველოში
გიორგი გახარია

გახარია: საქართველო საერთაშორისო არენაზე ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ტურისტული ქვეყანაა

81
(განახლებულია 19:35 16.09.2020)
საქართველო COVID-19-ის პანდემიის პერიოდში მსოფლიოში უპრეცედენტოდ მაღალი რანგის წარმომადგენლობით ღონისძიებას მასპინძლობს.

თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. საქართველომ შეძლო მწვანე ქვეყნის სტატუსის მოპოვება და საერთაშორისო არენაზე დღეს ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ტურისტული ქვეყანაა, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, პოსტკრიზისულ პერიოდში დავიწყოთ ეკონომიკური განვითარების ახალი ეტაპი, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სასტუმრო „ბილტმორში“ გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

რა ელის მსოფლიო ტურიზმს კორონავირუსის პირობებში>>

15-17 სექტემბერს საქართველო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომას მასპინძლობს. ეს COVID-19-ის პანდემიის პერიოდში მსოფლიოში უპრეცედენტოდ მაღალი რანგის წარმომადგენლობითი ღონისძიებაა.

„პოსტკრიზისულ პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა მსოფლიოსთვის სწორედ ტურიზმის აღდგენის ტენდენცია იქნება და ჩვენი სურვილია, ამ პროცესში ვიყოთ პიონერები, რის საფუძველსაც გვაძლევს ტურისტულ სექტორში უსაფრთხოების კუთხით დაგროვილი გამოცდილება. ჩვენ ვფიქრობთ, ტურიზმის სექტორში საქართველოსთვის პოსტკრიზისული ეპოქა უნდა იყოს შესაძლებლობა და გვინდა, რომ ეკონომიკური კრიზისი, პანდემია ქვეყნის ტურიზმის განვითარებისთვის ვაქციოთ შესაძლებლობად“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, დღეს ტურიზმი წარმოადგენს ერთ-ერთ იმ სექტორს, რომელსაც პანდემიის გავრცელების გამო მსოფლიო მასშტაბით უდიდესი ზიანი მიადგა. 

„მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ კრიზისულმა პერიოდმა საქართველოში ტურიზმის სექტორი ასევე დააზიანა, თუმცა წინა წლების მაჩვენებლებით საქართველო, ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით, ერთ-ერთი ლიდერი იყო მსოფლიოში და, რაც მთავარია, ტურიზმის სექტორი ქვეყნის ეკონომიკის 8.1% გახდა“, – აღნიშნა გახარიამ.

დღეს ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმაც.

„მსოფლიო პანდემიის გამო ტურიზმის მიმართულებები რისკის ქვეშ არის, მაგრამ დღეს ნამდვილად ისტორიული ღონისძიებაა, რადგან პანდემიის შემდეგ პირველად იმართება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის საბჭოს სხდომა. ჩვენ ერთად ვართ ძლიერები, რაც გვაძლევს ტურიზმის აღდგენისა და ამ პროცესის მართვის უნიკალურ პოტენციალს“, – განაცხადა ზურაბ პოლოლიკაშვილმა.

მისი თქმით, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა შეარბილოს პანდემიით გამოწვეული ნეგატიური შედეგები.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ღონისძიების თბილისში გამართვას „მთავრობის ქმედებების ეფექტურობის ძალიან მაღალი შეფასება“ უწოდა.

„ჩვენ ამაყები ვართ, რომ სწორედ თბილისია დღეს ქალაქი, სადაც მსოფლიო ტურიზმის ლიდერები მსჯელობენ, ამ რთული გამოწვევის პირობებში როგორი მომავალი ექნება ტურიზმს, როგორ დაეხმარონ გლობალურად მსოფლიოში ამ დარგს და საქართველო, რა თქმა უნდა, თავის ღირსეულ სიტყვას იტყვის ამ მიმართულებით“, – განუცხადა ჟურნალისტებს ნათია თურნავამ.

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭო 35 წევრი სახელმწიფოსგან შედგება და ორგანიზაციის მმართველ ორგანოს წარმოადგენს. ის უზრუნველყოფს UNWTO-ს ეფექტიან მუშაობას და გლობალური დღის წესრიგით გათვალისწინებული მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრიის პოლიტიკის ძირითად საკითხებს განიხილავს.

თბილისში ორგანიზაციის სხდომა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გაიდლაინებისა და უსაფრთხოების სრული დაცვით ტარდება.

81
თემები:
ტურიზმი საქართველოში
კომპანია „აეროფლოტის“ თვითმფრინავი

რუსეთი ავიამიმოსვლის გახსნას განაგრძობს

0
შვიდი ქვეყნის სიას, სადაც რუსეთის მოქალაქეებს უკვე შეუძლიათ გამგზავრება, სექტემბრის ბოლომდე კიდევ ოთხი ქვეყანა შეემატება

თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. რუსეთიდან პირდაპირი რეისები ბელარუსის, ყაზახეთისა და ყირგიზეთის მიმართულებით შესრულდება 21 სექტემბრიდან, სამხრეთ კორეაში - 27 სექტემბრიდან, იუწყება РИА Новости ქვეყნის მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით.

„კიდევ ოთხი ქვეყნის - ბელარუსის, ყაზახეთის, ყირგიზეთისა და კორეის მოქალაქეებისთვის რუსეთში შესვლაზე შეზღუდვები უქმდება. შესაბამისი განკარგულება მთავრობამ დაამტკიცა“, - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის მოქალაქეები, თავის მხრივ, შეუფერხებლად შეძლებენ ამ ქვეყნებში გამგზავრებას.

ფრენები კვირაში ერთხელ შესრულდება.

კორონავირუსის პანდემიის გამო რუსეთმა 22 აგვისტოდან საერთაშორისო ავიამიმოსვლა შეწყვიტა. გამონაკლისს შეადგენდა მხოლოდ გამყვანი რეისები, რომლითაც რუსეთის მოქალაქეებს სამშობლოში აბრუნდებდნენ, ხოლო უცხოელები რუსეთიდან  თავიანთ ქვეყნებში ბრუნდებოდნენ), ასევე სატვირთო, საფოსტო, სანიტარული და ზოგიერთი სხვა ფრენა. ამასთან რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები არაერთხელ აცხადებდნენ, რომ საზღვრების გახსნა ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე იქნება დამოკიდებული.

1 აგვისტოდან საერთაშორისო ფრენების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყო. რუსეთის მოქალაქეებისთვის პირველმა გახსნეს საზრები თურქეთმა, დიდმა ბრიტანეთმა და ტანზანიამ (რომლის მიმართულებით პირდაპირი რეისი არ სრულდება). 15 აგვისტოდან დაიწყო ფრენები შვეიცარიაში, ხოლო 8 სექტემბრიდან აღდგა ავიამიმოსვლა ეგვიპტესთან, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებთან და მალდივებთან.

0
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში